ლორენსი დეივიდ ჰერბერტ
გაზიარება

მზე (მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე) 



- წაიყვანეთ სადმე, მზეში, - უთხრა ექიმმა.
ქალი თავად სკეპტიკურად იყო მზისადმი განწყობილი, მაგრამ მაინც ნება დართო თავისიანებს, გაემგზავრებინათ ზღვის გადაღმა შვილთან, გადიასთან და დედასთან ერთად.
გემი შუაღამისას გადიოდა. სანამ ბავშვს აძინებდნენ და გემბანზე მგზავრები გროვდებოდნენ, ქმარი ორ საათს მასთან დარჩა. ბნელი ღამე იყო, სინათლის შხეფებით დასერილი შავი ჰადსონი მძიმედ ღელავდა. ქალი მოაჯირს დაყრდნობილი დაბლა იყურებოდა და ფიქრობდა: ეს ოკეანეა, ის ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე გვგონია და სავსეა მოგონებებით. იმ წუთში ოკეანე ქაოსის გველეშაპივით ირკალებოდა, იმ გველეშაპივით, დასაბამიდან რომ ცოცხლობდა და უკუნისამდე რომ იცოცხლებს.
- ეს გამოთხოვება არაფერს გვარგებს, - წარმოთქვა მის გვერდით დგომმა ქმარმა, - არაფერს გვარგებს. არ მიყვარს გამოთხოვება.
მისი კილო ავისმომასწავებელ წინათგრძნობას ამხელდა, თან ეტყობოდა, უკანასკნელ იმედს რომ ეჭიდებოდა.
- არა, არც მე მიყვარს, - უფერული ხმით დაეთანხმა ქალი.
გაახსენდა, თუ რა გამწარებით ეცადნენ, ერთმანეთს გაცლოდნენ. განშორებამ გახევებული გრძნობები ოდნავ შეუძრა, მაგრამ მის სულში ჩარჩენილი დანის პირი მხოლოდ უფრო ღრმად ჩაასო.
თავიანთ მძინარე ვაჟიშვილს დახედეს. მამას თვალები დაენამა, მაგრამ დანამული თვალები არაფერს ნიშნავდა, მთავარი წლებით გამომუშავებულ ჩვევათა რკინის რიტმი იყო, ცხოვრებაში ღრმად ფესვგადგმული ძალის ზეწოლა. ორივე მათგანის ცხოვრებაში ეს ზეწოლა მტრული იყო. შეუწყობლად მომუშავე ძრავებივით ამტვრევდნენ ერთმანეთს.
- ყველანი ნაპირზე! ყველანი ნაპირზე!
- მორის, უნდა ჩახვიდე!
გულში გაიფიქრა: "ყველანი ნაპირზე!" მისთვის ჟღერს, ჩემთვის კი - "წინ - ღია ზღვაში!"
მერე ქმარი შუაღამის ჩაბნელებული პირსიდან ცხვირსახოცს უქნევდა, ნავი გრიალით მიიწევდა წინ. შემდეგ კი ქმარი ჩაიკარგა ბრბოში, სადაც მხოლოდ ერთ-ერთი იყო! C' est ça!1
ბორნები, შუქის ზოლებში გიგანტურ თეფშებად რომ მოჩანდნენ, დამრეცად კვეთდნენ ჰადსონს. შავი ღრმულივით მოჩანდა ლაკავანას პორტი. გემი სინათლეებს შორის მიირწეოდა, ჰადსონი უსასრულო ჩანდა. მაგრამ, როგორც იქნა, კონცხს შემოუარეს და შუქურიდან ძუნწი სინათლე შეეგებათ. თავისუფლებას მრისხანედ აღემართა ზეცისკენ ჩირაღდანი. წყალი ლიცლიცებდა.
გაქვავებული ლავასავით რუხი ატლანტიკის წყლებიდან, როგორც იქნა, მზეში გააღწიეს. სახლი ულურჯეს ზღვასთან იდგა; დიდი ბაღი, ვაზითა და ზეთისხილით სავსე, კიბე-კიბედ მიჰყვებოდა ციცაბო ფერდობს, მოსწორებული სანაპირო ზოლით რომ მთავრდებოდა. ბაღში უამრავი იდუმალი სამალავი იყო. ღრმა ხევს ლიმონის ხშირი ბუჩქი ფარავდა. აქა-იქ კრიალა მწვანე წყალსაცავები ჩამალულიყო. იყო პატარა გამოქვაბულიდან მომდინარე წყაროც, მისი წყალი ბერძნების მოსვლამდე დიდი ხნით ადრე უხსოვარ მომდინარე წყაროც, მისი წყალი ბერძნების მოსვლამდე დიდი ხნით ადრე უხსოვარ მოდგმებს დაულევია. უძველესი დაცარიელებული აკლდამა ამჟამად რუხი თხის სადგომად ქცეულიყო. ყველგან მიმოზის სურნელი იდგა, შორს დათოვლილი ვულკანი მოჩანდა.
ქალს ამ ყოველივეს აღქმა გარკვეულწილად ამშვიდებდა, მაგრამ ყველაფერი მის გარეთ რჩებოდა. სინამდვილეში არაფერი აღელვებდა. საკუთარ თავს ვერ გაექცეოდა - იგივე იყო. მის დადამბლავებულ არსებაზე კვლავაც ბოღმა ბატონობდა, ჭეშმარიტი განცდის უნარი დაკარგული ჰქონდა. ბავშვი აღიზიანებდა, ის თითქოს მის სულიერ სიმშვიდეს ემტერებოდა. შვილზე პასუხისმგებლობის გრძნობა ისე საშინლად, სულისშემძვრელად ტანჯავდა, ასე ეგონა, მის ყოველ ამოსუნთქვაზე პასუხისმგებელი თავად იყო. ეს წამებად ექცა თავადაც, ბავშვსაც და ყველა გარშემომყოფსაც.
- ხომ იცი, ჯულიეტ, ექიმმა მზეზე წოლა გირჩია, ტანსაცმლის გარეშე. რატომ არ უჯერებ? - ჰკითხა დედამ.
- როცა ამისთვის მზად ვიქნები, ასეც ვიზამ. შენ რა, ჩემი სიკვდილი გინდა? - აუხირდა ჯულიეტი.
- შენი სიკვდილი არა, მხოლოდ სიკეთე მსურს შენთვის!
- თუ ღმერთი გწამს, ნუ შემაწუხე შენი სიკეთით!
საბოლოოდ განაწყენებულმა დედამ მიატოვა და შინ გაემგზავრა.
ზღვა გათეთრდა, შემდეგ გაუჩინარდა. თავსხმა წვიმა წამოვიდა. მზიანი დარისთვის აშენებულ სახლში ციოდა.
ერთ დილას ზღვის კიდეზე მზე კვლავ ამოვიდა - შიშველი, გავარვარებული და მშხეფარე. სახლს პირი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ჰქონდა, ჯულიეტი საწოლში იწვა და მის ზეასვლას უყურებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მანამდე არასოდეს ენახა მზის ამოსვლა. არ ენახა შიშველი მზე, ზღვასა და ზეცას შორის გავლებულ ზოლზე ასე სპეტაკად წამომდგარი, ღამის წვეთებს სისველესავით რომ იფერთხავდა. ქალს მასთან სიახლოვე მოუნდა.
ასე ფარულად ჩაისახა მასში სწრაფვა, შიშველი გასულიყო მზეში. ამ სწრაფვას როგორც რამ საიდუმლოს, ისე უფრთხილდებოდა. მზესთან ერთად უნდოდა ყოფნა.
ამისათვის კი სახლსა და ხალხს უნდა გასცლოდა. ისეთ ქვეყანაში, სადაც ზეთისხილის ხეებსაც კი თვალები აქვთ და ყოველი დაღმართი შორიდან ხელისგულივით მოჩანს, მზესთან კავშირის დამყარება და ამასთან შეუმჩნევლად დარჩენა იოლი სულაც არ იყო.
ბოლოს მაინც იპოვა ასეთი ადგილი: ციცაბო, კლდოვანი ნაპირი, ზღვისა და მზის დასანახად გაშიშვლებული, დაბურული მსხვილი კაკტუსით, ეკლიან მსხალს რომ უწოდებენ. კაკტუსის ამ ბარდიდან ერთადერთი კვიპაროსი აწოწილიყო ბაცი, მსხვილი ღეროთი და ლაჟვარდში მონანავე, დრეკადი კენწეროთი. ის ზღვას მიშტერებული გუშაგივით იდგა, ანდა სანთელივით, რომლის ვეება ალი სინათლის ფონზე წყვდიადისაგან იქსოვებოდა; წყვდიადის გრძელი ენა ლოკავდა ზეცას.
ჯულიეტი კვიპაროსის ძირას ჩამოჯდა და ტანთ გაიხადა. მიგრეხილ-მოგრეხილი კაკტუსები მის გარშემო საზარელ და თან მომაჯადოებელ ტყედ გაფარჩხულიყვნენ. იჯდა და მკერდს უშვერდა მზეს. მაინც ოხრავდა ერთგვარი ყრუ ტკივილით, რადგან უცხო ძალისადმი დანებება უწევდა. მაგრამ ის ანუგეშებდა, რომ მისი სატრფო ადამიანი მაინც არ იყო.
მზე კი მაღლა, ცისფერ ზეცაში მიაბიჯებდა და სხივებს მიწას უგზავნიდა. ქალმა მკერდით ზღვის ნაზი სიო შეიგრძნო, მაგრამ მზეს თითქმის ვერ გრძნობდა. ჩანდა, ამ ნაყოფს, მის ძუძუებს, დაუმწიფებლად ეწერა დაჭკნობა.
ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მალე ძუძუებში მზე ჩაუდგა, მზე ოდესმე განცდილ სიყვარულზე უფრო თბილი, რძეზე და ბავშვის პატარა ხელებზე უფრო თბილი იყო. და ბოლოს, როგორც იქნა, მისი ძუძუები თაკარა მზეში მოლივლივე მოგრძო თეთრ მტევნებს დაემსგავსნენ.
