ზიუსკინდი პატრიკ
გაზიარება

ლიტერატურული ამნეზია (მთარგმნელი: მალხაზ ხარბედია) 

...მოიცა, რა კითხვა იყო? ჰო, გამახსენდა: რომელმა წიგნმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ყველაზე მეტი გავლენა რომელმა იქონია ჩემს განვითარებაზე, თავისი კვალი დატოვა, შემძრა და საერთოდაც, `ჭეშმარიტ გზაზე დამაყენა`, ანდა სულაც გამომაშტერა. 
თუმცა, სიმართლე ითქვას, მთელ ამ აურზაურს უფრო გიჟურ-ტრავმატული ან შოკური განცდების სუნი ასდის, მათ კი დაზარალებული მხოლოდ თავის კოშმარულ სიზმრებში თუ გამოიხმობს ხოლმე, მაგრამ არამც და არამც სიფხიზლისას; ეგეთ რაღაცაებზე წერა და ამ ფიქრების ხმამაღლა განცხადება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია; ამაზე, თუ არ ვცდები, ერთმა ავსტრიელმა ფსიქოლოგმა მიუთითა, ვისი სახელიც ახლა თავში არ მომდის - თავის საპროგრამო სტატიაში, არადა, ამ სტატიის სათაურსაც ვერ ვიხსენებ ზუსტად. ვიცი, რომ იგი შესულია კრებულში საერთო სახელწოდებით `მე და შენ` თუ `იგი და ჩვენ` ან `მე თვითონ` თუ რაღაც ეგეთი (ზუსტად არ ვიცი, ვინ გამოსცა ეს წიგნი ხელახლა, `როვოლტმა`, `ფიშერმა`, `დეტეფაუმ` თუ `ზურკამპმა`, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყდა თეთრი და მწვანე ჰქონდა, თუ მოყვითალო-ცისფერი, მე მგონი, უფრო რუხ-ლურჯ-მომწვანო იყო). 
თუმცა, ვფიქრობ, ეს კითხვა სულაც არ ისახავს მიზნად ჩემი ნევროდრამატული სამკითხველო გამოცდილების შესწავლას, არამედ უფრო იმ გასაოცარ ხდომილებას გულისხმობს შემოქმედებითი ცხოვრებიდან, რომელიც, მაგალითად, ცნობილ ლექსში, `მშვენიერ აპოლონშია` გამოხატული... თუმცა არა, მე მგონი ამ ლექსს `მშვენიერი აპოლონი` კი არა, რაღაც სხვა სათაური ჰქონდა, უფრო არქაული, `ყმაწვილის ტორსი`, `ძველი მშვენიერი აპოლონი`, თუ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ მე მგონი თემას გადავუხვიეთ... ერთი სიტყვით, გამოხატულია ამ ცნობილ ლექსში, რომელიც დაწერა, დაწერა... ჰმ... ახლა ავტორის სახელსაც ვერ ვიხსენებ, მაგრამ ნაღდად ვიცი, ძალიან ცნობილი პოეტი იყო ძროხის თვალებითა და ხშირი ულვაშით, იგი რიუ-დე-ვარენზე ბინის შოვნაშიც დაეხმარა იმ გასიებულ ფრანგ სკულპტორს (მოიცა, რა ერქვა?) - ისე, ბინას ვამბობ, თორემ, ნამდვილი სასახლე იყო, პარკით - ათი წუთი რომ მოუნდებოდი შემოვლას! (სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, საიდან იხდიდნენ ამხელა ფულებს, ან სად შოულობდნენ?) მოკლედ... რომელიც გამოხატულია ამ შესანიშნავ ლექსში, რომელსაც რომ მომკლა, ზეპირად ვერ ვიტყვი, სამაგიეროდ, ბოლო სტრიქონი დამამახსოვრდა კარგად, მორალური იმპერატივივით: `უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!` 
მაშ ასე, იმ წიგნების შესახებ, ჩემი ცხოვრება რომ შეცვალეს! ამ პრობლემის გასაშუქებლად ჩემი წიგნების თაროსთან მივდივარ და ყდებს გადავხედავ. როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში - როცა ერთ ადგილასაა თავმოყრილი ერთი სახეობის ბევრი წარმომადგენელი და თვალები გიჭრელდება მათი სიმრავლით - ჯერ თავბრუ მესხმის, შემდეგ კი თვალდახუჭული თითს ვასობ მთელ ამ მასაში და ერთი კონკრეტული წიგნი გამომაქვს, ვფურცლავ და კითხვას ვიწყებ. 
