ბუონაროტი მიქელანჯელო
გაზიარება

* * * ვიცი, დრო მოვა, - ისევ უნდოდ, ისევ ავგულად (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი) 

ვიცი, დრო მოვა, - ისევ უნდოდ, ისევ ავგულად
ახმიანდება ბედის ზარი: ჟამი ილევა...
აძრწუნებს ჩემს სულს ქვეყნის ბიწი და ცთომილება
და მოლოდინში ჩალეულა და ჩაკარგულა.

ბედმა შური და უნდობლობა მრავლად მარგუნა,
ცოდვის ბურანში ჩათვლემილა ყოვლი ქმნილება,
ხოლო სიმართლე დავიწყებას ეძმობილება
წრფელ ოცნებათა დასამცრობად და დასათრგუნად.

მაგრამ ვინ არის გამკითხავი: დაძრწის სიკვდილი
და ყოველივეს ანადგურებს... სასომიხდილი
რომ ვამუნათებ წუთისოფლის მუხთალ კანონებს, -

ნუთუ, უფალო, უნაპირო შენი სინათლე, -
რომელიც სულში სასოებად ჩაგვიბინადრე, -
რისხვის მაგიერ სიყვარულით დაგვამწყალობებს?

??????