აპრონენია ავიციას ჩანაწერები ხის დაფებზე (მთარგმნელი: სიბილა გელაძე)
აპრონენია ავიციას ცხოვრება
აპრონენია ავიცია 343 წელს დაიბადა. იმპერიას კონსტანტი მართავდა. აპრონენიამ სამოცდათერთმეტი წელი იცოცხლა. იგი იყო ძლიერი პატრიცია და წელიწადის უმთავრეს დროს რომის საკუთარ სასახლეებში ატარებდა, ან იანიკულუმის ბორცვზე, მდიდრულ ვილაში იმყოფებოდა. მის წერილებსა და ეფემერიდაში, რომელსაც იგი პავლინისა და რუტილიუს ნამაციანუსის მსგავსად ადგენდა, ერთ სიტყვასაც ვერ იპოვით იმპერიის დაცემის შესახებ. ან არ უნდოდა დაენახა, ან ვერ დაინახა. შეიძლება მოერიდა რაიმეს თქმა, ანდა მტკიცედ გადაწყვიტა არაფერი შეემჩნია. მის ზიზღსა და გულგრილობას ისტორიკოსებმაც ზიზღითა და გულგრილობით უპასუხეს. მაგნენციუსი გარდაიცვალა, გალუსი სიკვდილით დასაჯეს, იულიანე იმპერიის სათავეში მოვიდა, იყო იოვიანე, ვალენტინიანე, ვალენტი... თუმცა არცერთი მათგანის სახელი არ წარმოუთქვამს აპრონენიას ბაგეს. რომში ალარიხი ნახა: მან კი მხოლოდ სქელი და მანათობელი ღრუბლის ამოსვლა შენიშნა ცაზე, შორს კი, ტიბროსზე, მეზღვაურებს მისწვდა მისი მზერა. იყო ბრძოლები მურსასთან, ანდრიანოპოლისთან, მარსიანოპოლისთან. ფრანკები, ალამანები და საქსები ერთიმეორეს მიყოლებით შეესიენ გალიას, გოთები და ალანები პანონიას, ბასტარნები და ჰუნები დუნაის, საქსები ბრეტანს, ვანდალები და სვევები ესპანეთს... მაგრამ რა? თითქოს ხმლები არც კი აჟღარუნებულიყოს. მახვილი მახვილს ეხლებოდა, მსხვერპლთა სისხლი ქვაფენილზე იღვრებოდა, სწვდებოდა გადამწვარ ყავარს და დანგრეულ სასახლეთა მარმარილოს, მაგრამ ყველაფერი შეუმჩნეველი რჩებოდა. აპრონენია სიმაკუსზე და ამბროზიუსზე უმცროსი იყო, მაგრამ ავგუსტინეზე და ჰიერონიმუსზე უფროსი. დეციმუს ავიციუსის მხრიდან იგი ენათესავებოდა ვეციუს აგორიუს პრეტექსტატუსს და აკონია ფაბია პაულინას, ვირიუს ნიკომახუს ფლავიანუსს, რუსტიციანას, ლიკორისს, ლამპადიუსს, მელანია უფროსს და ანიციებს. მართალი გითხრათ, აპრონენია ავიციას მეგობრული თუ გენეალოგიური ქსელი ისე გართულდა, რომ მისმა მეორედ გათხოვებამ ერთმანეთში გადახლართა ყველა ძაფი, რაც გარკვეული თვალსაზრისით, თავიდანვე აბურდული იყო.
350 წელს ფრანკები დამკვიდრდნენ ტოქსანდრიაში. აპრონენია ავიციას ახალგაზრდა ძიძა ჰყავდა, წარმოშობით სეციას მხარედან; მას ერქვა ლატრონია და დაბადებული იყო კონსტანტინეს ვიცენალიების დროს; იგი ულმობლად მოკლეს - მაგნენციუსის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ - ჯერ გააუპატიურეს, მერე კი აჰკუწეს ოცდაორი წლის ასაკში დ. ავიციუსის მეგობრებმა ერთი ნადიმის დასასრულს. ალბათ, დ. ავიციუსიც ერია ამ ამბავში. 357 წელს, როდესაც მემიუს ვიტრასიუს ორფიტუსი რომის პრეფექტი იყო მეორე არჩევით, ხოლო სექსტუს კლავდიუს პეტრონიუს პრობუსი აფრიკის პროკონსული, დეციმუს ავიციუსმა თავისი უფროსი ქალიშვილი აპრონენია ავიცია აპიუს ლანარიუსს მიათხოვა. ამავე წელს, ნუმიდიაში, თაგასტში, პატარა სუსტი აფრიკელი ბიჭი თითქმის განუვითარებელი კიდურებით, სახელად ავგუსტინუსი, უჩვეულოდ თეთრი, პატარა ქუჩების ჩრდილში თამაშობდა. ეს ქუჩები დიდ სინათლეში ხვევდა ყოველივეს. ბიჭი კი მოუქნელად ესროდა კაკლებს კაკბებს და მოშინაურებულ ბულბულს. ეს არის ერთი ათისთავის, პატრიციუსის ვაჟი. დედამისი დაახლოებით აპრონენია ავიციას ტოლია; ქრისტიანია და ლოთობისაკენ მიდრეკილი; სახელად მონიკა ჰქვია.
*
360 წელს, როდესაც სექსტუს ავრელიუს ვიქტორმა "Caesares" დაასრულა, აპრონენია ავიციას უკვე ჰყავდა ფლავიანა და ვეტუსტინა. ახალგაზრდა არისტოკრატი ქალი მამის მხრიდან დაკავშირებული იყო წარმართული პარტიის ძლევამოსილ ოჯახებთან. რომში, აპიუს ლანარიუსის ორ საკუთარ სასახლეში, მასთან სტუმრად მიდიოდნენ რუსტიციანა და მისი რვა წლის ბიჭი, აკონია ფაბია პაულინა, მელანია უფროსი და ანიცია პრობა. ხოლო იგი ა. ლანარიუსთან ერთად მიღებული იყო სექსების სახლში, კლავდიუს პეტრონიუს პრობუსთან და იმ წარმართულ წრეებში, რომლებთაც იმპერიული პატივით სარგებლობდნენ. 364-ში, ავრელიუს სიმაკუსი - სიმაკუსის მამა, ქალაქის პრეფექტი იყო. ერთ პატარა ბინაში, რომელიც სუბლიციუსის ხიდს გადაჰყურებს, აპრონენია ხვდება ვინმე კ. ალციმიუსს, რომელიც ხუთი წელი უყვარდა (365-370 წწ). 360 წელს, კვინტუს ავრელიუს სიმაკუსმა ტრევში პრინცს საჩუქრად ოქრო გადასცა. ამ დროს აპრონენია კ. ალციმიუსს დაცილდა. მას აღწერილი აქვს ეს სცენა, როსტრში შუადღისას დანიშნული პაემანი, ოდნავი შეურაცხყოფა, ტკივილი, რადგან სილიგი აგვიანებდა მოსვლას; მან აგრეთვე აღწერა ორი-სამი საათით სულელი გორგონას ხილვა, ბოლოს კი ცრემლები. მისი მეგობარი ქალები დიდების მწვერვალს აღწევდნენ, თვითონ კი ჩრდილში რჩებოდა, ეფლობოდა და მდიდრულ და ბნელ ბუდეებს ჩალის ღერებს, ძუას, ხავსს, ფოთლებს და ყვავილებს ამატებდა. ეს იყო უდიდესი ბუდეები ქალაქის ბორცვების თავზე; 370-ში მემიუს ვიტრასიუს ორფიტუსმა თავისი ქალიშვილი რუსტიციანა კ. ავრელიუს სიმაკუსს მიათხოვა; 371-ში სექსტუს კლავდიუს პეტრონიუს პრობუსი იმპერატორის კოლეგა იყო. ვალენტინიანე II-ს იმპერატორად გამოცხადების წელს აპრონენიას შვიდი შვილი ჰყავდა. ისინი ორ წელზე მეტის იყვნენ. მათ დედაზე დიდხანს იცოცხლეს.
აპრონენია ავიციას პირველი წერილი თარიღდება 379 წელით. ამ დროს ფლავიუს აფრანიუს სიაგრუსი აფრიკის პროკონსული იყო, ხოლო დეციმუს მაგნუს ავზონიუსი - კონსული. ეს იყო თეოდოსიის ედიქტის წინა წელი. აპრონენია ავიციას დარჩა ორგვარი შემოქმედება: ეპისტოლეები და ბუქსები. ბუქსი ეწოდება განსაკუთრებულ ფირფიტას, ხისგან გათლილს, რომელზეც ძველი ხალხი ხარჯებს და სესხებს, დაბადების თარიღებს, უბედურებებს და სიკვდილს ინიშნავდა. აპრონენიამაც დაიწყო ამგვარი უბის წიგნაკის, თუ ეფემერიდის, თუ გეგმის, თუ ყოველდღიური ჩანაწერების გაკეთება თეოდოსის სიკვდილის წელს (395 წელს ქრისტეს დაბადებიდან). ამავე წელს გარდაიცვალა მამამისი, დ. ავიციუსი. ვირიუს ნიკომაკუს ფლავიანიუსის თვითმკვლელობის შემდეგ, ამავე წელს, აპრონენია მეორედ გათხოვდა სპ. პოსიდიუს ბარკაზე. მაშინ იგი ორმოცდათერთმეტი-ორმოცდათორმეტი წლისა იქნებოდა. ჩანაწერები წყდება ათაულფის ქორწინების წელს გალა პლაციდიაზე (414 წელს ქრისტეს დაბადებიდან). აპრონენია ავიცია მაშინ სამოცდათერთმეტი წლის იყო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დღიურის დასასრული ემთხვევა მის სიკვდილს.
დღიურები, რომლებიც აპრონენია ავიციასაგან შემოგვრჩა, 379 წლიდან იწყება. უფრო ზუსტად ვერაფერს ვიტყვით. მაგრამ, არ შემორჩენილა არცერთი ჩანაწერი სტილიხონის მკვლელობის შემდგომი პერიოდის (22 აგვისტო, 408 წ.), ყოველ შემთხვევაში არცერთი წერილი მას მერე, რაც გამოიცა ბრძანება რომაული ფორუმის ჩანაწერების გამოქვეყნებისას, რომელიც ხოტბას ასხამდა სტილიხონის ერთგულებას იმპერიისადმი და საზეიმოდ აღნიშნავდა მის გამარჯვებებს (Quamvis litteras meas... Jolio 481 r0).
არსებობს წერილებისა და ხის დღიურების მხოლოდ ერთი გამოცემა. იგი შესულია ფრ. ჟურეს კრებულის 1604 წ-ის პარიზულ გამოცემაში: Quinti Aurelii Symmachi V.C/ Com ordinarii, et prejecti, Urbi/ Epistolarum LibX castiguatissimi./ Cum auctuario L. II/ Cum Miscellaneorum L.X/ da Notis nunc primum editis/ ფრ. ჟურე. P/Parisis Existenzial Typographia OrrianaAnno Christiano 1604. Cum privilegio Regis. ეს ხელმეორე გამოცემა შევსებულია ფრ. პიტუს კოლექციის ხელნაწერებით და აქედან გამომდინარე, უფრო მდიდარია ადრეული ლათინური ტექსტებით, ვიდრე წინა გამოცემა, რომელიც თარიღდება 1580 წლით და რომელმაც ფართო გავრცელება ჰპოვა. ჟ. ლექტმა მხოლოდ პირველი გამოცემის ტექსტი გამოიყენა. აპრონენია ავიციას ეპისტოლეები 1604 წლის პარიზული გამოცემის 342-481 ფოლიანტებზეა. 380 წლით დათარიღებული სამი წერილი არაფერს გვეუბნება იმპერიის მდგომარეობაზე, არც ქრისტიანული პარტიის წინსვლაზე, თეოდისიუსის ედიქტზე, და გამარჯვების ტრაპეზის დანგრევაზე. აპრონენია ავიცია შეესწრო ამ რელიგიური პარტიის უსწრაფეს შემოჭრას ცხოვრებაში, თუმცა მის შემოქმედებას ქრისტიანული პარტიის სახელის ნაკვალევიც კი არ შემოუნახავს. არადა, ეს იყო საოცარი ეპოქა, კანონიკურ ლეგენდებში თანდათან შესულ საკუთარ სახელთა მხოლოდ ჟღერადობაში უკვე ჩანს რაღაც საშინელი, უხეში, გაქვავებული, ყრუ, შუასაუკუნებრივი, რომლის მორღვევაც შეუძლებელია იმ ენის ქსოვილიდან, რომელიც ჯერ არ არის დილიმუსი, ბონუსი, დამაზუსი, სირიკუსი, ოპტიტუსი, სილონიუსი, მარტინუსი, ჰილარუსი, პაულინუსი, მაკრობუსი და სადაც უცხოს ჩამოყალიბებული ერქვა.
385-ში აპრონენია ავიციას წერილი განსაკუთრებული სიზუსტით გვამცნობს: «A.P. tertium nones octobres primo lucis...» 385-ის 5 ოქტომბერს გამთენიისას, თავის სასახლეში, ავენტინზე, აპიუს ლანარიუსს ტვინში სისხლი ჩაექცა. მას მერე იგი ვეღარ გამომჯობინდა. ა. ლანარიუსი სამოცდაცამეტი წლისა იყო, აპრონენია ავიცია ორმოცდაორის. იმავე წელს, აქედან ახლოს, მილანში, ნაშუადღევს, ქალაქის რიტორს, ავგუსტინუსს, ბაღში სეირნობისას გული აუჩუყა ბავშვის სიმღერამ. მელოდიის გაგონებაზე იგი გამოსულა წაბლის ხიდან და უფრო ნათელ ლეღვის ჩრდილში ჩამომჯდარა. იმავე წელს, წმინდა ჰიერონიმუსმა უცებ მიატოვა რომი და იერუსალიმს გაემგზავრა.
386-ში - როცა ფლავიანუს გორგონიუსი იყო რეი პრივატაე - აპიუს ლანარიუსის ავადმყოფობა უკურნებელი აღმოჩნდა; აპრონენიამ ფლავიანა და ავფიდია გაათხოვა. 387-ში ყველა მისი შვილი დაქორწინებული იყო. სიმაკუსი სენატის პრინცი გახდა. 389-ში, მაშინ, როდესაც ნიკაზიუსი ტამაზიუსთან ერთად საკონსულოს განაგებდა, ა. ლანარიუსი, დაბადებული მილვიუსის ომის დროს, სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში აღესრულა. აპრონენია ავიციას გული არავისთვის გადაუშლია თავის პირველ ქმარზე, თუმცა მასთან ოცდათორმეტი წელი იცხოვრა და შვიდი შვილი ჰყავდა. ა. ლანარიუსის სიკვდილიდან ოთხი-ხუთი წელი აპრონენია ავიცია გზაკვალარეული დარჩა. მისი მეგობარი ქალების უმრავლესობა ქრისტიანული პარტიის მხარეზე გადავიდა. ალიპიუსი - ქრისტიანი - ურბსის პრეფექტია; ნიკაზიუსი კვდება; ქრისტიანული პარტია თანდათან უფრო ძლიერად ახორციელებს ზეწოლას. ვირიუს ნიკომაკუს ფლავიანუსი, რომელიც დ. ავიციუსის ყველაზე საყვარელი მეგობარია, ქრისტიანულმა პარტიამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ამისათვის გამოიყენეს იურიდიული შანტაჟები და მის მიწებს კამპანიასა და სიცილიაში თვითნებურად დაადეს ყადაღა. სენატმა ხმის ამოღება ვერ გაბედა. 394 წლის 5 სექტემბერს ვირიუსმა თავი მოიკლა. მამის სიკვდილიდან ოთხი თვის შემდეგ ნიკომაკუს ფლავიანუს უმცროსმა ახალი სარწმუნოება მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ქრისტიანული რეპრესიები. თუ რა გავლენა მოახდინა ამგვარმა მიზეზებმა აპრონენია ავიციაზე, არ არის ცნობილი. იგი ხომ ნიკომაკუსის სიდედრი იყო. მაშინ აპრონენია ქვრივი იყო და არ შესრულებოდა ორმოცდაათი წელი, მისი მაშინდელი წერილები წინააღმდეგობრივია და ზოგიერთი თვალსაზრისით, აბდაუბდა.
