ვიიონი ფრანსუა
გაზიარება

მცირე ანდერძი (მთარგმნელი: დავით წერედიანი) 

ჩინ-უნ-ნარ-ვინსა, დეკემბრის თვესა,
ვინმე ფრანსუა ვიიონს, სქოლარს,
შემიდგენია საბუთი ესე,
აწ ვიხსნი ყელზე დაკიდულ დოლაბს.
,,საქმესა თვისსა ვინცა ეწიოს,
ვაქოთ, საქმენი შე-რა-ვიტყოთა",
უთქვამს ოდესღაც ბრძენ ვეგეციუსს,
და თუ არ უთქვამს, ვინმე იტყოდა.

II
ხსენებულ თვეში, მწუხარე დროში,
როცა დღისითაც ნახევრად ბნელა,
როცა სასტიკი ყინვა და თოში
ბუხრებისაკენ მირეკავს ყველას,
როცა ქარიშხლით ვახშმობენ მგლები
და ჩაჰყმუიან ცარიელ სტომაქს,
მომბეზრდა ასე, ჩემივე ნებით,
ტრფობის უღელში უაზროდ ჯდომა.

III
მკლავს და არ ვიცი, რას იგებს ამით,
ვკითხო, რა ვკითხო, არ იცის თვითონ.
მე მგონი, უკვე დამდგარა ჟამი,
გზები ვკეცო და არგანი ვცვითო.
თქვენ, სიყვარულის დიდო ღმერთებო,
შემიმსუბუქეთ ტანჯვის უღელი,
და ჩემი დარდი ვეებერთელა
არ დამიტოვოთ ამოუყრელი.

IV
მომეთილისმა, მომცა დასტური,
ტანთ შემომაგზნო ტკბილი სახმილი,
ღიმილიანი მზერა მაცთური
გულს გამიტარა, როგორც მახვილი,
მერე კი მექცა ფეხთეთრა ცხენად,
თავის დაღწევა გვიანღა ვცადე.
მცოდნოდა, სხვაგან ჩავყრიდი ვენახს
და სხვა წიაღში ჩავფენდი ნათელს.

V
თქვა თუ: გახმესა, ვერ იხაროსა,
თან ითმინოსა, თან იხელოსა.
უნდა ვმჯდარიყავ შავსა ხაროსა
და განუწყვეტლივ მასზე მელოცა.
ვინ დამაბედა, ტრფობით გალღვიო,
ვინ დამანათლა, ცრემლად იქეცო,
დროა, დილეგი გამოვარღვიო
და პარიზიდან გადავიხვეწო.

VI
მეყო, რაც უღვთოდ მგვემეს და მტანჯეს,
ცრემლმა დამალტო, ცეცხლმა დამდაგა.
მშვიდობით, ძმებო, მივდივარ ანჟეს,
ხვალვე მივდივარ, თორემ თანდათან
ჩემი ამბავი ისე გართულდა,
დაგვირგვინდება სულის გაცხებით
და ტრფიალების წმინდა მარტვილთა
ღვთაებრივ დასში შევირაცხები.

VII
მორჩა, აღსრულდა, მივდივარ მართალ,
მაგრამ მწყურიხარ ისეთი ძალით,
ისე მჭირდები, ვით... როგორც... რა ვთქვა...
ბოლონურ ქაშაყს სჭირდება წყალი.
ნეტა ვინ გიხსნის ახლა საკინძეს,
ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს...
ო, ღმერთო ჩემო, ნუ გამაგიჟებ!
კი არ ვლოცულობ, ვდგავარ და ვყმუი.


VIII
ჯავრი რკინასაც გახრავს და გალევს,
კაცი კი _, მოკლედ, როგორცა თქმულა,
და, იქნებ, ვეღარ მოვბრუნდე მალე,
ვინ იცის, ვეღარ მოვბრუნდე სულაც,
მემკვიდრენი კი მოვლენ, ცხადია,
და რომ არ დარჩეს რამე საცილოდ,
ახლავე მინდა, რაც მაბადია,
კანონიერად გავანაწილო.

