პასტერნაკი ბორის
გაზიარება

მოვლენა (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე) 

მას, ბეთანიით იერუსალიმს მიმავლს გზაზე,
მძიმე ფიქრი და წინათგრძნობა მისდევდა კვალზე.

მკაწრავი ქაცვი ქარაფებზე იყო დამწვარი.
მახლობელ ქოხზე არ იძროდა კვამლის ხვეული.
ჰაერი ხურდა. ჩანდა ლელი უძრავად მდგარი.
თვლემდა მკვდარი ზღვა, მოთენთილი და გალეული.

ზღვის სიმწარეზე ცხარე სიმწრით შენაწუხები
ის მიდიოდა ღრუბელთ მცირე გუნდის თანხლებით
ქალაქისაკენ, მოწაფეთა კრების სახლებლად
უცხო ეზოთა გასავლებით, მტვრიან შუკებით.

და ისე შთანთქა საკუთარი ფიქრების ძალმა,
რომ ველს, დახრუკულს, აუვარდა სუნი ნატუსლის.
გაწვა სიჩუმე. იგი მარტო იდგა შუაგულში
გაშლილ ტრამალის, მივიწყებით წანაყრუების.
ირგლივ ყოველი აირია: უდაბნო, გვალვა,
ჯოჯო და მყვარი, წყაროსთვალი, გრილი რუები.

სულ ორ ნაბიჯზე გზის პირიდან ლეღვის ხე იდგა,
მთლად უნაყოფო, მხოლოდ რტოს და ფურცლის კრებული.
და უთხრა მან ხეს: "გიწესს კია შენ რამე ღვთისგან?
ან ვის რას არგებ უმაქნისად გაშეშებული?

მე მწყურის, მე მსურს, შენ ცარიელ ტოტებით ჰყვავი
და სახილველად გრანიტივით ხარ უსახური,
რადგანაც მადლი ზეციური არ გაქვს ნასხური.
ეგრეთვე დარჩი, საუკუნე ასე დაჰყავი!"

ხეს ყველა ტოტში დაუარა განკიცხვის თრთოლვამ,
ვით ელვის ალმა, მეხამრიდზე ნაკვესმა ცეცხლად,
უცებ ჩანავლდა მთელი ტანით, დაცვივდა ფერფლად.

რომ მისცემოდა თუნდაც წამი თავისუფალი
ფოთლებს და ტოტებს, ან ხის ღეროს, ან ფესვებს მისთა,
გაიბრძოლებდნენ კანონები ბუნების მყისვე,
მაგრამ მოვლენა მოვლენაა. ის არს უფალი.
როს განვირხევით, ოდეს კრთომას ვატარებთ მკერდით,
უმალვე გვიწევს მისი ძალი, დაგვამხობს ფერხთით.


1947

??????