ტანსაცმელი მთლიანად გაიძრო და სრულიად შიშველი გაწვა მზეში. იწვა და თვალებზე ხელაფარებული თითებშორის გაჰყურებდა მზის შუაგულს, მის ლურჯ სიმრგვალეს, ნაპირებიდან ბრწყინვალებას რომ ღვრიდა და თან გულივით ფეთქავდა. მზე - მისი საოცრად აძგერებული სილურჯე, მისი ნაპირებიდან გადმოღვენთილი თეთრი ალები! მზე ძირს მწოლიარე ქალს დაჰყურებდა, ლურჯი ცეცხლოვანი სხეული მისკენ მოებრუნებინა, ეალერსებოდა მკერდზე, სახეზე, კისერზე, დაღლილ მუცელზე, ბარძაყებსა და ტერფებზე.
ქალი თვალდახუჭული იწვა, ქუთუთოებქვეშ ვარდისფერ ალს ხედავდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ხელი გაიწვდინა და თვალებზე ფოთლები დაიდო. მერე ისევ დაწვა; მოგრძო კვახს ჰგავდა, მწვანეს, მზეზე ოქროსფრად დასამწიფებელს.
გრძნობდა, მის ძვლებში მზე როგორ ატანდა; ძვლებში კი არა, უფრო ღრმადაც, გრძნობებსა და ფიქრებშიც კი. მისი შეგრძნების ბნელმა დაძაბულობამ უკან დახევა იწყო, მისი ფიქრების გაყინული ბნელი კოშტები ლღვობას შეუდგნენ. ქალი თანდათან თითქოს მთლიანად თბებოდა. შებრუნდა და მზეს შეუშვირა მხრები, წელი, თეძოების უკანა მხარე, ფეხისგულებიც კი. ნახევრადგაბრუებული იწვა, იმდენად უცხო იყო ის, რაც მის თავს ხდებოდა. დაქანცულ-გათოშილი გული ულღვებოდა და ნელ-ნელა უორთქლდებოდა. მხოლოდ მისი საშო, კვლავაც დაძაბული, ეწინააღმდეგებოდა ამ ახალ მდგომარეობას. ის მარად წინააღმდეგობაში იყო, მზესაც კი ეწინააღმდეგებოდა.
ტანთ რომ ჩაიცვა, ერთხელაც წამოწვა და ახედა კვიპაროსს, რომლის აქოჩრილ ფაფარს ნიავი აქეთ-იქით აქანავებდა. ამასობაში ბოლომდე გაიაზრა დიდებული მზის ზეციური სვლა და საკუთარი წინააღმდეგობა.
ასე, მზით გაბრუებული და დაბრმავებული დაბრუნდა შინ. მხოლოდ სანახევროდღა ხედავდა და ეს სიბრმავე საჩუქარივით მიიღო, და ეს დაბინდული, თბილი რეტი ძვირფას განძად დაიგულა.
- დედიკო, დედიკო! - ბავშვი ყვირილით გამოიქცა მისკენ. ჩიტივით, უცნაური ჟღურტულით ეძახდა და მის ხმაში მარად დედისკენ მისწრაფული აღტკინება ისმოდა. დედას გაუკვირდა, მთვლემარე გული საპასუხო სიყვარულ-წუხილით რომ არ შეეკუმშა, პირველად რომ დარჩა მშვიდი და უშფოთველი. ბავშვი აიტაცა და თან გაიფიქრა: ასეთი ლაყე ნუ იქნება! ცოტა მზე რომ შეისრუტოს, გაიფურჩქნება. - და კვლავ იგრძნო საკუთარი საშოს ჯიუტი წინააღმდეგობა ბავშვისა და ყველაფერი ამქვეყნიურის მიმართ.
ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა, ბავშვის პატარა ხელები კანზე, განსაკურთებით როცა ყელზე ებღაუჭებოდნენ. კისერი გვერდზე გასწია, ისე, რომ მას ხელი ვეღარ მოევლო. ბავშვი ძირს ჩამოსვა.
- ირბინე, - უთხრა, - ირბინე მზეში!
იქვე გახადა ტანისამოსი და შიშველი დასვა თბილ ტერასაზე.
- მზეში ითამაშე, - უთხრა ბავშვს.
ბიჭუნა შეშინდა და ტირილი დააპირა. დედამ ამას ყურადღება არ მიაქცია. სხეული გაზანტებულ-გამთბარი ჰქონდა, გული ყოვლად ცივი, საშო კი ჯიუტად დახშული. წითელ ფილებზე ფორთოხალი გაუგორა და ბავშვიც გაეკიდა მას ფუმფულა, უფორმო სხეულის ბანცალით. როგორც კი მოიხელთა, მაშინვე ისევ უშვა ხელი, ისე უცხოდ შეეხო ფორთოხლის კანი შიშველ კანზე. სატირლად დამანჭული სახე დედას მიუბრუნა, საკუთარი სიშიშვლე აშინებდა.
- მომიტანე ფორთოხალი, - უთხრა შვილის შეშფოთებისადმი გულგრილობით თავადვე გაოცებულმა ქალმა, - დედიკოს მოუტანე ფორთოხალი.
"მამამისს არ უნდა დაემსგავსოს", - თავისთვის გაიფიქრა, - "ნუ იქნება ჭიაყელასავით, მზეზე რომ არასოდეს გამომძვრალა".

2
ბავშვი ისე დაჟინებით აფიქრებდა, ისე განუწყვეტლად აწამებდა პასუხისმგებლობის შეგრძნება, თითქოს მისი გაჩენით მთელს მის არსებობაზე სამუდამო პასუხისმგებლობა იკისრა. ბავშვს ცხვირიდან ცინგლი თუ ჩამოსდიოდა, ქალს ეს უზომოდ აღიზიანებდა და ზიზღს ჰგვრიდა, თითქოს რაღაც აიძულებდა საკუთარი თავისთვის ეთქვა: შეხედე, აი, შენი პირმშო!
ერთბაშად რაღაც შეიცვალა. ბავშვი მთელს მის არსებას აღარ შთანთქავდა. დედამ ის თავისი წუხილისა და ნების ზეწოლისგან გაათავისუფლა და ბავშვს ეს აშკარად მოუხდა.
ქალი გამუდმებით ფიქრობდა მის სხეულში შესულ დიდებულ მზეზე. ცხოვრება საიდუმლო რიტუალად ექცა. გათენებამდე მუდამ თვალგახელილი იწვა, რათა მორუხო შუქის გაოქროსფრებას შესწრებოდა და დარწმუნებულიყო, რომ ზღვის კიდეზე ღრუბლები არ ესვენა. სიხარულით ივსებოდა, როცა ის ამოდიოდა გავარვარებული და შიშველი და ნაზ ცას თეთრ და ლურჯ ალებს ესროდა.
ზოგჯერ შეწითლულ-შეფაკლული მოდიოდა, ვეება ფრთხილი მხეცივით. სხვა დროს მეწამული მრისხანე მზერით ნელა მოგორავდა, ხოლო ზოგჯერ საერთოდ არ ეჩვენებოდა, მხოლოდ ჰორიზონტზე გაწოლილი ღრუბელი ასხივებდა ოქროსფერ და ალისფერ შუქებს, ის კი ამ კედლის მიღმა მოძრაობდა.
ჯულიეტს გაუმართლა. კვირები გადიოდა და თუმცა რიჟრაჟი ზოგჯერ ნისლიანი იყო, შუადღე კი - თალხი, მაინც დღე არ გასულა უმზეოდ, უმეტესწილად კი, ზამთრის მიუხედავად, მთლად კაშკაშა დღეები იცოდა. სიფრიფანა ციცქნა ველური კროკუსები დაზოლილ, მოვარდისფრო-მოლილისფრო ყვავილებს ისხამდა. ველური ნარცისები ზამთრის ვარსკვლავებად იშლებოდა.
ქალი ყოველდღე ჩადიოდა კვიპაროსთან კაკტუსებით მოფენილ ბორცვზე, რომლის ძირშიც მოყვითალო ლოდები ეყარა. ახლა უფრო წინდახედულად იქცეოდა, მხოლოდ მტრედისფერ-მორუხო ხალათი და სანდლები ეცვა. ასე რომ, ნებისმიერ მოფარებულ ადგილას თვალისდახამხამებაში შიშვლდებოდა მზეში. ასევე წამში იმოსებოდა და ისეთივე რუხი და უჩინარი ხდებოდა, როგორც მანამდე.
ყოველ დილით შუადღემდე იწვა მძლავრი, ვერცხლის ტორზე დაყრდნობილი კვიპაროსის ქვეშ, მზე კი საზეიმოდ მიაბიჯებდა ზეცაში. ამ დროისთვის მზეს უკვე სხეულის ყოველი წერტილით იცნობდა. წუხილით გათანგული მისი გული მთლიანად აორთქლილიყო, მზეზე მომჭკნარი ყვავილივით გამქრალიყო და თავის ნაცვლად მხოლოდ ციცქნა უმწიფარი ნაყოფი დაეტოვებინა. მისი დაძაბული საშო, თუმცა კვლავაც დახშული იყო, მაინც თანდათან, თანდათან იშლებოდა, მზის იდუმალი ალერსის საპასუხოდ წყლის დუმფარასავით იკვირტებოდა. წყლის ქვეშ გაკვირტული დუმფარასავით ნელა იწევდა მზისკენ, რათა ბოლოსდაბოლოს, მზეს შეწირული, მხოლოდ მზისთვის დახარჯულიყო.
მთელი სხეულით იცნობდა მზეს, ლურჯად გაღვივებულს და თეთრი ალების მტყორცნელს. და თუმცა ის მთელს ქვეყანას დაჰნათოდა, როცა გაშიშვლებული ჯულიეტი მიეფიცხებოდა, მხოლოდ მისკენ მიმართავდა სხივებს. ეს მზის ერთ-ერთი სასწაული გახლდათ: შეეძლო მილიონი ადამიანისთვის ენათა და მაინც მხოლოდ ერთზე ფოკუსირებულ, სხივოსან, დიად, ერთადერთ მზედ დარჩენილიყო.
მზის შესახებ ცოდნამ, რწმენამ იმისა, რომ მზე თანდათანობით აღწევდა მასში, რათა შეეცნო იგი ამ სიტყვის კოსმიურად ხორციელი მნიშვნელობით, ადამიანებისგან დაშორების შეგრძნება მიანიჭა. ერთგვარი ზიზღიანი შეწყალების გრძნობა დაეუფლა ერთიანად ადამის მოდგმისადმი. ადამიანები ისეთი არაბუნებრივნი იყვნენ, ისეთი უმზეონი, ისე ძლიერ წააგავდნენ სასაფლაოს მატლებს.
