ანაშევიჩი ალექსანდრ
გაზიარება

გოგო-ბიჭი გამყიდველები (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

საქონლისათვის ცხრა მთას იქით გაეშურნენ
გოგო-ბიჭი გამყიდველები.
აბრეშუმისთვის, ესპანური ჩექმებისთვის, ოქროს ხორბლისთვის,
მაქმანებისთვის, ტიტებისთვის და პირბასრი დანებისათვის
მიემგზავრებოდნენ, მიემგზავრებოდნენ, მიდიოდნენ,
რბოდნენ, წყალს სვამდნენ, პურსა ჭამდნენ უმარილოდ,
კვეთდნენ ტყეებს, ჭაობს, მინდორს
დაბეჟილი, კოჟრიანი ფეხებით - და ვერ გრძნობდნენ ტკივილს.
დაწვნენ ერთად, წვანან, წვანან ძილგამფრთხალები,
გამყიდველ ბიჭს კოცნის გოგო თვალებში და
"ოქროს ბეჭედი მქონდა, - ამბობს, - და დავკარგე.
დავდიოდი გაშტერებული, თითქოს ახლახან გამოვედი თეატრიდან.
ვიტანჯებოდი, ვტიროდი, როგორც მყოფი ტირანი, მათრახის ქვეშ.
გაახილე თვალები და შემომხედე, კატერინა მქვია, გოგონა
ვარ ბრესტიდან - კატერინა კარენინა.
მე სექტიდან, ცისფერი საძმოდან გამოვიქეცი.
შენ შეგიყვარე, მხოლოდ შენთან შემიძლია თავდავიწყება.
მხოლოდ შენთან შემიძლია კოცნაობა, ნებივრობა და ალერსი.
მხოლოდ შენს გულს შემიძლია რომ მივეკრა.
დედაჩემი და მამაჩემი რომ მხედავდნენ, რას ვაკეთებ, ხომ წამაცლიდნენ.
წამაცლიდნენ თავს, თმას ხელზე დაიხვევდნენ,
გამშოლტავდნენ, და სულ წრეზე მარბენინებდნენ".
"სწორედ მაგიტომ მიყვარხარ მეც, - ეუბნება გამყიდველი ბიჭი გოგოს, -
იმის გამო, რომ ყველაფერი მიატოვე,
წამოხვედი ჩემთან ერთად ცხრა მთას იქით,
ცხრა ზღვას იქით.
დაგიცავ, მოგივლი ამისათვის, თმაზე ნაზად მოგეფერები.
მუდამ გვერდით გიყოლიებ, ჭაობებში, ტყეში გატარებ".
წამოვიდა თოვლი, თოვლის საფარქვეშ წვანან. კატერინა ჩურჩულებს:
"მისმინე, ბატონო ჩემო, მცივა, ხელები გამეყინა, მხრები, ცივა
ცივა ცივა, ახლა ვიტირებ.
მე ცუდზე ცუდი გამყიდველი ვარ, დაბრუნება ხურდის არ ვიცი.
მეცოდება ყველა - ლოთიც, მაწანწალაც.
ფულს ვერ ვითვლი, თითებს შორის მისხლტებიან მონეტები.
ალექსეი, გავრიილი თუ ვასილი... აღარ მახსოვს, შენ რა გქვია.
გთხოვ, ზურგი არ შემაქციო, აქ არ დამტოვო,
თორემ შავი ცხოველები დამგლიჯავენ, დამფლითავენ".
"მე შენ არასდროს არ დატოვებ,
მთელი ცხოვრება ვივაჭრებთ ერთად თოვლმაქმანებით,
ყინულნალებით, ქარკათხებით, სეტყვქისებით,
ბაჯაღლო ოქროს მანეთიანებს ავიღებთ ხოლმე.
აღმითქვი ოღონდ, რომ არასდროს არ ვიკოცნავებთ.
უკვე ადგომის, გაღვიძების,
გამოფხიზლების და თოვლიდან გამოსვლის დროა.
ჩვენ კიდევ დიდხანს უნდა ვიაროთ - ნახევარი საუკუნე.
წრეზე დავიწყებთ სირბილს ისე, როგორც ციყვები.
სიბნელეში კი: ქუთუთოებს არვინ აგვიწევს".
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
"კატერინა ვარ. კატერინა კარენინა, გოგო ბრესტიდან.
ვერც შეამჩნიე, როგორ გავხდი შენი საცოლე.
არსად არ წავალ, ადგილიდან ფეხს არ მოვიცვლი.
წელში გამტეხა მე ცხოვრებამ - აი, უკვე უბეჭდოდ დავრჩი.
ალექსეი, გავრიილი, კონსტანტინე, როგორც გქვია, აღარ მახსოვს,
მე შევიძენ შენს თავს შენგან, ეკონომიას სიყვარულზე არ გავაკეთებ.
მოგცემ დოლარებს, ძვირფას ქვებს, ოქროს, ყველაფერს ბოლო კაპიკებამდე,
და მეჭირები ხელში, მკერდქვეშ, გულისფიცართან".

??????