პასტერნაკი ბორის
გაზიარება

შობის ვარსკვლავი (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე) 

ზამთარი იდგა.
მინდვრებიდან ქარი უტევდა.
ავი სიცივე ახალშობილს ღამეს უთევდა
თოვლიან მთითგან.

ჩვილს კი ათბობდა ხარის ცხელი ამონასუნთქი.
ეძინა საყოლს,
მშვინვარეს ახორს
და ბაგათ მაღლა დაცურავდა ნისლი სათუთი.

ტყაპუჭის ბეწვით მოიფერთხა ნამჯა ნაყარი,
მარცვალი ქრთილთა
და ჭვრეტდა კლდითა
ბნელ სივრცეებს მწყემსი მთვლემარი.

უფრო შორს ჩანდა სასაფლაო და თეთრი ველი.
ყორნებს, ყორეებს,
ნამქრის მორევებს
გადმოჰყურებდა მოჭედილი ცის საქანელი.

ზეცის კიდეზე დღევანდლამდე სულ უხილავი,
კრძალული ნათლით,
ქოხის სარკმლით,
ბჟუტავდა ბეთლემს მიმავალი მცირე ვარსკვლავი.

ის ციმციმებდა ვით კოცონი, მოძულებული
ცისგან და ღვთისგან,
ალი ხანძრისგან,
როცა შორს სადღაც იწვის კალო, ანდა სოფელი.

ის იყო ცეცხლი, მოდებული დაზვინებას
თივის და პურის,
სამყაროს გული
განაბული გაჰყურებდა მის მოვლინებას.

ვარსკვლავის მიღმა იშლებოდა შუქი ნატებად _
რაღაც ნიშანი.
სამი მისანი
ნაბიჯით ჩქარით ესწრაფოდა უცხო ნათებას.
მათ კვალზე ძღვენი მიჰქონდათ აქლემთ
და აკაზმული მომცრო ვირები
მოკლე ბიჯებით ჩარბოდნენ თავქვე.

შორს აირია უცნაური ხილვად ლანდები,
აწმოსახდენი ყველაფერი სივრცეში მიქრის,
არსი დროთა და სამყაროთა, ოცნება, ფიქრი,
ხვალ ასაგები გალერეა _ მუზეუმები,
ფერიის ცეკვა, გრძნება ჯადოქრის,
ყველა ნაძვისხე, რაც კი დგმულა, სიზმრები სიყრმის.

ყველა სყურე, გაჟრჟოლება შემთბარი სანთლის
და უსახური ბრწყინვალება ამაოების,
გარეთ კი ქარი ფრთას გამართავს და ღრუბელს აშლის...
ყველა ელვარე ოქროს ბურთი, ლამაზი ვაშლი.

ტბის პირს, ერთ მხარეს, ტანმაღალი თხმელები იდგა,
ხოლო მეორეს აქედანაც წვდებოდა თვალი,
რადგან ჭალაკი, ტოტმეჩხერი და გამჭვირვალი
ნათლად აჩენდა ტბის კიდეზე აქლემთ, სახედართ
და გასცქეროდნენ მწყემსნი მავალთ თავის სახუნდრით.
_ ჩვენც გავყვეთ იმათ, თაყვანი ვცეთ სასწაულს ერთად,
თქვეს მწყემსებმა და ტანს მოირგეს ტყაპუჭი მჭიდროდ.

თოვლზე ფლატუნით სიარულში თითქოს ჩამოცხა.
და როცა შუქით სავსე ველზე, ვით ქარსის რკალი,
ანაზდად გაწვა უსანდლებო ტერფების კვალი,
უცნობ ანაბეჭდს, შემოვლებულს გარშემო სახლის,
ვარსკვლავის სხივზე გაავებით უღრენდა ძაღლი.

ყინავდა. ღამე დაემსგავსა თოვლიან ზღაპარს.
თითქოს ვიღაცა გამუდმებით, ნამქრიან გორით
ჩამოდიოდა და დგებოდა გზადმავალთ შორის.
ხოლო მყეფრები, უცნობ საფრთხით უცხოდ შემცბრები,
მორბედის ფეხთან აბუზულნი ეძებდნენ საფარს.

ბრბოებს იმ ღამით, იმ ადგილას მიდენილთ გზაზე,
აქა-იქ კენტად გარეოდნენ ანგელოზები.
და უხილავნი, რადგან იყვნენ უსხეულონი,
სიარულისას მხოლოდ ნაჭდევს ტოვებდნენ ქვაზე.

სულ მალე კლდესთან უთვალავი ჯარი მივიდა.
დილა დგებოდა, ბინდს იცლიდა რტოდან კედარი.
_ ვინ ხართ? _ მისულებს მარიამი წყნარად კითხვიდა.
ელჩები ზეცის და ცხოვართა ვართ მადევარი,
მოვსულვართ, რათა ჩვილს და მშობელს დიდება ვუთხრათ.
_ ამდენ ხალხს ერთად ვერ შეგიშვებთ, დადექით ზღურბლთან.

გათენებამდე, როცა ფერი ჩამოწვა ფერფლის,
მეცხვარეებს და ღამის მეხრეთ, დილაბნელს შეყრილთ,
ყურს ჭრიდა ლანძღვა და გნიასი ქვეითის, მხედრის,
ჯგლეთა მწყურვალე საქონლისა ისარნის პირთან,
აქლემთ ღრიალი, კვინტრიში ვირთა.

დილა დგებოდა. გამთენიამ ციდან მთიები
გახვეტა, როგორც ნაპერწკალის ჩამქრალი ნავლი
და სამი მოგვი, ირგვლივ დამდგარ ზღვა ხალხის გავლით
მიჰყვა მარიამს, შეიარა ეხის ღიობი.

მუხის ბაგაში, შუქმოსილი, ის იწვა მარტო,
როგორც ხის ღრუში ჩამდგარ წყალზე ციმციმი მთვარის
და ნაცვლად საფენ ცხვრის ტყავისა, უთბობდა სადგომს
სახედრის ბაგე და ნესტო ხარის.

შეჩერდნენ ჩრდილში, თითქოს ბაგებს ეფინა ბინდი
და ყოველ სიტყვას, ნაჩურჩულევს ამბობდნენ ბორგვით.
უცებ ვიღაცამ სიბნელიდან დასდო მხარს მკლავი
და ბაგით კერძო, იქვე მდგომი გასწია მოგვი,
მან მოიხედა, ნაპრალიდან სტუმარ დასავით,
მისჩერებოდა ქალწულს ზეცით შობის ვარსკვლავი.


1947

??????