უძველეს ქარაფიან ბილიკზე ვირებით ჩამომავალ გლეხებსაც კი, რაგინდ გარუჯულები ყოფილიყვნენ, მაინც ეტყობოდათ, მზე რომ ძვალ-რბილში არ ჰქონდათ გამჯდარი. მათში იყო რაღაც პატარა, დონდლო, თეთრი, შიშით შემოფარგლული ბირთვი, ნიჟარაში გამოკეტილი ლოკოკინასავით, სადაც კაცის სული სიცოცხლის ბუნებრივი სიკაშკაშის შიშით შეყუჟულიყო. მზისთვის თვალის გასწორებას კაციშვილი ვერ ბედავდა, ყველანი სადღაც ღრმად ჩამალულიყვნენ. ნებისმიერი მამაკაცი ასეთი იყო.
რაღა საჭირო იყვნენ მამაკაცები? ისე გულგრილი გახდა ხალხის, მამაკაცების მიმართ, რომ ახლა აღარ აღელვებდა, ვინმე თუ შიშველს დაინახავდა. მარინინასთვის, რომელიც მისთვის სოფელში საყიდლებზე დადიოდა, ნათქვამი ჰქონდა, ექიმმა მზის აბაზანები დამინიშნაო. ეს კმაროდა.
მარინინა სამოცს გადაცილებული, მაღალი, თხელი, წელში გამართული ქალი იყო, მუქი ნაცრისფერი ხვეული თმა და მუქი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, ათასწლეულთა გრძნეულ ცბიერებას რომ ასხივებდნენ. მათში ჩაგუბებული თითქოსდა დამცინავი სიცილი ხანგრძლივი გამოცდილების უტყუარი ნიშანი იყო. ტრაგიკულობა გამოცდილების ნაკლებობაა.
- მზეში გაშიშვლება მშვენიერი რამ უნდა იყოს, - თქვა მარინინამ და გამჭოლი მზერა შეავლო ქალს. თვალები ეშმაკურად უცინოდა. ჯულიეტს ქერა თმა საფეთქლებთან ფაფუკი ღრუბელივით ეხვეოდა. მარინინა Magna Graecia2-ს შვილი იყო, უშორესი მოგონებების მატარებელი ქალი. მან თვალი შეავლო ჯულიეტს.
- თუკი ქალი ლამაზია, რატომ არ შეიძლება მზეს ეჩვენოს? ჰა? ხომ მართალი ვარ? - დაუმატა უცნაური მოგუდული სიცილით, ისეთით, გარდასული დროის ქალებს რომ სჩვეოდათ.
- ნეტა, მართლა ლამაზი ვარ? - თქვა ჯულიეტმა. ლამაზი იყო თუ არა, ყოველ შემთხვევაში გრძნობდა, რომ მზეს მოსწონდა, რაც ერთი და იგივე იყო.
შუადღისას მზეს რომ განერიდებოდა, ხანდახან მალულად ჩადიოდა კლდეებს შორის ღრმა ხრამში, იქ, სადაც მარადიულ გრილ ჩრდილში ლიმონები ეკიდა. იქაურ სიჩუმეში ხალათს იხდიდა და რომელიმე ღრმა მწვანე აუზთან ნაჩქარევად შეისხამდა ხოლმე წყალს. ფოთლებს შორის ჩამდგარ ლიმონის მწვანე ბინდ-ბუნდში ამჩნევდა, რომ სხეული გაუვარდისფრდა და ეს ვარდისფერი თანდათან ოქროში გადადიოდა. სულ სხვა ადამიანს ჰგავდა. იყო კიდეც სულ სხვა ადამიანი.
ბერძნების ნათქვამი მოაგონდა, თეთრი, მზით შეუფერავი სხეული თევზივით სლიპინა და ავადმყოფურიაო.
კანში ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს შეიზელდა და ლიმონებით მსხმოიარე ქვესკნელში დასეირნობდა ხოლმე. სიცილით იჩერებდა ჭიპში ლიმონის ყვავილს. ნაკლებ მოსალოდნელი იყო, ვინმე გლეხს შეემჩნია. ასეც რომ მომხდარიყო, ქალი უფრო მეტად შეაშინებდა მას, ვიდრე პირიქით. ის გრძნობდა მამაკაცთა სხეულებში შიშის თეთრი ბირთვის არსებობას.
თავისი პატარა ბიჭუნას სხეულშიც კი ჭვრეტდა ამ შიშს. ახლა ბავშვი უნდოდ შეხედავდა ხოლმე დამცინავ დედას. დაჟინებით აძალებდა ბავშვს, ყოველდღე შიშველს ებაჯბაჯა მზეში. და ახლა უკვე პაწია სხეული შეუვარდისფრდა, ხშირი ქერა თმა შუბლიდან აეტალღა, ოქროსფერ კანზე ლოყები ბროწეულისფრად შეეფაკლა. ნაზად ფერხორციანი და ჯანსაღი იყო. მსახურები, მისი ოქროსფერით, წითელით და ცისფერით აღფრთოვანებულნი, ციდან ჩამოსულ ანგელოზს ეძახდნენ.
მაგრამ დედას ძველებურად ვეღარ ენდობოდა, რადგან ის დასცინოდა. მის დიდრონ ცისფერ თვალებში, ოდნავ შეკრულ წარბებქვეშ ქალი იმ შეშინებული სიფრთხილის ბირთვს ხედავდა, დღეს, მისი რწმენით, ყოველი მამაკაცის თვალის კაკალში რომ ჩამალულიყო. იგი მას მზის შიშს უწოდებდა. და მისი საშოც დახშული იყო ყველა კაცისთვის, ყველა მზისმოშიშისთვის.
- მზე აშინებს, - გაიფიქრებდა ხოლმე, შვილს თვალებში ღრმად რომ ჩახედავდა.
ბავშვი მზეში დაბაჯბაჯებდა, ტორტმანებდა, ძირს ემხობოდა, თან მოკლე, ჩიტისმაგვარ ბგერებს გამოსცემდა. ქალი თვალს ადევნებდა და ხედავდა, რომ ის შეკრული და დაძაბული იყო, საკუთარ თავში მზის გამო შემალული და მოუქნელა, ტლანქად დაკუნტრუშებდა. მისი სული ლოკოკინასავით ნიჟარაში შეყუჟულიყო; როგორც კლდის ცივ, ნესტიან ნაპრალში, ისე შემძვრალიყო საკუთარ თავში. ბავშვის მამა მოაგონდა. უნდოდა, ბავშვი მაინც გამოეხსნა ამ ხლართებიდან, რათა მასაც გაებედა თავზეხელაღებული ნახტომი და თაყვანი ეცა მზისთვის.
გადაწყვიტა ბავშვი თან წაეყვანა კაკტუსებს შორის მდგარ კვიპაროსთან. მართალია, სულ ყურადღებით უნდა ყოფილიყო, ბავშვს რომ ეკალზე არ დაებიჯებინა ფეხი, მაგრამ დარწმუნებული იყო, ეს ადგილი ბიჭუნას იმ ვიწრო ნიჟარიდან გამოიყვანდა, სადაც მისი სული იყო ჩამწყვდეული. და იმ ოდნავ შესამჩნევ სიმორცხვის ნაოჭსაც გაუქრობდა, შუბლიდან რომ არ სცილდებოდა.
ძირს ნოხი გაუშალა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. როგორც კი ბავშვი გვერდზე გაბაჯბაჯდა, თვითონაც წამოდგა. ბიჭი შემობრუნდა და დედას შეხედა. მისი ცისფერი თვალებიდან თითქმის ნამდვილი მამრი იყურებოდა _ თბილი, გამომწვევი მზერით. ლოყებზე მოდებული ალმური მის ოქროსფერ თმას მართლაც ამშვენებდა. თეთრი არ იყო: კანი ოქროსფერ-ბინდისფერი ჰქონდა.
- ფრთხილად, საყვარელო, ეკლებია, - უთხრა დედამ.
- ეკლები! - ჭიკჭიკით გაიმეორა ბავშვმა, ისევ ნახევრად შებრუნებული იყო დედისკენ და ეჭვით უყურებდა. რომელიღაც სურათზე გამოსახულ შიშველ putto3-ს ჰგავდა.
- ცუდი ეკლებია, იჩხვლიტებიან.
- ეკლები იცლიტებიან!
ქვებს შორის სანდლებით დააბოტებდა, პიტნის ხმელი ტოტები ფეხებში ეხლართებოდა. დედა გველისებრი სისწრაფით მივარდებოდა ხოლმე, როცა კი ატყობდა, რომ ბავშვი საცაა ეკლებში უნდა ჩავარდნილიყო. საკუთარი მოქნილობა უკვირდა. გაიფიქრა: "რა გარეული კატასავით დავხტივარ!".
ყოველდღე, როცა მზე ანათებდა, ბავშვი კვიპაროსთან მიჰყავდა.
- წამოდი, - ეტყოდა ხოლმე, - წავიდეთ კვიპაროსთან.
ხოლო ღრუბლიან დღეებში, როცა ტრამონტანა4 ქროდა და სანაპიროზე ვერ ჩადიოდნენ, ბავშვი გაუთავებლად ჟღურტულებდა:
- კვიპალოსთან! კვიპალოსთან!
ისიც დედასავით ნატრობდა იქ ყოფნას.
ეს არ იყო უბრალოდ მზის აბაზანები. ეს ბევრად მეტს ნიშნავდა. ქალში რაღაც სიღრმისეული კვანძი იხსნებოდა და იშლებოდა და მთელი მისი არსება კოსმიურ ძალას ნებდებოდა. მისი ზედაპირული, გააზრებული ცნობიერებისა და გააზრებული ნების მიღმა ღრმად ჩაბუდებული საიდუმლო აკავშირებდა მზესთან. მზიური ნაკადი მის არსში ჩაედინებოდა და საშოს გარს ეხვეოდა. თავად ქალი, მისი ცნობიერი "მე", მხოლოდ მეორადი არსება იყო, თითქოს - გარეშე მაყურებელი. ჭეშმარიტი ჯულიეტი მისი სხეულის სიღრმეში ჩაღვრილი მზის ბნელ დინებაში ცოცხლობდა, მუქი იისფერი სხივების იმ მდინარეში, საშოს ტკბილი, დახურული კვირტის გარშემო უწყვეტად, უწყვეტად რომ ბრუნავდა.
