ანაშევიჩი ალექსანდრ
გაზიარება

* * * უიღბლობის კიდევ ერთი დღეც დამთავრდა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

უიღბლობის კიდევ ერთი დღეც დამთავრდა და
ჩემი ნაჭრის თოჯინები ჩემთან არიან.
ალვის ხის ბუნდღლისგანაა მათი თმები,
თვალების ნაცვლად კი - ვაშლის ხორცი აქვთ.
მე მათ ვიწვენ ლოგინში და გულში ვიხუტებ.
მეღვიძება ღამით და მათ სუნთქვას ვგრძნობ უმალ.
ჩემი გლობუსი ფანჯარაზე - დამამტკიცებელი საბუთია იმისა,
რომ ჯერ ცოცხალი ვარ.
იღუნება ჩემი წიგნების თარო წიგნების სიმძიმისაგან.
ქაღალდი იშლება მტვრად და ხალიჩაზე ცვივა ასოები.
მე ვაგრძელებ გადაადგილებას, მაგრამ
ყველაფერი მაინც ძველებურად რჩება:
იგივე ვიწროშუბლიანი სახეები მძღოლების,
იგივე მთვრალი გლეხები, რომელთაგან
ერთნი გაგინებენ დედას,
ხოლო მეორენი გაწვდიან წყალს.
იგივე თავხედი გამცილებლები
მუდამჟამს ნესტიანი თეთრეულით და დაუშაქრავი ჩაით.
იგივე თანამგზავრები კუპეებში,
მუდამ რომ უნდათ გული გადაგიხსნან;
იგივე...
მაგრამ საკმარისია გაიღვიძო და მაშინვე იგრძნობ,
რომ შენს მკერდს მიხუტებული ნაჭრის თოჯინები
მშვიდად სუნთქავენ.
ამას ბავშვობაში მე ვერ ვამჩნევდი, თუმც კი ვიცოდი,
რომ ისინი ცოცხალნი იყვნენ.
მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო:
მაშინ მე თვითონ ნაჭრის თოჯინა ვიყავი
ალვის ხის ბუნდღლის თმებით და
ვაშლის ხორცით თვალების ნაცვლად.

??????