* * * გაცვდა კავშირი, დაიშალა ჩვენი ერთობა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
მოსაცელავი ბედისწერამ უკვე მოცელა
და შემოასხა სინანულის შესამოსელად
ამქვეყნიური უნდობლობა და უღმერთობა.
იმედის სხივი ობოლ სანთლად სულში მენთო და
ისიც გალღვა და გაილია, როგორც ოცნება,
სული, - რომელიც ღრუბლებს მისწვდა და იმლოცველა, -
დღეს ღმერთთან მივა თავდახსნილი და გაენდობა.
და გაბრწყინდება სამოთხეში, როგორც შროშანი,
და როცა სხეულს - უკუნეთის ტანაბჯროსანი
შავი მხედარი დაუნდობლად დაშლის და დახრავს, -
აქ, ცისქვეშეთში, გასრულდება ყველა კირთება
და დღე და ღამე - წარმავლობის ძველ შეგირდებად
წარუდგებიან ანგელოსის ზეციურ საფლავს...