ჩარლზ უებსთერი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი)
და ფერმა მისგან უტევანებით დაშორებული
სჩანდა კამკამა ფარშავანგისებრ ლურჯი ცის ფონზე,
თითქოს ლინზიდან იმზირებოდი,
ნაშუადღევს კი მიწა შეფუთა ღრუბლის საბანმა,
შენ მიდიოდი სამყურების მინდორზე, სადაც
ისმოდა მხოლოდ ჭრიჭინათა ნაზი ტრემოლო.
შემდეგ შორეულ ქარიშხლების ნამქერთა შორის
მზე ჩაესვენა.
ამოვარდნილმა ქარმა ზეცა მოაკრიალა
და გააღვივა უქომაგო ვარსკვლავთა ცეცხლი
და შეარხია პირბადრი მთვარე,
მთვარე გაჩრილი მოციმციმე ვაშლის ტოტებში
გორაკებს შორის.
შენ მიდიოდი ჩაფიქრებული სანაპიროზე,
სადაც ტალღები უფეხურათა მსგავსი კივილით
მიიმღეროდნენ დაბლა წყლისაკენ და გასძახოდნენ
ქარის ნაკადებს კედროვანებში.
ბოლოს მიხვედი ქოხთან ცრემლით სავსე თვალებით
ახედე ზეცას და იხილე იუპიტერი
მაღალი ფიჭვის კენწეროზე დავანებული,
ქვე დაიხედე და იხილე ჩემი ტახტი თავისუფალი
ცარიელ ზღურბლში დარწეული ქარიშხლისაგან...
იყავ მამაცი, უსაყვარლესო!