ადამი ურსულა
გაზიარება

მეორედ დაბადება (მთარგმნელი: ლეილა სადრაძე)  

ერთ დილას, გამთენიისას, ძილ-ბურანიდან ჯერაც რომ არ ვიყავი გამოსული, სამეცნიერო ლიტერატურას წავეტანე. მიდი, იფიქრე საქმეზე შენს ხელთ არსებული საშუალებებით, ამ შემთხვევაში სიტყვებით, მაგრამ შეუძლიათ კი სიტყვებს სიცოცხლე შთაგბერონ? ყმაწვილო, ადექი-მეთქი, გეუბნები, მაგრამ ეს ხომ ცარიელი სიტყვებია, ვინ იცის საით მიმართული და ქაღალდზე დაწერილი. ქალი ხომ მხოლოდ ლაპარაკობს. კაცი რაღაცას მიედ-მოედება, ვალუტა უფასურდებაო, ამას ხშირად იმეორებს და ბევრს ლაპარაკობს, სიტყვა და საქმე სულ სხვადასხვა რამ არის, ჩვენ სიტყვების ორლიანდაგიანი გზით პირდაპირ სიკვდილისკენ მივექანებითო.
გამუდმებით როგორ ვიღწვით ურთიერთგაგებისთვის, ვკამათობთ მარტოსულ და წყვილად ცხოვრებაზე, მე მარტოსული ვარ, შენ კი წყვილად ცხოვრობ? ვმსჯელობთ ონანიზმის მნიშვნელობაზე, ხან საჯაროდ, ხან ტუალეტში, ხან საბანქვეშ ან სულაც არა, ჩვენ დავდივართ სიფრიფანა ყინულზე, ხან ყინულქვეშ, ანდა ყინულს პოლარული ყინულმჭრელივით გადავაადგილებთ და ძლივს ვასწრებთ შემდეგი პოლუსისაკენ! ჩვენ ვსწავლობთ უცხოურ ენებს ან ეზოთერულ მეცნიერებებს და ყველაზე უარეს შემთხვევაში, ვიძენთ სინქრონული თარჯიმნის სპეციალობას, ეს კი საბოლოოდ გვიღებს ბოლოს, რადგან პატარა ხმაურს მცირე ხნითაც კი ვერ ვუძლებთ.
ნიადაგი შემზადებულია, მაგრამ კაცს ლაპარაკი არ შეუძლია. ყურიც რომ დაგვეგდო მისთვის დიდხანს, ისწავლიდა კი იგი ლაპარაკს? თუ თქმულება ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, დღეს მას თეზისს ვუწოდებთ, იგი შეიძლება ყალბიც აღმოჩნდეს? ესეც არის და მე ეს მსიამოვნებს კიდეც, მერე ახალი თეზისი მოდის და თქვენც დიდი შრომა გიხდებათ. მე ვთვლი, რომ დამატებითი ჰიპოთეზის გარეშე თქვენ კიდევ დიდხანს არაფერი გამოგივათ. შეგიძლიათ მერწმუნოთ, მეც წამიერი თეზისი ვარ, წამის ნაწილაკი, ჩქამი და მიუხედავად ამ მცირე დროისა, მაინც ბევრი რამ ვნახე.
ქალი ფიქრობდა, არც ამ საოცნებო ქალაქის დროზე ადრე მიტოვება ღირსო, არც ცისფერი ტანისამოსის გახდაო. მეტროს ვაგონი კითხვას სვამს, რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს სამუშაო ისე გაანაწილონ, რომ ერთნი ოცნებებს ქმნიდნენ, მეორენი კი ფიქრებს, რათა ამით ერთმანეთი თანასწორუფლებიანი გახადონ?
როგორ იცინის ეს ქალიო - ამბობს გოგონა, ამას როცა ამბობს ენობრივ შეცდომებს უშვებს და სახე ებადრება. გოგონები ელიან, რომ მათ შეამჩნევენ - ზოგი ბრაზიანად იცქირება, ზოგი კი ნაზად. ქალი ქალაქში გავიდა და დრო იკითხა, მერე მიმართულებაც, მას სიამოვნებით პასუხობდნენ და საჭირო ცნობებსაც აწვდიდნენ, ამან დაამშვიდა. ამინდის პროგნოზი მაღალ ტემპერატურას გვპირდებოდა, გარეთ კი შემოდგომა იდგა. მე უნდა წელში გავიმართო, სიმძიმის ძალა გადავლახო და იგი ჩემს სამსახურში ჩავაყენო, საქმე გავითავისო, საქმეს შევუდგე, ნივთი, ოცნება, აზრი, სიტყვა ჩემად ვაქციო. მე საქმეს ვიწყებ. მე ვარ მე, მე ვარ შენ, მე ვარ ჩვენ, მე ვარ შენ, მე ვარ თქვენ, მე ვარ ის ქალი, ის, საგანი, მაგრამ ვარ კი მე იგი, ის კაცი? შეგრძნებები ნედლი მასალაა, ყველას როდი შეუძლია ყველანაირი ქვის დამუშავება და არც ყველანაირ ხელსაწყოს ძალუძს მისგან ხელოვნების ნიმუშის შექმნა. ვინ აფეთქებს ქვას? ვის გადააქვს იგი ქვეყანაში და იყენებს მას? ამისათვის საჭირო სახსრები გვაქვს, მაგრამ ვინ იცის, რომელ ადამიანს რომელი ქვა მოერგება? აი შენც გაქვს იგი, რას გააკეთებ მისგან? გრანიტის ქვას ვერ გადააქცევ გამჭირვალე ბროლად. მაგრამ ხელოვნება მიწის ანარეკლია და ისიც ზოგჯერ აიმღვრევა, ჩამუქდება ხოლმე მზის შუქზეც კი, მერე და, რა ადვილად იქცევა იგი ათას ნამსხვრევად, რა ლამაზად ირეკლება მათში სამყარო, მეც და შენც, მაგრამ მაინც ყველაფერი არ აირეკლება ხოლმე. არა, იტყვი შენ, ეს მხოლოდ ჯიბის ან საპარსის სარკეა უნივერმაღიდან, მე ვაღიარებ ამას.