ჟიურეს კრებულის პარიზული ხელმეორე გამოცემის 401-416 ფოლიანტებში ოთხი უცნაური წერილია მოცემული. ერთ-ერთი მათგანი - Facio rem cum tuis moribus... (ფ. 411 r0) ასეთნაირად შეიძლება გადმოიცეს შემოკლებით: 392 წელს, მას შემდეგ რაც ანიცია პრობას რჩევა გაიზიარა და ანგარიში გაუწია მათ ოჯახებს შორის არსებულ საუკუნო მეგობრობას, პატრიცია აპრონენია ავიციამ, ა. ლანარიუსის ქვრივმა, ორმოცდაცხრა წლის ასაკში რომის საეკლესიო ხელისუფლებას მიაშურა, რათა წმინდა რჩევები მიეღო, საკუთარი მომავლის წარმართვისათვის. მღვდელი ნაზები შთააგონებს გაექცეს მამის გულმხურვალე ზეგავლენას, რომელიც აძალებს ხელმეორედ გათხოვებას. მღვდელი მოუწოდებს უძღვნას თავისი უმწიკვლოება ღმერთს და ლოცვებით მოინანიოს წარსული უწმინდურება. ნაზების წერილი აპრონენიასადმი სრულად არის შემორჩენილი. (Auctus sum gaudio... f0 412 მეორე გვ.) მისი დასკვნითი ნაწილი ასეთია: «შენ გამოასწორებ, რამდენადაც შესაძლებელია, ასაკიდან გამომდინარე და ხორციელი სიამოვნებით შელახულ უცოდველობას, გულუბრყვილობას, რაც მშობიარობამ და ვნებიანობამ შებღალა. ყოველ შემთხვევაში შეეცდები აღადგინო შენში ამ მდგომარეობის მონატრება. თავს არ დაზოგავ და ჩაშლი ყველა იმ მახეს, რომელსაც რომი დაგიგებს, უარს იტყვი საკვებზე, საერო წიგნებზე, სხეულის მოვლაზე, სიმდიდრეზე, სიბერის მოახლოებაზე და სიბერისათვის დამახასიათებელ საკუთარი თავის მორჩილებაზე, მუსიკაზე და ყველა ხელოვნებაზე. განიწმინდე! შეიგნე ცოლქმრული ცხოვრების სიბინძურე! შეიგრძენი ჩვენი უფლის მდგომარეობა, სიღატაკის სათნოებანი, ამ ქვეყნის უფასურობა, ადამიანთა საზოგადოების განდგომილება და ზეცის სიყვარული». არავინ იცის, ზუსტად როგორ წარიმართა ნაზებთან ურთიერთობა. როგორც ჩანს, აპრონენია ავიცია ბოლომდე ვერ დაარწმუნეს. მან არ აქცია ზურგი «ცოდვილ ბაბილონს». არ წავიდა პალესტინის მონასტერში. 395 წელს, ორმოცდათერთმეტი თუ ორმოცდათორმეტი წლისა, იგი სპ. პოსიდიუს ბარკას, დიდი უძრავი ქონების პატრონ სენატორს მისთხოვდა. ცხადია, მას თავისი ქმარი უყვარდა. ერთ პიკანტურ წერილში (Meae litterae quoniam tibi... ფ 0435 მეორე გვ0) რომელიც თარიღდება 399 წლის მარტით და გაეგზავნა ევდოქსიას, აპრონენია წერს, რომ მისი ქმრის სასქესო ორგანო არის ველური და ხარბი, თანაც ოდნავ ბრიყვი და თითქმის თავაზიანი.*
394 წელს, ძალზედ შეწუხებული ვირიუს ნიკომაკუს ფლავიანუსის თვითმკვლელობით, დეციმუს ავიციუსი გარდაიცვალა. თავისი საკმაო ქონება აპრონენია ავიციამ შეუერთა დაქვრივებისას მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას. 395 წელს ამას დაუმატა ახალი ქმრის ქონებაც. ბოლოს კი, პატარა ხანჯლით უცნაური ჩანაწერების გაკეთება დაიწყო ხის დაფებზე. ზუსტად არავინ იცის ამის მიზეზი. სპ. პოსიდიუსზე დაქორწინების თუ დ. ავიციუსის გარდაცვალების გამო მოხდა ბუქსების შედგენა. ტრადიციამ ბუქსების სახელწოდებით შემოინახა აპრონენია ავიციას შემოქმედება. შეიძლება ეს ჩანაწერები მისი ნების გამოხატულება არც იყო, ანდა სულაც არ იყო თვითნებური; CLIII ნაწყვეტში აპრონენია ავიცია ლაპარაკობს თავის დაფებზე, ხოლო CXX ნაწყვეტში იგი იხსენებს მათ სუნს დღიურების წერის დროს. ეს ხის დაფები შედარებით უჩვეულოა ეპოქისათვის. ზოგადად თუ ვიტყვით, ცოტაა შემორჩენილი ამგვარი ჭკვიანური წიგნები, რომელთა ავტორებადაც გვევლინებიან ანტიკური ეპოქის მემამულეები, ან მდიდარი არისტოკრატები. ორჯერ უფრო უცნაური ჩანს ეს წიგნი იმ დროისათვის, როცა ის შეიქმნა. სამოცდაათი წლის ქალი აღნიშნავს ხარჯებს, საყიდლებზე სიარულს, ფულად შემოსავალს, ქსოვილთა ყიდვას, ძველ ქანდაკებათა შეძენას, ღვინის შეკვეთებს, სუნამოების, იშვიათი ნივთების შესახებ; წერს მისთვის სასიამოვნო და საზიზღარ სუნებზე, სიამოვნებაზე, პარადოქსებზე, ხუმრობაზე, გაკიცხვაზე, უზრდელობაზე, კოშმარებზე, მოგონებებზე. იგი გახლავთ ძლიერ კონკრეტული, ჰიპოქონდრიული რომაელი. მართალია არაფერი ვიცით მისი აღზრდის ან განათლების შესახებ, სამაგიეროდ ყველაფერია ცნობილი მის გემოვნებაზე, მისი სხეულის მიდრეკილებებზე, მისთვის შიშისმომგვრელ ხმებზე, რადგან ასეთი ხმები რაღაც მასში დალექილს ანჯღრევს; ვგებულობთ კერძებისა და ღვინოების შესახებ, რომელთაც იგი ყველაფერზე მაღლა აყენებს. ეს დღიური იმგვარია, რომ ერთ მშვენიერ დღეს უცებ ემორჩილება უხეშ ბრძანებას, რომელსაც სიკვდილის გრძნობა ახვევს თავს, მაგრამ რომელზეც მაინც ბატონობს ჰიპოქონდრია, რის შედეგადაც აუცილებელი ხდება დაწვრილებით ჩაინიშნო ჯანმრთელობის მდგომარეობა, სადილის დეტალები, კრიზისები, ხასიათები და უძილობათა წყება. ალბათ, აილიოს არისტედესი II საუკუნეში სმირნაში, სეი შონაგონი XII-ში კიოტოში, პონტორმო - XVI საუკუნეში ფლორენციაში, სამუელ პეპისი XVII საუკუნეში ლონდონში, ამგვარ მოთხოვნილებათა შედეგად წერდნენ. ერთი შეხედვით ასე ჩანს, რომ საკუთარ უსიამოვნებათა აღრიცხვა, გარკვეულწილად, მათი ჯებირით შემოსაზღვრას ნიშნავს, რადგან შეუძლებელია მათი დაძლევა. ეს ხალხი ფიქრობს, რომ უსიამოვნებათა წერილობითი გადატანით სიბრტყეზე, დაიმორჩილებენ სხეულს, რომელსაც ღრღნის არარაობა და ამით მოუმზადებენ ეშაფოტის მაგვარს რაღაც მარტოობას და რაღაც ცემენტს. ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ წყალი, რომელიც მომუჭული ხელიდან გასდით. ოცნებობენ. აპრონენია ავიციას, ვივია პერპეტუასაგან განსხვავებით, რომელიც წინა საუკუნეში ცხოვრობდა, ალბათ არ წარმოედგინა, თუ ოდესმე დღის სინათლეს იხილავდა და გამოქვეყნდებოდა ის, რაც მან ნაჩქარევად დაწერა. იგივეს ვერ ვიტყვით პაულინ დე პელაზე, რომელმაც 459 წწლს, ოთხმოცდასამი წლის ასაკში გამოაქვეყნა თავისი ეფემერიდები. buxi-ბის ლათინური ტექსტი ასახულია ფრ. ჟიურეს 1604 წლის კრებულის 484-524 ფოლიანტებში. მე წარმოვიდგინე, რომ თუ მკითხველი თანახმა იქნებოდა მათთვის შთაებერა თავისი სუნთქვის სითბო, მაშინ ეს სუნები, სიზმრები, თეთრეული თუ ფორმები შეიძენდნენ რაღაც ნაპერწკალს და მოძრაობას, და ქალის ძალიან ძველი აჩრდილის მაგვარი რამ მკითხველის წინაშე აღმართავდა ცოცხალი სხეულის მოგონებას.
*
396 წელს - არაფერი. იმპერია იყოფა. სპურიუს პოსიდიუს ბარკა დაესწრო პამავიუს ქვრივის ცნობილ შესვლას სენატში. ქალმა დაიკავა თავისი ადგილი კოლეგებს შორის, დაესწრო სენატის სხდომებს, ტანთ ეცვა ბერის უხეში ტილოს სამოსი. იგი მონაწილე იყო დამხვდურთა სიჩუმისა და გაოგნებისა. აპრონენია ავიცია წერილში - Quotiens tua sumo conloquie ძლიერად აღწერს მუნჯ შერყევას თუ გაოგნებას, ანუ რაღაც გარკვეულ გაშტერებას, რაც უპირველეს ყოვლისა დაეუფლა შეკრებილ სენატორებს; აღწერს ჩურჩულს, თანდათან მათ სხეულთა გამოცოცხლებას, ხმათა ბობოქრობას, ზოგიერთის სასოწარკვეთას და გულწრფელ ტკივილს ამ გამომწვევი და მუქი სამოსელის დანახვაზე თეთრი სელის ტოგათა შორის, რომელთაც მეწამული ფერის ბაფთები ამშვენებდა სენატორული ღირსების აღსანიშნავად. სენატორი პ. სავფეიუს უმცროსი წამოდგა, გაჩუმდა, ხმადაბლა ალაპარაკდა, სიტყვებში მღელვარება გაერია, და თქვა, ამგვარი სამოსელი სენატის კედლებში საზღვართან ჰუნის ყოფნაზე უარესიაო.
მომდევნო წლებში, ამ უკანასკნელის სიკვდილამდე, აპრონენია ავიციასა და პუბლიუს სავფეიუს უმცროსს შორის ფესვი გაიდგა მეგობრობამ, ყლორტებიც ამოიტანა, ბოლოს რაღაც უცნაური ღერო შექმნა, რომელიც ხედ იქცა, აშრიალებულ ხედ; აპრონენიას მეორედ დაქვრივების მელანქოლიის მიღმა ეს იყო მოხუცთა შორის ლაქლაქი თუ რაფსოდია, კარგი სიტყვებით შეზავებული, ბებრული შენიშვნებით სავსე, რაც ყველაფრისგან შეიძლება მოდიოდეს; ღია, წუხილიანი, წუწუნა ურთიერთობა _ უსიბრალულო, თუ არ ჩავთვლით იმ მსუბუქ და აორთქლებულ სიბრალულს, რასაც სიკვდილის გარდაუვალობა იძლევა; უცნაური ტკივილიანი დახმარება.
397 წელს ავრელიუს ამბროზიუსი გარდაიცვალა მილანში. ამბობენ, სიკვდილმა შეაწყვეტინაო წერა სიტყვისა mortem. 399 წელს, ნიკომაკუს ფლავიანუს უმცროსი ურბსის პრეფექტი იყო (ოცდაათ წელზე მეტი გავიდა და 431 წელს, აპრონენია ავიციას ეს სიძე, რომელიც უცებ გადავიდა ქრისტიანთა პარტიაში მას მერე, რაც ამ უკანასკნელთ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს მამამისი, იტალიის, ილირიკუმის და აფრიკის პრეფექტი, თავის პირად ბიბლიოთეკაში, რომელიც სამ დარბაზს მოიცავდა ჰიდრავლიკური ორგანის ჩათვლით, ტიტუს ლივიუსის ნაწერებს ასწორებდა).
401 წელს ანდრომაკუსი გალების პროფექტია. ამავე წელს სიმაკუსისა და რუსტიციანას ვაჟი, კვინტუს ფაბიუს მემიუს სიმაკუსი ქორწინდება. წერილში, რომელიც თარიღდება 401 წლის დეკემბრით (Mones ut amicitiae... ფ0444რ0) აპრონენია ავიცია აღნიშნავს, რომ ავფიდიასა და ფაბრიციუსთან ერთად პორტის კარიბჭემდე მივიდა, რათა სამუშაოები შეემოწმებინა. სწორედ ამ ჩანიშვნის წყალობით თარიღდება ეს წერილი. სიტყვაც არ არის თქმული იმ მიზეზებზე, რამაც სტილიხონზე ავრელიუსის კედლის რესტავრაცია გამოიწვია, არც ალარიხის გოთების წინსვლაზე, არც იმ პანიკაზე, რაც ისტორიკოსთა აზრით მაშინდელ რომში სუფევდა. არაფერი წერია შიმშილზე, რომელიც რომში მძვინვარებდა, პურის რაციონზე ორი მესამედის ოდენობით, ტიბროსზე მიმოსვლის შეწყვეტაზე, კანიბალიზმის პირველ შემთხვევებზე. ოდნავი მინიშნებაა (Nihil moror ceteros... ფ.0_Þ445 რექტორ0) აყროლებულ სუნზე ქალაქში (რადგან კარიბჭეები დაკავებული იყო გოთების რაზმებით რომაელი მიცვალებულების დასაფლავება ქალაქის სასაფლაოებზე არ ხდებოდა).
სამაგიეროდ, წერილი Facit enim tenerior... (ფ.0476ვ0) მე მგონი დაიწერა რომის პირველი ალყის დროს. აპრონენია ავიცია აცხადებს, რომ ეროვნულ ღმერთებს გადასცა ერთი ტევტონი მონა, რომელსაც თვეობით საფრთხეს უქმნიდა ციება და ყელის ტკივილი. ამგვარად, აპრონენია ავიცია ავლენს თავის პოზიციას იმ კამათში, რომელიც აფორიაქებდა ალყაშემორტყმულ რომს და რო მეტად სცილდება ანიცია პრობას ბანაკს. ტოსკანელმა ლტოლვილებმა გაავრცელეს ახალი ამბავი, რომლის თანახმადაც, ქალაქი ნარნი გადაურჩა მტრის შემოსევას ძველ ეროვნულ რიტუალურ მსხვერპლშეწირვათა წყალობით. ქრისტიანული პარტიის მიერ იმპერიის ხელში ჩაგდება თუ რომის თავს დამტყდარი ყველა უბედურების სათავეა, აკრძალულ ეროვნულ ღმერთებთან დაბრუნება ერთადერთი თავდაცვის საშუალებაა დამპყრობლის წინაშე. ვოლუსიანუსი - რომელსაც აპრონენია ავიცია უკავშირდება მელანია უფროსის წყალობით, დაბეჯითებით განავრცობს ამ არგუმენტებს: ძველი ღმერთები სჯიან რომს დაცემისას. რომის პრეფექტმა ვერ მოიპოვა პაპ ინოკენტი I-საგან კანონის დარღვევის უფლება, თუმცა კი შეევედრა. პაპმა ნება დართო ეროვნული მსხვერპლშეწირვები მხოლოდ ოჯახურ, ან კერძო პირობებში მოეწყოთ, რადგან მიიჩნევდა, რომ სახალხოდ მხოლოდ ქრისტიანული მსხვერპლშეწირვები და წამებული ღმერთისადმი მიძღვნილი უნდა ჩატარებულიყო სახალხოდ. წარმართულმა პარტიამ პასუხად გაიხსენა, რომ ძველი მსხვერპლშეწირვები უშედეგო იქნებოდა იმპერიის დედაქალაქის დასაცავად, თუკი ისინი სახალხოდ არ ჩატარდებოდა, წმინდა ადათების მიხედვით და სენატორთა კორპუსის თანდასწრებით. სენატმა ვერ გაბედა ქრისტიანულ პარტიასთან დაპირისპირება. კენჭი უყარეს მდიდართა კონტრიბუციას. გოთებს დაპირდნენ ხუთი ათას გირვანქა ოქროს, ოცდაათ ათას გირვანქა ვერცხლს, ყველა გოთი თუ უცხო მონის გამოსყიდვას, ოთხი ათას აბრეშუმის ტუნიკას, მეწამულ ფერად შეღებილ ათას ტყავს, სამი ათას გირვანქა სუნელებს. ქრისტიანები აჯანყდნენ. პინიანუსისა და მელანიას უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება სახელმწიფოს სასარგებლოდ, «ქრისტეს გაქურდვად» ჩაითვალა. «ქრისტიანთა სისხლიანი კერპი» რადგან ისინი, ვალერიის სასახლის მდიდარი მფლობელები, ქრისტიანულ პარტიას ეკუთვნოდნენ. ქრისტიანებმა ჩაქოლეს პრეფექტი პომპეიანუსი, მაშინ, როდესაც იგი უძღვებოდა მილიონერ ქრისტიანთა მამულებზე ყადაღის დადებას. სენატს სხვა წყარო აღარ გააჩნდა და წარმართულ პარტიას დაუპირისპირდა, ბრძანება გასცა განეძარცვათ ტაძრები ქრისტიანული ტაძრების გარდა, და ხმა მისცა რომაულ და უცხო ღმერთთა ოქროს და ვერცხლის ქანდაკებების გადადნობას (გარდა ქრისტიანთა ღმერთის ქანდაკებისა). ტრადიციულ კულტთა ერთგული რომაელები დაეხეტებოდნენ რომში, სადაც უდიდესი, მფარველი და დიდებული ღმერთების ძეგლები გადაადნეს. ზოსიმე გვამცნობს, რომ როცა ქალღმერთი ვირტუსი გადაჰქონდათ ურიკით მჭედელთან, ერთმა რომაელმა მოქალაქემ, სახელად სავფეიუსმა, რომელიც შეესწრო ამ ამბავს, მოთქმა დაიწყო: «რომი ღირსებას ჰკარგავსო». ზოსიმეს სავფეიუსი ალბათ იგივე სენატორი პ. სავფეიუს უმცროსია, რომლის შესახებაც ვრცლად გვიამბობს Buxi-ები. სოზომენემ (საეკლ. ისტ. IX, 6), ქრისტიანული პარტიის წევრმა, დასცინა წარმართებს, რომლებიც თაყვანს სცემდნენ იმ ღმერთებს, ერთ დღეში რომ დაკარგეს გამოსახულება. ამავე გვერდზე იგი მასხრად იგდებს წარმართთა სიჯიუტეს, რადგან გოთების რაზმებიც კი, რომელთაც ალყაში ჰყავდათ რომაელები, ქრისტიანობა ჰქონდათ მიღებული. ამ ფონზე უნდა წავიკითხოთ, ჩემი აზრით, წერილი - Facit enim tenerior. აპრონენია ავიცია ისევ დასცილდა ანიცია პრობას წრეს, და მონის «მსხვერპლად შეწირვა» რომის ღმერთებისათვის, ალბათ არის მსხვერპლშეწირვა (ან შენიღბული კანიბალიზმის შემთხვევა). ოღონდ, პირველი ალყის დროინდელია ეს ამბავი, თუ 409 წლის ალყისა, დაუდგენელია (ამ დროს ანიცია პრობა და ყველა ანიცია დაუპირისპირდა ატალუსს, რომელიც გოთმა ეპისკოპოსმა სიგეზარმა ქრისტიანად მონათლა). შეიძლება ეს ალარიხის ალყის დროს, 410 წელს მომხდარიყო. მაშინ კანიბალიზმის შემთხვევები ყველაზე მეტად გახშირდა, თუმცა არ არის გამორიცხული თვითმხილველთა მხრივ გაზვიადებაც; ქრისტიანები ჭამდნენ წარმართებს, დედები «თავიანთ ჩვილ ბავშვებს», - წერდა წმინდა ჰიერონიმუსი (Epist. ad principiam, CXXVII, 12). ამას მოჰყვა ავგუსტინეს პასუხი. იგი მიიჩნევდა, რომ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მეფე ბანაბადის მიერ ალყაშემორტყმულ სამარიაში ხდებოდა: იქ იყიდებოდა საჭმელად ჩვილი ბავშვები, ხოლო მტრედის სკლინტი სამჯერ ძვირი ღირდა. ყველაზე მძაფრი კამათები ძველი მსხვერპლშეწირვებისა და ეროვნული ღმერთების შესახებ პირველი ალყის დროს მოხდა (ღმერთთა მიზიდულობის ძალა დაიკარგა მას შემდეგ, რაც ისინი გადაადნეს). ერთი სიტყვით, მე უფრო 408 წლის ალყისკენ ვიხრები.
აპრონენია სამოცდაერთი წლის იყო, როცა ზამთრის ერთ დღეს, 404 წლის 15 იანვარს, პატარა ნახშირის ღუმელი და მასიკის ღვინო ამოატანინა იანიკულუმის ვილის მეორე ექსედრაში და ქნარით აკომპანიმენტი გაუკეთა ოლუსს, ფლავიანასა და ლიკორისს, რომლებიც ზღვისპირა ფრანკთა სიმღერასა და ტუჰულჰას ჰიმნს მღეროდნენ. უფრო შორს, პალესტინაში, თერთმეტი დღით გვიან, 26 იანვარს, ცივ საკანში, ტირიფის ჭილოფზე ჰიერონიმუსი ჩამუხლულიყო ოფლიანი წმინდა პაულინას სხეულის წინ, რომელსაც ასლოკინებდა. იგი მას სულის ამოსვლისას ეხმარებოდა - რასაც თავის «ფსალმუნად» იხსენიებდა. მისი ქალიშვილი კი, ეუსტოკიუმი, ბნელ ჰაერში ხელებგაშვერილი, კედელზე დამაგრებულ ლამფას ზეთს უმატებდა.