IX
მაშ, სახელითა მამისაითა,
ძისაითა და სულისაითა
წმიდისაითა (სახლი საიდან!
კარი საიდან! ფული საიდან!)
ძვირფას გიიომ ვიიონს, რიდით,
ჩემგან განთქმული სახელის გარდა,
რაც თავისთავად განძია დიდი,
ვუტოვებ ყველა კარავს და ჩარდახს.

X
იტემ, ეს გული, ეს გაბასრული,
გამლღვალი გული ქანდაში სადად
ჩამიგულქანდონ - წმინდად ვასრულებ
მიჯნურ რაინდთა უძველეს ადათს -
და მას მიართვან, ვისთვისაც ენთო,
ვისთვისაც ევნო ამდენი ხანი.
რაც იყო, იყო, შეუნდე ღმერთო,
ჯანდაბას ჩემი თავი და ტანი.

XI
იტემ, მიერთვას იტიე მარშანს
ჯავარდნის ხმალი უაზარმაზარი,
რომელიც ლომბარდს შევიხსენ შარშან,
მერე დავწვდი და ვეღარ დავძარი.
თუ ქესატობა ჩემს იტიესაც
განაზრახვინებს უკანდახევას,
ხმლის ნახევარი კორნუს მიეცეს,
მასვე ვაკისრებ ხარჯის ნახევარს.

XII
იტემ, ბლარიუს მიერთვას ჩემი
ბრილიანტები - ვარსკვლავთა ხომლი,
მოხუც სენტ-ამანს - აბრათა რემის
თვალი ,,ულაყი", მღვდლებს-ბულა ,,ომნის
უტრისკვე სექსუს", რომელმაც ბერებს
სადაო ლუკმა წაართვა სრულად
და მღვდლებს გადასცა... ეს ბულა მერე,
ვაგლახ, აკრძალა შემდეგმა ბულამ.

XIII
იტემ, ვიზრუნოთ რობბერ ვალესთვის,
რომელიც ღმერთმა ისე გაწირა,
სასამართლოში კაცი ხალისით
დადის ოქმების გადასაწერად.
სად რას იშოვის კლერკი მშიერი!
ვუტოვებ შალის გამდნარ პანტალოონს,
რომ სატრფო, ჟანა დე მელიერი
სუსხში უთავშლოდ არ ატანტალოს.

XIV
სულ რომ ყველაფერს თავი ვანებო,
უნდა ვიშოვო ერთი კრებული -
ჩლუნგთა საწვრთნელი სახელმძღვანელო
,,არს მემორიედ" სახელდებული.
აშკარად უნდა ვუშველო რამე,
არ ძალმიძს გულზე ხელის დაკრეფა,
ჩვენს დროში ასე არაფრის გამო,
მარტო სიბრიყვით ვინ იჩაგრება!

XV
ჰოდა, ჩვენებთან თხოვნა მაქვს ერთი:
ჩემი ბეგთარი გასცენ გირაოდ
და აღდგომამდე სენ-ჟაკის გვერდით
საწერ-საოხად დაუქირაონ
მაგ არზის მუსუსს და ოქმის ტრფიალს
ერთი... რა ქვია... ისა... სარკმელი...
ჟამიდან ჟამზე საამო ფრიად,

მისებრი თავის ღრმად შესარგველი.

XVI
იტემ, ჟაკ-კარდონს - ატლასის შავი
წამოსასხამი მხრებგასაშლელი,
ხელთათმანები ძვირფასი ტყავის,
ტირიფისა და მუხის ვაშლები,
დიდი კასრებით ღვინო კრიალა,
ხორაგეული დიდი გოდრებით,
ერთი ხალიჩა - საკოტრიალო,
ერთი პროცესი - გასაკოტრები.

