პასტერნაკი ბორის
გაზიარება

თოვლი მოდის (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე) 

თოვლი მოდის, თოვლი მოდის,
მიწას ფიფქის საფარს აშლის.
ეტანება გერანს გაშლილს,
რაფიდან რომ არ ჩამოდის.

თოვს და ყველამ გაიხარა,
ფანტელებში მიქრის ცისკენ
კიბის შავი საფეხური,
შესახვევი მოედნისკენ.

თითქოს თოვლი კი არ მოდის,
ფანტელს კი არ აფენს დაბას,
დასაკერვლებული კაბით
თმაგაშლილი ცა ჩამოდის.

მაშტერდება ცერად, ბეცად,
ჩემკენ, ზემოსართულგავლით,
კუკუმალაობით, პარვით,
სხვენიდან ეშვება ზეცა.

დრომ არ იცის დაცდა რადგან,
მოიხედავ _ ბარბალობა,
აგერ გაილანდა შობა
და კალანდაც უცბად დადგა.

ფრენს ფანტელი ანაცერი.
იქნებ მისებრ რონინ-რონინ,
მისებრ ზანტი, ალმაცერი,
ან ცის უმალ გადამსერი
ფიფქებივით ვლიან დრონი?

იქნებ ჩვენთვის წელზე წელი
მაღლით მოდის ვით ფანტელი,
ან სიტყვები სალექსონი?

თოვლი მოდის, თოვლი მოდის,
ფანტელებში მიქრის ცისკენ
მგზავრი, გზაზე ძლივს რომ მოდის,
ხე დამფრთხალი ორიოდე,
შესახვევი მოედნისკენ.
1957
წიგნიდან "როცა იდარებს"

??????