*
404 წელს გარდაიცვალა პოეტი კლავდიუს კლავდიანუსი. მთელი ამ წლის განმავლობაში სპ. პოსიდიუსს ეძალებოდა სისუსტე, აწუხებდა გულისრევა, ყელის სიმშრალე და გული მისდიოდა. სპირიუს პოსიდიუს ბარკა გარდაიცვალა 405 წლის დასაწყისში. Buxi-ბი დიდ დროს უთმობს მის ავადმყოფობასა და სიკვდილს. აპრონენია ავიციას ქონება, რომელიც დაემატა ა. ლანარიუსისაგან, დ. ავიციუსისაგან და სპ. პოსიდიუსისაგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას, მისი სიცოცხლის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, აპრონენია ავიციას სიძნელეებიც შეხვდა - რაც, ალბათ, იმპერიის რყევებით იყო გამოწვეული - იმპერია რელიგიურ მოღვაწეთა ხელში რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში. სპ. პოსიდიუს ბარკას სიკვდილის შემდეგ, თუმცა უკვე 404 წლიდან, ყოველი თვის დასაწყისში შემოსავლის ხშირი შეფასება, აღრიცხვა, და ოქროს ტომრების მიღება გვაფიქრებინებს, რომ მართვა გაძნელდა. წერილების დახმარებით, ჩვენ ვითვლით სამ სასახლეს რომში, ორ ვილას რომის გარეუბანში (ერთ-ერთი მათგანი აპიას გზაზე), ორ ვილას კამპანიაში, ერთ ვილას ნეაპოლთან, პრედიებს სამნიუმში, აპულიაში, მავრიტანიაში, მამულს მეგარის კუნძულზე და ანიცია პრობასაგან ნაყიდ სასახლეს სიცილიაში. ამას უნდა დაემატოს დიდი ნაწილი მისი შვილების მამულებისა პირველი ქორწინებიდან. მართალი გითხრათ, იანიკულუმის დაღმართებზე განფენილი ვილა-სასახლეები, მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ მიწებზე, რაც თავის დროზე დედის მხრიდან იყო შემოსული, ხოლო 395 წელს, მეორე ქორწინებისას მის მზითვად იქცა - უფრო მოსწონდა სიბერეში შესულ არისტოკრატ ქალს, ყოველ შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლო წლებში. აპრონენიას მფლობელობაში იყო ექვსი-შვიდი ათასი მონა, დაქირავებული ფერმერები და სპ. პოსიდიუს ბარკას პლებეები. როცა იგი ტოვებს რომის ერთ-ერთ სასახლეს, იანიკულუმის დაღმართზე ერთ-ერთ ვილაში წასასვლელად, იგი აღწერს, რომ ას ათი კაცი მიჰყვება თან ორმოცი ურიკით. პ. სავფეიუსი ლაპარაკობს, რომ მისი ძველი მეგობრის სამზარეულოთი «ერთი მთელი სოფელი» იყო დაკავებული.
408 წელს, ნიკომაკუს ფლავიანე მეორედ გახდა ქალაქის პრეფექტი, ლამპადიუსმა, ბოლოს და ბოლოს მოახერხა, რომ გაზაფხულზე სენატს კენჭისყრაზე არ გაეტანა ოთხი ათასი გირვანქა ოქრო, რასაც სტილიხონი ალარიხს დაჰპირდა. ზამთრის დასაწყისში, ჰინორიუსის ედიქტით, რომელიც 408 წლის 15 ნოემბრით თარიღდება, ყველა ქანდაკება, რომელიც არაქრისტიანულ კულტს მოემსახურებოდა, მოიგლიჯებოდა კვარცხლბეკიდან. წარწერები განადგურდა, სამსხვერპლოები დაინგრა; წარმართებმა ღმერთთა გამოსახულებების სიახლოვეს ზეაღმართული ჩაქუჩებისა და მჭედლების დანახვაზე გაიცნობიერეს, რომ რომაელმა ღმერთებმა მიატოვეს სამყარო, რომელსაც ამ დღემდე მფარველობდნენ. რომაელ კეთილშობილთა შორის იმატა მითქმა-მოთქმამ. აპრონენიამ თავისი თვალით ნახა, როგორ დატოვა რომი 408 წელს მელანია უფროსის შვილიშვილმა - მელანია უმცროსმა, რომელიც დიდი ხნის გადასული იყო ქრისტიანულ პარტიაში. მან თან გაიყოლა ქმარი, პინიანე, დედამისი, მეცნიერი ანალიტიკოსი რუფინუსი და მონათა შორის შერჩეული ქალწულები, რომლებიც უკვე ეკურთხებინათ. მელანიამ თავი შეაფარა თავის მდიდრულ და ვეებერთელა მამულს მესინასთან, სიცილიის სანაპიროზე, რუფინუსი კი თარგმნიდა ორიგენეს, თავშეფარებული მარმარილოს, ურთხმელის ბაღებსა და ფინიკის ხეების პატარა ჭალას.
ვოლუსიანე - ახალგაზრდა მელანიასა და პინიანეს ბიძა - რომში დარჩა. ძველებურად ტრადიციული რელიგიის ერთგული, იგი დაუახლოვდა პ. სავფეიუს უმცროსის წრეს და მონაწილეობდა კელიუსის მთაზე გამართულ თავყრილობებში. მან თავის დისწულს გაუგზავნა მძაფრი წერილები და ბევრი გაგებით მნიშვნელოვანიც, მერე კი, ლაპარაკის ხასიათზე დამდგარი ბავშვივით დიდი გატაცებით, დიდაქტიკური და მისიონერული წერილებით შეკმაზა მთელი იმპერია. მას მერე, რაც ქრისტიანობამ გაიმარჯვა, ცხოვრება ნაკლებად მხიარული წარმოჩნდა, _ წერდა იგი; მიუხედავი ქალაქები, გზები, ტაძრები, თეატრები, აბანოები ფუჭდებოდა და ნელ-ნელა ინგრეოდა. სანამ ქრისტიანები აიღებდნენ ძალაუფლებას, წიგნები უკეთ იწერებოდა, ცხოვრება მდორე და ბედნიერი იყო, ფასები დაბალი, ქალები უფრო ლამაზები, უფრო ბრწყინვალენი და სასურველნი; სახლები ფართე და დიდებული, სიხარული გადამდები იყო ყველასათვის, სინათლე უფრო კაშკაშა, ბგერები უფრო წმინდა, სასქესო ორგანოთა სუნი უფრო აღმგზნები და მუშკის სურნელის მაგვარი; შემწვარ სარდინებსა და სოსისებსაც კი სხვა გემო ჰქონდა. ჰინორიუსის ედიქტის შემდეგ, როგორც კი დაიკარგნენ ღმერთები. გოთები გაჩნდნენ; რომი შეწუხდა; ღვინო სისხლად იქცა, პური - ცეცხლად და ფერფლად; სიმღერას და პანტომიმას წამების ყვირილი შეენაცვლა; ხელოვნების ნაცვლად ნანგრევები მივიღეთ. როცა ძველი რომაელები მსხვერპლს სწირავდნენ ძველ ღმერთებს, რომი ფეხზე იდგა და ბატონობდა სამყაროზე. ქრისტიანთა ღმერთი არ იყო დიდად ღმერთი და არ დაიცვა თავისი ერთგული ხალხი. განა ორმოცდაათი მართალი არ იყო რომში? რომი კი დაეცა. მარტვილთა პატრონობამ არსად არ გამოიღო შედეგი. ქრისტიან პეტრეს სხეულმა ვერ დაიცვა რომი. ქრისტიან ლავრენტის სხეულმაც ვერ დაიცვა რომი. ვოლუსიანემ დაუღალავად განავრცო თავისი არგუმენტები. მარსელიანუე ამ არგუმენტებს მოკლე ფორმას უძებნიდა და აწვდიდა ჰიპონეს ავგუსტინუსთან და პინიანესთან, რათა მათაც გაეგოთ ეს არგუმენტები და პასუხი გაეცათ. Pe Civitate Pei-ის პირველი სამი წიგნი დაწვრილებით პასუხობს ვოლუსიანეს არგუმენტებს და წარმართულ პარტიას: ალარიხმა ხელი არ ახლო ბაზილიკურ ეკლესიებს, რომში უფრო ცოტა იყვნენ მართალნი, ვიდრე სოდომში; რომის დასასრული ცოტაა გეენასთან და იობის უბედურებებთან შედარებით.
უნდა შეგშურებოდათ გაუპატიურებული ქალწულების, რადგან უფრო თავმდაბალნი გახდნენ, ხოლო ბედისწერამ ამ გზით ასწავლა მათ, რომ სიწმინდე ფიზიკური სიკეთე არ არის; ღმერთი მართალი იყო, როცა თეატრები დასაჯა.
409 წელს, პრისკუს ატალუსი, ურბსის ხელმძღვანელი, სენატის წარგზავნილი, ალარიხმა იმპერატორად გამოაცხადა. წარმართული პარტია დღითიდღე შემცირდა და მოძველდა. პრისკუს ატალუსმა მაინც დანიშნა ლამპადიუსი პრეტორიუმის პრეფექტად. ამბროსიუს ავრელიუს თეოდორიუს მაკრობიუსი კართაგენის პროკონსული გახდა. აპრონენია ავიცია დიდად არ დაახლოებია პ. სავფეიუს უმცროსის გარემოცვას, რომლის თავშეყრის ადგილიც კელიუსის სასახლეში იყო. იგი უფრო სავფეიუსს დაუახლოვდა. სავფეიუსი იყო რთული, ძალიან მგრძნობიარე, პარადოქსალური, ნიჰილისტი და თანაც მარტოსული. ამ მოხუცი სკეპტიკოსი პატრიციუსის გავლენა სენატზე არასოდეს ყოფილა სოლიდური. ატალე გადააყენეს. ავრელიუს პრუდენციუს კლემენსი გარდაიცვალა სწორედ მაშინ, როცა წერდა სიტყვას dolorus. 410 წლის 24 აგვისტოს ღამეს, აპრონენია ავიციას ძველმა მეგობარმა ანიცია პრობამ, რომელიც მრავალი წლის წინ გადავიდა ქრისტიანულ პარტიაში, მალულად შემოიყვანა ალარიხი და გოთების რაზმები რომში სალარიას კარიბჭედან. ანიცია პრობამ (Procope, Bell. Vand. 12) განაცხადა, რომ იგი მოქმედებდა «ქრისტეში არსებული გულმოწყალებით დამშეულთა ტანჯვის მიმართ». პრისკუს ატალუსის მომხრეებს მიაჩნდათ, რომ ალარიხს უყვარდა პრობა, იმასაც ამბობდნენ, რომ ეს სიყვარული ორმხრივი იყო. წარმართულმა პარტიამ აფრინა ეპიგრამა, რომელსაც ორატორული ხასიათი კი ჰქონდა, მაგრამ საეჭვო ღირსებისა იყო. იქ ნათქვამი იყო, რომ მონაღმერთის წინაშე, რომელიც საზიზღრად დასაჯეს, ერთმანეთს გადაეჭდო, ერთმანეთი ჩაიხუტა გოთურმა ბეწვის სამოსმა და პატრიციუსის ტოგამ. მერე კი ორივე აკვნესდა. ეს სიტყვები ნაწილობრივ ცილისმწამებლურია. ჰიერონიმუსის ერთი წერილი (Epirt. ad Demetriadem, CXXX, 5) მოგვითხრობს, რომ იმ ღამით, როცა ანიცია პრობას ალარიხი შემოჰყავდა რომში, ანიციების სასახლე ალყაში მოაქციეს გოთებმა და დემეტრიასი - ანიცია პრობას შვილიშვილი, გაუპატიურებას გადაურჩა თავისი მსახურის დანის წყალობით.
ძარცვის, ხანძრების, ხოცვა-ჟლეტის სცენები ყველასათვის ცნობილია. არცერთი სიტყვა არ თქმულა აპრონენია ავიციას, ლამპადიუსის, ფაბიუს სიმაკუსის, ნიკომაკუს ფლავიანუსის და არც პუბლიუს სავფენიუსის ვილებზე და სასახლეებზე. ავგუსტინემ მაშინვე მწარედ დასცინა (Cw. Per, 1,1) ყველა იმ კონსერვატორ და წარმართ რომაელ მოქალაქეს, რომელთაც დახოცვის შიშით თავი ეკლესიებს შეაფარეს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პრობა, რომელმაც სალარიის კარიბჭე გაუღო ალარიხს და ამავე დროს აპრონენია და სავფეიუსი - დაჩოქილები ქრისტიანულ ბაზილიკურ ეკლესიაში, ფერწასულები და ხელჩაკიდებულები. ალბათ უფრო წარმოსადგენია აპრონენია ავიცია და მისი ჯგუფი -- ოჯახი, მეგობრები, პლებეები და მონები სასახლის ერთ კუთხეში დამალულები, ავგუსტესა თუ ტიბერიუსის ეპოქის დროინდელ უძველეს თაღოვან სარდაფში, ერთმანეთს იდაყვებით მიყრდნობილები, ზეთის ლამპის მკრთალ შუქზე მოჩურჩულენი.
ანიცია პრობამ, ახალგაზრდა დემეტრიასმა და დედამისმა იმავე დღეს დატოვეს რომი და გალერით ჰიერონიმუსთან გაემგზავრნენ. ამ უკანასკნელმა დემეტრიასს აუკრძალა ცოლად გაჰყოლოდა ერთ ლტოლვილს, რომელიც პალესტინის გზაზე შეჰყვარებოდა. ჰიერონიმუსმა მიაღწია, დემეტრიასს ღმერთისთვის ეძღვნა გაუპატიურებას გადარჩენა, რადგან ღმერთმა შეაძლებინა, მუდმივ ქალწულად დარჩენილიყო. მას მერე, რაც დემეტრიასმა თავისი სასქესო ორგანო დაუმალა «გოთურ მოუთმენლობას», იგი შეძლებდა დაეცვა თავისი ყურები «უწმაწური გალობისაგან». (hieronimus, Epist ad Demetriadem, CXXX, 7).
სამაგიეროდ, ჰიერონიმუსი არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ დახვდნენ აფრიკელ ქრისტიანთა ერთობები ქალებს, რომლებიც გამოქცეოდნენ ალმოდებულ ქალაქს, რომლის კარიბჭეებიც თავადვე გაუღეს მაოხრებელს წმინდა რელიგიური რწმენის გამო.
ანიცია პრობამ მოახერხა რაღაც წრის აღდგენა. იგი სახალხოდ აღშფოთდა აფრიკელ გრაფ ჰერაკლიენზე, რომელიც ლტოლვილებს ამწყვდევდა, გამოსასყიდს ახდევინებდა და უხეშად ეპყრობოდა. მისი მტკიცებით, ჰერაკლიენის ძმა საბინუსი სირიიდან მოსულ ვაჭრებთან ერთად ყიდდა ახალგაზრდა რომაელ ქალებს, რომლებიც დანიშნულები იყვნენ. ანიცია პრობამ ააშენებინა ვილა მისი თქმით «წმინდა ადგილზე» (იერუსალიმში, იუდეაში), ანუ «ნამდვილ რომში და არა ამპარტავან ბაბილონში, რომელიც ბოლავდა იტალიის მიწაზე». მელანია უმცროსი და პინიანე გვერდიდან არ მოშორებიან ტირანიუს რუფინუსს სიკვდილის ჟამს მესინის პარკში. შემდეგ მიაშურეს თაგასტის მონასტერს, მერე კი ავგუსტინეს ჰიპონეში. პინიანე და მელანია შეეცადნენ გაეყიდათ თავიანთი ქონება, რომელიც იტალიაში და სიცილიაში დარჩათ. აპრონენია ავიციას LXI-ე ნაწყვეტი ერთადერთია, რომელიც ეხმაურება ლტოლვილთა მოზღვავებას აფრიკის სანაპიროზე, მრავალი პალესტინური კოლონიის დაარსებას და მათ მომრავლებას 410 წლის ძარცვის შემდგომ.
411 წელს, აპრონენია ესწრება თავისი ძველი მეგობრის, მელანია უფროსის შვილიშვილის მიერ ვალერიის სასახლის გაყიდვას, რომელიც სანახევროდ დანგრეული და გაძარცვულია გოთთა რაზმების მიერ წინა წლის აგვისტოს ძარცვის შედეგად. მთელი უბანი ავენტინზე დაწვეს და დააცარიელეს. დეციუსის აბანოების გარე კედლები ჩამონგრევის პირას იყო. გადაწყვიტეს არ მიეხედათ იუნონა დედოფლის დანგრეული ტაძრისათვის და ქრისტიანებმა ყველას თვალწინ დაიწყეს მარმარილოს ფილების მიტაცება წმინდა საბინას ეკლესიის ასაშენებლად. აპრონენია თანდათანობით მარტო დარჩა, წირპლიანი, ფეხათრეული, გაცვეთილი, ჩამარხული თავის სასახლეებში, ან სასახლეთა ნარჩენებში, რომში. ნაცრისფერ-წითურ-შავი ოფოფი, უდიდესი გამხმარი ხის ფუღუროში, რომელიც ხავსმოკიდებულ და მტვრიან ხის ქერქს ღრღნიდა.
412 წლის დეკემბერში მისმა მეგობარმა პუბლიუს სავფეიუსმა სული განუტევა. მას გარს ერტყა წარმართული პარტიის ერთგული ხალხი კელიუსის მთის მდიდრულ და რიტუალურ სასახლეში. იგი აპრონენია ავიციაზე ოდნავ ახალგაზრდა იყო. Buxi-ების ჩXXI ფრაგმენტიდან ვხვდებით, რომ მას აპრონენია უყვარდა. თუმცა ამას გვიმოწმებს აპრონენია და მისი დამოწმება ნაოცნებარს ემსგავსება.
414 წელს, ათაულფს სიგიჟემდე შეუყვარდა იმპერატორ ჰონორიუსის და გალა პლაციდია. 414 წლის 1 იანვარს, ათაულფმა და გალა პლაციდიამ იქორწინეს ნარბონში, ხოლო პრისკუს ატალუსმა უძღვნა ეპითალამი. აპრონენია ავიცია გარდაიცვალა გაზაფხულზე. ყოველ შემთხვევაში, Buxi-ები წყდება 414 წლის გაზაფხულზე. როცა აპრონენია გარდაიცვალა, სიმაკუსი, სტილიხონი, ალარიხი მკვდრები იყვნენ, ხოლო ავგუსტინე და ჰიერონიმუსი უკვე დიდი ხანია საკუთარი ხელით ვეღარ წერდნენ. სხედან თანდათან უფრო გაშეშებული წელით და დაუღალავად კარნახობენ ვინმე პატარა ტევტონ თუ ვანდალ მწერალს - librarius-ს, რომელიც მათ ფერხთით უზის.
II
აპრონენია ავიციას ჩანაწერები ხის დაფებზე
თავი I
(ფოლიანტ 482 რ0-დან 484 ვ-ე, ფრ. ჟიურეს კრებულის ახალი პარიზული გამოცემა, ორიანი 1604).
I. რა არის გასაკეთებელი a.d. VI Kalendas.
მივდივარ ნუმას ტაძარში.
ფარდები სამგზავრო საწოლისათვის.
II. იშვიათობები
იშვიათობებს დავამატებდი კარგად შესწორებულ წიგნს.
კაცს, რომელსაც სხვათა მზერა ავიწყდება.
ამოსაპუტს, რომელიც ვარგისია.
ფანჯრის დარაბებს, დღის სინათლეს რომარ ატარებს.
III. გასეირნება კუნძულზე.
ვნახე ტიბროსზე მოცურავე ბრტყელი ნავები, შვრიით, ამფორებით, ხორბლით და ხილით დატვირთულნი. წყალს შუქი ეცემოდა. ულამაზესი ფერები ჩანდა, განსაკუთრებით, მწვანე და ლურჯი. ნაპირებზე ტიტველი ბავშვები წუწაობდნენ სიჩუმეში. ჩვენ შორს ვიყავით და მათი ხმა არ გვესმოდა. ქარი სამხრეთიდან უბერავდა. იქვე ახლოს, ჭაობის პირას, ლელიანში, ვარდისფერი დუნდულებით ფეხის ქუსლებს დაყრდნობილი, ხუთი წლის მზისგან გარუჯული ბავშვი ბაყაყს იჭერდა. მბრძანებლური იერით და სასქესო ორგანოზე ხელის წავლებით გვანიშნა, მოვცილებოდით იქაურობას.
IV. რა მაქვს გასაკეთებელი
მშვიდობის ტაძარში, ტიტუსის ქონების განაწილებაზე.
მისისადმი მიკუთვნებული ფიალა.
ტიბურტინის გზა.
სეციას ფერდობის ღვინო.
