პლათი სილვია
გაზიარება

კუდიანი კოცონზე (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

მათ დაახვავეს ფიჩხი ბაზრის მოედანზე.
ჩრდილების ტევრი ვერაფერი საფარველია. ჩემს
ცვილის ფორმაში - თოჯინურ ტანში შევსახლდი. აქ
სნეულება იწყება და სამიზნე ვარ კუდიანთათვის.
ეშმას მხოლოდ ეშმა გამოჭამს.
ავდივარ ცეცხლის სარეცელზე მეწამული ფოთლების თვეში.

ბნელს ბრალი დასდო, იოლია: სარდაფის სტომაქი
და კარის პირი, დაფჩენილი - მათ ჩააქრეს ხვითო ჩემში.
ხოჭოსფრთიან ქალბატონს ვყავარ დამწყვდეული გალიაში
თუთიყუშების.
რა დაჭყეტილი თვალები აქვთ მკვდრებს!
დაბანჯგვლული სული სულიერ სიახლოვეს ამჟღავნებს
ჩემთან.
ცარიელი დოქის ცხვირიდან ამოდის კვამლი.

ციდა თუ ვარ, ვერავის ვერ ვტკენ.
თუ არ ვიძვრი, ვერაფერს ვერჩი - ამას ვამბობ, როცა ვზივარ
მიბნედილი ქუთუთოებით, პაწია და უძრავი, როგორც მარცვალი
ბრინჯის.
ისინი ფიჩხს ცეცხლს უკეთებენ, ერთი წყება მეორეს მოსდევს.
სახამებელში ვართ თავიდან ფეხებამდე. ჩემი პატარა, თეთრი საძმო.
ჩვენ ვიზრდებით. თავიდან ეს მტკივნეულია.
წითელმა ენებმა ჭეშმარიტება გვასწავლონ უნდა.

ხოჭოთა დედავ, შენ ოღონდაც გახსენი მუშტი:
შეუტრუსავი ფარვანასავით გადავიფრენ სანთლების პირზე.
დამაბრუნე ჩემს ფორმაში და მზადა ვარ განვმარტო დღენი.
ავილუფხე მტვერში, ქვის ჩრდილს შეფარებული.
ტანზე მედება ცეცხლის ნათება კოჭებიდან თეძოებამდე.
ვიღუპები, ვიღუპები სამოსელში მთელი ამ შუქის.

??????