ბაბულაოღლი სალიმ
გაზიარება

საპასუხო წერილი მეგობარს (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

სამშობლო უმშვენიერესი პირობითობაა.
ეს სიტყვები არასოდეს წამოგცდეთ მათთან,
ვისი ხვედრიც უცხო მიწაა.ქალი ყველაზე ბუნებრივი სილამაზეა.
ცალმხრივად შეყვარებულები არასოდეს გეტყვიან ამას.
კედლისათვის სულერთია, რად ჩაასეს მასში ლურსმანი -
ტანისამოსის საკიდად თუ წიგნის თაროსთვის.
და სულერთია მეგარდერობე ქალისათვის -
აქ იწყება თეატრი თუ, პირიქით, მთავრდება.
არაფერი მოკითხოთ ბავშვებს -
მათ, ვინც ანბანს ათამაშებს, ვისაც ენა არც კი აუდგამს;
განა მათი საყვარელი სახეები
მეტს არ ამბობენ, ვიდრე დიდი, სქელი წიგნები?
შვილმკვდარ დედას
ნუ არწმუნებთ საიქიო სასუფევლის არსებობაში;
მან სააქაო თავისთავზე იწვნია უკვე.
თუ დაიქუხა, ყრუ ბავშვები არ შეაშინოთ,
მაინც ვერაფერს გაიგებენ მათი ხელები:
გაივლის წუთი - და წვეთები ჩამოიღვრება
ცისკენ აწვდილ ხელისგულებში.
ნუ გადატვირთავთ, პოეტებო, ლექსებს საგნებით,
თუ მაცივარში, თაროს ნაცვლად, ერთხელ მაინც არ შეგინახავთ
კითხვისაგან დაღლილებს წიგნი.
კმარა, კომპოზიტორებო! მერვე ნოტი თუ არ იგრძენით -
ნუღარ შეთხზავთ საომარ მარშებს.
სუსტ ბიჭებს ჯარში ნუ წაიყვანთ,
ნუ აიძულებთ, რომ გაიქცნენ და მერე ფეხქვეშ
მთელი ცხოვრება, როგორც ნაღმი, უფეთქდებოდეთ სიტყვა «დეზერტირი".
მზეს ნუ ემალებით, რაც გინდა ცხელოდეს,
ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ფოთლები მზეს არასდროს ემალებიან.
არც იმ მოხუცს, რომელიც ცხოვრობს მისამართზე ნაზიმ ჰიკმეტის 12/26,
არ დასცინოთ, თუ ვერაფრით გაიხსენა ქუჩის სახელი;
მის ქუჩაზე ხშირად დადის ჩინოვნიკი, რომელიც კრეფს გადასახადს გაზის და შუქის.
ნურც სიყვარულს, მითუმეტეს - სამშობლოსას, მე ნუ მასწავლით:
მე მარტო ჩემი თავის პირისპირ და უცხო მხარეში..

??????