ყოველთვის თავშეკავებული იყო, გააზრებულად მოქმედებდა და თავის გაკონტროლება შეეძლო. ახლა საკუთარ თავში სრულებით ახალი ძალა იგრძნო, რაღაც, რაც თავად მას აღემატებოდა, მასზე უფრო შავბნელი და ველური იყო. ელემენტის მიერ დატბორილი, მიღმიერი ძალით მოჯადოებული პიროვნება კი გაბუნდოვანდა.

3
თებერვლის ბოლო მოულოდნელად ცხელი გამოდგა. ნუშის ყვავილი სიოს ოდნავ შებერვაზე ვარდისფერ ფიფქებად ცვიოდა. ლილისფერი, პრიალა, ციცქნა ანემონები ამოსულიყო, მაღალ ღეროებზე მეზამთარას კოკრები დაბერილიყო, ხოლო ზღვა ღიღილოსფრად გალურჯებულიყო.
ჯულიეტი აღარაფერს დარდობდა. ახლა თვითონაც და ბავშვიც თითქმის მთელ დღეს შიშვლები ატარებდნენ მზეში. მეტი არც უნდოდა რა. ზოგჯერ ზღვასთან ჩადიოდა საბანაოდ: ხშირად მზით განათებულ ხევებში დაბორიალობდა, სადაც ვერცერთი სულიერი თვალს ვერ მოჰკრავდა. ხანდახან შორიდან ვირზე შემჯდარი გლეხი დაინახავდა ხოლმე, მაგრამ ქალი ისე უბრალოდ მიმოდიოდა ბავშვთან ერთად, თანაც სხეულისა და სულისთვის მზის მარგებლობის ამბავი ხალხში რაკი უკვე გავრცელებულიყო, გაოცება არავის გამოუთქვამს.
ბავშვიც და თვითონაც უკვე თავით ფეხებამდე ვარდისფერ-ოქროსფრად გარუჯულიყვნენ. "ახალ არსებად ვიქეცი" - ფიქრობდა ქალი, თავის წითელ-ოქროსფერ თეძოებს რომ დაჰყურებდა.
ბავშვიც სულ გამოცვლილიყო, განსაკუთრებული, მზიანი ღამით დაბინდული გულჩათხრობილობა დაეტყო. ახლა მეტწილად უხმოდ, თავისთვის თამაშობდა, დედის თვალყურის დევნება თითქმის არც კი სჭირდებოდა. სიმარტოვეს თითქოს ვეღარც კი ამჩნევდა.
სიო არ იძვროდა, ზღვა ულტრამარინისფერი იყო. ქალი კვიპაროსის მძლავრი ვერცხლისფერი ტორის ძირში იჯდა მზისგან გაბრუებული, მისი ძუძუები კი, მწიფე სიტკბოთი შევსებულნი, ფხიზლობდნენ. გრძნობდა თავის შიგნით ახალ მოძრაობას, ახალ ძალას, რომელსაც მასში სხვა პიროვნება უნდა გაეღვიძებინა, მაგრამ ამის გაცნობიერებას არ ჩქარობდა.
ახალი ქმედითობა ახალ ურთიერთობას მოუტანდა, ეს კი არ სურდა. მშვენივრად იცნობდა ცივილიზაციის უზარმაზარ ცივ მექანიზმს, იცოდა, მასთან ურთიერთობას რა მოაქვს და რა ძნელია ამ ძალას გვერდი აუარო.
ბავშვი ერთი-ორი იარდით ჩაუყვა კლდოვან ბილიკს, რომელიც ვეება გაფარჩხულ კაკტუსს უვლიდა გარს. ოქროსფერ-ხორბლისფერი ბიჭუნა ქართა ნამდვილი პირმშო იყო. მზემ ოქროსფერი კულულები გაუხუნა, ლოყები გაუალისფრა. დედა ხედავდა, დოქის მოყვანილობის წინწკლებიან ყვავილებს როგორ აგროვებდა და მწკრივებად როგორ აწყობდა. წონასწორობას უკვე კარგად იცავდა და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მკვირცხლად და მოქნილად მოძრაობდა, გულჩათხრობილი ნორჩი მხეცივით მისცემოდა თამაშს.
მოულოდნელად ქალმა მისი ხმა გაიგონა: ნახე, დედიკო! დედი, ნახე! ბავშვის ჩიტისებრ ჟღურტულში ახალი ბგერა დაიჭირა და ერთბაშად წამოფრინდა.
გული გაუჩერდა. ბიჭუნა დედისკენ შიშველი მხარით შემობრუნებულიყო, მზერით მის თვალებს ეძებდა და თან პატარა დუნე ხელით მისგან ერთი იარდის მოშორებით წამომართულ გველს უჩვენებდა. გველი პირს აბჩენდა, ორკაპა მოძრავ ენას შავი ჩრდილივით აციალებდა და მოკლე-მოკლე სისინს გამოსცემდა.
- ნახე, დედიკო!
- ჰო, საყვარელო, გველია, - გაისმა დაბალი ზანტი ხმა.
ბავშვმა გაფართოებული ცისფერი თვალებით აჰხედა, ვერ გაეგო, უნდა შეშინებოდა თუ არა. დედის არსებაში რაღაც მზიურმა სიმშვიდემ მასაც თავდაჯერება შეჰმატა.
- გველი! - აჭიკჭიკდა ბავშვი.
- ჰო, საყვარელო! ხელი არ ახლო, შეიძლება გიკბინოს.
გველმა თავი ძირს დაუშვა, მზის გულზე ნებიერი ძილის შემდეგ რგოლები გაშალა და გრძელი, ოქროსფერ-ყავისფერი სხეულის ნელი მიხრა-მოხვრით კლდეებისკენ გასრიალდა. ბიჭი მიბრუნდა და მდუმარედ გააყოლა თვალი, მერე თქვა:
- გველი მიდის!
- ჰო, წავიდეს, მარტო ყოფნა უყვარს.
ბიჭი თვალს არ აცილებდა მდორე, ნებიერი არსების გრძელ კუდს, ვიდრე ის უდრტვინველად არ გაუჩინარდა.
- გველი შინ დაბრუნდა, - თქვა მან.
- ჰო, შინ დაბრუნდა. დედასთან მოდი ერთი წუთით.
ბავშვი დედასთან მივიდა და პაწია ფუმფულა შიშველი ტანით შიშველ მუხლებზე ჩამოუჯდა. დედამ გახუნებულ, მბზინავ თმაზე გადაუსვა ხელი. არაფერს ამბობდა, გრძნობდა, რომ ყველაფერმა ჩაიარა. მზის საოცარი ლაღი და უშფოთველი ძალა დაეუფლა, ამ ძალამ მთელი მიდამო მოაჯადოვა, გველი კი ამ მიდამოს ნაწილი იყო, ისევე, როგორც ჯულიეტი და ბავშვი.
რამდენიმე დღის შემდეგ, ზეთისხილის ტერასის გამშრალი ქვის კედელზე ჰორიზონტალურად მცოცავი შავი გველი შეამჩნია.
- მარინინა, - იკითხა შინ დაბრუნებულმა, - შავი გველი ვნახე. საშიშია?
- აჰ, შავები არა! აი, ყვითლები, ჰო! ყვითელი თუ გიკბენს, მოკვდები. მაგრამ მე მაინც მეშინია, მეშინია შავებისაც კი, როცა ვხედავ.
ჯულიეტი განაგრძობდა ბავშვთან ერთად კვიპაროსთან სიარულს. მაგრამ ახლა ფრთხილად მიმოიხედავდა, ვიდრე ძირს დაჯდებოდა, ყველა ადგილს შეათვალიერებდა, სადაც კი ბავშვს შეეძლო მისვლა. შემდეგ კი გაწვებოდა და მსხლის ფორმის აწვეტილ გარუჯულ ძუძუებს მზეს შეუშვერდა ხოლმე. ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობდა. მისი ფიქრები ბაღს იქით არ აღწევდნენ. წერილებსაც კი ვერ წერდა. გადიას აწერინებდა. მაგრამ მზეზე დიდხანს ვეღარ იწვა, რადგან ის სულ უფრო მძლავრი და მრისხანე ხდებოდა. და, მისდაუნებურად, ქალის შიგნით უიდუმალეს წყვდიადში დაძირული, მჭიდროდ შეკრული კოკორი ნელა იწევდა, იწევდა მაღლა, ჩაკეცილი ღერი გაშალა და მუქ ფურცლებს შორის ვარდისფერი გული გამოაბრწყინა. მისი საშო ლოტოსის ყვავილივით, ვარდისფრად, თავდავიწყებით იფურჩქნებოდა.

4
გაზაფხული სამხრეთის მზიური ზაფხულით შეიცვალა და სხივები მძლავრად აჭერდა. ყველაზე ცხელ საათებში ქალი ხეების ჩრდილში იწვა ან ლიმონის კორომის გრილ სიღრმეებშიც კი ჩადიოდა. ზოგჯერ კი იმ ჩრდილიან ხევებში სეირნობდა, სახლთან მომიჯნავე დაბლობი რომ დაესერა. ბავშვი უხმოდ დაჰქროდა მის გარშემო ნორჩი მხეცივით, რომელიც საკუთარ იდუმალ სამყაროში ცხოვრობდა.
ერთ შუადღეს ბუჩქნარით დაბურულ დაბლობზე შინისკენ შიშველი რომ მისეირნობდა, კლდეს შემოუარა და უეცრად მეზობელ podere5-ზე მცხოვრებ გლეხს გადაეყარა, დაკუზული, ახლადმოჭრილი ტოტების გუდურას რომ კრავდა. ვირიც გვერდზე ედგა. ბამბის ქსოვილის თხელი საზაფხულო შარვალი დუნდულებზე შემოტმასნოდა. პატარა ხევში მყუდრო სიმშვიდე სუფევდა. ქალს რაღაც უღონობა მოეძალა, წუთით გაშეშდა. კაცმა გუდურა მძლავრ მხრებზე მოიკიდა, ვირისკენ შებრუნდა და ქალი დაინახა. მილურსმულივით მიაშტერდა, თითქოს ზმანება ეწვიაო. მისი თვალები ქალისას შეხვდა და ქალმა იგრძნო, ლურჯა ალებმა როგორ გაურბინა სხეულში, მისი საშო წამლეკავ გზნებას დამორჩილებული, ყვავილივით გაშლილიყო. ერთმანეთს თვალებში ჩაშტერებოდნენ, მათ შორის იმ ლურჯი ცეცხლის ნაკადი ჩქეფდა, მზის გულიდან რომ იღებს სათავეს. ქალმა დაინახა კაცის სამოსის ქვეშ წამომართული ფალოსი. იგრძნო: წუთიც და მისკენ წამოვიდოდა.
