* * * როცა ამქვეყნად დაგივიწყებენ (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
როცა დარდები შემოგაწვება,
და ყველაფერი რაც კი გხიბლავდა ,
საფლავის ქვის ქვეშ ნელა გაქრება;
როცა ქალაქის მოკირწყლულ გზებზე,
თითქოს დაგადეს ფეხზე ხუნდები,
ღონემიხდილი,უტყვი,სნეული,
შებინდებისას სახლში ბრუნდები ,
გზად შეისვენე სულ ერთი წამით
და მოუსმინე სიჩუმეს ღამის:
სმენით შეიცნობ სულ სხვა ცხოვრებას,
რომელიც დღისით ვერ შეიცანი;
სულ ახლებურად შეხედავ ირგვლივ
თოვლიან ქუჩებს,კვამლს რუხს და მწარეს,
თეთრ, მიტოვებულ, მოუვლელ ბაღნარს,
დღის მომლოდინე მწუხარე ღამეს;
იისფერ ზეცას - ამ ბრძენ წიგნთაწიგნს;
სულში იპოვი შენ უფრო მეტსაც:
მოხუცი დედის დაღარულ სახეს;
ამ უბადლო წამს ისევ გაკრთება -
ეს დამქანცველი ყინვა-სიცივე,
და მინა ჭირხლით უცხოდ ნაქარგი,
მადლიერ გულში ისევ აღდგება
ტრფობა, დიდი ხნის წინ დანაკარგი -
იცნობ სამყაროს უსასრულობას,
და მთელ ქვეყანას გინდა ახარო,
რასაც შეიცნობ და აღიარებ -
რომ მშვენიერი ჩვენ გვაქვს სამყარო.