მალე ვამჩნევ, რომ წარმატებით გავისარჯე და თითიც ზუსტად იქ დამიდევს, სადაც საჭირო იყო. ჩემს წინაშე უდახვეწილესი პროზაა, ავტორი ძალზე გარკვევით გადმოსცემს აზრებს, ტექსტი საოცრად საინტერესო, აქამდე ჩემთვის უცნობი ინფორმაციითაა გადაჭედილი და სავსეა წარმტაცი მოულოდნელობით - სამწუხაროდ, იმ მომენტში, როცა ამ სიტყვებს ვწერ, წიგნის სახელწოდება თავში არ მომდის, ისევე როგორც ავტორის გვარი ან შინაარსი, მაგრამ ეს, როგორც ვნახავთ, საქმეს არ ცვლის, უფრო მეტიც: მხოლოდ ხელს უწყობს პრობლემების ნათელყოფას. მაშ ასე, ხელთა მაქვს შესანიშნავი წიგნი, ყოველი წინადადება მასში, ნამდვილი მონაპოვარია და კითხვით გართული დიდი გაჭირვებით ვუახლოვდები სკამს, კითხვა-კითხვით ვჯდები და მავიწყდება საერთოდ რატომ ვკითხულობ, ერთი გაუმაძღარი ვნება ვარ, რომელსაც დახვეწილი და სრულიად ახალი საკვები ესაჭირება და მას აგერ, ყოველ გვერდზე ვნთქავ. ზოგან, ტექსტში ხაზგასმულ ადგილებს ვპოულობ, აშიებზე კი ძახილის ნიშანს ვხედავ; ეს ჩემი წინამორბედის შენიშვნებია - არადა, ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს, როცა ვინმე ხელს მიშლის კითხვაში თავისი ფანქრით. ამჯერად შენიშვნებს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, რადგანაც თხრობამ გამიტაცა და თუკი საერთოდ ვამჩნევ ფანქრის კვალს, მხოლოდ იმ ადგილებზე, რომლებიც მეც ძალიან მომწონს; გამოდის, რომ ჩემმა წინამორბედმა - აზრზე არა ვარ, ვინ უნდა ყოფილიყო - იქ გაუსვა ხაზები და ძახილის ნიშნებიც იქ დასვა, სადაც ჩემი აღფრთოვანება პიკს აღწევდა. და ასე ვაგრძელებ კითხვას, ორმაგად ფრთაშესხმული ტექსტის გასაოცარი ხარისხითა და ჩემს უცნობ წინამორბედთან სულიერი ნათესაობით, სულ უფრო ვეფლობი ზღაპრულ სამყაროში, სულ უფრო განცვიფრებული მივსდევ ავტორს მის მიერ გაკვალულ საუცხოო ბილიკებზე... ვიდრე არ მივაღწიე იმ ადგილს, სადაც, როგორც ჩანდა, თხრობის აპოგეა უნდა ყოფილიყო და სადაც ძალაუნებურად აღმომხდა `აუ!`, `აუ, რა მაგარი აზრია! რა მაგარი სიტყვებია!` და ერთი წამით თვალებს ვხუჭავ, რათა გავიაზრო წაკითხული, რომელმაც თითქოს ბილიკი გაჭრა ჩემი ცნობიერების ბუნდოვანებაში, სრულიად ახალი პერსპექტივები დამანახა, ახალი ცოდნითა და ასოციაციებით დამმუხტა და მართლაც რომ დამნესტრა იმპერატივით: `უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!` და თითქმის ავტომატურად ჩემი ხელი ფანქრისკენ იწევს და ვფიქრობ - `შენ უნდა ხაზი გაუსვა ამას, აშიაზე აღნიშნავ `ძალიან კარგია!`-ს, დიდ ძახილის ნიშანს დასვამ იქ და რამდენიმე სიტყვით დააფიქსირებ ამ გასაოცარი პასაჟით გამოწვეულ აზრთა მდინარებას!` 
მაგრამ უყურე შენ! დავუშვი თუ არა ფანქარი წიგნზე, ჩემი `ძალიან კარგია!`-ს მისაჯღაბნად, დავინახე, რომ იქ უკვე ეწერა `ძალიან კარგია!` და აღმოჩნდა, რომ რეზიუმეც, მე რომ უნდა მიმეწერა, ჩემს მკითხველ წინამორბედს უკვე დაუტოვებია, თანაც მისი ხელწერა ძალიან მეცნობა, ჩემსას ჰგავს, რადგანაც ეს წინამორბედი სხვა არავინაა, თუ არა მე, ვისაც კარგა ხნის წაკითხული მქონდა ეს წიგნი. 
