პაუნდი ეზრა
გაზიარება

მდინარეზე მოვაჭრის ცოლი: წერილი (მთარგმნელი: ანი კოპალიანი) 

მაშინ მე თმები ჯერაც შუბლთან მქონდა შეჭრილი,
ბაღის ჭიშკართან ვთამაშობდი, ყვავილებს ვკრეფდი.
შენ მოხვიდოდი ხის ცხენით ან ოჩოფეხებით,
შენ ჩამივლიდი, მოთამაშე ქლიავის ტოტთან.
ჰოდა, დავსახლდით სოფლად, მყუდრო ჩოკანის მხარეს:
ჩვენ, ორი ბავშვი, შურისა და ეჭვის არმცოდნე.

თოთხმეტი წლისა გამოგყევი, ჩემო ხელმწიფევ,
მაშინ არასდროს ვიცინოდი, მორცხვი ვიყავი.
თვალებდახრილი, მუდამ კედელს მიჩერებული.
თუნდაც ათასჯერ დაგეძახა, არ მოგხედავდი.

თხუთმეტი წლისამ უკვე წარბის გახსნა ვისწავლე
და ჩემი მტვერი მსურდა შენსას შეერთებოდა
სულ და მარად და უკუნითი უკუნისამდე!
ნუთუ სხვა მხარეს უნდა მემზირა?

როცა თექვსმეტი შემისრულდა, შენ გაემგზავრე,
კუ-თო-ენს გაჰყევ, მოღრიალე ზვირთთა მდინარეს.
და ხუთი თვეა უკვე აღარ გამოჩენილხარ.
ხის ტოტებიდან დამყმუიან მაიმუნები.

შენ უხალისოდ მიდიოდი, ფეხებს ითრევდი.
ახლა ჭიშკართან ხავსი ხარობს, სხვაგვარი ხავსი,
ღრმად ფესვგადგმული, ვეღარ ამოვგლეჯ!
წელს, ქარის გამო, ნაადრევად ცვივა ფოთლები.
წყვილი პეპელა აგვისტოს მზემ გამოახუნა
ბალახის ღერზე, დასავლეთ ბაღში;
მე მძულს ისინი. თითქმის დავბერდი.
თუ შინისაკენ მოდიოდე წყალმარჩხი გზებით,
ცოტათი ადრე გამაგებინე
და გზაზე, სადმე ჩო-ფუ-სასთან,
შეგეგებები.

??????