XVII
იტემ, მიძღვნია სამი სეტერი
რაინდ რენიე დე მონტინინისთვის.
ასიოდ ოქროს გავიმეტებდი
ჟან რეგიესთვის, მაგრამ, ვინ იცის,
კარზე რამდენი მშიერი მადგას,
იქით ისაო, აქეთ ესაო,
თუ გადავყევი თვითეულ მათგანს,
უკან დამრჩება სანათესაო.

XVIII
იტემ, დე გრინის, ზვიად ფეოდალს -
ექვსი მწევარი, ყველა მგლისებრი,
ორიც სასახლე მემკვიდრეობად,
აწ ოდენ ლიბო, ნიჟონ-ბისეტრი.
დავაქარსა და ვახშის პალადინს
განებივრებულს გრინის თვალყურით,
მუტონს - მხურვალე ჩემი სალამი
და გულითადი ჩემი პანღური.

XIX
ჟაკო რაგიეს - პოპენის წყალი,
ღელე, რომელიც არწყულებს ნახირს,
პური და ხორცი, თევზი და მხალი,
მარაგი ცხარის, მწუთხის და მჭახის.
მოირგოს ტანზე ფლასები ბერის,
შეუდგეს ,,გირჩში" სუსნას და ხუხვას,
ღვინიან თასში ჩაალბოს წვერი
და მიაფიცხოს ფეხები ბუხარს.

XX
ჩემს ცნობილ შარვალს, გრძელს და გაინერს,
არა სჭირდება პანეგირიკი.
მარჟვენა ტოტი - მეტრ ბაზანიეს,
მარცხენა - მონტენს, ანდა პირიქით.
მათთან ფურნიეც ვახსენო ჯერარს,
სადაც ალხანა, იქაც ჩალხანა,
მე მას ვუტოვებ ჩემს უხმარ პერანგს
და იმ პერანგის ნახმარ ამხანაგს.

XXI
ჟან ტრუვეს, ყასაბს, ვუტოვებ ხვასტაგს,
,,ერკემალს", ,,ძროხას", ,,ჯიღოსან კუროს",
სინჯოს და თვალოს ჭრელ-ჭრელი დასტა,
თანაც სიამოთ თვალები წკუროს.
თუ ხსენებული ჭრელი ნახირი
წაჰგვაროს ვინმემ ხსენებულ ყასაბს,
შეიპყრონ ქურდი და არნახული
სიბრიყვისათვის ანძუხზე გასვან.

XXII
საეჭვო პირთა დოსტსა და ქომაგს,
მცველთა ასისთავს - საჯავშნე რკინა,
როცა კი შატლეს მომიწევს ჯდომა,
ვთხოვ, ,,სამ სოსანში" დამიდოს ბინა.
თვითონ მცველებმა, როგორც სჩვევიათ,
ბნელში მოსინჯონ ღრიჭო რაც არი,
ამა სიგელით მიმირთმევია
მათთვის მათივე ნაბაცაცარი.

XXIII
პერნე მარშანი, რომელსაც ზოგი
ლა ბარის ბუშის სახელით ბღალავს,
მიიღებს ჩემგან ბედნიერ ლოგინს,
სამიოდ შეკვრა ნოტიონ ჩალას.
თავისი მრევლი მიჰგვაროს მუშტარს,
თვითონ კი, როგორც დროდადრო ხდება,
გაშლილ ჩალაში ჩაემხოს კუშტად
და ჩალაშივე ჩაიცხროს ვნება.

XXIV
ლელუს და შოლეს - მეზობლის იხვი,
ეზოს გადაღმა თხრილში რომ ცურავს,
ოღონდ მშივრებმა ნადავლი იქვე
რომ არ გაბრდღვნან და არ ჩანთქან მგლურად,
გავატან შამფურს, მაყალს და მარილს,
გარდა ამისა ჩავაცვამ ხამლებს,
რომ თხრილთან ორი ნადირის კვალი
არ ეცეს თვალში თვითეულ გამვლელს.

