* * * ქვის გაცოცხლება მარტოოდენ ცეცხლის ხვედრია (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
და რაკი ცეცხლი შესაქმისა არ მთმობს აროდეს,
მწადს ქმნილებაში გაზაფხულად ამოწყაროვდეს,
რასაც ქვის გულში ზამთარივით ჩაუხედია.
რას იზამ, სულო, უმზეობა ჯოჯოხეთია,
სჯობს ქვად იქცე და ქვადქცეული მზის შუქს სწყალობდე,
ვიდრემდე მიწის საწყაოდან ცის საწყაომდე
შენც მოგიწყავდნენ ჯოჯოხეთურ წვას და ხეტიალს.
იწვის, კვლავ იწვის ანთებული ჩემი საყდარი
და ცაზე, როგორც უკვდავების ბაირახტარი,
ტრიალებს ჩემი ბედისწერის დაღლილი ეტლი.
გრძელდება ქვასთან პაექრობა, ისმის ხახუნი,
რომ ცეცხლით იშვას სიყვარული ჯერარნახული,
ვითარცა ჩემი ხელოვნების წილი და ხვედრი...