ანფიმიადი დიანა
გაზიარება

სიყვარულის ახსნა 


თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.

ცივ ბუდეებში 
სამუდამოდ დააბინადრა
თვალები - როგორც ლაყე კვერცხები - 
ვერანაირი მზის ქათამი ვეღარ გამოჩეკს - 
სიხარულის თბილ - თბილ
წიწილებს.
თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.
ყველა გზა უცებ წაიშალა ხელისგულებზე - 
ხან თავსხმა წვიმამ გადარეცხა, 
ხან დაბერა სამხრეთის ქარმა,
ხან ყველა ტყეს მოედო ცეცხლი, 
ბოლოს - დათოვა - 
ყველა გზა უცებ წაიშალა ხელისგულებზე. 
თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.
ზამთრის ძილისგან დაიხოცნენ 
სუნთქვის დათვები
და თავი ვეღარ დააღწიეს 
ცხვირის მღვიმეებს - 
ბოლო სუნთქვა მკვდარი სუნთქვაა.
თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.
სული კვამლივით ამოუშვა მდუმარე სახლმა, 
ცეცხლი კი ჩაქრა, 
ცეცხლი ჩაქრა
ჰო, ჩაქრა ცეცხლი.
კაცი მოვიდა ცოტა გვიან
( როგორც ყოველთვის)
ხელი მიითბო ჩამქრალ ცეცხლზე, 
მის საწოლთან სკამი მიიდგა, 
დაიხარა მკვდრისკენ და 
უთხრა.
უთხრა:
- ამხსენი სიყვარული, 
მიდი, ამხსენი სიყვარული, 
მიდი, ამხსენი სიყვარული....
და ამ მხრებზე ზეცას შევიდგამ....

თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა

??????