XXV
იტემ, ბედკრული სამი ობოლი,
სამი ნიბლია, სამი ნამლევა,
უსახლკარონი, უახლობლონი,
მტერმაც რომ ნახოს, შეებრალება.
თუ არ გავუვსე საწყლებს მუცელები
და სამოსელიც თუ არ მივეცი,
უჭმელ-უსმელნი და ჩაუცმელნი
სულს გააფრთხობენ ამ სიცივეში.

XXVI
ჰოდა, ერთგული მათი მსახური
ამ ობლებს, მარსოს, გოსუენს, ლორანს,
ვუტოვებ სახლის მთელ ხარახურას,
რომ ერთმანეთში გაიყონ სწორად.
ერთხანს დაუცხრობს ეგ მესამედი
მუცლის გვრემას და სიმწრის ხველებას,
ოღონდ არ ვიცი, შორს თუ წავედი,
ამ უბედურებს რა ეშველებათ.

XXVII
იტემ, ვუტოვებ სორბონის მიერ
მოცემულ დიპლომს და ჩემს წოდებას
ორ საწყალ კლერჟოს, ღატაკს და მშიერს,
დიპლომს ამაოდ რომ ელოდება.
ძნელია, მაგრამ გაივლის დრო და
შეიფერებენ ბოძებულ ხარისხს,
ღაკი ლათინურს ამტვრევენ ცოტას
და შეუძლიათ წვალება ქნარის.

XXVIII
ეს ორი კლერჟო გახლავთ ცნობილი
მამა კოტენი და მამა ვიტრი,
უხურთ შუბლები, შეუმკობელი
ეპისკოპოსის მაღალი მიტრით.
მალე დავხურავ საკადრის ჯიღას,
თუკი ორივე ცოტას შეიცდის,
ოღონდ ეგ საქმე შემდეგში იყოს,
კვლავ რომ მოვიცლი, ხოლო დღეისთვის

XXIX
გდრის სახლიდან მიეცით ცენზი
და კიდევ ძველი და თავმომპალი,
პაპის დროიდან ნადები სხვენზე
(მღვდელმთავრის სკიპტრა!) დიდი კომბალი.
იტემ, ჩიტუნებს, ვისი გალობაც
ავსებს ქალაქის მთავარ გალიას,
ციხის უფროსის ცოლის წყალობა
გადავულოცო, ჩემი ვალია.

XXX
იტემ, ჰოსპიტლებს - აბლაბუდებით
ამოქარგული ჩემი სარკმელი,
რომ არ გაცივდნენ საპყარ-კუტები,
სააქაოდან ბარგასაკვრელი.
წიხლი, მჯიღი და მსგავსი წამლები _
სნეულ გლახაკებს და წვრილფეხობას,
უშემოსავლო და მოსავლელი
მე საკუთარი თავივ მეყოფა.

XXXI
იტემ, ჩემს დალაქს - ჩემი თმა-წვერი,
მისსივე ხელით ნაპარს-ნაკრეჭი.
ხარაზს - ცალ-ცალი და ძველთაძველი
ჩექმის და ხამლის ყველა ნაგლეჯი.
ჩემს მეძველმანეს - ჩემი ძონძები,
წაიღოს, რასაც ნახავს წასაღებს,
ოღონდ ბრმა მუშტარს თუ გამოძებნის,
ვთხოვ, მთლად უხმარად ნუ შეასაღებს.

XXXII
ვინმე კარმენი ან ჟაკოპენი
მშიერ-მწყურვალი თუ დაძრწის სადმე,
მივართმევ ღვინოს დიდი კოკებით,
კურდღლებს, ყვერულებს, შებრაწულ ქათმებს.
დააცხრებიან ხვავრიელ ალაფს,
ღვთის ბოძებულს და მარხვის გასატეხს,
მერე მეზობლის ფაშფაშა ქალებს
დააოთხებენ, როგორც ფაშატებს.