V. ლიკორისის მშობიარობა
ლიკორისმა გააჩინა ბავშვი, რომელიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ვეხმარებოდი მშობიარობის დროს, ჩემთან ერთად სპატალე და ნიგრინაც იყვნენ. არ მსიამოვნებს სამშობიარო ოთახი, რადგან იქ ბავშვი მოკვდა. ლიკორისმა სირიული ღვინო მოატანინა. ღვინოს შედეგი არ მოჰყოლია. სევდა მომერია, საუზმემდე გამიგრძელდა, საუზმეზე ხამანწკები და ქამა სოკო ვჭამე.
VI. რა უნდა მახსოვდეს
ციტრონის ხის მრგვალი მაგიდა გლაუკოსთან.
VII. ქალთა სხვადასხვა ტიპი
ქალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველაფერი შესანიშნავი, ზღაპრული, გაუგონარია - საზიზღრები არიან.
ქალები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი პატარა, უბადრუკი, სულელური, უაზრო და უგემოვნოა - საზიზღრები არიან.
VIII. რა მაქვს გასაკეთებელი
ცხენით დომიციანეს კოლოსთან
კისერთან დუგმებით შეკრული განიერი კაპიუშონი.
მუხებიანი ნაკვეთი.
გარგარზე დამყნობილი ატმები.
ვირი, პატარა მონის საფასურად.
IX. ალციმიუსი
წინათ, კვინტუსს ვუყვარდი. ახალგაზრდები ვიყავით. დ. ავიციუსი ჯერ ცოცხალი იყო. იგი მალულად მოდიოდა, მეორე კარებიდან; წინ ღამე გვქონდა. გამთენიისას სინანულით დგებოდა, ეძებდა თავის ტუნიკას, ამბობდა, რომ სტანჯავდა ჩემთან განშორება. აუჩქარებლად იკრავდა ბაფთიან ფეხსაცმელებს. მკოცნიდა სახეზე და მუცელს ქვემოთ. მე ვფხიზლდებოდი. შეწუხებული ვეუბნებოდი: «მალე გათენდება, იჩქარე». ის ოხრავდა. მეჩვენებოდა, რომ მისი ოხვრა ერებეს მკვეთი მდინარის ექო იყო. იგი დგებოდა და საწოლზე ჯდებოდა. ბაფთას იკრავდა. გადმოიხრებოდა ხოლმე და ყურში მეჩურჩულებოდა თავის სურვილზე, თანმიმდევრულად აგრძელებდა იმის თქმას, რასაც ღამის მანძილზე მიყვებოდა. განთიადისას ცოტას სვამდა, მერე პირს იბანდა, სასქესო ორგანოს იწმენდდა და თვალებს იფშვნეტდა. მე მის უკან მივსრიალებდი. ერთ წამს ერთმანეთს ვუყურებდით კარის წინ. მეუბნებოდა, რომ არ სიამოვნებდა ჩემგან შორს მთელი დღის გატარება. ბუზღუნებდა, რომ იტანჯებოდა განშორებით. ოთხჯერ თუ ხუთჯერ ვიმეორებდით ჩვენს მიერ მოფიქრებულ პაემანს. ხელი მის მკლავზე მედო. ტუჩებზე ტუჩებით ვეხებოდი. გასცდებოდა ხოლმე კარს და უჩინარდებოდა უცებ. ბნელში ლოგინთან ვბრუნდებოდი. ვჯდებოდი. მადლიერი ვიყავი, რომ ეს ღამე გავატარე. ჩემი თავის მშურდა, იდაყვები ბარძაყებზე მეწყო, ვგრძნობდი სისველეს, ვიყავი სურნელოვანი და თმაგაწეწილი. ბედნიერი ვიყავი, თუმცა მამლების ყივილისა და ვედროების ხმაურის გაგონებაზე ცრემლებს ვღვრიდი. მიყვარდა ამგვარი ტანჯვა, ეს დაღლილობა, ერთმანეთში არეული სუნები და მსუყე მივარდნილობა, რომელიც ყოველთვის არ განსხვავდება გულისრევის გრძნობისგან და რომელსაც მეტისმეტი დაკმაყოფილება იწვევს.
X. ძიძები
ანტულამ ძიძა გააგდო, რადგან მას აღარ ჰქონდა რძე.
ლიკორისმა თავისი სვეველი ძიძა გააგდო, რადგან აღარ ჰყავდა ბავშვი.
XI. პლეკუსას ეპიგრამა სპ. პოსიდიუს ბარკაზე.
ლიკორისი ამბობს, რომ ორმოცი ზამთრის წინ სპურიუსი ლამაზი იყო. პლეკუსამ ეპიგრამა შექმნა:
- მას შერჩა სილამაზის კვალი ყურში და მზერაში.
XII. რა უნდა გავაკეთო a.d. VIII Idus
მივემგზავრები არგილეტში.
XIII. სპატალეს სარკე
სპატალეს ვთხოვე, სარკე მოეტანა. დიდხანს ვიყურე სარკეში. ხმამაღლა ასეთი სიტყვები ვუთხარი საკუთარ თავს:
- შენ ხარ ტარვინიუს ძველის ძეგლი, რომელიც მიწის მუშამ თავის ყანაში ამოთხარა.
წავედი და ვჭამე დაშაქრული გოჭის ხორცი მოხარშული ქიშმიშით. ორი სეტიე მასიკი დავლიე.
XIV. - რისი დანახვაც სირცხვილია
ეს არის ქმრის საწოლში შესვლა სასახლის აღმოსავლეთ ნაწილიდან, მისი სიშიშვლის დანახვა ლოგინზე, გარშემო ლაქიებით, რომლებიც ერთმანეთს აწვდიან ცვილს, ცივ წყალს, თეთრეულს, მალამოებს. შუა ზაფხულში ანთებული ნახშირის ღუმელი... ვიღაც მასაჟისტი, რომელიც ბეწვებს აძრობს ჩემს ქმარს უკანალზე, მუცლის ქვეშ, ყველგან, გარდა სათესლე ჯირკვლებისა.
თავი II
(ფოლიანტ 485 რ0 490 რ0 ფოლიანტამდე).
XV. ჭაბუკები, რომლებიც მხრებით სვეტებს ზიდავენ.
ახალგაზრდა ჭაბუკებია, რომლებმაც შეიგრძნეს პირველი მოთენთილობა. ახალგაზრდა ჭაბუკებია, რომლებიც შეიცნობენ პირველ წუთებს, როცა სიცოცხლის სურვილი გამოეყოფა სხეულის სივრცეს ისე, როგორც დასავლეთის ოკეანე ყოველდღე ნელ-ნელა გამოაჩენს ნიჟარების ველებს და ქვიშიან ნაპირებს.
ახალგაზრდა ჭაბუკებია, რომლებიც იცხოველებენ სურვილს, თავი მოიკლან წაკითხული ბერძნული წიგნისათვის, პედაგოგის შეურაცხმყოფელი შენიშვნის გამო, სუბურელი ქალის გულისათვის. ისინი დგანან. მხარს სვეტს აყრდნობენ. მათ გარშემო რძის თუ თესლის გაურკვეველი სუნი ტივტივებს. მათი თვალები პირდაპირ ბუნდოვანებაში იყურებიან. თმა კისერზე ეხებათ. codluvium-დან მოსული ნიავი თმას უწეწავს მათ. კანი უკრთით.
XVI. კატები და კაკბები
მაქვს ყვითელი ყელსაბამი ორი კაცის გამოსახულებით და ბროში კაკბებით, რომელთაც ლურჯი, ეგვიპტური ლური მინანქრისებური ბაფთა ამშვენებს.
XVII. პატარა დედალი ძაღლი.
მუოლა პატარა ძაღლია, პუბლიუსის საწოლქვეშ დაიბადა. ზურგზე ძინავს. უფრო მშვიდად ძინავს, ვიდრე პირზე რძეშეუმშრალ პატარა ბავშვს. ვგრძნობ მის ალერსიან თათს მკლავზე. ფისი უნდა.
XVIII. რა უნდა მახსოვდეს
შეღებილი ხე - პარკათა თითისტარებია.
XIX კვ. ალციმიუსი
ალციმიუსის ყველაზე გაბედულ თუ მორიდებულ თხოვნებს, რასაც სიამოვნების სიყვარული ათქმევინებდა და რაშიც მისი კიდურები, ხმა, გამოხედვა მძირავდა, უყოყმანოდ ვთანხმდებოდი, თხოვნას არ ვამეორებინებდი.
XX. შიმშილის ღამეები
ის ღამეები, როცა სამჯერ მაინც არ მივიდოდით ხოლმე ოხვრა-კვნესამდე, შიმშილის ღამეებად გვეჩვენებოდა.
XXI. ყველაფერი ის, რაც სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს.
მიყვარს ეტლების ხმაური რომში.
თბილი აბაზანები ტერასაზე საღამოს მზის ქვეშ.
დაკმაყოფილებული კაცის ღრმა ძილი.
ნილოსური ლეიბები.
ვარსკვლავები, რომელთაც ნელ-ნელა აქრობს დილა.
მძულს მოხუცები, ან ისინი, რომელთაც სიკვდილი ახლავთ თან.
XXII. რა მაქვს გასაკეთებელი
პატრიციუსთა ქუჩა.
სეპტა.
იასპით მოპირკეთებული ბრჭყვიალა ლარნაკი.
XXIII. რა მაქვს გასაკეთებელი.
საგონტის თიხისგან დამზადებული ფინჯნები.
XXIV. რა მაქვს გასაკეთებელი
ჩხიკვის მსხვერპლად შეწირვა.
ოცი ბალიში იდაყვისათვის.
ორთვლიანი ეტლის რვა ფარდა.
XXV. საძულველი სუნი
მძულს მეწამული ქსოვილის სუნი.
XXVI. სპ. პოსიდიუს ბარკას სასახლე იანიკულუმის მთაზე.
იანიკულუმის ნაკვეთზე, რომელიც თავის დროზე დედაჩემს მზითევში მოჰყვა, სპურიუსმა ააშენებინა პატარა ვილა. სამხრეთით, დიდტერასებიანი პარკი გადაჰყურებს ბორცვებს და მას დილის ნისლი არ ეკარება. კარიბჭედან მოჩანს რომი; გარკვევით ჩანს ალბასა და ტუსკულუმის ფერდობები, ანტიკური ფიდენესი, რუბრე, ანა პერენას წმინდა ტყე. მკაფიოდ მოჩანს ვაჭრების სილუეტები და ფერები; ურმები ფლამინიასა და სალარიას გზებზე. მაგრამ არ ისმის არაფერი არც რკინით მოჭედილი ბორბლების ჩქამი, არც მტვირთავების ხმა, არც მენავეთა სიმღერა. ტიბროსზე მოჩანს ნავები. ყველა არსება და ფორმა ისე შორეული და მუნჯი ჩანს, როგორც ვარსკვლავები, რამოდენიმე საათის შემდეგ თავს რომ ასწევ მაღლა.
XXVII. სხვადასხვა ზიზღისმომგვრელი სუნი.
ექვსი სუნი ვიცი, გულს რომ მირევს. ამომშრალი ჭაობის ბამბუკების სუნი. სუნი, რომელსაც ტოვებს ჩვილი ბავშვი, მას მერე რაც გული აერია, როცა დედის რძე ამოუვიდა პირიდან და დედის ტუნიკა გასვარა.
გველის ბუდეს რომ უდის.
მამალი თხა, დედალთან შეწყვილებული რომ ტოვებს.
ძალიან ხნიერი კაცის, ან ძალიან ხნიერი ქალის სხეულის სუნი, შვიდჯერაც რომ იყოს დაბანილი.
ცხვრის ტყავის სუნი, რომელიც ორჯერაა ამოვლებული მეწამულ ფერში.
XXVIII. საზიზღარი სუნი
მან ხელებში მოიქცია ჩემი თავი. მის ხელებს ტრანსტევერის უბნის სუნი უდის.
XXIX. სხვადასხვა ზიზღისმომგვრელი სუნი
გოგირდოვანი წყაროების სუნი.
საბინის ღვინის ლექიდან დამზადებული პომადის სუნი.
XXX. მთვრალი სპ. პოსიდიუს ბარკას ნათქვამი
სპურიუსი დათვრა და ლუღლუღით გაიხსენა გაბა, რომელიც ორმოცი ზამთრის წინ უყვარდა. გაბა ოცდაათი ზამთრის წინ გარდაიცვალა. ეს იყო მანამ, სანამ გავიცნობდი აკონია ფაბია პაულინას, იმ წელს, როცა ვეციუს აგორიუს პრეტექსტატუსი ქალაქის პრეფექტი იყო, ხოლო ფლავიუს აფრანიუს სიაგრიუსი - კონსული. როცა კაცი აქებს ქალს, რომელსაც ადრე იცნობდა და უკვე მკვდარია, ძალიან არასასიამოვნოა. ეჭვიანობ სხეულზე, რომელიც მიწამ შეჭამა, და აზროვნებაზე, რომელიც არარამ შთანთქა. აღმოჩნდები სულელის და უსამართლოს მდგომარეობაში.
XXXI. ოქროს ტომრები და ბამბუკები
ოცდაოთხი ოქროთი სავსე ტომარა.
ორას ორმოცდაშვიდი კვადრანტი.
ტაგის ბამბუკები საწერად.
XXXII. აღმოჩენა
არ მიყვარს სქესობრივი კავშირი პირველი სიესტის დროს.
XXXIII. კაცების სურვილზე ნათქვამი
ტრონკოს, სპატალეს ძაღლს, ნესტოებზე გამჭვირვალე რაღაც დაეკიდა.
- კაცებსაც რაღაც მსგავსი აქვთ, რაც მათ ასოს ბოლოზე უღიტინებს, _ სიცილით თქვა ლიკორისმა.
- ისინი ამას, მე მგონი, სურვილს უწოდებენ, _ მშრალად დასძინა მარცელამ.
- ეს სიტყვა საეჭვო სიცხადისაა, _ გაურკვეველი ხმით განაგრძო პლეკუსამ.
- ყველაზე უნივერსალური რამ იშვიათადაა დამარწმუნებული, _ მელანქოლიურად მიუგო სავფეიუსმა.
- მაგალითად, სიკვდილი, _ ნელა განაგრძო ლიკორისმა.
- ან რომაული ენა, _ გაჭირვებით წარმოთქვა სპურიუსმა.
- მაგალითად, ჭიპი, _ თქვა კ. ბასუსმა, _ ანუ ის, ეს კვალი ჩვენს შესახებ რაზეც მიუთითებს.
- მაგალითად, ყველა კაცი, მათ შორის იმპერატორი, რომელიც მილანშია, _ გაბედულად განაგრძო პლეკუსამ.
- მაგალითად, წყვილი ყური, _ ჩაერია მარცელა.
- გამონაკლისად მიმაჩნია ჭამა, _ თქვა ლიკორისმა. მე თავი დავუქნიე დასტურის ნიშნად.
მ. პოლიომ გამოგვიცხადა: «ლოკოკინები, როცა სისველე მოენატრებათ, ზეცა კი წვეთსაც არ გზავნის, ფორუმში კი არ მიდიან, ან კონსულთა ცოლებ__ის სასქესო ორგანოებში კი არ მიძვრებიან, არამედ ცდილობენ საკუთარი სუბსტანციით იცხოვრონ».
XXXIV. კიდევ ერთხელ კაცთა სურვილზე
პლეკუსას სახეზე ფერ-უმარილი უსვია.
- სახეს, რომელსაც შენ გვიჩვენებ, შენთან ერთად არ ძინავს, - უთხრა გაიუსმა.
- -სახეს, რომელსაც კაცები მალავენ, მათი მუცლის ქვეშ ძინავს, - მოუჭრა პლეკუსამ.
XXXV. რა მაქვს გასაკეთებელი
სახედარი.
მგელი.
ნუმიდიური ჭრელი ქათმები.
კოლხური ხოხბები.
XXXVI. რა მაქვს გასაკეთებელი
ბალბის ფოთლები კუჭის შეკრულობის წინააღმდეგ.
სალათები.
XXXVII. თეოლოგიური კამათი
- ღმერთებმა იულიანეს ეპოქიდან მიგვატოვეს, - თქვა კ. ბასუსმა.
- ღმერთმა ავგუსტინეს დროიდან დაგვტოვა, - დასძინა მ. პოლიომ.
- ღმერთებმა ნუმას დროიდან აიღეს ხელი ჩვენზე, - განაგრძო ტ. სოსიბიანემ.
- ღმერთს ყოველთვის მიტოვებული ვყავართ, - თქვა პ. სავფეიუსმა.
XXXVIII. კვ. ალციმიუსის მოგონება
მიყვარდა კვინტუსის მსუბუქი ხვრინვა და ოდნავი ამოოხვრა, როცა ძილში გვერდს შეიცვლიდა ხოლმე.
XXXIX. შემაშინებელი ხმაური
ბავშვობაში მეშინოდა ბრინჯაოს ხმისა, რომელსაც აბოლებულ გრდემლზე ურტყამდნენ.
ამფითეატრის ყიჟინისა.
მეხის ხმისა, თუ მას ელვა არ უძღვოდა წინ.
მამაჩემის ხვნეშისა ჭამის დროს.
გასაყიდი ღორების ჭყვიტინისა ბაზრის მოედანზე.
XL. ქურდობა
მძარცველებმა და ქურდებმა გაძარცვეს პლეკუსას სამფლობელო და დაამტვრიეს სკოპოს მარმარილო.
XLI. კვინტუს ალციმიუსის გახსენება
კვინტუსი თითქმის არასდროს ლაპარაკობდა. მახსოვს რიტმი, თითქმის მუსიკა, ნახშირის საჩხრეკი რკინისა, რომელსაც ის ნახშირის ღუმელში ატრიალებდა. მანამ, სანამ დამეუფლებოდა და მერეც, სქესობრივი კავშირის შემდეგ. თუ ლაპარაკობდა, წყლის ჭურჭელს და ტილოს თხოულობდა ან პირის დასაბანად, ან სასქესო ორგანოს გასასუფთავებლად, ანდა, პატარა ბავშვივით, სანამ საღამოს ზარი დარეკდა, ნამცხვრის ნაჭერს მოითხოვდა.
თავი III
(ფოლიანტ 490 ვ0-დან 495 რ0-დე)
XLII. წვიმა იუპიტერის ტაძარზე
წვრილად ცრის მოოქროვილი ბრინჯაოს კრამიტიან იუპიტერის ტაძარზე, კაპიტოლიუმის მთაზე.
XLIII. რომაული გაზაფხული
გაზაფხულმა იანიკულუმის მთის დაღმართიდან გამოგვასახლა. ორმოცი ურემი და ას ათი კაცი მიჩაქჩაქებდა გზებზე.
XLIV. რომაული გაზაფხულის სხვა შეფასებანი
გაზაფხულმა გააცოცხლა ფერები და განსაკუთრებული სიმკვეთრე მისცა ბგერებს. დავალაგეთ ვილის სამხრეთი ფრთა. მოვრთეთ ბინები. მოვამზადეთ ბინა, რომელსაც მთელი ზაფხულით დაიკავებს პუბლიუს სავფეიუსი. მერე მონებმა, მსახურმა ქალებმა და მებაღეებმა მიხედეს დასავლეთის მხარეს, სადაც ჩემი ბინებია. დაკიდეს ახალი ქსოვილები მას მერე, რაც მხატვრებმა ყველაფერი განაახლეს. დარაბების ანჯამები უხმაუროდ იკეტება. კერამიკოსებმა ოსტატურად აღადგინეს იატაკები. სუნი იყო ამაღელვებელი, მაგრამ ვერ შევძელი სახელი დამერქმია იმისთვის, რაც ამ სურნელმა მეხსიერებაში ამომიტივტივა. ყელი შემეკუმშა იმ პატარა მონასავით, ექვსჯერ რომ შესწრებია მკას და მუცლით ჭაზე დაყრდნობილი გაჭირვებით რომ ექაჩება სათლს ჯაჭვით, თუმც კი ვერაფერს ხედავს სიბნელის გამო. მისი სუსტი შიშველი ხელები მიჩვეულია სათლის სიმძიმეს, ქვის სველი კედლის ექო აძლიერებს ჯაჭვის დარტყმის ხმას და წყლის ხმაურიან ვარდნასაც, რაღაც შესვენების შემდეგ, სანამ მიწის პირამდე აიტანდეს მას; მაგრამ რასაც იზიდავ, ან რასაც უხმობ, რასაც იახლოვებ _ უფორმოა.
