იუნგერი ერნსტ
გაზიარება

კომბინაციური დასკვნა (მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე) 

ამაღლებული თვალთახედვა ცალკეულ ოთახებში როდი ბინადრობს, იგი სამყაროს ერთიანობაში სუფევს. მას შეესაბამება აზროვნება, რომელიც დანაწევრებულ ჭეშმარიტებებს შორის კი არ მიმოდის, არამედ მნიშვნელობით აღბეჭდილი კავშირში არსებობს და რომლის მაწესრიგებელი ძალა კომბინაციის უნარს ეფუძნება.
ამგვარ სულებთან ურთიერთობა ისეთსავე ნეტარებას გვანიჭებს, როგორსაც განვიცდით უკიდეგანო ჰორიზონტების მქონე და ამასთანავე ღირსშესანიშნავი წვრილმანებით მდიდარ მიდამოში მოგზაურობისას. ხედები ფერადოვან ფერხულში ცვლიან ერთურთს, მზერა კი მათ თანაბარი ხალისით ეგებება, არც აღრეულში, არც წვრილმანში, არც ერთმანეთთან დაუკავშირებელ ნაწილებში არ იკარგება. ვარიანტთა მრავალფეროვნების და იმ სიმსუბუქის მიუხედავად, რომლითაც გონი სამოძრაო სფეროებს იცვლის, იგი უცვლელად, ძალდაუტანებლად თავისსავე კონტექსტში რჩება. მას თითქოს ძალა ემატება განურჩევლად იმისა, თუ როგორ უნაცვლებს ის ერთურთს მოტივსა და გამონათქვამს. მოძრაობის ეს სახე, კლაუზევიცის მშვენიერი სურათისა არ იყოს, დაბურულ პარკში სეირნობას ჰგავს, სადაც ნებისმიერი ადგილიდან მაღალი, პარკის ცენტრში აღმართული ობელისკი მოჩანს.
კომბინაციის უნარი ლოგიკურისგან იმით განსხვავდება, რომ მთლიანის შეგრძნებას არასოდეს კარგავს, ცალკეულში არასოდეს განიბნევა. იქ, სადაც ცალკეულს ეხება, ჰგავს ორგვარი მეტალისგან დამზადებულ ფარგალს, ოქროს წვერით ცენტრს რომ ემყარება. ამასთანავე ყველაზე ნაკლებად ზუსტ მონაცემებს მიემართება, ფლობს რა იმ უმაღლეს მათემატიკას, გამრავლებასა და ხარისხში აყვანასთან აქვს საქმე მაშინ, როცა ანგარიშის უბრალო ცოდნა მხოლოდ მიმატება-გამოკლებით შემოიფარგლება.
თუკი გენიოსი მოისურვებს და მეცნიერების სფეროში შეაბიჯებს, საპირისპირო გეზით მიმავალ სწავლულებს მოკლე და გადამწყვეტ ბრძოლაში იოლად აჯობებს და ყოველი მხრიდან საბედისწერო დარტყმას მიაყენებს. მისი გამარჯვება უსწრაფესად და უმშვენიერესად ომის ხელოვნებაში ვლინდება.
რადგანაც გონების ამოცანას საგანთა დახარისხება შეადგენს, კომბინაციური დასკვნა მით არის უძლიერესი, რომ საგანთა გენეალოგიას ფლობს და მათ სიღრმისეულ ნათესაობას იცნობს, ჩვეულებრივი დასკვნა კი ზედაპირულ მსგავსებასაა მიჯაჭვული და საგანთა გენეალოგიურ ხეზე ფოთლების გაზომვას ჰგავს, მაშინ, როცა ჭეშმარიტი საზომი ფესვებშია მოქცეული.
სხვათა შორის, საუცხოო სპეციალისტიც სწორედ იმით ამოიცნობა, რომ გაცილებით უფრო ფართო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი, ვიდრე ის, რასაც მისი დისციპლინა იძლევა. ყოველი მნიშვნელოვანი დეტალური ნაშრომი კომბინაციის უნარის მცირედ წვეთს მაინც შეიცავს და რა აღმაფრენა გეუფლება, როცა უკვე შესავალშივე იმ მძლავრ და ამასთან თამაშ-თამაშა ფრაზებს აწყდები, რომლებიც შენს თანასწორზე მიგანიშნებენ. ეს ფრაზები დროისა და მისი ნებისმიერი პროგრესის მიღმაა.

??????