XXXIII
იტემ, ჟან ლაგარს, პარიზელ ბაყალს,
ახალთახალი მიერთვას ფილი,
თორემ მის ფილში ქვეყანა ნაყავს,
რითაც მთელ ოჯახს ადგება ჩრდილი.
ხოლო ვინც ჩემი დასმენა სცადა,
როც აიმ ბაღში მეც ვრგავდი ხეხილს,
სენტ-ანტუანის ცეცხლსა და ღადარს
მიფიცხებოდეს ორივე ფეხით.

XXXIV
ლუვიესა და მერბეფს - ულევი,
როგორც იტყვიან, ოხრად, ჩეჩქივით,
სპილენძის, ვერცხლის, ოქროს ფულები,
ბუს კვერცხებიდან გამოჩეკილი.
პიერ დე რუსვილს, გუვიეს დარაჯს _
რეგვენთა პრინცეს განძი ურიცხვი
საჩინო პოსტზე, მაგ პრინცეს კარად,
თავდადებული სამსახურისთვის.

XXXV
ჩამოვამწკრივე დაუზარებლად
სიგელის ოცდათოთხმეტი მუხლი,
როცა სორბონის დიდმა ზარებმა
გაბმული რეკვით მაუწყეს მწუხრი.
ღამე მოსულა და ბურძგლავს ქალაქს
დეკემბრის სუსხით. ცხრა საათია.
ცოტა ხნით განზე გადავდებ კალამს.
სულით და გუილტ ლოცვა მწადია.

XXXVI
რა მომდის! როგორც ღვინით გალეშილს
თვალთ მიბნელდება, აზრი მერევა
და ვგრძნობ უცნაურ ამ სიმთვრალეში,
რომ ქალბატონმა მეხსიარებამ
ცნობიერების მთელი შრეები,
გროვა სახეთა და ქვესახეთა
დაამწკრივა და თავის ვეება
სკივრის წყვდიადში ერთად ჩახვეტა.

XXXVII
სკუპ! პოტენცია ესტიმატივე.
სკუპ-სკუპ! გადაჰყვნენ დიდი პატივით
სიმილიტივა და ფორმატივა
თავის პროსპექტივ-ოპინატივით,
რომელთა მთელი ნაირგვარობა
დიდი ჯახირით, ბევრი დუდღუნით,
არისტოტელურ სიბრძნის წყაროდან,
სულ პეშვით მქონდა ამოზუთხული.

XXXVIII
ჯადოთი შემკრა რაღაცა ძალამ.
გარბის, ირევა, ისევ ეწყობა,
ყალყზე დგება და გადადის მალაყს
შეგრძნება, აღთქმა თუ ნებისყოფა.
მთელი ამქარი როკავს და ცმუკავს,
ყვირის, ზრიალებს, ხტის გამალებით.
უცებ შედგნენ და... მოიქცნენ უკან
ბნელი ხვრელებით და ტალანებით.

XXXIX
სანამ გაგრძელდა სვლა იდუმალი
და სანამ მწყობრში ჩადგნენ ყველანი,
ჩაქრა სანთელი, ჩაქრა ღუმელი
და ჩაიყინა ბოთლში მელანი.
ამით გასრულდა ეს ჩემი წიგნიც.
ახლა კი ბნელში ხელის ცეცებით
მოვნახავ ლოგინს, შევძვრები შიგნით
და ვალმოხდილი ძილს მივეცემი.

XL
დაწერილ იქნა ზემოთქმულ თარიღს
სახელოვანი ფრანსუას ხელით.
ეს იყო კაცი უგროშოდ მჯდარი,
ბუხრის ჭოკივით შავი და ხმელი.
გასცა საჭურჭლე, სამკვიდრო სრული,
ახლა კი ზის და აცეცებს თვალებს:
ჯიბეში მხოლოდ სპილენძის ფული
ჩარჩა და ისიც გაქრება ხვალვე.

??????