ბახმანი ინგებორგ
გაზიარება

ფსალმუნი (მთარგმნელი: ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანი) 

1
გაიზიარეთ ჩემი დუმილი, როგორც ზარებმა გაიზიარეს!

ძრწოლის მომყოლში
ბრბო დაეძებს ახალ საკბილოს.
წითელ პარასკევს ცის გუმბათზე გამოკრთება
სამთითა ხელი, რომელიც ვეღარ დაიფიცავს,
რომ არაფერი არ ყოფილა და
არც იქნება. მეწამულ ღრუბლებს მიეფარება,
ახალ მკვლელებს იცილებს გზიდან,
და მიიქცევა თავისუფალი.

შემოღამებულ დედამიწაზე
მივცვივდეთ ფანჯრებს, ტილოები ჩამოვაფლითოთ,
რომ ავადმყოფთა საიდუმლო უცებ გაცხადდეს:
წყლული, საზრდოთი ამოვსებული და უსასრულო ტკივილები
ყველასათვის, ვინც რას ინებებს.
უნდო ჯალათებს ჩაუცვიათ ხელთათმანები
და მხილებულთა სუნთქვას ახშობენ,
კარს მომდგარი იატაკზე ემხობა მთვარე,
შეატოვე, ნამსხვრევები, კარის სახელურს...

უკანასკნელი მირონცხებისთვის განკითხული იყო ყოველი
(ზიარებას კი აღსრულება არ უწერია).

2
რა ამაოა ყველაფერი.
ტალღასავით წამოგრაგნე სადმე ქალაქი,
ზე-აღსდექი ქალაქის თავს ავარდნილ მტვრიდან,
აღასრულე მსახურება
და ითვალთმაქცე,
რომ გაარიდო თავი მხილებას.

აუსრულე, რაც შეუთქვი,
დაბრმავებულ სარკეს ჰაერში,
დახშულ კარს ქარში.

მიუვალია გზები ზეცის ციცაბო კედლის.

3
ჰოი, თვალებო, ამოშანთულნო მზით გაჯერებულ დედამიწაზე,
უამრავ თვალის ნაწვიმარით ჩამობინდულნო,
ამობლანდულნო, ამოქსელილნო
აწმყოს მწუხარე
ობობათაგან...

4
ჩემი დუმილის ღრმა ტაფობში
ჩამარხე სიტყვა
და შეუკარი პირი უდაბურ ტყეთა ნაპირებს,
რომ ბაგე ჩემი
ჩრდილმა დაფაროს.

??????