XLV. ლარნაკები
კორინთული ლარნაკები
ორი ფინიკიური ლარნაკი.
XLVI. საზიზღარი ღამე
მძულს ეს ღამე. ცოტა მეტი მომივიდა ცეკუბას დალევა და მწყრის ყვითელი ხორცი. მეოთხე უძილო ღამის შემდეგ სპურიუსმა ხვრინვა ამოუშვა და ლოთივით აღებინა. რასაც შეჩვეული ხარ, არ ნიშნავს, რომ იტან. ფეხი გავკარი ახალგაზრდა მონებს. წავედი და მეორე ექსედრაში დავწექი. ერთი კოღო მოფრინდა და თავთან ტრიალი დამიწყო, მხრებზე დამაჯდა, მერე ცხვირზე. იზუზუნა, წავიდა, მერე ყურზე დამაჯდა, მერე ლოყაზე. ის იყო მწერი გამეცალა, რომ შორიდან ურმების ჭრიალი გავიგონე. ისევ ვკარი ფეხი ახალგაზრდა მონებს და სპურიუსის გვერდით დავწექი. ავდექი ქანცგაცლილი, გაღიზიანებული, დაახლოებით ანიცია პრობას ხასიათზე დავდექი, როცა დაბრუნდა თავისი ღმერთიების შესაჭმელად.
XLVII. კ. ბასუსის და პ. სავფეიუსის ეპიგრამები.
ტიბერიუს სოსიბიანე დიდ აუზში შეცურდა.
- არ არის სასიამოვნო, რომ წყალში სწორ ნაწლავს ყოფს, - თქვა პუბლიუსმა.
- მე მას იმას კი არ ვსაყვედურობ, რომ სწორ ნაწლავს ყოფს წყალში, არამედ იმას, რომ ბოლოს იქ პირსაც გააღებს, _ თქვა კ. ბასუსმა.
- პუბლიუსმა დასძინა:
- ტიბერიუს სოსიბიანე ლაპარაკობს. იგი აბინძურებს ჰაერის უსასრულობას და ღმერთების სამყოფელს. ტუჩებს ამოძრავებს და ლურჯი ცა, რომელზეც მისი სახე იკვეთება, იღრუბლება.
XLVII. ჩიტებზე დაკვირვება
ას ოცი წლის ყვავებმა ორჯერ გადაუფრინეს ბაღებს და დაიჩხავლეს.
XLIX. 400 წლის 11 მაისი
გუშინ სპ. პოსიდიუსი დარბოდა ფეხშიშველი მთელ სასახლეში და თან ბრინჯაოს ლარნაკზე აკაკუნებდა. შავი ცერცვის მარცვლებს ისროდა. შვიდჯერ შეევედრა სულებს. სულებო არ დაბრუნდეთო, _ ყვიროდა. სულებო არ დაბრუნდეთ! სპურიუსი დატრიალდა და წაიქცა. გულწასული თავის ოთახში წაიყვანეს. სპატალე უვლის.
L. რა არ უნდა დამავიწყდეს
გატარებული ხორცით დატენილი ღორის ნაწლავი.
ორი თოვლის გუნდა ფალერნში.
ლაბულას ლეღვის ჟელე.
LI. ავი წინასწარმეტყველება
საშინელი წინასწარმეტყველება გამოვიდა მსხვერპლთა შიგნეულობიდან.
LII. რა უნდა გავაკეთო
ორთაღიანი კარი, რომელიც აპიას გზაზე გავა.
ნეაპოლის ვილა და მეგარის კუნძულის ვილა.
LIII. რა უნდა გავაკეთო
პომპეუსის ჭალები.
ქეიფი მარცელასთან.
LIV. ლიკორისის ნათქვამი.
ლიკორისი ამას მომიყვა, სანამ პუბლიუსს გავიცნობდი. პაპიანილა გარდაიცვალა როცა ნონიუს ატიკუს მაქსიმუსი პრეტორიუმის პრეფექტი იყო, განწმენდის თვის მეცხრე დღეს. პ. სავფეიუს უმცროსი თავს ძალას ატანდა სტოიციზმის მიმდევრებისათვის მიებაძა, მაგრამ ცრემლები ღვარად სდიოდა სახეზე. ცდილობდა ჩვეულებისამებრ ეხუმრა, პარადოქსები ეთქვა, მაგრამ ლოყები ცრემლით ჰქონდა სავსე. ერთხელ, სენატში მიმავალს, ანიცია პრობა შეხვდა, ეტლი გააჩერებინა და ტრადიციულად მიუსამძიმრა, თან თავისი სიყვარული დაუდასტურა. მას მცველები ერტყა გარს, წითელბაფთიანი ტუნიკა ემოსა, საბას ქვეყნის მეფეთა ეპოქის ქანდაკებასავით ხელები დაშვებული ჰქონდა, წითელი ტყავის ფეხსაცმელებს ჩაშტერებოდა, იდგა მოშიშვლებული თავით მზეზე და ტიროდა. ანიცია პრობამ შეახსენა, რომ წმინდა საქმეებზე უნდა ეფიქრა, არ უნდა დავიწყებოდა არც ის, რაც სიკვდილის შემდგომ ხდება; მერე დასძინა, რომ ალბათ დრო იყო ჯვარზე გაკრული გასისხლიანებული ღმერთისკენ შემობრუნებულიყო. პ. სავფეიუსმა შეხედა და უთხრა:
- სად გამოვნახო დრო წმინდა საქმეებზე, სულის უკვდავებაზე და ღმერთზე საფიქრელად, როცა ის ვერ მომიხერხებია, რომ ცრემლი მოვიწმინდო?
LV. რა მაქვს გასაკეთებელი პ.ნ.
მივდივარ კარენში.
LVI. კვ. ალციმიუსის ნათქვამი
კვინტუსი ყვიროდა:
- არ შეგვიძლია შევაერთოთ ჩვენი სხეულები უსასრულო ღამეში. გამეღვიძა. მუცელი ოფლიანი მქონდა. როსტრში ვიყავი პაემანზე, სილიგს ველოდი და ცხვირწინ მარსიას ქანდაკება მედგა, რომელიც გოლიათის პროპორციებით გამოირჩეოდა.
LVII. სიხარული, რომელიც განთიადს მოაქვს.
მიყვარს განთიადი, ჩრდილები, რომელთაც შუქი შთანთქავს.
როცა სახლის სახურავები და ხეები პარკში თანდათან საცნაური ხდება.
ღამის სუნი, ოფლი და სიამოვნებანი, თანდათან რომ გახსენდება, მით უფრო, როცა ეს სიამოვნებანი შორს რჩება. თანდათან სხეულებს გარეგნობა უბრუნდება, იქამდე, რომ გარეგნობებს მალავენ და ასხვაფერებენ.
გრილი წყალი თვალებზე და ყელში.
LVIII. სპ. პოსიდიუს ბარკას ლიტანია
ეტრუსკული გობელენით შემკული გასაშლელი სკამი სპურიუსის სასთუმალთან დავადგმევინე. სეციას ფერდობის ერთი სეტიე ღვინოც მოვატანინე. ნაღვლიანი სპურიუსი, თვალგაშტერებული, აცახცახებული ხელებით, ლუღლუღებს:
- იყო დრო, როცა არ ვარსებობდი და იყო დრო, შენც რომ არ იყავი. ალბათ მოვა დრო, როცა მე აღარ ვიქნები, შენ კი დარჩები, ან დრო, როცა შენ არ იქნები, მე კი დავრჩები, ეს ალბათ ყველაზე სევდიანი დრო იქნება. მერე კი დადგება ჟამი, როცა არცერთი არ ვიქნებით და აღარასოდეს ვიქნებით.
როცა ის ლაპარაკობდა, სპატალე ლამფებში ზეთს ასხამდა. თითით მოვეფერე ხელზე სპურიუსს, რომელიც კანკალებდა.
LIX. რა არ უნდა დამავიწყდეს
ბალბა კუჭის მოქმედებისათვის.
LX. ბაიესის გახსენება
ცქიმურებს და ნეაპოლურ მსხლებს ვჭამდი. დავინახე ბაიესი.
სამხრეთის ქარი უბერავდა და შაქარში შებრაწული ხილის სურნელი იფრქვეოდა.
მთვარე გაწითლებულიყო.
დილით, ჩემი დიდედის დედა, მსახური ქალებით გარშემორტყმული, პირველ ბაღში სეირნობდა. ლაპარაკის უფლება არ ჰქონდათ. ნათესებზე რაღაც თეთრი ორთქლისმაგვარი ცახცახებდა.
ერთხელ, ჩემი დიდედის დედა შეჩერდა და სიჩუმე დაარღვია. «შეხედეთ» თქვა და რაღაცისკენ ხელი გაიშვირა ბალახებში. არ მახსოვს რა იყო, აღარ ვიცი რაზე ანიშნებდა ჩემი წინაპარი, მაგრამ მახსენდება, რომ მაღალ ბალახში, ჩემგან მარცხნივ, ღამეული ობობა ქსელს აბამდა. დილის ნამი ცახცახებდა. ჰაერს კი ვარდისფერი შეფერილობა ჰქონდა.
«პატარა ბაყაყები ბრუნდებიან, - ხმამაღლა თქვა დიდედას დედამ, - თენდება».
თავი IV
(ფოლიანტ 495 ვ0-დან 499 ვ0-დე)
LXI. ლუციანუსის მათხოვარი ქალი
ლუციანუსმა შინ შემოიყვანა ერთი მოხუცებული ქალი, რომელსაც ყვითელი ტოგა ემოსა და პარკის ჩრდილოეთ კარიბჭესთან მათხოვრობდა. მან იგი დააპურა. ქალმა ჩემი ნახვა მოსთხოვა. ლუციანუსს იგი ენაგატლეკილი და სასაცილო ეგონა და ჩემთან საჩუქრების დარიგების დროს მოიყვანა. ქალის ტოგა ისეთი ჭუჭყიანი იყო, გაფუჭებულ კვერცხის გულს ჰგავდა. მოკლე სამოსელიდან დაჭმუჭნილი მუხლები და მომჩვარული ბარძაყები მოუჩანდა. იერით ბებერ ბაყაყს ჰგავდა. სახე მთლად დანაოჭებული ჰქონდა, ცხვირი ზედ მიჭყლეტოდა, ფართე ნესტოებიდან ჟღვინტლი მოუჩანდა. როცა ასაკი ვკითხე, პასუხად პირი დააღო და ორი ჭვავისფერი კბილი გამოუჩნდა. ხმა წარმოუდგენლად გამორჩეული ჰქონდა. სასიამოვნო და მაღალფარდოვანი ენით ლაპარა__კობდა. ორმოცი ზამთარი მოეყარა და პალესტინიდან ახალი ჩამოსული იყო. მსახური ქალები მოგვიახლოვდნენ და ყველამ ერთად ნაცნობ ლტოლვილებზე ჩამოვუგდეთ სიტყვა. მან თქვა, რომ ღვინო უნდოდა. ვითხოვე მოეტანათ ერთი ფიალა ბაი. «იცნობ კვინტუს ალციმიუსს?» მკითხა და თვალებში ჩამხედა. ავიშალე. «მე მას მკის სამი სეზონის პერიოდში ერთ ადგილს ვულოკავდი, შენ კი ბაის ღვინოს მთავაზობ» - თქვა მან. «უბრძანე მასიკი მომიტანონ!» ვუბრძანე, შეესრულებინათ მისი თხოვნა. ქალმა ამოანთხია უკვე გარდაცვლილთა გვარები. მკლავი გავუყარე და შევთავაზე, ერთი წამით ჩემთან ერთად პარკში გაევლო. იგი დამთანხმდა. მას კვინტუსი ჰყვარებოდა იმ წლებში, როცა ფლავიუს აფრანიუს სიაგრუსი ქალაქის პრეფექტი და ანტონიუსის კოლეგა იყო. ქალი რდა. მან მუცელი მოიფხანა, ფეხები გაჩაჩხა და ხმაურიანად მოშარდა. ცოტა ღვინო მოჰკიდებოდა. მივუახლოვდით ტბას. განთიადის შუქის ნაკვალევზე იხვები წყნარად მიცურავდნენ. ქალი ქვის სკამზე ჩამოჯდა, მსუქან თეძოებზე ხელების ტყაპუნი დაიწყო.
- ლალაგე ასდიგა ვარ, _თქვა ბოლოს, _ ზღვა ღრღნის სანაპიროს და ქმნის ყურეს. პირი და უკანალი ღორის მაქვს. ლამაზი ვიყავი. დრო წყლით ჩამოშლილი კლდეების და ქვიშის ღმერთია. ყველაფერი გვშლის და გვანგრევს სიკვდილში. დიდი ხანია, რაც ხონჩაზე დალაგებულმა ხილმა სინორჩე დაკარგა და გამომაგდეს. კვინტუსი მიყვარდა და ზოგჯერ, ოცნებაში, მისადმი სურვილი მიჩნდება.
ხმა სასიამოვნო ჰქონდა, კილო საოცრად სუფთა. წამოდგა და მკლავში ხელი მომკიდა. უკან, სასახლეში დავბრუნდით. «მე შენს საყვარლებს უკანალზე ბეწვებს ვაცლიდი და შენ კი ზეთისხილს მაძლევ!» _ შეჰყვირა, როცა მსახურ ქალებს მივუახლოვდით. ვუბრძანე, მოემზადებინათ მისთვის კალათა საგანგებოდ შერჩეული კარგი ხორცის ნაჭრებით და ტკბილი მაკარონით. როცა იგი უკვე ჩვენგან შორს იყო, ლუციანუსს ვთხოვე ახალგაზრდა მონები დაედევნებინა, რომელთაც მათრახის ცემით უხეშად უნდა გაეძევებინათ, რათა შემდგომში უკან დაბრუნების სურვილი აღარ ჰქონოდა.
LXII. პ. სავფეიუს უმცროსის შეღებილი შალის თავსახვევი.
ბუჩქის კუთხეში ვხედავ პ. სავფეიუსის ეგვიპტური ლურჯი ფერის თავსახვევს. ის ჩემსკენ მოდის. მერე პუბლიუსის სახის ნაკვთებსაც ვარჩევ. მერე მის ხმასაც ვიგებ: აგორიუს პრეტექსტატუსს აქებს.
LXIII. საგნები, რომლებიც მკვიდრად დგას
მკვიდრად მდგარ საგნებს დავამატებდი ღმერთების ქანდაკებებს.
დედალ და მამალ იხვებს, რომლებიც ხელოვნურ ტბაში ჩანჩქერისაკენ მიცურავენ.
ქმარს, რომელმაც უღალატა ცოლს და ზერელე სიტყვებით ატყუებს. იგი დარბაზიდან გადის, თითქოს რამე დავიწყებოდეს.
LXIV. რა არ უნდა დამავიწყდეს
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომის კედლებს გარეთ დავრჩეთ პირველ ოქტომბრამდე.
LXV. რა არ უნდა დამავიწყდეს
სარდიონები.
იასპები.
საყურეები.
მენტორისეული თასი.
LXVI. რა არ უნდა დამავიწყდეს
გალური საკურტუმეს ჩაცმა.
თეთრი კბილები.
ვენეციური გაცრილი მიწა.
LXVII. მარცელასთან
სამჯერ მივედი ხვნეშით მარცელასთან.
LXVIII. ოქროს ტომრები
ოცდაოთხი ოქროს ტომარა.
LXIX. რა უნდა გავაკეთო
წიწმატი.
ლალეტანიის მაჭარი.
L__15XX.
სპატალემ პ. სავფეიუსს დაუძახა:
- ბებერო მელოტო მეტიჩარა!
პირველივე შეხვედრისთანავე პუბლიუსს გადავეცი ჩემი მხლებლის სიტყვები. პუბლიუსმა მიპასუხა:
- მე სპილენძის სარკესავით ვიპრიალებ კეფას, რათა იქ აპოლონის ამომავალი მზე აირეკლოს.
მერე მიუბრუნდა ახალგაზრდა მონას, აფერს და დასძინა:
- მოხუცი მელოტის კეფაზე დაიდება მტვერი?
აფერმა მიაგნო პასუხს და უთხრა:
- ამქვეყნად ყველა მელოტის უამრავი თმა დამტვერილია ტილებით.
LXXI. ავადმყოფური ხმები
ნევიას უცებ სუსტი და არადამაჯერებელი ხმა გაუხდა, არაომახიანი, თუმცა არ გავდა მათ ხმას, ხანგრძლივი ხველა რომ აწუხებთ. ყურს უგდებ რაღაც ცოცხალი ხმისგან მოგვრილ თავბრუსხვევას, რაღაც კლდისმაგვარს. ამგვარ ხმებში სიკვდილის ჟღერადობა მესმის. სპურიუსის ხმა უკვე ორი წელია ნევიას ხმას ჰგავს. ასეთი ხმები აღმოგვაჩენინებს ხოლმე, რომ ჩვენი თავები პატარა ძაფებს უჭირავს, რომლებიც ყურებზეა დამაგრებული, რომ ხელებიც ძაფებს უჭირავს, რომ ჩვენი ხმაც შალის პატარა ძაფზეა დაკიდებული.
LXXII. რა არ უნდა დამავიწყდეს.
გასუქებული ძილგუდები.
LXXIII. წარსულიდან შემორჩენილი საგნები.
პ. სავფეიუსთან ერთად დავთვალე საგნები, რომლებიც წარსულიდან შემოგვრჩა და რომელთა ხილვაც გულს გვიჩქროლებდა.
ყვითელი ქსოვილის ნაჭერი, გვირილის საღებავით შეღებილი.
კვინტუს ალციმიუსის დაფები, სადაც სამი სიტყვაც კი არ წერია.
ორთვლიანი ეტლი ფარდულში.
ბავშვის ბზრიალა, ოდესღაც ცისფერი, ახლა მთლად გათეთრებული.
პაპიანილას ფრჩხილები და თმა.
პუბლიუსმა თქვა:
- წარსულის ერთადერთი ნივთი ყოველი ის ღამეა, როცა სავსე მთვარე ანათებს, დედამიწა გამომშრალია და კვალის დამჩნევის არ ეშინია.
თავი V
(ფოლიანტ 500 რ0-დან 505 ვ0-დე)
LXXIV. კვინტუს ალციმიუსის გახსენება
კვირინალის მთაზე კვინტუსი ოთხჯერ სუსტად მიკაკუნებდა დარაბაზე. ოდნავ ვაღებდი კარს. ნისლისგან დანესტილი ჰქონდა სამოსელი. გულში რომ ჩამიკრავდა, სიცილით ვთხოვდი ხოლმე გაეხადა მოსასხამი. აწეწილ თმაზე წვეთები ისე ეკიდა, როგორც გვიმრას. ითხოვდა თეთრეულს. არ მქონდა ღუმელი. ტანთ ვხდიდი და ვზელდი. თოვლივით ცივი ჰქონდა ხოლმე ფეხის და ხელის თითები. ყურთან მოჰქონდა ტუჩები და უწმაწურ სიტყვას მეუბნებოდა. ენერგია და სიხარული მემატებოდა.
LXXV. რა არ უნდა დამავიწყდეს
ბალბა კუჭის შეკრულობის საწინააღმდეგოდ.
