* * * ვიჩქაროთ (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
მაგიდა ღარიბული მოვრთოთ
პომიდორებით ალისფრებით,
ოხრახუშით ხუჭუჭათი და კამით,
ნივრით,
წიწაკით სურნელოვანით და ხახვით,
ხორკლიანი კიტრებით
და ნაჭრებით საზამთროსი. - დაე ზეთმა,
ვით ქარვამ
მზისა, თვალთა წინაშე აღიბრწყინოს
დამაბრმავებლად. - შავი
დროა დავჭრათ პური, მარილი წმინდა
არ დავზოგოთ,
სამარილე გამოვდგათ მთელი. -
ვაზის ნაჟურით სავსე
ბოთლი ხელს რას შეგვიშლის! - რა საამოა
გემრიელად
დარწყულება და დანაყრება! -
შემოდგომას, კარზე მომდგარს,
ღვთის წყალობით არაფრისგზით, არაფრისგზით
არ დავნებდებით. -
ღმერთს ყოვლისშემქნელს
ანცი მეტრფენი
დანამდვილებით ურჩევნია პირქუშ მოძულეთ.