ჩამოხრჩობილთა ბალადა (მთარგმნელი: დავით წერედიანი)
მოლბით, მოიღეთ სიბრალული, ღმერთს შებრალდებით!
გარდაგვიხდია საამქვეყნო, ვკიდივართ რიგზე,
ყულფს ჩაბმულები, ხუთნი, ექვსნი, გინა რამდენი!
ლპება, იხრწნება ნალაღები როსმე სხეული,
ვიდრე მიწაზე არ დავცვივით ძვლები მსხვრეული.
ფეხისმტვრად წავალთ! ნაცარ-ფერფლად წავიხვეტებით!
განუგლოველნი სამარესაც ვეღარსად ვპოვებთ!
არა განკრულოთ უბედური ჩვენი სვე-ბედი,
არამედ წართქვით უფლისადმი: შენდობა ყოველთ!
ნურც განრისხდებით, ამადარნი გახსენებთ ძმებად,
ესრეთ განსჯილნი! სამარცხვინო ძელზე მისკვნილნი!
კაცნი ვიყავით, ღვთისნიერნო, კაცი კი ცდება,
რაც ოდენ რამე შეგვიცოდავს, გიზღეთ სიკვდილით.
თან გაგვატანეთ, როგორც ბნელში სანთელ-საკმელი,
სიტყვა, ქალწული მარიამის ძესთან სათქმელი.
ეგებ ჩვენც აგვხსნას საუკუნო მეხთა კირთება,
აჰა, უფალო, გვათქმევინოს, შენი ვართ, მოველთ.
ნუ თაკილს იტყვით, გული თქვენი ნუ გამძვინდება,
არამედ წართქვით უფლისადმი: შენდობა ყოველთ!
წვიმა-ავდარი გადმოივლის, გვალტობს და გვრუმბავს,
მზე გადმოივლის, თაკარება გვაშავ-გვამწვანებს.
ყვავ-ყორნები და კაჭკაჭები გვასხედან გუნდად,
თვალები შესვეს, გვაკორტნიან წვერს და წამწამებს.
ჩიტების ჯარი დაგვდებია, გასდით ფართქალი,
სათითურივით დავჩვრეტილვართ ნანისკარტალით.
ქარი დაბერავს, ერთმანეთზე გაგვაქვს ხეთქება,
აღარ გვეკმარა, რაც შხამი და ბალღამი ვწოვეთ...
ხალხო კეთილო, გზასა ჩვენსა ნურვინ შედგება,
არამედ წართქვით უფლისადმი: შენდობა ყოველთ!
პრინცო იესო, მეოხ გვექმენ, გზა შენკენ გვიდევს,
ჯოჯოხეთისთვის მისაზღველი რა დაგვრჩა კიდევ,
სახმილი იყო განუყრელი, აქ რასაც ვტოვებთ...
გზადმიმავალო, ნუ განკითხავ, მშვიდობით ვლიდე,
არამედ წართქვით უფლისადმი: შენდობა ყოველთ!