იათაშვილი შოთა
გაზიარება

პიცა 

სანდრო კობაურის ხსოვნას

შენ აცხობდი პიცას,
შენ გადიოდი მარანში და ღვინოს ასხამდი,
გიტარაზე უკრავდი და ჩვენით ხარობდი,
მაგრამ მაღლა ცხოვრობდი შენ,
ისე მაღლა, რომ ძნელი იყო ამოსვლა.
ხანდახან მაინც დავადგებოდით გზას _
ფეხი გვიცურავდა ყინულზე,
ერთმანეთს ვებღაუჭებოდით,
ვიყინებოდით და
ქოშინი გვიტყდებოდა,
აღმართი კი არა და არ თავდებოდა _
ძლივს, ბოლოს, არაქათგამოცლილები,
გიტარის ხმას გავიგონებდით,
ჰაერში ღვინის სუნი დატრიალდებოდა,
და ესე იგი შენ უკვე ახლოს იყავი,
ნამდვილი იტალიური პიცის სანელებლებით აკმევდი სახლს,
სახლი კი თავზე ედგა თბილისს,
სახლი თბილისის ქუდი იყო
და თბილისი ამბობდა,
«კაცი ვარ და ქუდი მხურავსო»...

თბილისი არაკაცი გახდა,
ქუდი მოიხადა,
მტვერში და სისხლში მოისროლა
და შენც გაიქეცი თბილისიდან,
დიდხანს ირბინე არაკაცი მოსკოვის ქუჩებში
ბუტერბროდებით ხელში,
მერე მიხვდი,
არაკაც მოსკოვში სირბილს 
ისევ არაკაც თბილისში ყოფნა ჯობდა
და უკან დაბრუნდი,
მაღლა აღარ ასულხარ,
ქვემოთ დაიდე ბინა
და გაგრძელდა ცხოვრება,
უკვე უმეგობროდ,
უკვე როგორც არაფერი,
ეჰ, სანდრო,
სადღა იყო შენი მარანი,
შენი გიტარა,
შენი პიცა,
შენი სიზმრები მტკვრის ბინძურმა წყალმა წაიღო,
შენი მეგობრები სხვა კონტინენტებმა და სასუფევლებმა დაინაწილეს,
დღეს კი წერილი მომდის ამერიკიდან,
იქიდან ვიგებ,
შენი პირველი მეგობრისგან ვიგებ
შენს ახალ ამბავს...

რა მაღლა ცხოვრობდი მაშინ,
განდეგილი ბერივით,
რა ძნელი იყო შენთან ამოსვლა,
როგორ ვებღაუჭებოდით ერთმანეთს,
როგორ ვიღლებოდით,
როგორ ვწვალობდით _
და რა მაღლა ცხოვრობ ახლაც,
ვინ იცის, რამდენი უნდა ვიფორთხიალოთ,
რამდენჯერ უნდა მოგვიცურდეს ფეხი,
რომ კვლავაც ამოვიდეთ ზემოთ, შენთან,
ახალ კაცურ სახლში,
ახალი სურნელებით გაჟღენთილში...

მანამდე კი,
სულის მოსათქმელად და პურის საჭმელად
სადმე კაფეში თუ შევედი და პიცაც შევუკვეთე ხოლმე,
ვიცი, ყოველთვის შენ გამახსენდები,
მომიტანენ პიცას და მეგონება,
შენ ტრიალებდი სამზარეულოში,
საკუთარი რეცეპტით მიმზადებდი პიცას,
რათა ჯანი დაგებრუნებინა ჩემთვის _
ის ჯანი, მუდამ აღმართ-აღმართ სიარულს რომ 
სჭირდება...

და ასეც იქნება სინამდვილეში:
შენი გამომცხვარი პიცები
ამოგვიყვანენ, სანდრო, ჩვენ ყველას მაღლა,
ისევე შენთან,
და კვლავ იქნება ტკბილი ღვინო,
ტკბილი ჰანგები და
სიცოცხლე _ ერთიანი,
საოცარი,
სურნელოვანი...

??????