- დედიკო, კაცი! დედიკო! - ბავშვმა თეძოზე ხელი მოავლო, - დედიკო, კაცი!
ქალმა მის ხმაში შიში ამოიკითხა და მსუბუქად შეტრიალდა.
- ნუ გეშინია, შვილო, - ბავშვს ხელი მოჰკიდა და მასთან ერთად ისევ კლდეს მოეფარა, გლეხი კი მისი დუნდულების რხევას თვალს არ აცილებდა.
ხალათი მოისხა და ბავშვით ხელში ბორძიკით აუყვა თხების ჩლიქებით გატკეპნილ კლდოვან ბილიკს, ყვითლად აყვავებული ბუჩქების ლაბირინთიდან დღის სინათლეზე ამოყვინთა და სახლის წინ ზეთისხილის ხეებს შორის გონების მოსაკრებად ჩამოჯდა.
ზღვა ლურჯი იყო, ძალიან ლურჯი, ნაზი და მშვიდი, ქალის შიგნით ლოტოსის თუ კაკტუსის ყვავილად გაფურჩქნული საშო მოუთმენლობას გაებწყინებინა. გრძნობდა ამას, მის გონებას ესღა წარმართავდა. გულს უწვავდა მწარე ნაღველი ბავშვის გამო, იმ შემბოჭავი მოდუნების გამო, რომლის ტყვედ იქცა.
გლეხს სახეზე იცნობდა; ოცდაათს გადაცილებული კაცი იყო, მხარბეჭიანი და მძლავრი აღნაგობისა. ჯულიეტს ბევრჯერ დაუნახავს ის თავისი სახლის ტერასიდან; ხშირად ადევნებდა თვალს, თუ როგორ მიმოდიოდა თავის ვირთან ერთად, როგორ უვლიდა ზეთისხილის ხეებს. მარტო მუშაობდა, მუდამ მარტო, დიდი ფიზიკური ძალის პატრონი იყო, ფართო სახეზე მშვიდი თავშეკავება ემჩნეოდა. ერთი-ორჯერ გამოელაპარაკა კიდეც და თვალებით მისი დიდრონი ლურჯი თვალების მუქ, სამხრეთულად მწველ მზერასაც შეხვდა. მის სწრაფ, მოუხეშავ და თავდაუზოგავ ჟესტებსაც იცნობდა. მაგრამ მასზე არასოდეს უფიქრია. მხოლოდ ის შენიშნა, რომ ყოველთვის ძალზე სუფთად და კოპწიად ეცვა. ერთ დღეს ისიც დაინახა, მის ცოლს მისთვის სადილი რომ მოეტანა; ორივენი კერატის ხის ჩრდილში გაშლილ თეთრ ტილოს უსხდნენ. მაშინ შეამჩნია, რომ ცოლი ქმარზე უფროსი, შავგვრემანი, ამაყი და პირქუში ქალი იყო. მერე მოვიდა ახალგაზრდა ქალი ბავშვით. კაცი ბავშვთან ერთად აცეკვდა. იმ წუთში ისეთი ახალგაზრდა ჩანდა, ისეთი ვნებიანი და უდარდელი, მაგრამ ეს მისი შვილი არ იყო. თავად არ ჰყავდა შვილი. სინამდვილეში ჯულიეტმა პირველად სწორედ მაშინ შეამჩნია, როცა ბავშვთან ერთად ცეკვავდა, ისე ცოცხლად, გეგონებოდათ, მასში ჩაგუბებული გზნება ერთბაშად ამოიფრქვევაო. მაგრამ ამის შემდეგაც კი არასოდეს უფიქრია მასზე. ისეთი ფართო წითელი სახე ჰქონდა, ისეთი განიერი მკერდი და ისეთი მოკლე ფეხები, რომ ფიქრის ღირსად არ ჩათვალა - გაუთლელი მხეცი იყო, ნამდვილი გლეხი.
ახლა კი მისი მზერის უცნაურმა გამოწვევამ ქალი მონუსხა. თვალები ისეთი ლურჯი ჰქონდა, როგორც მზისგულის წამლეკავი სილურჯე. და კაცის თხელი შარვლის ქვეშ მისი ფალოსის ველური აღტკინებაც ხომ ნახა, მისკენ რომ მომართულიყო. ეს წითელსახიანი, ჯმუხი კაცი უეცრად მზედ მოევლინა, პირმრგვალ მხურვალე მზედ.
კაცის არსება ისე ძლიერად შეიგრძნო, რომ ზურგის შექცევა ვეღარ შეძლო და იქვე ხის ძირში დარჩა. მოგვიანებით სახლიდან გადიას ძახილი და ზარის ხმა გაიგონა. ბავშვი გამოეპასუხა. რა გაეწყობოდა, თვითონაც წამოდგა და სახლში შევიდა.
ნაშუადღევს კვლავ დაჯდა სახლის წინ ტერასაზე, ზეთისხილის დაღმართიდან ზღვას რომ გადაჰყურებდა. კაცი წამდაუწუმ კაკტუსის ტევრის განაპირას თავის podere-ზე მდგარ ქოხში შედიოდა, კვლავ გამოდიოდა, შესვლა-გამოსვლისას თვალი სახლსა და მის ტერასაზე მჯდომ ქალზე ეჭირა. ქალის საშო ღია იყო მისთვის.
მაინც ვერ ბედავდა ამ კაცთან მისვლას. დამბლადაცემულივით იჯდა. ჩაის მერე ისევ ტერასაზე გავიდა. კაცი კი სულ მიმოდიოდა, კვლავაც და კვლავაც გაჰყურებდა, ვიდრე ჩამოწოლილ მწუხრში სოფლის შესასვლელში მდგარი კაპუცინების ეკლესიიდან საღამოს ზარების რეკვა არ მოისმა. ქალი კი კვლავ ტერასაზე იჯდა. ბოლოს შუაღამისას დაინახა, კაცმა ვირს როგორ აჰკიდა ტვირთი და ნელი, ნაღვლიანი ნაბიჯით სოფლის შარაგზისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა. გაიგონა, სახლის უკან ქვებზე ბაკუნით რომ გამოიარა. მორჩა - წავიდა. სოფელში, დასაძინებლად. წავიდა თავის ცოლთან, რომელიც უეჭველად ჩაეძიებოდა, ასე გვიან სად იყავიო. დაღონებული მიდიოდა.
ჯულიეტი გვიან ღამემდე გარეთ იჯდა და ზღვაზე მოფენილ მთვარის შუქს უყურებდა. მას შემდეგ, რაც მისი საშო მზეში გაიფურჩქნა, თავისუფალი აღარ იყო. ლოტოსის გაშლილ ყვავილს ასე ემართება და მასაც იგივე დაემართა. ახლა ხევის გადალახვას ვეღარ ბედავდა.
როგორც იქნა, ჩაეძინა, დილით კი თავი უკეთ იგრძნო. მისი საშო თითქოს კვლავ დახურულიყო. ლოტოსის ყვავილი კვლავ კოკრად შეკრულიყო. მთელი გულით სურდა, ასე დარჩენილიყო: ბნელში დანთქმული კოკორი და მზე! იმ კაცზე აღარ იფიქრებდა.
ლიმონის კორომში ჩავიდა, ერთ-ერთ დიდ წყლის რეზერვუარში უნდოდა ბანაობა, დაბლა, გრილ ხრამში, დაბურული ხევისგან რაც შეიძლება შორს. იქ, ქვემოთ, ლიმონის ჩრდილში, ბავშვი მჟაუნას ყვითელ ყვავილთა ხლართებში მიიკვლევდა გზას და ჩამოცვენილ ლიმონებს აგროვებდა. გარუჯული პატარა ტანით მზის ლაქებში ნავარდობდა და შუქ-ჩრდილებით იწინწკლებოდა.
ქალი ციცაბო ნაპირზე მზეში იჯდა და თითქმის სრულიად აღდგენილი თავისუფლებით ტკბებოდა. ჩრდილში საიმედოდ დამალული მისი ყვავილი კვლავ დახურულიყო.
უეცრად ხევის თავზე, მაღლა, გადაკრიალებული ლაჟვარდის ფონზე შავთავსაფრიანი მარინინა გამოჩნდა და მშვიდად დაუძახა: Signora! Signora Giulietta!
ჯულიეტმა მიმოიხედა და წამოხტა. გახუნებული თმის ფაფუკი ღრუბელით დაგვირგვინებული, გაფაციცებული შიშველი ქალის დანახვაზე მარინინა წუთით შეცბა. თვალისდახამხამებაში მკვირცხლი დედაბერი უკვე მზით განათებულ ციცაბო თავდაღმართზე ჩამოეშვა.
წელში გამართული იდგა და მზისფერ ქალს ორიოდე ნაბიჯის მანძილიდან გამჭოლი მზერით ათვალიერებდა.
- რა მშვენიერი ყოფილხართ! - გულგრილად, თითქმის დამცინავად ჩაილაპარაკა, - თქვენი ქმარი ჩამოვიდა.
- რა ქმარი? - შესძახა ჯულიეტმა.
ხნიერმა ქალმა მოკლე ეშმაკური ყეფა-სიცილი ამოუშვა. უხსოვარ დროთა ქალებმა იცოდნენ ასე სიცილი.
- რა, ქმარი არ გყავთ? - გესლიანი ღიმილით ჰკითხა.
- როგორ? სად? ამერიკაშია... - დაბნეულად წარმოთქვა ჯულიეტმა.
მოხუცმა ქალმა უკან მიიხედა და ისევ უხმოდ ჩაიცინა.
- არაფერიც. ამ წუთში მომყვებოდა. ალბათ გზა აებნა, - ქალური უხმო სიცილით თავი უკან გადააგდო.
მაღალი ბალახის, ყვავილებისა და ნეპიტელას ველური სიმწვანით დაფარული ბილიკები ჩიტის კვალივით ოდნავღა ჩანდა. ამ უძველეს კლასიკურ ადგილებში, ადამის მოდგმას უხსოვარი დროიდან რომ იცნობენ, მუდამ გაოცებას იწვევს ველური ბუნების მჩქეფარე სიცოცხლე.