Confiteor, Confiteor, და თუ ერთხელ უკვე მონათლული ხარ, მეორედ ამას ვეღარ გაუძლებ, თუმცა ნათლიას თუ იცნობ და იცი, რომელ ნაკადში უნდა შეხვიდე, მაშინ იხდი ტანსაცმელს, ხრი თავს, მუხლს მოიყრი, მეჩხერ მდინარეში შეხვალ თვალებდახრილი და ზეცისკენ აღაპყრობ მზერას. შენ არც ალი ხარ, არც კუდიანი, არც ქერცლოვანი არსება, არც ფარფლებიანი ცხოველი, შენ ფილტვებით სუნთქავ და არა ლაყუჩებით, შენ მთვარის ასული ხარ, არც კიბორჩხალა ხარ, არც დაწყევლილი ან მოჯადოებული, შენ ადამიანი ხარ წარსულით, დღევანდელობით, ხვალინდელი დღით, განსაზღვრე შენი შესაფერისი ადგილი და დაიკავე იგი ღირსეულად.
არადამსახურებისამებრ რომ არ იყო მართალი, შენ ძალებზე ზეწოლას ახდენ, მაგრამ ეს მათ დამორჩილებასაც ნიშნავს; ეს კი სხვა რამეს ნიშნავს და არა მათ ჩაყენებას შენს სამსახურში. ჩვენ დედამიწას ბადე უნდა შემოვაკრათ - ფიქრობდა ქალი - შენ და შენ, და კიდევ შენ და შენ, მაინც რომელი ნასკვი გინდა იყო? სხვათა შორის კვანძის შეკვრა შენ თვითონაც შეგიძლია, მაგრამ უნდა იცოდე, დღეიდან „შენ" - პატივისცემით აღარ გამოითქმის.
უცნაურია, - ფიქრობდა ქალი, _ ხედავდე ახლადაღმართულ, მოდგაფუნე შადრევანს, უკან, მტრედებით სავსე მოედანზე, დიახ, უცნაურია რომ გამუდმებით სწორედ ის ადამიანები ბოდიშობენ ხოლმე, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, და კიდევ ერთი, მმართველი პარტია ისევე კარგია, როგორც მისი მმართველი ოპოზიცია; იყო ცუდი ოპოზიცია, რათა მთავრობაც ცუდი გამოჩნდეს, ეს თავხედობაა, დიახ, ეს ასეა და შუბლზე უნდა იტკიცო ხელი. ვიღაც გოგონამ გვერდზე ჩამიარა და ჩემი მზერა წყლის აბეზარი წვეთივით ჩამოიბერტყა, მე უკვე აღარ ვიყურები იქით მხარეს, საერთოდ ქალებს არ ვუყურებ ხოლმე, მე ხომ ერთი იმათთაგანი ვარ, მირჩევნია მამაკაცებმა მიყურონ; ნეტავ თუ სიამოვნებთ ჩემი ყურება? ქალი ჩემს გვერდით ზის და უკვე ორჯერ წაითხუპნა ტუჩებზე პომადა. მადლობა ღმერთს, ისიც შეუწუხებია სიცხეს, თუმცა აღარ ოფლიანობს, ეს ნაღდია, მაგრამ ახლა კი ნამდვილად სცხელა, უჰ, პულოვერის სახელოებიც იდაყვს ზემოთ აუკაპიწებია.