აბაზანისთვის საქვაბე.
LXXVI. რა არ უნდა დამავიწყდეს
ტიტუსის აბანოები.
LXXVII. ზამთრის აღწერა
მიყვარს მწველი სიცივე, წვიმებისა და ნისლის შედეგად სუფთა ზამთარი; ნაბიჯების ხმა ხეივანში.
თეთრი ყინული სახურავებზე და მარმარილოზე.
თეთრი თრთვილი მსახურთა შინიონებზე.
თვალისმომჭრელი შუქი.
სუნთქვა, რომელიც ბავშვებს ნისლივით ასდით. ცხოველები, ადამიანები, მონები, რომლებიც ყინულს დაამტვრევენ.
მიყვარს ალმოდებული ხის ნახშირი ღუმელში, მიყვარს ვუყურო სხეულებს, ღუმელისკენ რომ მიდიან - სხეულის სხვადასხვა ნაწილს, თითოეული ადამიანის სურვილისა და ახირების მიხედვით უფრო ახლოს რომ მიდის ღუმელთან.
LXXVIII. საშინელი ყელის სიმშრალე
საშინელი ყელის სიმშრალე შუბლის მარცხენა მხარეს მატკიებს. არ მაძინებს ხველება. პუბლიუს სავფეიუსი ჩემს სანახავად მოდის. სუნთქვა მაქვს გახშირებული.
- შენ გულში ცოტა ფერფლი გაქვს, _ მითხრა მან. _ რაც ჩვენ განვიცადეთ, ის ბოლომდე არასოდეს იწვის. სწორედ ის ცოტა ფერფლი გულში გიშლის სუნთქვას.
LXXIX. პ. სავფეიუს უმცროსის სიტყვა.
პ. სავფეიუსს თავზე შალის ლურჯი თავსახვევი ებურა. ზემოდან ყვითელი ქუდი ეხურა. მახველებდა. სპატალეს ნაყენები და ცხელი ღვინო მოჰქონდა, მარულა ლამფებში ზეთს ასხამდა. ცას წყლის ზედაპირზე ამოტყორცნილი შავი ნალექის ფერი ჰქონდა. საშინლად მახველებდა. პუბლიუსიც ახველებდა.
ვიხსენებდი სპურიუსს. ვლაპარაკობდი სიკვდილზე.
- არაფერი გაქვს შესაშინებელი, _ მეუბნებოდა პუბლიუსი, _ როგორც ყველა კაცი, მეც პირველი ლუკმა ვიქნები, სიკვდილის არენაზე გადაგდებული.
LXXX. რა არ უნდა დამავიწყდეს
აპრილში ის ქალი გადაივლის ტიბროსს პორტოში.
LXXXI. რა უნდა მახსოვდეს
ტალახისგან გამომპალი ძველი ფეხსაცმლის ლანჩები.
LXXXII. ბედნიერების ნიშნები
ბედნიერების ნიშნებია: მემკვიდრეობით მიღებული ქონება.
ზუსტი მეტყველება, მათი კილო, ვისაც არა აქვს კილო.
მრავალფეროვანი პარკი, დაჩრდილული, მთიანი და ღრმა.
ძლიერი სხეული.
სხვადასხვანაირი მეგობრები, ენამჭევრნი, რომელთაც იციან კითხვა, აგრეთვე გულმოწყალე და ოდნავ უხეში სტუმრები.
კაცის სახე, რომლის თვალებიც ყველა გრძნობას ავლენს აღმოსავლური სარკის დარად.
ხუთსაათიანი უწყვეტი ძილი, იმ პირობით, რომ არავინ გაგაღვიძებთ.
კაცთან ყოფნა, რომელსაც უყვარს სიამოვნება, ანუ აქვს სიამოვნების კულტურა.
ზომიერი გადარევა სიკვდილის სიახლოვეს.
აბაზანის მიღება.
ქნარზე დაკვრა.
LXXXIII. სპ. პოსიდიუს ბარკას ძველი ნათქვამი
სპურიუსი ამბობდა, უკვე თხუთმეტჯერ ჩაიარა მკამ მას შემდეგ, რაც პუბლიუსის უკანალი ისეთი გამხდარი იყო, რომ მარიუსის უკანალში ჩაეტეოდაო.
LXXXIV. ბედნიერება
ბედნიერება: სებურას ქუჩის მიდამოებში ხეტიალი.
მეთერთმეტე საათი და ლაპარაკი მაშინ, როცა მაღაზიები იკეტება.
როცა იღებ ვიტელიუსის დაფებს.
სიმთვრალე ძილის წინ.
LXXXV. რა არ უნდა დამავიწყდეს
პიტნა ხველების საწინააღმდეგოდ.
დამამშვიდებელი ბალბა.
სასინას ყველი.
LXXXVI. პ. სავფეიუს უმცროსის ეპიგრამა.
პუბლიუსმა ბ. პოლიოს ლაჩრობაზე ასეთი ეპიგრამა შექმნა:
- ოთხ ფეხზე შემდგარი სვამს ძაღლის წყალს.
LXXXVII. ნასიკას სუნი
ნასიკა მოდის ჩემს სანახავად. იგი მელანიას რჩევით ქრისტიანად მოექცა. მას ზეთი ასხურა მღვდელმა და სახელად პაულინა შეარქვა. მე უცებ ვუთხარი:
- ძალიან მძაფრი სუნი გიდის. სოტოდესს მიაკითხე.
პაულინა ამტკიცებს, რომ ქალწულის სხეულმა მხოლოდ კვირაში ერთხელ უნდა მიმართოს სისუფთავისთვის საჭირო ზოგჯერ უსირცხვილო მოძრაობებს. «სხეული არის ნაგავი», ამბობს პაულინა. სიცილით ვპასუხობ, რომ ამის დასანახად საჭირო არ არის დიდხანს მისი ყურება. ვერ ვბედავ ველაპარაკო მის უცნაურ აკვიატებაზე, რომელიც არ შეესაბამება ღმერთებისათვის განკუთვნილ სხეულს, ხელუხლებელს, რადგან ჭუჭყი ძვრება. ნეტავ რატომ გადაუსვამს ხოლმე სკამს ხელს პაულინა დაჯდომამდე? არ ჯობდა თავისი დუნდულებიდან მოეშორებინა მტვერი, სანამ სკამზე დაჯდებოდა?
LXXXVIII. რა არ უნდა დამავიწყდეს.
პიტნა ხველების საწინააღმდეგოდ.
სასინას ყველი.
LXXXIX. სპ. პოსიდიუს ბარკას ავადმყოფობა
სპურიუსის საწოლთან გასაშლელი სკამი დავადგმევინე. მას დორბლი ჩამოსდიოდა. მისკენ დავიხარე. აყროლებული წიწილის სუნი ჰქონდა. კვერცხშივე აყროლებულის. სკამზე დავჯექი და ხელი მეუღლის მკერდზე ჩამოვდე. ვუთხარი, რომ მკვდარი ძაღლის სუნი უდიოდა. მითხრა, რომ ეს პატარა მუოლას ბეწვის სუნს გაგვახსენებდა. მერე კი დასძინა, არ გინდა იძულებით ჩემი მონახულება, ანდა დღის ბოლოს ასე ხანგრძლივად ჩემთან ყოფნაო. მე ვუპასუხე:
- შენთან მოსვლას მაშინ შევწყვეტ, როცა ეგვიპტური ჰიპოპოტამის გაზის სუნი აგივა.
სპურიუსმა გულიანად გაიცინა. მერე მომეიუსს ხელიდან გამოვართვი დიდი ფიალა, რომელიც თავისი ბატონის პირთან მიჰქონდა. სპატალე დამეხმარა, სპურიუსი წამოიწია, მე კი პირში თითები ჩავუყავი, რომ გულისრევაში დავხმარებოდი. პირველი უძილო ღამის შემდეგ იგი მისუსტდა. მასთან დავრჩი, სოტოდესი მოვაყვანინე. დაველაპარაკე და შარდი და განავალი მიჩვენა. კლადუსმა ჰოროსკოპი შეადგინა.
როცა დაღამდა, მას მერე, რაც ლამფებში ნავთი ჩაასხეს და კედლებზე დაკიდეს, ხოლო სპატალემ, ფლავიანამ, მარულამ და მე სხეული სურნელოვანი ფისის, რძის და კატაბალახას ნარევით დავბანეთ, სპურიუსმა ენის ბორძიკით, ახირებულად მოითხოვა, რომ პლებეები, მსახურები და მონები გასულიყვნენ. ფლავიანამაც კი დატოვა ოთახი. სპურიუსი დამშვიდდა. დიდხანს მელაპარაკებოდა, თანდათან მის სიტყვებს ვეღარ ვიგებდი, ბავშვივით ლუღლუღებდა. სიტყვებზე მეტად მის მღერად ხმას ვუსმენდი, რომელსაც ძილის მოთენთილობასთან ერთად სიკვდილის სიმშვიდე და სისუსტე შეუმჩნევლად შერეოდა.
სპურიუსი ლაპარაკობდა ზაფხულში მოგზაურობაზე. ერთად უნდა წავსულიყავით. თითები თითებს შორის შევუცურე. მიჭირდა, ამ ასაკოვან, შიშველ, ვარდისფერ, ბეწვგაცლილ, დაჭმუჭნილ, ოფლით აპრიალებულ სხეულში საკუთარი ქმარი შემეცნო. ვხედავდი უსწორმასწორო, მოკუნტულ სხეულს, რომელიც ბავშვივით წოვდა შიშს, რათა დაეძინა. ერთხანს ვუყურებდი, როგორ ეფლობოდა ძილში. მიკვირდა, რომ კაცს, რომელმაც თავის დროზე მარცხენა ხელი რადამანტს ჩამოართვა, მარჯვენა კი ეავეს, ხოლო კეფა შარუს უროს შეუშვირა, შეეძლო სიმართლისათვის გვერდი აექცია და დაეჯერებინა, რომ მისი ავადმყოფობა წარმავალი იყო. როგორ შეეძლო თავის სატკივარში სიკვდილი არ ეგრძნო. სადილად თევზის ფილე, ცოტაოდენი ღორის კუპატი, შემწვარი მოლუსკი და შაქრიანი ჭარხალი მქონდა. ორი სეტიე პრომიუსის ღვინოც დავლიე.
XC. სპ. პოსიდიუს ბარკას ავადმყოფობა.
კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, უვლიდა ფაიფურივით თეთრ კბილებს, წუხდა სიბერის მოახლოებას, გრძნობდა სიკვდილს მეგობრების გარდაცვალების ჟამს... ასეთი კაცი უარს ამბობს, შეხედოს საკუთარ სიკვდილს, იმედი აქვს გამოკეთების. უამრავი გეგმა აქვს, რაც სასაცილოდ ჩანს მათ თვალში, ვინც იცის მისი სხეულის მდგომარეობა და ყურებს უჭედს ქალს, რომელმაც იცის, რომ ამაოა გეგმების დაწყობა.
კაცი, რომელსაც გველი თავისი მშვილდისრის ჩრდილი ჰგონია.
XCI. რა უნდა გავაკეთო
დარიჩინი და მალამო.
XCII. სპ. პოსიდიუს ბარკას სიკვდილი.
მან გაბას სახელი ამოილუღლუღა. მერე გაუგებარი სიტყვები წარმოთქვა. ლეიტუსი და ფილო ფეხებზე სალბუნებს ადებდნენ, ხოლო ფლავიანა და სპატალე პიტნის ნაყენს უმზადებდნენ; სახე ჩემსკენ გადმოწია, თვალებით თითქოს რაღაც მკითხა. ხელი ხელზე დავადე. ყველა ჩუმად ფაციფუცობდა. მარულამ ნავთი ლამფებში ჩაასხა. სპურიუსს ყელიდან მუცლის ბუყბუყი ამოუვიდა. ერთიმეორეს მიყოლებით, არ ვიცი რა უჩუმარი გადამდები ძალით, გავშეშდით. მერე ვიტირეთ და ვიყვირეთ.
XCIII. რას უდის კარგი სუნი
მურტს.
კორიკოსის წითელ ზაფრანას.
აყვავებულ ვაზს.
დამსხვრეულ ქარვას.
ფოლიატის შემადგენელ კატაბალახასა და მურას.
XCIV. რა არ უნდა დამავიწყდეს
ქრისტესისხლას წვენი
აფრონიტის რვა ბურთულა.
XCV. რა უნდა გავაკეთო
კალენდის ანგარიშები.
XCVI. ოქროს ტომრები
ოცდაოთხი ოქროს ტომარა.
XCVII. სპ. პოსიდიუს ბარკას სიტყვა
სპურიუსის სიკვდილის შემდეგ აღარაფერზე ვფიქრობდი. ამ დილით გამახსენდა, რა მითხრა სპურიუსმა აგონიამდე. მისმა ნათქვამმა ამაღელვა:
- არ არსებობს სხვა ცხოვრება. ჩვენ აღარ შევხვდებით.
ცრემლები გვდიოდა. ერთმანეთს ხელს ვუჭერდით.
თავი VI
(ფოლიანტ 506 ვ0-დან 512-დე)
XCVIII. ბავშვთა თამაშები
ბავშვები თამაშობდნენ თავიანთი პაწაწინა ხელებივით პატარა მოწითალო და ყავისფერი ქვებით.
XCIX. ბავშვთა თამაშები
ვეიესში, მე და მატრინია ათი წლისანი ვიყავით მაშინ, შუადღისას, როცა მზე ზენიტს იყო მიღწეული, მანიუსი და დეციმუსი ვნახეთ თავლაში, ეტლის ჩრდილში, ხმელი თივის ზვინზე ეძინათ. როცა მივუახლოვდით, სიცილისაგან გვასლოკინებდა. სიბნელე, ცხოველთა მძაფრი სუნი, თივის, ფუნის და შარდის სუნთან შერეული, გულს გვიძგერებდა. მოჩანდა თივის საზიდი ურმების უდიდესი ბორბლები, წნელის კედლებიდან შემოსული სინათლისა და ჩრდილის ზოლები თვალებზე გვეფინებოდა. იქვე წვეტიანი სახნისები ეკიდა; პირგამშრალები მანიუსის მსუქან ფეხებს მივუახლოვდით და ორივეს ზემოდან დავეცით. შუადღე სახნისებზე და ოფლისგან ბზინვარე სხეულებზე ირეკლებოდა და მორცხვ მზერაში, ქათმების კრიახსა და გიჟურ სიცილ-ყვირილში დავინახეთ, როგორ მოძრაობდა დეციმუსისა და მანიუსის სხეულები, შევამჩნიეთ მათი გამონადენი. ეს იყო მანამდე, სანამ მათ თმას შეჭრიდნენ. მანიუსის პატარა ტუნიკა დაიხა. საღამოს დაგვსაჯეს. მახსოვს, როცა წამოვდექით, ჩემი ხელი დეციმუსის ბარძაყს შეეხო. გრილი და წებოვანი სითხე ვიგრძენი. გავწითლდი. შევხედე დეციმუსს. იგი, ყურებამდე გაწითლებული, მე შემომცქეროდა.
ჩ. კარისტიას საჩუქრები.
კარისტიას ზეიმი.
ჩემი ქალიშვილის, ფლავიანას ექვსი შვილი და ყველაზე პატარა, ლუტიუსი.
ჩემი ძმისშვილის, ვეტუსტიანას შვიდი პატარა.
ჩემი ვაჟის, კნეუსის ორი ბავშვი.
ჩემი ვაჟის, ფაბრიციუსის, თორმეტი შვილი.
ჩემი ვაჟის, სექსტუსის ოთხი.
ჩემი ქალიშვილის, ავფიდიას რვა შვილი და ორი შვილიშვილი.
ჩემი ქალიშვილის, პლეკუსას სამი პატარა.
CI. ბეჭდებით მოთამაშე პლეკუსა.
ჩემი ქალიშვილი პლეკუსა მაღიზიანებს. სულ ბეჭდებით თამაშობს. ბეჭდებით, რომლებიც მე კარისტიას ზეიმზე ვაჩუქე.
CII. რა უნდა მახსოვდეს.
ნეაპოლური მსხლები.
დაჭყლეტილი ყურძენი.
ფალისცთა მხარის შიგნეული.
ციმორები ბავშვებისათვის.
* 22 თებერვალი 406 - კარისტია არის ოჯახური ზეიმი. ამ დღეს ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიდნენ.
CIII. ოქროს ტომრები
ოცდაოთხი ოქროს ტომარა.
CIV. პ. სავფეიუს უმცროსის სიტყვა
პუბლიუსი ტი. სოსობიანესაკენ მიტრიალდა და თქვა:
- მას მერე, რაც სამყარო ცოცხალ არსებად იქცა, სახლს ცეცხლი უკიდია. სამყარო ცეცხლშია გახვეული, ამიტომ იგი განათებულია.
CV. პლეკუსას სიტყვა
პლეკუსა თავის ქმარზე ამბობს, მისი უკანალი იმდენადაა ბალნით დაფარული, რამდენადაც სული აქვს ამოპუტულიო.
CVI. რა უნდა გავაკეთო.
კალენდების ანგარიშები.
CVII. კ. ბასუსის ჰიპოთეზა სუნთა წარმოშობაზე.
კაიუსი სიტყვას იღებს და გამოთქვამს ჰიპოთეზას აყროლებული სუნის მიზეზზე:
- სანამ დავიბადებით, იმ ცხოვრებიდან შემორჩენილი გვამები ვართ, რომელიც არ გვახსოვს და ოკეანის ფსკერზე ვტივტივებთ.
როცა დედები სხეულით გვატარებენ, ვიბერებით, ჰაერს ვიღებთ, ვყროლდებით, ნელ-ნელა ზედაპირზე ამოვდივართ.
უცებ, დაბადების აქტი ნაპირზე გვრიყავს. ეს რაღაც უცაბედი და დამანგრეველი ტალღაა. ტ. ლუკრეციუს კარუსი ამბობდა, რომ ყოველდღე, ჩვენი არსებობის მანძილზე, სინათლის ნაპირისაკენ მივისწრაფვით შეუჩერებლივ.
მზე როცა აჭერს, ვიხრწნებით და ვყვირით.
სიკვდილის წყალობით, ჩვენ ვაღწევთ უსუნო უფსკრულის სიჩუმესა და სიმშვიდეს.
CVIII. ლიკორისის სიტყვა
კარინუსს მანამდე უყვარს ბავშვები, სანამ წვერი ამოუვიდოდეთ. კასინუსს სურს ლიკორისის შვილები. ლიკორისი ამბობს, როცა იგი სერვიესსა და ავლუსს ხედავს, უკვე ტუჩები უცახცახებსო.
CIX. რა არ უნდა დამავიწყდეს
ოთხი ჰოლანდიური საპონი.
ორასი სელის ფილტრი სურებისათვის.
ორასი სადესერტო კოვზი.
ბაბილონური ნაქარგები.
CX. რჩევები მის ქალიშვილ ფლავიანას.
ცალკე გავიყვანე ფლავიანა და ვუთხარი:
- არ გირჩევ ნიკომაკუსის განებივრებას. მიეჩვევა ყურადღებას და როცა სევდა ან თავის ტკივილი შეგაწუხებს, ან თირკმელები შემოგიტევს, შენ უკვე დაღლილი იქნები. მას ჩვევად ექნება უფრო სასურველი ადგილის მონახვა, სადაც არანაირი ძალისხმევა არ დასჭირდება. უნდა ცდილობდე, ხანგრძლივობა შეინარჩუნო და არა სიხარული, რომლის ხშირი გამოწვევა ძალიან ძნელია. კაცის სურვილებზე უნდა გაბატონდე მშვიდად და ყოველდღიურად. ეს ნიშნავს გაბატონდე მის გონებაზე და ხასიათზე. ხოლო მის გონებაზე და ხასიათზე გაბატონება ნიშნავს მისი სიმდიდრის, მიწების, ხალხის, სასახლეების, დიდების გამგებლობას, რასაც ვერ ვიტყვით მის ოცნებებსა და ფიქრებზე. სჯობს იბატონო ხასიათზე, სასახლეებზე და დიდებაზე, ვიდრე ოცნებებსა და ფიქრებზე.
