* * * და დღეთა ჩემთა წარმავალთა სევდიან მეჯლისს (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
ო, სახიერო, საწუხარად მარად ექნება
აქ - დაზამთრული მდელოების ანარეკლება
იქ - შორეული გაელვება სხივოსან ეტლის.
და მწირი სიკვდილ-შემოსილი გელტვის და გვედრის,
ცის დარბაზებში დასრულდება მრევლის შეკრება
და გაიელვებს სიზმარეულ ანარეკლებად
სიხარულიც და სიმძიმილიც, შავიც და თეთრიც...
ამაღლდი, სულო, განათლულა შენი ემბაზი,
ბრუნავს ხომლი და - სანეტარო ამ ზმანებაში
ბრწყინავს ნათელი სინათლითა შემამკობელის.
აქ კი მიდამოს დაჭდევია სულ სხვა ბეჭედი
და სხვა ნათელს ჰფენს შემცივნული ცათაქვეშეთი
შენს ნაფეხურზე ამომართულ ჯვარს და ობელისკს...