ამ დროს ენითაღუწერელმა სევდამ შემიპყრო. ძველი ავადმყოფობა ისევ დამიბრუნდა: ამნესია ინ ლიტტერის, ლიტერატურული მეხსიერების სრული დაკარგვა და შემეცნებისკენ სწრაფვის და საერთოდ, ყველანაირი ინტელექტუალური სწრაფვის ამაოების გამო პესიმიზმის ტალღამ გადამიარა. რატომღა ვკითხულობ, თუკი ვიცი, რომ სულ მცირე ხანში მისგან ერთი მისხალი მოგონებაც კი არ დამრჩება? რა საჭიროა რაიმე აკეთო, როცა ყველაფერი ირღვევა, არარად მიიქცევა? აზრი აქვს ცხოვრებას, თუკი მაინც უნდა მოვკვდეთ? ...ჰოდა, მეც დავხურე ეს წიგნი, ავდექი და ნაცემივით, კარგად ნაბეგვი ბიჭივით მივლასლასდი სტელაჟთან და ტომი სხვა, მრავალრიცხოვან ანონიმურ და დავიწყებულ წიგნებს შორის შევჩურთე. 
მზერა ბოლო თაროს შევავლე. რა დევს იქ? ალექსანდრე დიდის სამი ბიოგრაფია. ოდესღაც სამივე წავიკითხე და რა ვიცი ალექსანდრე დიდის შესახებ? არაფერი. შემდეგი თაროს ბოლოში რამდენიმე კრებული დევს ოცდაათწლიანი ომის შესახებ, მათ შორისაა ვერონიკა ვეჯვუდის ხუთასგვერდიანი მონოგრაფია და გოლო მანის ათასგვერდიანი წიგნი ვალენშტაინზე. ყველაფერი ეს ყურადღებით მაქვს წაკითხული, მაგრამ ოცდაათწლიანი ომის შესახებ მაინც ვერაფერს გეტყვით; არ ვიცი, რა ვთქვა. ქვედა თარო თავიდან ბოლომდე ლუდვიგ II Áავარიელისა და მისი ეპოქის შესახებ შექმნილი წიგნებითაა გადაჭედილი. ისინი არამხოლოდ წავიკითხე, არამედ გადავღეჭე კიდეც (წელიწადზე მეტი მოვუნდი) და შემდეგ ამ თემაზე სამი კინოსცენარი დავწერე, შეიძლება ითქვას, ლუდვიგ II-ს ექსპერტიც კი გავხდი, მაგრამ ახლა? მახსოვს რამე მის შესახებ? არაფერი. სულ მთლად არაფერი. კი ბატონო, ვფიქრობ მე, ლუდვიგ II-სთან დაკავშირებული ამნეზია შესაძლოა არც ისე საშიში იყოს, მაგრამ რა ვუყო წიგნებს, აგერ აქვე რომ დევს, ჩემს საწერ მაგიდასთან, უფრო პრესტიჟულ, ლიტერატურულ განყოფილებაში? რა დარჩა ჩემს მეხსიერებას ანდერშის თხუთმეტტომეულიდან? არაფერი. ბიოლის, ვალზერისა და კიოპენის მრავალტომეულებიდან? არაფერი. ჰანდკეს ათი ტომიდან? კიდევ უფრო ნაკლები. რა მახსოვს ტრისტრამ შენდის, რუსოს აღსარებისა და ზოიმეს გასეირნებიდან? არაფერი. არაფერი და კიდევ ერთხელ არაფერი. აი, მაგალითად! შექსპირის კომედიები! შარშან ყველა წავიკითხე, ზედიზედ, მათგან მაინც ხომ უნდა დარჩენილიყო რამე, თუნდაც ერთი გაელვება, სათაური მაინც, ერთადერთი სათაური შექსპირის ერთადერთი კომედიისა! ა-რა-ფე-რი. მაგრამ, ღმერთო ჩემო, გოეთე. გოეთე მაინც... აი, თეთრი ტომი, `სულთა ნათესაობა`, სამჯერ თუ ოთხჯერ მაქვს წაკითხული... მომკალი და ვერაფერს