ზამთრის ღამე (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)
თეთრად მოერთო,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
როგორც ზაფხულში ფარვანები
ცეცხლისკენ მსწრაფი,
ეტანებოდა ფანტელები
სარკმელთა ნაპირთ.
ყინვა ძერწავდა ცივ მინაზე
ისართ და წრეთა,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
ჭერზე წვებოდა მოცახცახე
ჩრდილები ცერად,
გადახლართული ხელი, ფეხი
და ბედისწერა.
ყრუდ ეცემოდა იატაკზე
ფეხსაცმლის წყვილი,
იცრემლებოდა სასანთლიდან
კალთაზე ცვილი.
თოვლმა მოიცვა არემარე,
ცა მიწას შერთო,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
ქარი არხევდა ალის ენას,
ვნების ალმური
ანგელოზივით წევდა ორ ფრთას
ჯვარისებურად.
მთელი თვე თოვდა თებერვალში
და მაინც კენტად
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
1946