* * * როგორ მინდოდა, გავქცეოდი ჯვარს და სარკოფაგს (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
ცის სილურჯეში ავჭრილიყავ, როგორც ფრინველი
და შემეწირა სიყვარულის შესაწირველი
ამქვეყნიური წარმავლობის უარსაყოფად, -
რომ სილამაზის უხანობას, უასაკობას
წინ აღდგომოდა უკვდავების დღე საკვირველი,
მაგრამ განქარდა გაზაფხულის ტკბილი ხილვები
და შვების ნაცვლად სინანული დამშთა ნაყოფად.
ვეჭვ, ხელოვანმა სილამაზეც განადიდოს და
თან ბუნებასაც გაეჯიბროს - უკვდავ დიდოსტატს;
თუმც ვინ დაუსვას აღმაფრენას ბოლო წერტილი,
როს, ღვთაებაო, ხელთუქმნელი შენი ხატება
თვით ზეციერის ხელითაა გამოძერწილი
და ყოველნაირ წარმოსახვას აღემატება...