ვიხსენებ. თითქოს ყველაფერი სადღაც გაფრინდა. წარმოიდგინეთ, დედამიწაზე არ არსებობს წიგნი, რომელსაც მე გავიხსენებდი. აი, ორი წითელი ტომი, წითელი ფოლიანტი გაცვეთილი სანიშნეებით, ისინი მაინც ხომ უნდა მახსოვდეს, ასეთი ნაცნობი, ასეთი ახლობელი. რა თქმა უნდა, წაკითხული მაქვს, კვირების მანძილზე თავაუწევლად ვუჯექი ამ წიგნებს და თანაც, არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს... რა წიგნებია, რა ჰქვიათ? `ეშმაკნი`. ბიჭოს! საინტერესოა! ავტორი ვინაა? ფ.მ.დოსტოევსკი. ჰმ. მე მგონი ბუნდოვნად მახსოვს: რომანის მოქმედება, თუ არ ვცდები, მე-19 საუკუნეში ვითარდება და მეორე ტომში ვიღაცა თავს იკლავს პისტოლეტით. მეტს ვერაფერს გეტყვით. 
სკამზე ვჯდები საწერ მაგიდასთან. ვაი, სირცხვილო! ეს ხომ სკანდალია! აი, უკვე ოცდაათი წელია კითხვა ვიცი და ამ დროის მანძილზე აუარება თუ არა, საკმაოდ ბევრი წიგნი მაინც წავიკითხე და ყველაფერი, რაც დამრჩა, ერთი ბუნდოვანი მოგონებაა იმის შესახებ, თუ როგორ იკლავს გმირი თავს პისტოლეტით ათასგვერდიანი რომანის მეორე ტომში. ოცდაათი წელი სულ ტყუილად ვკითხულობდი! ჩემი ბავშვობის ათასობით საათი, ყმაწვილობისა და ახალგაზრდობის წლები კითხვაში გავატარე და მეხსიერებას არაფერი დარჩა. თანაც, ამ ავადმყოფობისგან არათუ არ ვიკურნები, არამედ იგი პროგრესირებს კიდეც. დღეს, როცა რომელიმე წიგნს ვკითხულობ, ბოლომდე არმისულს წიგნის დასაწყისი მავიწყდება ხოლმე. ჩემი მეხსიერება ზოგჯერ ერთი გვერდის დამახსოვრებასაც ვერ `ქაჩავს` და ასე მივჩოჩავ აბზაციდან აბზაცამდე, ერთი წინადადებიდან მეორემდე და მალე, ალბათ მხოლოდ სიტყვების დამახსოვრებასღა თუ შეძლებს ჩემი ცნობიერება, სიტყვების, რომლებიც გაუგებარი ტექსტის ბურუსიდან ამოტივტივდებიან, მოწყვეტილი ვარსკვლავებივით უკანასკნელად გაკრთებიან, რათა სრული დავიწყების მღვრიე დინებას მისცენ თავი. ლიტერატურულ დისკუსიებზე კარგა ხანია ხმას აღარ ვიღებ, სირცხვილის მეშინია, ერთმანეთში ვურევ მერიკესა და ჰოფმანსტალს, რილკესა და ჰოლდერლინს, ბეკეტსა და ჯოისს, იტალო კალვინოსა და იტალო სვევოს, ბოდლერსა და შოპენს, ჟორჟ სანდსა და მადამ დე სტალს... როცა ციტატის ძებნას ვიწყებ, კვირები ვუნდები სხვადასხვა წყაროს ქექვას, რადგან არ მახსოვს ციტატის ავტორის გვარი, ამასობაში კი იმდენ ახალ სახელს ვაწყდები ხოლმე, რომ საერთოდ მავიწყდება, რას ვეძებდი. აბა, როგორ შემიძლია ასეთ ქაოტურ სიტუაციაში გავცე პასუხი კითხვას: რომელმა წიგნმა შეცვალა ჩემი ცხოვრება? არც ერთმა? ყველამ? ზოგიერთმა? არ ვიცი, არ ვიცი. 
