სულის გაზაფხული (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
მიგელავს ქარი
და დამსხვრეული ტოტების წიაღ კრიალით გვაძლევს ნიშანს: მიგვიხმობს
გაზაფხულის წმინდა სილურჯე, მეწამული ნამი ღამისა
და ქრებიან ირგვლივ ვარსკვლავნი.
მწვანედ ბინდდება მდინარე და ვერცხლისფრად ძველი
ხეივანი და ქალაქის ციხე-კოშკები.
ო, გაბრუება, ასე სათუთი,
პატარა ნავში, უხმაუროდ რომ მისრიალებს,
და შაშვების ბნელი ხმობანი ბავშვობის ბაღჩა-
ბაღებში და უკვე შუქშია ვარდისფერი ყვავილეული.
საზეიმო გუგუნი წყალთა. ო, ტენიანი ჩრდილები ველზე,
და ცხოველი, რომ მიაბიჯებს;
მწვანეგამჯდარ ყვავილთა რტოებს
ბროლის შუბლი ეხება ნაზად; შუქში მკრთომი პატარა ნავი.
ბექობის თავზე ჩუმად ხმიანებს მზე ვარდისფერი ღრუბლების წიაღ,
დიდი დუმილით დუმს ნაძვნარი, დინჯი ჩრდილები
მდინარის პირას.
სიწმინდე! სიწმინდე! სადღა არიან ბილიკები სიკვდილისანი,
შემაზარებნი,
გზები დუმილის, ცივ-ქვოვანნი,
კლდეები წყალში
და წრიალი მშფოთვარე ჩრდილთა. მზის უფსკრული სხივმოელვარე.
დაო, როდესაც გიპოვე შენ ტყის ეულ შუქში
და შუადღე რომ იდგა ვრცელი და დიდი იყო დუმილი მხეცთა,
თეთრი არსება ველურ მუხებქვეშ. და ვერცხლისფერად
ყვავილობენ ეკალ-ბარდები.
ძლევამოსილი გარდაცვალება და ცეცხლი - გულში ამღერებული.
და კიდევ უფრო ბნელად ევლება გარს წყალი
თევზთა ლამაზ თამაშებს.
ო, მწუხარების წუთებია და მზის შემოხედვა - მბრწყინავ-მდუმარე.
უცხო რამ არის სამშვინველი დედამიწაზე. სასულიერო
ლურჯი მიმწუხრი ჩაეღვრება ტყეს ხშირტევრიანს.
ბნელი რამ ზარი ზრიალებს სოფლად. მშვიდობიანი
გაცილება. და წყნარად ყვავილობს
მირთი მკვდრის თეთრ ქუთუთოებზე.
ნაშუადღევი მიიდრიკა. წყლები უჩუმარ ხმებს გამოსცემენ
და უფრო მუქად მწვანდებიან ტყეთა სულდგმულნი
მდინარის პირას.
სიხარული ვარდისფერ ქარში.
ძმის სათუთი საგალობელი მწუხრის ბექობთან.