CXI. რა უნდა გავაკეთო
კალენდის ანგარიშები.
CXII. მცირეწლოვან ბავშვებზე.
არ მიყვარს მცირეწლოვან ბავშვებთან ყოფნა, მათი დამშვიდება, დაწყნარება, მათთვის ცრემლის მოწმენდა, როცა ძიძა დასჯილია და გამათრახებული, ან არ მოსულა, ან მოკვდა. არ მიყვარს მათთან თამაში საათობით.
CXIII. რა არ უნდა დამავიწყდეს
გრაციუსის ლარნაკი.
CXIV. რა არ უნდა დამავიწყდეს
თევზი.
ღადარში შემწვარი კვერცხი.
ბოსტნეულის სალათა.
ველაბრის უბანში შემწვარი ყველიანი პური.
ვატიკანის მჟავე ღვინო უარესია, ვიდრე სპოლეტის ღვინო.
CXV. ტარენტოსი ბავშვებს აცინებს.
ტარენტოსმა იმღერა «რემუსი მიდის სასამართლო ადმინისტრაციაში».
აქნევდა თავს და სხეულს წელს ზემოთ. ძალიან სასაცილო იყო. როცა ამოისუნთქავდა, სასქესო ორგანო ეკიდებოდა, მუცელი ტუნიკას მაღლა უწევდა. ბავშვები სიცილით კვდებოდნენ. ლუვიუსი და მისი ბიძაშვილი ავლუსი ბაძავდნენ და ძალიან ერთობოდნენ.
CXVI. როგორ ჩააცივდა პ. სავფეიუსი პლეკუსას ახალგაზრდა მონას.
პლეკუსას ახალგაზრდა მონა ძალიან ლამაზია. პუბლიუსი ფილომუხუს ძეტესის სიტყვებს ამბობს:
ხმის ამოღება კარგავს მშვენებას,
ვით ოკეანე შთანთქავს გალერებს.
CXVII. პ. სავფეიუსის სიტყვა სამზარეულოებზე.
პ. სავფეიუსი ამბობს, რომ ერთი სოფელი მუშაობს ჩემს სამზარეულოებში. ზოგჯერ მეც მივდივარ ღუმელთან. ჩამჩებით და ხის დაძარღვული კოვზებით ვერთობი. ვიღებ დანებს და რაღაცას ვჭრი.
CXVIII. ოქროს ტომრები
ოცდაოთხი ოქროს ტომარა.
CXIX. პ. სავფეიუსის კეთილი რჩევები.
პუბლიუსი შემოდის ზღურბლზე, ვეუბნები:
- ჯერ ერთი, მარტო ვარ. მეორეც - დავბერდი, მესამე - მეშინია.
- ამას არა აქვს ჩრდილი. მარტოობა, სიბერე, შიში არავითარ ჩრდილს არ ტოვებს მიწაზე. გაუმეორე საკუთარ თავს, რომ ამას არა აქვს ჩრდილი. ამ სამყაროში არაფერს არა აქვს ჩრდილი.
პუბლიუსი ნელა ჯდება. ისწორებს შალის მოსახვევს კისერზე და კეფაზე. მერე ამბობს ძალდატანებით:
- გრძნობები არ არსებობს. სიტყვებით იგონებენ არსებებს, რომლებიც უსარგებლონი არიან. ჩვენ მხოლოდ ის სიტყვები უნდა ვიხმაროთ, რაც საგნებს გვახსენებს და იძლევა ჩრდილს ამ მიწაზე, ამ მიწისთვის დამახასიათებელ სინათლეში.
CXX. თვალების ტკივილი
წირპლიანი გავხდი. მარცხენა თვალი ისე გამიმაგრდა, როგორც მწვანე ზეთისხილი ხეზე. თვალის კაკალი გამიუხეშდა და მტკივა, ზოგჯერ ჩირქი მდის. ძლივს ვახერხებ დილის სიცივეში ხის დაფებზე რაღაცის დაკაწვრას. პუბლიუსი ამბობს:
- მზისგან უხილავი მტვერი ცვივა. ის ატომებითაა სავსე, რაც კი არ გვასუფთავებს, არამედ თვალში გროვდება და სქელდება სიკვდილის ღამეს.
მერე დასძინა:
- ამ მტვერს მტვერი ეწოდება.
გაჩუმდა, შემდეგ განაგრძო:
_ იქნებ ამ მტვერს დრო ეწოდება.
ისევ გაჩუმდა, ისევ განაგრძო:
- ან, ამ მტვერს ალბათ მიწა ჰქვია.
ისევ გაჩუმდა. ისევ აგრძელებს:
- ან ამ მტვრის მტვერს სახელად ჰქვია ისევ მტვერი.
- ღმერთი ორკუსი?
- დარწმუნებული ვარ არის მტვერზე უფრო მტვრიანი აზრი და მჯერა, რომ ღმერთ ორკუსზე უფრო მტვრიანი აზრი არსებობს.ჩვენ დავლიეთ.
CXXI. პ. სავფეიუს უმცროსის განდობები.
პუბლიუსი ჯოხით მოვიდა, გალურ სამოსში გამოწყობილს ეგვიპტური შალის თავსაბურავი ეხურა. იგი ჩემი ყველაზე ძველი მეგობარია. უცებ ამბობს, რომ სპურიუსის სიკვდილმა ბედნიერ კაცად აქცია. მერე ასე გამენდო:
- ძალიან მიყვარდა პაპიანილა. ძველად, ძალიან მიყვარდა პაპიანილა. მერე სილამაზე შევიცანი სალათის ფოთლებში, მის ფერში, სინორჩეში, ფორმებში, სურვილში, რასაც სალათა აწყნარებს. მერე, ძალიან დავაფასე ძველი წიგნები, რომელთაც ძველი დაფნის ხის სუნი აქვთ. მსიამოვნებდა წვერის დახვევა. ახლა ყველაფერი მესმის. ღვინო აწყნარებს სურვილს, მაგრამ ყოველდღიურად მიმტევებელი და გადამრჩენელი ღვინო მოგონებებს არ აღვიძებს.
ჩემი მკითხველი აღარ მიქებს ასოს. ის დიდი კოდექსებით არის დაკავებული. დილით და საღას ვთვლემ ან ვითენთები, მათ დიდად აღარ ვუსმენ, სამაგიეროდ, მესმის ბგერები, ჩემი ენა რომ გამოსცემს და ღელვა მიპყრობს.
დიდხანს მაღელვებდა აპრონენია, მაგრამ ვერ გავბედე მისთვის ეს მეთქვა.
CXXII. ოქროს ტომრები
ოცდაოთხი ოქროს ტომარა.
CXXIII. ჰაერის თვისებები
პ. სავფეიუს უმცროსის სასახლეში ჰაერი იქცა კამათის საგნად:
- ჰაერს მიაქვს გარდაცვლილთა სულები, - თქვა კაიუს ბასუსმა.
- მკვდრები, სიკვდილის მომენტში უცებ შეუნაცვლებენ ხოლმე სუნთქვას მოკლე ამოსუნთქვას, - თქვა ფლავიანამ.
- ჰაერს აქვს ძალა, აფრიალოს მსხლის ყვავილები მზის სხივთან ერთად, ქვის ღობის ზემოთ, - თქვა ჰერულიკუსმა.
- სისულელეებს ვამბობთ, - თქვა ლიკორისმა. - სისულელის თქმის ნება მოგვეცა.
- სუნთქვის ნებაც, - დასძინა ტი. სოსიბიანემ ღრმა ამოოხვრით.
- მოცემული გვაქვს ნება ვიხრჩობოდეთ, სულს ვღაფავდეთ და ვკვდებოდეთ, _ თქვა პუბლიუსმა.
CXXIV. რა უნდა მახსოვდეს
მინქაფა პაპირუსისათვის.
CXXV. ქალი, რომელიც ამშრალებს დაღვრილი დროის ჭაობს.
ქალი, რომელსაც უყვარს ხის ხმა. დაფის ქალი. ქალი, რომელიც თამაშობს ცვილით. ქალი, რომელიც ხანჯალს პირს ულესავს. ქალი, რომელიც მალავს მეტისმეტად ფართე და მოშვებულ სასქესო ორგანოს. ქალი, რომელიც ტილოს ნახმარ ნაჭერს იყენებს და ამშრალებს დაღვრილი დროის ჭაობს.
CXXVI. პ. სავფეიუს უმცროსის გეგმები.
აი რა გეგმებს ადგენს პუბლიუსი თავისი სასახლის საბანკეტო დარბაზში:
შეშის ნარჩენებით და წელიწადის დროებით გათბობა.
ძუაზე მოფართხალე თევზის მიწაზე გადმოტანა.
გაუშალაშინებელ მაგიდაზე წითელი თიხის ქილაში ყვითელი თაფლის ჩასხმა.
ღადარში ერთ-ერთი ქათმის კვერცხის შეწვის ხმის გაგონება.
გავიცინეთ, სიცილისაგან ვიტირეთ.
CXXVII. მელანქოლიური საღამო
ცის თაღი შორეული და შავი იყო. დაღლილობა ვიგრძენი. გული მერეოდა. ვცდილობდი მეღებინებინა. კლდის წვერიდან გადავარდნას ვნატრობდი. ისიც ვისურვე, რომ დედამიწიდან ცის სიცარიელეში ჩავვარდნილიყავი. მოვატანინე სირიული ადუღებული ღვინო. ამან ნაღვლის წვენი ამომაღებინა. ღუმელთან მარტო დავრჩი. სპატალემ ლამფები აანთო, მომიახლოვდა, ჩემი თავი მუცელზე მიიდო და ვთხოვე თავი დაენებებინა. უცებ ჩავიმუხლე. ღუმელიდან ერთი ნახშირი ავიღე და მარმარილოს ფილაქანზე ასო «კ» დავწერე. ცრემლებად დავიღვარე.
თავი VII
(ფოლიანტები 512-518)
CXXVIII. პატარა ბეღურები.
ღობეზე, ფოთოლგაცვენილ ხეზე და სიპი ქვით ნაშენ კედელზე პატარა ბეღურები ბარტყებს აჭმევდნენ.
ფიქრებით დანგრეულ სასახლესთან ვიყავი.
მსახურთა, ძიძათა და ჩვილ ბავშვთა მიხვრა-მოხვრა. ჩვილები თითებს იწუწნიდნენ.
CXXIX. რა არ უნდა დამავიწყდეს
ფლავიანა გუშინ კორუში.
დღეს ტერასინში.
ხვალ ფორმიში.
CXXX. რა არ უნდა დამავიწყდეს
კალენდების ანგარიშები.
სანდლები.
CXXXI. რა არ უნდა დამავიწყდეს
ფეხის ფრჩხილების მოვლა.
CXXXII. ხანგრძლივი და დროსდაუმორჩილებელი რამეები.
ხანგრძლივ რამეთა რიგს დავამატებ ბავშვობას.
ხის ბუჩქს.
დროს, როცა ველოდები ავლუსის მოსვლას გრამატიკოსის გაკვეთილიდან, რადგან ერთი საათის წინ უნდა მოსულიყო.
სიბერეს.
ზღვის კუს.
უკვე მკვდართა სიკვდილს.
უძილობას.
ყვავს.
დროსადაუმორჩილებელ რამეთა შორის შენ არ აღგინიშნავს ღმერთები და უზადო ქმნილებები.
დროსდაუმორჩილებელ რამეთა შორის უნდა გამოვყოთ სიყვარული. ეს იგივეა ჯიშისთვის, რაც სასქესო ორგანოები და სარძევე ჯირკვლები, რაც ხელახალი წარმოშობის საშუალებას იძლევა და რაც არაფერს წმინდად ადამიანურს არ წარმოადგენს.
CXXXIII. გულისამაჩუყებელი ხმები
გულისამაჩუყებელ ხმებს შენ დაამატებ სასურველი არსების ხმას ღობის უკან, საწოლის ფარდის მიღმა, კარის, თუ ფარჩით გადაკრული კედლის მიღმა.
სეციას მხარის კილოს. ლატრონიაც ამ კილოზე ლაპარაკობდა. იგი სეციადან იყო წარმოშობით. ის მეტისმეტად ახალგაზრდა, მხიარული, მეტისმეტად ლამაზი იყო. ლატრონია მაგნენციუსის სიკვდილის წელს მოკლეს. და ავიციუსმა მის სხეულთან მიახლოება ამიკრძალა.
კამათლების ხმის გაგონებაზე ვწითლდები, ჩემი გული ღვინით სავსე ტიკს ემსგავსება, რომელსაც მწყემსი წყლიდან გამოტანის შემდეგ ხარბად ეწაფება ხოლმე.
CXXXIV. აღმოსავლეთიდან მოსული ბერი.
ამნია, აღმოსავლეთიდან მოსული ბერი, ინდუსის ხეობის მოსახლეთათვის ჩვეული ლამაზი სახით, მრავალი პლებეის თანხლებით პ. სავფეიუსის სასახლის კარიბჭესთან გამოცხადდა, კელიუსის მთაზე. ფრონტომ მეორე ტაბლინუმში შეიყვანა და სთხოვა იქ მოეცადა მისი ბატონისთვის. ფრონტომ მაშინვე აცნობა ბერის მოსვლა პუბლიუსს, რომელიც ამ დროს კალპეტანუსს და ოლუსს უსმენდა. ეს უკანასკნელნი ქნარზე დაკვრაში ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს. პუბლიუსს თან ახლდა კაიუს ბასუსი და ტიბერიუს სოსიბიანე. პუბლიუსი განრისხებული დგება, იფურთხება, თავის ლურჯ თავსაფარს ისვრის და ბრძანებს, ამნია სასახლიდან, გალავანს გარეთ გააძევონ, ქვის სროლასაც არ მოერიდონ საჭიროების შემთხვევაში. კაიუსი ეკითხება, რატომ დაარღვია სტუმართმოყვარეობის წესი. პუბლიუსი თავსაფრის სწორებით ეუბნება:
- ის აზრი, რომ სამყარო სიზმარია, თავად სიზმარია.
XXXV. პ. სავფეიუს უმცროსის სხვა ნათქვამი ღმერთებზე
დალევის შემდეგ პუბლიუსმა ამგვარი სიტყვა წარმოთქვა ღმერთებსა და ადამიანებზე სამყაროს წიაღში.
- ღმერთების არარსებობა ბრწყინვალებას ჰმატებს სამყაროს. ადამიანები სამყაროს ბრწყინვალებას უმცირებენ [ანუ: ადამიანები აპატარავებენ სამყაროს იმით, რომ ბრწყინვალებას ანიჭებენ].
ჩXXXVI. პ. სავფეიუს უმცროსის განდობები.
პუბლიუსი უძილობას უჩივის. დგება, ტიტველი დაეხეტება, ძილმორეული ამთქნარებს. ფანჯრებს აღებს. ზოგჯერ ჯდება და ჰგონია, რომ სძინავს. იღიმება და ეჩვენება, რომ საბოლოოდ გონებას ჰკარგავს.
ჩXXXVII. პ. სავფეიუს უმცროსის სიტყვა
პ. სავფეიუსმა შეხედა ავფიდიასა და ფლავიანას შვილებს; ბავშვები პარკში დარბოდნენ. იქვე მებაღეები მუშაობდნენ. გაზაფხული აფერადებდა ბაღს. პუბლიუსმა თქვა: ბავშვებს პატარა ციყვების სილამაზე აქვთ.
ჩXXXVIII. რა არ უნდა დამავიწყდეს
კალენდების ანგარიშები.
ოცდათექვსმეტი ოქროს ტომარა.
ნაქარგის მოტივებიანი ბროლის თასები
რვა თასი.
ხელის ეტლი.
ჩXXXIX. სპატალეს კბილები
სპატალეს პირში ქლიავი უდევს. ალბათ ქლიავი მჟავე იყო. სპატალეს სახე დაემანჭა და დავინახე, რომ კბილები აღარ ქონდა.
ჩX.L რა არ უნდა დამავიწყდეს.
ლორენცოს ტახი.
ჩXLI. რა არ უნდა დამავიწყდეს.
აღარ დავლიო საბინას ღვინო.
ჩXLII. პ. სავფეიუს უმცროსის სიტყვა
პუბლიუსმა თქვა, რომ არ არსებობდა არც ტანჯვა, არც მხიარულება, არც იმედის გაცრუება, არც იმედი:
- რა საბაბით შეიძლება წუწუნი და ტანჯვა? რა ჰგონია სამყარო უბედურ ადამიანს? რას ელოდებიან სამყაროსგან, როცა ხელებს უჭერენ ბედნიერებას, და სხეულს, რომელიც იმედს ჰგავს? დაბადება, მზე, სხეულთა ფორმა, ცივილური საზოგადოება, ჰაერი, სიკვდილი, არაფერს მიგვითითებს.
ჩXLIII. ტიბერიუს სოსიბიანეს სიტყვა.
ტიბერიუს სოსიბიანემ მუცლის ნაკეცები აიკრიფა და თქვა:
- ყოველი კარგი აზრის გაგონებაზე, ხანჯალს ვარჭობ აფერს.
ჩXLIV. ადამიანის ბედი
ტი. სოსიბიანე ახალგაზრდა მონის, აფერის თანხლებით, პ. სავფეიუსი, მ. პოლიო, კ. ბასუსი იხსენებდნენ იმპერიის ბედს და რელიგიურ პარტიათა წარმატებებს.
მ. პოლიო მიუბრუნდა პუბლიუსს და ეკითხება, როგორი დრო დადგება მომავალში და როგორი ბედი ეწევათ ადამიანებს. პუბლიუსმა უპასუხა:
- ჯერ ერთი, ექნებათ ყველა ის ფუნქცია, რაც ჩვენ სხვა ცხოველებთან გვაერთიანებს. მერე, ორი ან სამი საქციელი, რაც განგვასხვავებს ცოტათი სხვა ცხოველებისგან, ანუ ჩაცმა, გაშიშვლება, ცოტა ლაპარაკი. ბოლოს, დროის ანგარიშმიუცემლად გატარება და სულის ამოხდომა. ამგვარი იქნება ადამიანთა ბედი, მომავალ საუკუნეებში რომ იცხოვრებენ.
ჩXLV. რა არ უნდა დამავიწყდეს
კალენდების ანგარიშები.
ჩXLVI. პ. სავფეიუს უმცროსი და ლიცინიუს სურა
პუბლიუსს შალის სარტყელი აქვს თავზე, მუხლებში ღონე გამოელია, სახსრები აღარ ემჩნევა, ხელების ქნევით, გულის სიღრმიდან მომდინარე ხმით ლაპარაკობს ძველ რომაელთა ენაზე, ლიცინიუს სურას წიგნისმიერი მონდომებითა და სიწმინდით. გეგონება კაცი გაღელვებს თავისი ლაპარაკით, სინამდვილეში ლიცინიუს სურას წიგნს კითხულობ.
ჩXLVII. პაემანი როსტრთან
ეს ის დღეა, როცა უნდა შევხვედროდი კვინტუსს და სილიგს ფორუმში, როსტრთან ახლოს, მარსიას ქანდაკებასთან. სილიგი აგვიანებდა, უცებ კვინტუსმა გადააფურთხა და თქვა:
- შენ გჭირდება: 1. ბეწვების ამოსაპუტი პასტა, 2. ორი ფაიფურის კბილი, 3. ვენეციური გაცრილი მიწა, 4. ახალგაზრდობა.
