პასტერნაკი ბორის
გაზიარება

შემოდგომა (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე) 

მე გავაცილე ყველა სტუმარი,
შინაურებიც გაიბნენ გარე
და მარტოობა, მდგმური მდუმარი,
მოსავს გულსა და მთელ შემოგარენს.
და აი, ქოხში ერთად ვართ ახლა,
უკაცურ ტყეში ხმები ქრებიან,
ბილიკს, რომელსაც მივყავდით სახლთან,
ნახევრად შამბი შემოსდებია.
ქოხში, მე და შენ, კედლიდან ძელი

დაგვყურებს ჩუმად, ნუჟრის გუგებით,
ჩვენ არ დაგვიდევს პირობა ძნელი,
ჩვენ სულ აშკარად დავიღუპებით.

ვსხდებით პირველზე, ავდგებით სამზე,
მე წიგნით ხელში, შენ საქსოვარით
და როდის შევწყვეტთ კოცნას სისხამზე,
ის წამი გვრჩება დაუხსომარი.

უფრო ფეროვნად და უდარდელად.
დე შრიალებდეს, ფრენდეს ფოთოლი,
რომ შხამგარეულ თასს უწინდელის
დაეტყოს დღეის დარდის დაწოლა.

ლტოლვა, სურვილი, მაღალი წამი!
მოდი სექტემბრის ხმებს შევერიოთ,
გთხოვ წაიხურე ბალახის ჩქამი,
გაიტრუნე, ან გადაირიე!

ვით ჭალა ფურცელს, შენ ძირს ფენ კაბას
და იქარგება მიწა საუნჯით,
როცა მკლავები ალერსში გნაბავს
და შეიხსნება ხალათის ფუნჯი.

შენ მადლად ეცხე დამღუპველ გრძნობას,
როცა სიცოცხლე სირცხვილით ძრწოდა,
მშვენება არსით არს ვაჟკაცობა
და ერთურთისკენ ის გვეწეოდა.


1949

??????