ჯულიეტი ჩაფიქრებული უმზერდა სიცილიელ ქალს.
- ოჰ, ძალიან კარგი, - თქვა საბოლოოდ, - აქ მოიყვანე.
სხეულის სიღრმეში უეცრად ავარდნილი ალის სიმხურვალე იგრძნო: ყვავილი იშლებოდა. ქმარი, რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც კაცი იყო.
- აქ მოვიყვანო? ახლა? - გაიმეორა მარინინამ და ეშმაკური ბოლისფერი თვალებით შესცინა. მერე მხრები მოკლედ აიჩეჩა.
- კარგი! როგორც გენებოთ! მაგრამ მისთვის ეს ძალზე მოულოდნელი იქნება!
პირიდან კმაყოფილების უხმო სიცილი ამოუშვა, შემდეგ ბავშვს მიუბრუნდა, მოგროვებულ ლიმონებს მკერდზე რომ იკრავდა.
- შეხედეთ, ბავშვი როგორ გალამაზდა! ციური ანგელოზია პირდაპირ. ეს მაინც გაუხარდება, საცოდავს. მაშ, მოვიყვან.
- მოიყვანე, - თქვა ჯულიეტმა.
დედაბერი სწრაფად აბობღდა აღმართზე და ვაზის ტერასებს შორის მორისი აღმოაჩინა. ფეტრის რუხი ქუდითა და მუქი ნაცრისფერი ქალაქური კოსტუმით შემოსილი, ის მთელი ამ სურათიდან პათეტიკურად ამოვარდნილი იყო, მზის მბზინავ ნათელსა და ძველბერძნული სამყაროს სინატიფეს არანაირად არ უხდებოდა. გადახუნებულ მზისგულზე მელნის ლაქასავით მოჩანდა.
- ჩამობრძანდით! - გასძახა მარინინამ, - აგერ, იქ არის.
და წინ გაუძღვა, მაღალ ბალახს სწრაფად, დიდი ნაბიჯებით მიაპობდა. უეცრად კლდის პირას შეჩერდა. დაბლა მუქად მოჩანდა ლიმონის ხეების კენწეროები.
- თავად, თავად ჩაბრძანდით, - უთხრა მარინინამ. კაცმა მზერა შეავლო და მადლობა უთხრა.
მორისი ორმოცი წლის იყო, ძალიან ჩუმი და მორცხვი, სუფთად გაპარსული, მორუხო სახის კანი ჰქონდა. საქმეში ფრთხილი იყო; თავბრუდამხვევი წარმატების გარეშე, მაგრამ მუდამ შედეგიანად მუშაობდა, გულს არავის უხსნიდა. Magna Graecia-ს ქალმა ის თვალის ერთი შევლებით ამოიცნო და გულში ჩაილაპარაკა: ძალიან კეთილია, საცოდავი, მაგრამ კაცი არ არის.
- სენიორა იქ არის, ქვემოთ, - მოირას ჟესტით მიუთითა მარინინამ.
კაცმა ისევ "გმადლობთ, გმადლობთო", გაუმეორა და ფრთხილად დაიწყო ბილიკზე ჩასვლა. მარინინამ ნიკაპი ასწია ავი სიხარულით, შემდეგ სახლისკენ გაემართა.
ხმელთაშუაზღვისპირულ მცენარეთა ჯურღმულებში გახლართული მორისი ყოველ ნაბიჯზე ფეხქვეშ იყურებოდა, ამიტომ ცოლი მანამ ვერ შეამჩნია, ვიდრე მასთან უკვე საკმაოდ მიახლოვებული კლდის გამონაშვერს არ მიადგა. ის კლდესთან იდგა გამართული და შიშველი, სხეულზე მზე და ცოცხალი სითბო დასთამაშებდა. ძუძუები თითქოს მაღლა წამოწეულიყვნენ რაღაცის მოლოდინში, თეძოები ხორბლისფერი და მოქნილი ჰქონდა. შიგნით მასში საშოს ლოტოსი ფართოდ გაშლილიყო, ლამის გადახსნილიყო მზის იისფერ სხივებში. ქალი უღონოდ შეკრთა: მამაკაცი მოდიოდა. სწრაფი ნერვიული მზერა ესროლა მისკენ მომავალ ქმარს, რომელიც ამ გარემოცვაში საშრობ ქაღალდზე დაწვეთებულ მელნის ლაქას ჰგავდა.
საწყალი მორისი შეჩერდა და თავის გვერდზე გაქნევით აარიდა თვალი.
- გამარჯობა, ჯულ! - როგორც იქნა, ნერვული ჩახველებით წარმოსთქვა მორისმა, - შესანიშნავია, შესანიშნავი!
სახემიბრუნებულმა განაგრძო გზა, დროდადრო მალულ მზერებს ესროდა, ქალი კი მშვიდად იდგა. ნამზეური არაჩვეულებრივად უბზინავდა. საკვირველი იყო, მაგრამ ასე მთლად და საშინლად შიშველის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა: მზის ოქროსფერ-ვარდისფერი მოსავდა.
- გამარჯობა, მორის! - უპასუხა ქალმა და უკან დაიხია, ისე რომ მისი საშოს გაშლილ ყვავილს ჩრდილი გადაეფარა, - ასე მალე არ მოგელოდი.
- ჰო, - უთხრა, - ჰო, ცოტათი ადრე მოვახერხე განთავისუფლება.
და ისევ უნებლიეთ ჩაახველა. გულის სიღრმეში მოულოდნელი ჩამოსვლით ცოლის გაკვირვება ჰქონდა ჩაფიქრებული.
ერთურთისგან რამდენიმე იარდის მოშორებით იდგნენ. სიჩუმე სუფევდა. ეს ქარითა და მზით გარუჯულთეძოებიანი ქალი მორისისთვის უცხო და ახალი იყო, გაღიზიანებულ და ნერვიულ ნიუ-იორკელ ქალს სულ აღარ ჰგავდა.
- ჰო, - თქვა კაცმა, - ჰმ... ეს შესანიშნავია, შესანიშნავი! შენ... მმ... შესანიშნავად გამოიყურები! ბიჭი სად არის?
იგრძნო, მის სანუკვარ სიღრმეში ახლად აღმოცენებული სურვილი ამოძრავებულიყო, ამ ქალის მზით შემოსილი სხეული სურდა და მისი ხორცი სურდა: ხორციელი ქალისა.
ეს სურვილი მისთვის ახალი იყო და ტკივილს ანიჭებდა. მისგან თავის დაღწევა უნდოდა.
- აგერ არის, - ქალმა დაბლა, ჩრდილში მდგომ ტიტლიკანა, ანც არსებაზე მიუთითა, ძირს დაცვენილ ლიმონებს რომ აგროვებდა.
მამამ გაოგნებული სიცილი, თითქმის ფრუტუნი ამოუშვა.
- აჰ, აი, სად ყოფილა! აგერ ყოფილა პატარა კაცი! მშვენიერია! - მისი გაწამებული, შეჭირვებული სული უმძაფრესი მღელვარებისგან ცახცახებდა. კაცი თავისი ზედაპირული ცნობიერების ხავსს მოეჭიდა.
- გამარჯობა, ჯონი! - დაუძახა ბავშვს ცოტა არ იყოს მისუსტებული ხმით, - გამარჯობა, ჯონი!
ბავშვმა ამოხედა, პუტკუნა მკლავებში ჩახუტებული ლიმონები ძირს დაუცვივდა, მაგრამ პასუხი არ გასცა.
- მე მგონი, სჯობს ჩავიდეთ, - უთხრა ჯულიეტმა, შეტრიალდა და დიდი ნაბიჯებით ჩაუყვა ბილიკს. თავისდაუნებურად იგრძნო, საშოს გაშლილ ყვავილს გადაფარებული ცივი ჩრდილი როგორ ნათდებოდა, მისი ყოველი ფოთოლი კვლავინდებურად თრთოლვას როგორ აეტაცა. ქმარი უკან მიჰყვებოდა და მისი ვარდისფერი, მოქნილი თეძოების სწრაფ მოძრაობას აკვირდებოდა. ქალი სიარულისას წელში ოდნავ ირხეოდა. კაცი, აღტაცებისგან რეტდასხმული, ამავე დროს, მომაკვდინებელ დანაკლისს გრძნობდა. მეუღლის პიროვნებად აღქმას იყო შეჩვეული. ახლა კი მის წინაშე პიროვნება კი აღარ იყო, არამედ მოქნილი, მზის ენერგიით გამსჭვალული სხეული, ნიმფასავით უსულო, ბარძაყების ლაპლაპით რომ მიჰქროდა. რა მოეხერხებინა კაცს საკუთარი თავისთვის? აბსოლუტურად არ უხდებოდა აქაურობას თავისი მუქი ნაცრისფერი კოსტუმითა და ბაცი ნაცრისფერი ქუდით; სახეზე მორცხვი ბიზნესმენისთვის შესაფერისი ფერი ედო - ისეთი რუხი, გეგონებოდათ, მონასტრიდან ახალი გამოსულიაო, ცნობიერებაც რუხი და ვაჭრული ჰქონდა. წელსა და ფეხებში უცხო ჟრუანტელმა დაუარა. შიშით ძრწოდა და თან ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, აი, ახლა სიხარულის ყიჟინას დასცემს და გარუჯულ ქალს ეძგერებაო.
- კარგად გამოიყურება, არა? - ჰკითხა ჯულიეტმა, როცა ყვითლად აყვავებული მჟაუნას ზღვა გადალახეს და ლიმონის ხეებქვეშ აღმოჩნდნენ.
- აჰ!.. ჰო! მშვენივრად, მშვენივრად! გამარჯობა, ჯონი! მამიკო იცანი? იცანი მამიკო, ჯონი?
შარვლის ნაკეცები სულ გადაავიწყდა, ჩაცუცქდა და ბავშვს ხელები გაუწოდა.
- ლიმონი! - ჩიტივით აჟღურტულდა ბავშვი, - ორი ლიმონი!
- ორი ლიმონი! - გამოეხმაურა მამა, - ბევრი ლიმონი!
ბავშვი მიუახლოვდა და მამას გამოწვდილ ხელებში თითო ლიმონი ჩაუდო, შემდეგ უკან დაიხია და შეათვალიერა.
- ორი ლიმონი! - გაიმეორა მამამ, - მოდი, ჯონი! მოდი, მამიკოს ჩაეხუტე!