- წადი აქედან! - ვუთხარი. _ წადი! წადი!
პრიამეს მეუღლის მკაცრი იერი მქონდა. საათების მანძილზე გაშეშებული დავრჩი, მკაცრად თუ ვიტყვით, გორგონას ვხედავდი. დიდხანს ვხედავდი გორგონას, ბოლოს ქვითინი ამივარდა.
ჩXLVIII. რა არ უნდა დამავიწყდეს
ევროპის სვეტებთან.
Ludi Megalenes
Ludi Cereales
ჩXLIX. სიზმარი
ხელში მიჭირავს პომპეუსის დაშაშხული თავი. ძალიან ცხელა. მინდორში ვარ და გულატკიებული მივრბივარ. პომპეუსის თავი არაფრით არ უნდა გადნეს. ამაოდ ვეძებ რამე ქოხს, ხის ჩრდილს. ვხედავ გაფოთლილ მუხას. იქით მივიჩქარი. ამაოდ ვწრიალებ მის ძირში, ჩრდილს ვერ ვაგნებ. სიზმარი მეხსიერებაში შემომეჭრა. ქვემოთ პუბლიუს სავფეიუსს ვხედავ, ხიდის თაღებქვეშ, იგი შიშველია, მისი ჩაფსკვნილი, ალაპლაპებული სხეული ათლეტისას ჰგავს. მუცლის ქვემოთ ბალანი ამოპუტული აქვს, სასქესო ორგანო ძალიან სქელი და წითელი. მივრბივარ, ქვები ცვივა, ხრამის ძირამდე ჩავდივარ. ხიდის მონუმენტურ საყრდენს შემოვუარე. რაც უფრო ვუახლოვდები, პუბლიუსი მით უფრო მცილდება, ზურგს მაქცევს, მისი დუნდულები კი კოლოსალურ სიდიდეს აღწევს. ათლეტის დაუნდულებისგან ჩანჩქერი მაცილებს; ხელებზე დავიხედე: გაქონილი და ცარიელი მაქვს. ვგიჟდები, რადგან სირბილში ალბათ პომპეუსის თავი დავკარგე. ყველგან ვეძებ: ბუჩქებში თუ ჩანჩქერის ქვების ხავსში. შავ, ნესტიან ქვებს ვაბრუნებ, იქ კი მხოლოდ მსუქან, თეთრ მატლებს ვნახულობ, აგრეთვე დედაჩემის გაბრაზებულ სახეს. წუხილი მემატება. დიდი წვალებით ლოდს ვატრიალებ, ის მძიმეა და მრგვალი. ლოდის ქვეშ სუსტი თელიაა, მის ფოთლებქვეშ კი სავფეიუსი. თელა სუსტია, მაგრამ დიდი, შესანიშნავი, გრილი ჩრდილი აქვს. პ. სავფეიუსი ფრთხილად და პატივისცემით ტოვებს ხის ჩრდილს. მას დაღლილი სახე, ჩალურჯებული თვალები, ღრმა ნაოჭები აქვს. სახეზე ფერმკრთალია. იგი ნელა გადის პატარა თელის დიდი ჩრდილიდან, დუნდულებიდან მოთეთრო სითხე სდის. მერე ხის ჩრდილისკენ ბრუნდება და ვრცელი სიტყვით მიმართავს, სიტყვებს გაზვიადებულად წარმოთქვამს. მერე ჩემსკენ ტრიალდება, თვალები უბრწყინავს, ნელ-ნელა მიახლოვდება და მეხება. იმ დროს, როცა მისი ცხვირი ჩემსას უნდა შეხებოდა, აღმოვაჩინე, რომ იგი პუბლიუს სავფეიუსი არ იყო და შემრცხვა, ასე რომ შემეშალა. წუხილი მემატებოდა, ვერ ვახერხებდი შემეცნო ამ სახის ნაკვთები, თუმცა ვიცოდი, რომ ვიცნობდი. მერე კაცმა სწრაფად დაიხია უკან. თელა, უცნობი კაცი, ჩრდილის წრე, მზე, - უცებ ეს სცენა შორეული გახდა, ჩემი თითისხელა მოჩანდა, ნამცეცა კაცი ცერემონიულად დაიხარა და ხეს მადლობა გადაუხადა ჩრდილისათვის.
თავი VIII
(ფოლიანტი 528 ვ0-დან 524 რ0-დე)
CL. კალპეტანუსი ქნარს აწყობს და მღერის
მსახური ქალები გასაშლელ სკამებს ღუმელის გარშემო აწყობენ. სიბნელე ავსებს ცას. თაფლის ნაყენები აადუღეს და ყველაფერს თბილი სურნელოვანი ღვინის სუნი აქვს. კალპეტანუსი შემოდის, აწყობს ქნარს და მჭექარე ხმით სალიებისა და ძმებ არვალთა სიმღერას მღერის. ჩვენ ჩუმად ვართ და ფეხის ფრჩხილებზე ვიყურებით.
CLI. რა არ უნდა დამავიწყდეს
სეპტაში ლიმონის ხის მრგვალი მაგიდა.
ჰიდრავლიკური ორღანი.
ორი ჭრელი ტოგა.
სპილოსძვლისფერი ქსოვილი, ოთხი ფუტი რვაას სესტერციად ღირებული.
CLII. ოქროს ტომრები
ოცდაოთხი ოქროს ტომარა.
CLIII. რა არ უნდა დამავიწყდეს.
დაფები.
კალონიის მწვანე დაძარღვული მარმარილო.
CLIV. სპატალეს სევდა
სპატალე აცხელებს ფალერნის თასს და ტირის, ცხვირს ასრუტუნებს და ვერ ახერხებს მარკუსის სახელის წარმოთქმას.
CLV. სიბერის ნიშნები.
სპატალემ შეწყვიტა ბეწვების ამოპუტვა სასქესო ორგანოს გარშემო.
CLVI. სხეულის ხვრელები
მეჩვენება, რომ ჩემი სხეულის ცხრა ხვრელი ტყუილადაა გაღებული. ალბათ გასაგებია, რომ ისინი სიცარიელეში იხსნება. ჩემი ცხრა ხვრელი სამარისებური სიჩუმით ეხმიანება ერთიმეორეს.
CLVII. სიცილიაში წასვლის გეგმა
პუბლიუსს ვთავაზობ, სიცილიაში გამყვეს, ვილაში, რომელიც სპურიუსმა ანიცია პრობასაგან იყიდა.
ალბათ სევდას მოგვგვრის ნანგრევები, საღამოს ტერასაზე, რაც ალბინის ჭალის გაგრძელებაზეა, სრუტის ზემოთ, დავტკბებით ხანძრის ბოლით, რომელიც საღამოს ნისლს შეერევა.
პუბლიუსი მხრებს იჩეჩავს. მერე მშვიდად კითხულობს:
- სად არის ნანგრევი?
CLVIII. რა გაგვართობს მოწყენილობის ჟამს?
მოწყენილობის ჟამს, სხვა მრავალთა შორის ღვინო გაგვართობს.
კიდევ, მეგობრებზე და ოჯახზე ცუდის მოსმენა.
ნარდის თამაში.
ხილი.
ბანაობა.
ბითინიის შავ მარმარილოში საკუთარი ანარეკლის დანახვა.
ოცნება კვესტორიანულ საჩუქრებზე.
წიგნის გადაშლა.
ქნარის აღება.
სამზარეულოში ჩასვლა და ჭამა.
CLIX. რა აჩუყებს გულს
უამრავ გულისამაჩუყებელ რამეთა შორის არ აღგვინიშნავს აგზნებული ბავშვი, აღტაცებული სიცოცხლით, რომელიც ხმამაღლა მღერის.
მოხუცის უღონობა.
ბავშვი, რომელიც ცნობისმოყვარეობის გამო შაშვს ან თავის ძაღლს კლავს, ხელებს ისისხლიანებს. ხელთათმანიანი ხელით კატას აწვალებს. სპილენძის ხმლით წითელ ან თეთრ სინდიოფალას აღიზიანებს.
ერთმანეთის პირისპირ მდგარი ახალგაზრდები, რომელთაც მორცხვობა ჰბოჭავთ, ან ჩვენი იქ ყოფნით სიჩუმე იპყრობთ და უხერხულობაში ვარდებიან.
ცისფერი, აფრიალებული თავსახვევის გამოჩენა ეტლის ფარდებს შორის, ხეივნის ბოლოს ღრმა მოხუცთა ჩხუბი.
კაცი, რომელიც უყვართ და რომელიც ცრემლებად იღვრება, თუმცა ნასვამი არ არის და არავინ იცის რატომ ტირის. ცრემლებზე მეტად, მისი აცახცახებული ტუჩი გვიჩუყებს გულს.
CLX. ლიკორისის სიტყვა
ლიკორისს სიცილიაში წასვლაზე ველაპარაკე. ლიკორისმაც პუბლიუსის აზრი გაიზიარა.
- გარეული გედის ბუდე მოტივტივე ფიცარია, - დაიღრიჯა ლიკორისი.
- წყლის ქათმის ბუდეც, - უხეშად შეეპასუხა პუბლიუსი.
- ქოჩორა ვარხვის ბუდეც, - სიტყვა შეუბრუნა ლიკორისმა.
დავლიეთ ცოტა წებოვანი ღვინო. მივირთვით მურენები და აფრიკის ბროწეულები.
CLXI. ოქროს ტომრები ა.დ. XVII კალენდები
ექვსჯერ ხუთი ტომარა ოქრო. ა.დ. XVII კალენდები
CLXII. რა არის გასაკეთებელი
ცოტა ჰიბლას თაფლს შერეული ცოტა ჰიმეტის თაფლი.
CLXIII. პ. სავფეიუს უმცროსის სასთუმალთან
წავედი კელიუსის მთაზე. გავიარე მთელი სასახლე, რომელსაც უამრავი ხალხისაგან შავი ფერი დასდებოდა. ხალხი ჭიანჭველებივით ირეოდა. პ. სავფეიუსის დიდ მისაღებში შევედი და სასთუმალთან ჩამოვუჯექი. ეგვიპტური ლურჯი სარტყელი თავიდან მოეძრო. შიშველი კეფა მოუჩანდა. ზაფრანისფერ endromide-ს ჭმუჭნიდა. მარმარილოს პატარა მაგიდაზე უხამსი წიგნების მეტისმეტად მდიდრული გამოცემები ეწყო. მათ შორის სიბასისი და მუსეტიუსი შევიცანი. გამახსენდა დრო, როცა ერთმანეთს იულიანეს გამარჯვებებს ვუჩურჩულებდით ხოლმე. ოთახში ქუჩაში დამსხვრეული ძველი თიხის სუნი იდგა. იმასღა ვფიქრობდი, როგორ მივსულიყავი ჩემს ორთვლიან ეტლამდე და როგორ ავსულიყავი იანიკულუმის აღმართებზე, სადაც ცივი ქარი ფოთლებსა და პარკში მყოფთა თმებსაც ერთნაირად არხევდა.
პუბლიუსი კანკალებდა. მისი სხეული ათ ზამთარს შესწრებული ბავშვისა გეგონებოდათ, კანზე ბალანი მთლად გაცვენოდა. ვისაც სხვა რამეზე ფიქრის გადატანა მოუნდებოდა, მისი ძვლების თვლა უნდა დაეწყო. პუბლიუსს ლაპარაკი აღარ შეეძლო, იმდენად იყო ემოციის მარწუხებში მოქცეული. მიყურებდა, გარეგნულად მწუხარებით შეპყრობილს ჰგავდა, ან ბრძოლაში მყოფ დაქირავებულ ჯარისკაცს, რომელსაც ღმერთი პანი დასტყდომოდა თავს და აგიჟებდა და აბნევდა. მას _›უნდოდა ისე მოქცეულიყო, თითქოს არაფერი მომხდარიყო. უნდოდა გონებისათვის ძალა დაეტანებინა. გაიპრანჭა. ათასწლეულ მარმარილოს შეედარა, თუმცა პატარა, დაშლილ ლეღვის ხეს ჰგავდა. მის ხმას მკაფიოობა აკლდა და სიღრმეც აღარ ჰქონდა. როგორც იქ უბრალო საუბრის კილოს მიაგნო. გაიხსენა გარდაცვლილი მეგობრები, ჩვენი ასაკი, ავადმყოფობა, დაიჩივლა უძილობაზე, წაიბუზღუნა სიცივის გამო, ბავშვივით შეუღრინა სიცხეს, რომელიც ჯაბნიდა. მოატანინა აპიმიუსის ღვინო თოვლთან ერთად, რაც ძალიან მომეწონა. ვცდილობდი დამემშვიდებინა. ქშინავდა და დორბლი მკერდზე გადმოსდიოდა. მოსაღამოვდა. გამახსენდა დიალუსის ფრესკის ბნელი, ნესტიანი და დახავსებული მღვიმე.
ორი ძველი მეგობარი, რომელთა სხეულებიც ერთმანეთს არ იცნობენ, ორი ძველი ტომარა განავლითა და სიტყვებით სავსე, დაჩხვლეტილი და ერების ლაქებიანი ტყავით, რომლებიც ისე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, როგორც ეგერია და ნუმა მღვიმის სიბნელეში.
ჩLXIV. რა არის გასაკეთებელი
სეპტაში ჰელიადეს ცრემლები.
სერაფისის ტაძარი.
კოსმუსთან ალებასტრის ორი კოლოფი.
ჩLXV. წინასწარმეტყველური ნიშანი
პუბლიუსი მოვინახულე. მ. პოლიო და ტი. სოსიბიანე ახალგაზრდა აფერთან ერთად სასახლიდან გამოდიოდნენ. თოვდა. აფერს მოვეხვიე. პუბლიუსს თვალი არ გაუხელია. ეძინა და ხვნეშოდა, ზედა ტუჩიდან ოფლის წვეთები მოსდიოდა. გაშეშებული ვიდექი და ჩემი მეგობრის სუნთქვას ვუსმენდი. უცებ ყურში ერთი სიმღერის სიტყვები და რიტმი ჩამესმა. «წეროები სტრიმონის ნაპირებს ახმიანებენ» გამახსენდა. ლამაზი და ახალგაზრდა ლატრონიას სიმღერა მომაგონდა. ისიც გამახსენდა, როგორ დაჰკრა სიწითლემ ლოყებზე. ისევ ვიხილე მისი აღგზნებული და მბრწყინავი თვალები.
ჩLXVI. პ. სავფეიუსის სიტყვა სიკვდილზე.
არკუს პოლიომ გადმომცა პუბლიუსის ეს ნათქვამი. პუბლიუსს, მარკუსს, ჰერულიკუსს, ტიბერიუსს და აფერს ძველ რომაელთა ღმერთებზე, ბერძენ ფილოსოფოსთა ღმერთზე და სულის უკვდავებაზე ულაპარაკიათ. პუბლიუსს უთქვამს ასე:
- ბავშვობაში ღმერთი ვნახე, მას დედაჩემის ნაკვთები ჰქონდა. ვფიცავ, რომ ვისაც ღმერთი უნახავს, დიდხანს სიცოცხლის სურვილი გაუქრება.
ჩLXVII. რა არის გასაკეთებელი
კალენდების ანგარიშები.
ჩLXVIII. რა უნდა გავაკეთო
კალენდების ანგარიშები.
ჩLXIX. პ. სავფეიუს უმცროსის სიკვდილი.
სპატალე შემოდის ოთახში, ტუნიკას იგლეჯს და მეუბნება, რომ პ. სავფეიუსი ღამით მოკვდა. ამ ამბავს შთაბეჭდილება არ მოუხდენია. პუბლიუსმა, თავის დროზე, ჩვენი ახალგაზრდობა ძველ, უეტიკეტო ბოთლს შეადარა. წარმოვიდგინე ძველი ჭურჭელი, მერე ეგვიპტური შალის სარტყელი ძველ ჭურჭელზე შემოხვეული. სპატალეს ჩემი ხილვა გავუზიარე. მან წარბი შეიჭმუხნა და აბუზღუნდა, თითქოს რაღაც უწმაწური მეთქვა.
ჩLXX. რა უნდა გავაკეთო
ორი მამლის ბრძოლა ამ საღამოს
ჩLXXI. რა უნდა გავაკეთო
სამი მამლის ბრძოლა ამ საღამოს.
ჩLXXII. რა უნდა გავაკეთო
ოთხი მამლის ბრძოლა ამ საღამოს.
ჩLXXIII. ოქროს ტომრები
ოცდაოთხი ოქროს ტომარა
ჩLXXIV. პ. სავფეიუს უმცროსის გახსენება
პუბლიუსი ყველაფერს ტულუს ჰოსტილიუსს უკავშირებდა.
ჩLXXV. რა არ უნდა დამავიწყდეს.
სეციას ლეღვი.
ჩLXXVI. რა არ უნდა დამავიწყდეს.
ანგარიში და კაჭკაჭი.
ჩLXXVII. ვანდალი ძიძა, რომელიც ჰასდინგების კლანს ეკუთვნოდა.
პლეკუსას მოხუცმა ძიძამ, წარმოშობით ვანდალმა, გვითხრა, რომ ჰასდინგების კლანს ეკუთვნოდა. ღამით დამესიზმრა:
ჩვილი ბავშვი რძეს მოითხოვდა, მოყავისფრო კერტს ხელს უთათუნებდა, ჭყიოდა და დედის მომჩვარულ მკერდს მუშტებს უშენდა.
ჩLXXVIII. კელიუსის მთა
ჰექტორის ჩაჩქანს მწვანე ჟანგი ჭამს. მრავალი ათასი წელი... ეს არის მწვანე ბალახის ბღუჯა ტროას კედლებთან.
ჩLXXIX. რა არ უნდა დამავიწყდეს.
ცოტა სეციას ღვინო ბროლის სასმისით შუადღეზე.
ჩLXXX. სპ. პოსიდიუს ბარკას გახსენება.
ნადიმზე, მარცელასთან, მთვრალმა სპურიუსმა ბორძიკით წამოიყვირა:
- ჩვენ არ ვართ ცხოველები!
სიცილისაგან ვტიროდით.
ჩLXXXI. ვიმინალის მთაზე გასეირნება
პუბლიუსს უყვარდა ვიმინალის ტირიფები
ჩLXXXII. იანიკულუმის პარკში გასეირნება.
იანიკულუმის პარკში მოსეირნეს, როცა სამ ზამთარს მოსწრებული ბავშვი მოულოდნელად ხელს ჩაგიცურებთ მიცვალებულთა ველზე დაკრეფილი ყვავილებით დასვრილ ხელში, გულისცემა მატულობს, ხოლო ტირიფის ჩონჩხზე შეუფერებლად მოხვედრილი ლოყები წითლდება - ანუ ფერთა ხსოვნა შეფაკლავს ლოყების მოგონებას მაშინ, ჩვენ, ვისაც გვეგონა ვიცოდით რა არის ბედნიერება, რას ნიშნავს სიხარული და სიამოვნება, იძულებული ვართ ვაღიაროთ, რომ სულ სხვა მეცნიერებისთვის ვყოფილვართ განკუთვნილი, რომლის გარკვეული დადასტურებაც ჩვენშივე რჩება.
ჩLXXXIII. ახალგაზრდა ქალები ლამფების შუქზე
ახალგაზრდა ქალები ატრიუმის კუთხისკენ მიიჩქაროდნენ. მათ ახალგაზრდა, ნორჩი, წრფელი, მხიარული, მორცხვი და ღია სახეები ჰქონდათ. ყველანი ლამფისკენ შეტრიალებულიყვნენ და სიცილით ბნელის მიღმიერში იყურებოდნენ სამყაროს. ლამპის შუქი მათ თვალებში ენთო და ლოყებზე ირეკლებოდა, და ახალგაზრდა ქალების წინ გაწვდენილ სუსტ თითებს ოქროს თხელი ფენით ფარავდა.