მაგრამ იქნებ - კითხვისას (ისევე როგორც ცხოვრებაში) ჩვენი შეხედულებების ფორმირება და მკვეთრი ცვლილებები მსოფლმხედველობაში რაღაცნაირად ფარულად მიმდინარეობს - თავს ვიმშვიდებ ხოლმე ხანდახან. იქნებ კითხვა ერთგვარი გაჟღენთვის აქტია, რომლის დროსაც ცნობიერება, მართალია ბოლომდე ნაყრდება, მაგრამ იგი ისე ოსმოტურად მოუხელთებელია, რომ ცნობიერება ამ პროცესს ვერც კი ამჩნევს. შესაძლოა ლიტერატურული ამნეზიით შეპყრობილი მკითხველი ძალიან ხშირად იცვლება კითხვის წყალობით, თუმცა ვერ ამჩნევს ამას, რადგანაც კითხვის დროს მასთან ერთად იცვლება მისი ტვინის ის კრიტიკული ინსტანციებიც, რომლებიც მის ამ ცვლილებებზე მიანიშნებდნენ. იმისთვის კი, ვინც თავადაც წერს, ასეთი ავადმყოფობა, შესაძლოა მადლიც იყოს და უფრო მეტიც, აუცილებელი პირობა ლიტერატურული შემოქმედებისთვის, რადგანაც იგი იცავს მწერალს, რათა არ თრთოდეს ყოველი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვისას და არც პლაგიატის ხიბლს დანებდეს; ამის გარეშე ხომ წარმოუდგენელია რაიმე სერიოზულის შექმნა. 
ვიცი, რომ სულ ტყუილად ვიმშვიდებ თავს და ვცდილობ თავი დავაღწიო ამ ავადმყოფობას: არ უნდა დანებდე ამ საშინელ ამნეზიას - ვფიქრობ მე - მთელი შენი არსებით უნდა დაუპირისპირდე ლეთეს მღვრიე ტალღებს, ნუღარ გადაეშვები ასე უკანმოუხედავად ლიტერატურულ ტექსტებში, არამედ ცივი, ნათელი და კრიტიკული გონებით უნდა შეაფასო ისინი, ამონაწერები უნდა გააკეთო, დაიზეპირო ზოგიერთი ადგილი, უნდა ავარჯიშო მეხსიერება, ერთი სიტყვით: შენ უნდა... და აქ თავს უფლებას მივცემ, ერთი ციტატა მოვიყვანო ცნობილი ლექსიდან, რომლის ავტორსა და სახელწოდებასაც ვერ ვიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს უკანასკნელი სტრიქონი, როგორც მარადიული მორალური იმპერატივი: `შენ უნდა` - ნათქვამია იქ - `შენ უნდა... უნდა...` 
რას იზამ! ახლა უკვე სიტყვებიც კი დამავიწყდა, მაგრამ არაუშავს, აზრი მაინც კარგად მახსოვს, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: `უნდა შეცვალო ცხოვრება შენი.

??????