- მამიკო მალე წავა? - იკითხა ბავშვმა.
- მალე?.. მმ... არა, დღეს არა, - უპასუხა და შვილს მკლავები შემოხვია.
- პიჯაკი გაიხადე! მამიკომ პიჯაკი გაიხადოს! - თქვა ბიჭმა და ზრდილობიანად გაეცალა ქსოვილთან შეხებას.
- კარგი, შვილო! მამიკომ პიჯაკი გაიხადოს.
დაემორჩილა, პიჯაკი გაიხადა და ფრთხილად გვერდზე გადადო. მერე შარვლის ნაკეცებზე დაიხედა, ტოტები ცოტათი მაღლა აქაჩა, ისევ ჩაიმუხლა და შვილი გულში ჩაიკრა. ბავშვის თბილი შიშველი კანის შეხებამ ლამის გონება დააკარგვინა. შიშველი ქალი ვარდისფერ ბავშვსა და პერანგიან კაცს დაჰყურებდა. ბიჭმა მამას ქუდი მოხადა და ჯულიეტმა ქმრის გადაგლესილ, ჭაღარაშერეულ შავ თმას შეხედა; ყოველი ღერი თავის ადგილას იყო გადავარცხნილი. რამდენი ხანია მზე სრულებით, სრულებით არ გაჰკარებია! მისი საშოს ყვავილს კვლავ ცივი ჩრდილი გადაეფარა. კარგა ხანს ჩუმად იყო, მამა-შვილის საუბარს უსმენდა. ბავშვს მამიკო ადრეც ძალიან უყვარდა. უეცრად შეეკითხა:
- რას აპირებ, მორის?
მისი მკვეთრი ამერიკული კილოს გაგონებაზე ქმარმა სწრაფი გვერდული მზერა ესროლა. დაავიწყდა კიდეც, როგორი იყო.
- მმმ... რასთან დაკავშირებით, ჯული?
- ო, ყველაფერთან! ყველაფერ ამასთან დაკავშირებით! ისტ-ორმოცდამეშვიდეზე ვეღარ დავბრუნდები.
- მმ... - კაცი შეყოყმანდა, - ჰო, ალბათ ვერა... ჯერ ვერა, ყოველ შემთხვევაში.
- ვეღარასოდეს! - უპასუხა ქალმა. სიჩუმე ჩამოწვა.
- ჰო... მმ... რა ვიცი, - თქვა ქმარმა.
- როგორ ფიქრობ, აქ გადმოსვლას შეძლებ? - ქალის ხმაში ველური თავაშვებულობა ჟღერდა.
- როგორ არა! ერთი თვით შემიძლია დავრჩე. მე მგონი, ერთ თვეს მოვახერხებ, - შეჩერდა, შემდეგ, როგორც იქნა, შეშფოთებული სახით ცოლისკენ გაიჭყიტა და კვლავ გვერდზე გააბრუნა თავი.
ქალმა ზემოდან დახედა, მოლოდინით წამოწეული მკერდი ოხვრამ შეუტოკა, თითქოს უმზეობის ცივი უმოწყალო ჩრდილის ჩამობერტყვას ცდილობდა.
- ვერ დავბრუნდები, - თქვა ძალიან ნელა, - ამ მზეს ვერ მივატოვებ. შენ თუ არ შეგიძლია ჩამოსვლა...
ღია ნოტით დაასრულა, მაგრამ ხმაში ამერიკელი ქალის მკვეთრი, თვითშეგნებით დატვირთული ბგერები ჩაუქრა. მორისმა ახლა მზეზე დამწიფებული სხეულის, ხორციელი ქალის ხმა გაიგონა. მზარდი ჟინითა და განელებული შიშით სულ უფრო ხშირად აპარებდა ქალისკენ თვალს.
- არა, - უპასუხა ცოლს, - ასეთი ცხოვრება ძალიან გიხდება. შესანიშნავად გამოიყურები. არა, მესმის, რომ არ შეგიძლია დაბრუნება.
მისი ხმის სინაზემ ქალის სხეულში საშოს ყვავილი მისდაუნებურად კვლავ გამოაღვიძა და ფურცლები აუთრთოლა.
ქმარს თვალწინ დაუდგა მათი ცხოვრება ნიუ-იორკის ბინაში, როცა მას ამ ფერმიხდილი ქალის გარინდება აუტანლად თრგუნავდა. ადამიანურ ურთიერთობებში მორისს ფაქიზი სიმორცხვე ახასიათებდა. მას წარმოუდგენლად აშინებდა ქალის უტყვი, შემზარავი მტრობა, რომელიც, რაც ბავშვი გაჩნდა, სულ უფრო ძლიერდებოდა. შიშს ის უფრო აღრმავებდა, რომ ცხადი იყო: ქალს სხვა გზა არ ჰქონდა. ყველა ქალი ასეა. ქალის გრძნობები გარკვეულ მომენტში საპირისპირო მიმართულებით ბრუნდება, ზოგჯერ საკუთარი არსების საწინააღმდეგოდაც. ეს საზარელი და გამანადგურებელია. ყოვლად საზარელია იცხოვრო ერთ ჭერქვეშ ისეთ ქალთან, რომლის გრძნობები საკუთარი არსის საპირისპიროდ შებრუნებულან. მისი მტრობის უმძიმესმა ნიაღვარმა მამაკაცი თითქოს სამუდამოდ ძირს მიაჭედა. ქალმა საკუთარ თავთან ერთად ბავშვიც დაღრღნა. არა, ამას ყველაფერი სჯობდა. მადლობა ღმერთს, მზეს ეს მომდურავი ქალი-ლანდი მისი სხეულიდან ხნულებით ამოუშრია.
- შენ რაღას იზამ? - ჰკითხა ცოლმა.
- მე?.. ოჰ, მე განვაგრძობ საქმეებს და... მმმ... გრძელ შვებულებებს ავიღებ ხოლმე შენთან ჩამოსასვლელად... სანამ აქ ყოფნა გესიამოვნება. რამდენ ხანსაც ისურვებ, იმდენს დარჩები... - დიდხანს თვალებგაშტერებული ჩაჰყურებდა მიწას. ძლიერ შიშობდა მასში კვლავ ამ მომდურავი, შურისმაძიებელი ქალური სულისკვეთების გამოღვიძებას, მთელი არსებით იმედოვნებდა, რომ მისი ცოლი ისეთივე დარჩებოდა, როგორსაც ახლა ხედავდა: შიშველი მწიფე მარწყვის დარი, ქალი-ნაყოფი. მფრთხალი, მუდარაშერეული მზერით ახედა ცოლს.
- სამუდამოდაც რომ იყოს? - იკითხა ქალმა.
- ჰმ... მმმ... ჰო, თუკი ისურვებ. სამუდამოდ - ეს ძალიან დიდი დროა. გადაჭრით ვერავინ იტყვის...
- და შემიძლია რაც მსურს, ის ვაკეთო? - პირდაპირ, გამომწვევად შეხედა თვალებში. კაცი უძლური იყო მისი ვარდისფერი, ქარით გამოწრთობილი სიშიშვლის პირისპირ, მას იმ მეორე ამერიკელი პიროვნების, იმ აჩრდილისებრი, მრისხანე ქალის გამოღვიძების შიში ჰკლავდა.
- მმ... ჰო! ალბათ. თუკი თავს არ გაიუბედურებ... ანდა ბავშვს.
კვლავ შეშფოთებული, შიშნარევი ვედრებით ახედა... ბავშვზე ფიქრობდა, მაგრამ საკუთარ ხსნას იმედოვნებდა.
- არა, - სწრაფად უპასუხა ქალმა.
- არა, - გაიმეორა ქმარმა, - არც მე მგონია, რომ ასე მოიქცევი.
მათ შორის დუმილი ჩამოწვა. სოფლის ზარები გამალებით რეკდნენ შუადღის წირვას. ესე იგი, სამხრობის დრო იყო.
ქალმა კრეპის რუხი ხალათი მოიგდო და წელზე განიერი მწვანე ქამარი შემოიკრა, ბავშვს მოკლე ცისფერი პერანგი მოაცვა და სახლისკენ გასწიეს.
სუფრასთან ქმრის რუხ ქალაქურ ფერს, მის შეწებებულ, ჭაღარაშერეულ თმას აკვირდებოდა; ამჩნევდა, რა უნაკლოდ ფლობდა სუფრასთან მოქცევის წესებს, რა ზომიერებას იცავდა ჭამა-სმაში. დროდადრო ქალისკენ შავი წამწამებით შენიღბულ მზერას აპარებდა. მორისს შეწუხებული მორუხო-ოქროსფერი თვალები ჰქონდა, ისეთი, როგორიც ალბათ ლეკვობისას დაჭერილ და ტყვეობაში გამოზრდილ მხეცებს აქვთ, სიცივესა და უკაცურობას მიჩვეულებს, იმედის სითბო რომ არასოდეს გაჰკარებიათ. მხოლოდ შავი წარბები და შავი წამწამები ჰქონდა ლამაზი. ქალს მისი აქ ყოფნა ჯერაც ვერ გაეთავისებინა, ვერ გაეაზრებინა. თავად ისე იყო მზით გამსჭვალული, ამ კაცის უმზეო არსებობა არარსებობად ევლინებოდა.
ყავის დასალევად ბუგენვილეას ვარდისფერი ყვავილებით დახუნძლულ აივანზე გავიდნენ. დაბლა, მოშორებით, მეზობელ podere-ზე მაღალი მწვანე ჯეჯილი ღელავდა, შორიახლოს კი, კერატის ხის ქვეშ, გლეხი და მისი ცოლი ერთურთის პირისპირ ისხდნენ; მათ შორის თეთრი ტილო იყო გაშლილი, რომელზეც პურის დიდი ნაჭერი დარჩენილიყო, მაგრამ მათ სადილი დაემთავრებინათ და ხელში მუქი ღვინით სავსე ჭიქები ეჭირათ.
ამერიკელის გამოჩენისთანავე გლეხმა ტერასას ახედა. ჯულიეტმა ქმარი ამ სცენისკენ ზურგით დასვა, მერე თვითონაც დაჯდა და თავისი მზერა გლეხის მზერას შეახვედრა. გაბმით უყურებდა, ვიდრე არ შენიშნა, რომ გლეხის ცოლიც შემობრუნებულიყო და მისკენ იყურებოდა.
5.
კაცი სიყვარულით იტანჯებოდა. ფართე, მომრგვალო წითელი სახე ქალისკენ მიებრუნებინა და თვალის მოუშორებლად უყურებდა. როცა მისმა ცოლმაც იქით მიიხედა, როგორც იქნა, ქალს თვალი მოსწყვიტა და ღვინით სავსე ჭიქა მოიყუდა. ცოლი აივანზე მსხდომთ მიაშტერდა. ლამაზი ქალი იყო, ძალზე პირქუში სახე ჰქონდა და აშკარად ქმარზე უფროსი იყო. ასაკობრივი სხვაობა მათ შორის სწორედ ისე იყო, როგორც ეს ორმოცი წლის მბრძანებლურ-მედიდური ქალისა და მისდამი მეტ-ნაკლებად გულგრილი ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცის შემთხვევაში შეიძლება წარმოვიდგინოთ. "ეს კაცი ჩემს თაობას ეკუთვნის", - გაიფიქრა ჯულიეტმა, - "ქალი კი მორისის თაობას". თავად ჯერ ოცდაათისა არ იყო.
ბამბის თეთრშარვლიანი, ვარდისფერპერანგიანი გლეხი, გვერდზე მოქცეული ძველი ჩალის ქუდით, მომხიბვლელი და კოპწია ჩანდა და თითქოს ახალგაზრდული სისუფთავის სურნელს აფრქვევდა. ჯირკვივით მკვრივი და მხარბეჭიანი იყო, ამიტომ ოდნავ დაბალი ჩანდა, მაგრამ ენერგია და სიცოცხლე ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი და თითქოს ყოველ წუთს მოძრაობისკენ უბიძგებდა: ან უნდა ემუშავა, ან, როგორც მაშინ, ბავშვთან, ეთამაშა. იტალიელი მდაბიო ფენის იმ ტიპს განეკუთვნებოდა, საკუთარ თავს მუდამ სხვას რომ სთავაზობენ, სიამოვნებით სთავაზობენ სხვას საკუთარ სხეულს, საკუთარ ჯანსაღ ღონიერ ფერ-ხორცსა და დინჯად მოგუგუნე მაჯისცემას. მაგრამ ამასთანავე თხემით ტერფამდე გლეხი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ყოველთვის ქალის პირველ ნაბიჯს დაელოდებოდა. ქალის მოლოდინში გარს იტრიალებდა, დიდხანს ვნებიანი უმოქმედობითა და იმედით ისაზრდოვებდა, მაგრამ თავად მისკენ არასოდეს არ წაიწევდა. პირველი ნაბიჯის გადადგმა ქალს მოუწევდა. ის კი უბრალოდ იქვე, მისაწვდომ მანძილზე იტრიალებდა.
იგრძნო თუ არა ქალის ყურადღება, გლეხმა ჩალის ქუდი მოიხადა, მრგვალი, წითური, მოკლედ გაკრეჭილი თავი გამოაჩინა, მერე ვეება ყავისფერ-წითელი ხელით პურს დასწვდა და ყუა მოატეხა. ისე გამალებით ღეჭავდა, ლოყაც კი გამოებერა. იცოდა, რომ ქალი თვალს ადევნებდა. ქალს უძლიერესი გავლენა ჰქონდა ამ ფიცხელ, უტყვ მხეცზე, რომლის ფართე ძარღვებშიც მდუღარე ბლანტი სისხლი მიედინებოდა! ურიცხვ მზეთა სიცხისგან დუღდა და შუადღის ხვატივით უგონო იყო. მორცხვი იყო და ეს მძიმე, უკარება სიმორცხვე სურვილით ნაკვებ ხანგრძლივ მოლოდინს მიუსჯიდა. თავად არასოდეს, არასოდეს არ მიუახლოვდებოდა ქალს.
მასთან ყოფნა უნდა ნიშნავდეს სულ სხვა, ახალი მზის ნათელში, მძიმე, მძლავრ, ოფლისდამსხმელ სხივებში ბანაობას და შემდეგ - დავიწყებას. პიროვნულ დონეზე ის არ იარსებებს. ეს იქნება უბრალოდ მაცოცხლებელი, ძალისმომცემი აბაზანა, შემდეგ - გაცლა და დავიწყება. შემდეგ კვლავ მზისდარი შესაქმისეული აბაზანა.
განა ეს შვება არ იქნებოდა? ქალი გამოუთქმელად დაიღალა პირადი ურთიერთობებით, იმით, რომ ყოველივეს შემდეგ მამაკაცთან ლაპარაკი უწევდა. ამ ღონიერ მხეცთან ერთადყოფნის შემდეგ ქალი მას წყურვილმოკლული გაეცლებოდა - და მორჩა. ჯულიეტი ამ კაცს გაჰყურებდა და გრძნობდა, მათ შორის სიცოცხლის ნაკადი როგორ მიმოედინებოდა. კაცის მოძრაობებმა უკარნახა, რომ იგი მას კიდევ უფრო მძაფრად გრძნობდა, ვიდრე თავად გრძნობდა ამ კაცს. თითოეულის სხეულს მომხდარის ცოდნა თითქმის კონკრეტული ტკივილით ავსებდა, თითოეული რეტდასხმულივით იჯდა პირქუში ცოლის მეპატრონული მზერით განგმირული. ჯულიეტი ფიქრობდა: რატომ არ შემიძლია მასთან ერთად ვიყო?! რატომ არ შემიძლია მისგან ბავშვი გავაჩინო?! ეს იგივეა, უპიროვნო მზისგან და უპიროვნო მიწისგან რომ გამეჩინა ბავშვი, ხის ნაყოფივით ბავშვი. - და მისი საშოს ყვავილი გაბრწყინდა: გრძნობა და ფლობა მისთვის არაფერი იყო, მას მხოლოდ მამაკაცის ცვარი სურდა, მან არ იცოდა, რა იყო სიფრთხილე.
ქალის გული კი შიშით დანისლულიყო. ვერ გაებედა! ვერ გაებედა! ნეტავი კაცმა რამე გზა გამონახოს! მაგრამ არა. კვლავ მის გარს იტრიალებს მოლოდინით მთვრალი, უსასრულო სურვილით სავსე, ხევის გადალახვას კი ქალს მიანებებს. ქალი კი ვერ გაბედავს. და ისიც სულ შორიახლო დაელოდება.
- არ გეშინია, მზის აბაზანების დროს ხალხმა რომ შეგამჩნიოს? _ ჰკითხა ქმარმა და თავის ზურგსუკან მჯდარი გლეხებისკენ შეტრიალდა. ხევის მოპირდაპირე მხრიდან გლეხის პირქუშმა ცოლმაც აივნიანი სახლისკენ მიიხედა. ყოველივე ეს ბრძოლას ჰგავდა.
- არა! სულაც არ არის აუცილებელი, რომ შეგამჩნიონ. შენც სცადე, არ გინდა? შენც დაწექი მზეზე, - უთხრა ჯულიეტმა.
- რა ვიცი... ჰო, სიამოვნებით, სანამ აქ ვარ.
თვალები უეცარმა თავზეხელაღებამ გაუნათა, მათში ნაპერწკალივით გაიელვა სურვილმა, გაესინჯა ეს ახალი ხილი, ეს ქალის ხალათის ქვეშ ატალღული ვარდისფერი ძუძუები. ქალი შეეცადა წარმოედგინა, ქმარი უმზეობით გამოთეთრებულ სხეულს როგორ გაიშიშვლებდა და საკუთარი ჟინის კუთვნილ დაკმაყოფილებას მოსთხოვდა. მზის გამჭოლი მზერის ქვეშ გამოჩნდება, რომ ეს უცხო კაცუნა, ეს კეთილსინდისიერი მოქალაქე დამნაშავესავით დაღდასმულია. რა მტკივნეული იქნება მისთვის გაშიშვლება!
და ქალის საშოს ყვავილი რეტდასხმული აცახცახდა. ახლა უკვე იცოდა, რომ ამ კაცს მიიღებდა, იცოდა, რომ მისგან გააჩენდა ბავშვს. იცოდა, რომ სწორედ ამ ქალაქელისთვის გაბრწყინდა მისი საშო ლოტოსის მსგავსად, მსგავსად მუქგულიანი, მეწამულფურცლებიანი ანემონისა. იცოდა, რომ გლეხთან არ მივიდოდა; საამისოდ გამბედაობა აკლდა, საკმარისად თავისუფალი არ იყო.
ისიც იცოდა, რომ გლეხი არასოდეს მიაკითხავდა, ისევე დაჟინებით უმოქმედო დარჩებოდა, როგორიც თავად მიწაა; უსასრულოდ დაიცდიდა, მხოლოდ კვლავაც და კვლავაც დაენახვებოდა, გაწამებული მხეცის სიჯიუტით ქალის ხედვის სივრცეში დაყოვნდებოდა.
ქალმა გლეხის დამწვარ სახეზე სისხლის მოზღვავება შენიშნა, საკუთარი სხეულით იგრძნო მისი ანთებული თვალებიდან გადმომსკდარი ლურჯი სიცხის წამლეკავი ნიაღვარი, ნახა გლეხის სხეულზე აზვირთებული მძლავრი ასო, მისკენ რომ მიიწევდა. და მაინც ამ კაცთან არასოდეს მივიდოდა _ ვერა, ვერ გაბედავდა, იმდენი რამ ჰქონდა გადასალახი.
ხოლო ქმრის მჭლე, გადათეთრებული, ქალაქის უმზეობით დაღდასმული სხეული მისას დაეუფლებოდა და მისი პატარა, შეშლილი ასო მასში ახალ ბავშვს ჩასახავდა. ქალი ამას წინ ვერ აღუდგებოდა. დაკანონებულ გარემოებათა ვეება ბორბალი შეუჩერებლად ტრიალებდა მისთვის ამ სამყაროში, სადაც არ იყო გმირი პერსევსი, მოვალეობის ხუნდები მახვილის ერთი მოქნევით რომ გადაჭრა.

1. - (ფრანგ.) სულ ეს არის!
2. - (ლათ.) დიადი საბერძნეთი.
3. - (იტალ.) ანგელოზი ბავშვის გამოსახულებით, აღორძინების ხანის ხელოვნებაში პოპულარული ფიგურა.
4. "მთების იქიდან მონაქროლი ქარი" - ცივი ჩრდილო ან ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი, განსაკუთრებით იტალიასა და ჩრდ. საფრანგეთში.
5. - (იტალ.) მამული.

??????