კაცს შარვალზე შევხედე, სწორედ იქ, სადაც დაჭიმულიყო, მარცხენა ხელი ელვაშესაკრავისკენ გაურბის, ნეტავ ნამდვილად შეკრული თუა? მამაკაცებს ხომ დეკოლტე არა აქვთ, არც სჭირდებათ, არავის ჩაახედებენ შიგ, კოლეგები რომც იყვნენ ან კოლეგობანას რომ თამაშობდნენ. ქალბატონო კოლეგავ, ვითამაშოთ კოლეგობანა, ჩვენ ხომ რაღაც წაგვიკითხავს ერთად, ასე არ არის განა? არა, ჩემო ბატონო, ეს ასე არ არის, თქვენ მე ინფორმაცია მომაწოდეთ და ზნეობის ძველი ნორმები შეავსეთ მისით და მე თუ თქვენ ასე გიყურებთ ახლა, როცა ხელიც მოვიშორე პირიდან, უნდა გითხრათ, რომ თქვენ იშვიათი რამე ხართ, და ასეთი ჰალსტუხი მაწითლებს. აი, ეს ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, გამისწორეთ, თუ გნებავთ. მეტი არც არაფერი დარჩა სათქმელი, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ლაპარაკი კი მინდოდა. მე მინდა ჩემი თავი წარმოგიდგინოთ, სამუშაოს ვეძებ, ვაკანსიის მაძიებელი ვარ, მაგრამ თავისუფალი ადგილები ძალიან ცოტაა. მე უნდა წარმოგიდგეთ, თვითონ წარმოვაჩინო ჩემი თავი, შეგიქმნათ ჩემზე შთაბეჭდილება. თქვენი ჩიბუხი სამჯერ დაიცალა. თქვენ ბატონ კარის მრჩეველს ციტირებას უკეთებთ, ნაცვლად იმისა, რომ ამას თავი აარიდოთ. This magic moment1, ფიქრობდა იგი, ადმინისტრატიული შენობის მაგია, და ამჯერად სულ არ გაწითლებულხარ, უხერხულობა ნამდვილად ასატანი იყო, და არა ჩემს გამო. ჩვენ თუ ცოტათი მოვდუნდით, ეს ხომ ბოლოს და ბოლოს ძვირადღირებულ სავარჯიშოებში გვაქვს ნასწავლი. დაძაბულობა ჰაერში გაიფანტა, მე ვიჭერ მას და ვთამაშობ მასთან ერთად. შემდეგ ვსვამ ტონიკით გაზავებულ ჯინს, მომწარო ლიმონათს და ღვიის არაყს. ამერიკაშიც ასე ვიქცეოდი, მზიურ ქვეყანაში, სადაც მზე ჩადის, რათა ყოველდღე კვლავაც ამობრწყინდეს. ბევრი მზე შევირგე იქ, სეისმურად დაცულ სახლის აივანზე, ფერდობზე რომ დგას, საიდანაც სან ფერნანდის ხეობის ხედი იშლება. ხედავ, _ ვფიქრობდი მე, - ეს ქალაქი შენი სამშობლოსხელაა, აქაცაა მინდვრები, მდინარეები და ტბები, მაგრამ გასართობი დაწესებულებები უფრო დიდი მასშტაბისაა, თითქმის ჩვენი პატარა ქალაქების ტოლი. დიდი ჰოლივუდი, სადაც ასფალტს დინ მარტინის ნატერფალი ამჩნევია და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს სოფლიდან ჩამოსული გოგონასათვის; შინ იგი ისმენს მის სიმღერას „მხოლოდ ერთი შანსი კიდევ" - just one more chance და მისი ღიმილის ხიბლი, საუზმობისას სოფლის კარაქსაც რომ ადნობს.
მაგრამ სჯობს დისნეილენდში გავემგზავროთ, იქ შენ შეგიძლია - და ახლა „შენ" ისევ პატივისცემით წარმოითქმის, - ყოველნაირი სიამოვნება იყიდო, რაც ასე ახარებთ ბავშვებს. შენ აქ ვერ ნახავ მეძავებს, პატარა გოგონებს მხოლოდ ღამით აუპატიურებენ, მაშინვე კლავენ და მდინარეში აგდებენ, ამ მიდამოებში რომ მოედინება. მდინარე არც არასდროსაა მოწყენილი, მას არც ალისა სჭირდება საოცრებათა ქვეყანაში, არც მიკი მაუსი, არც შვეიცარიის მთაზე, მატერნჰორნზე ასვლა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენლის ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობა და მსვლელობის მოწყობა, მდინარე კი ყლუპ-ყლუპით შთანთქავს პატარა გოგონების გვამებს და მისი სულ ახლახან დატალღული ზედაპირი ისევ გლუვი ხდება. მას არაფერი აქვს სათქმელი, ან იქნებ ფიქრობთ, რომ მას გვამები ზედაპირზე უნდა ეტივტივებინა, მაგრამ არა, იგი თვითონ არის მათი კუბო და ნავი და ადამიანები ყვავილებს აყრიან ზედ, ტირიან ან საუბრობენ სასწაულზე და ამბობენ - მადლობა ღმერთს, ეს ჩემი გოგონა არ არისო. პოლიცია მოდის, არეულობას და მოჩვენებებს ხომ ბოლო უნდა მოეღოს?! ისე, მოჩვენებებისათვის სულების სასახლეც არსებობს და, ვისაც სურვილი აქვს, საამისოდ მეკობრეების გემიც არსებობს. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ განიცადოთ და ცხვირი არ უნდა აპრიხოთ, რადგან აქ არაფერი ყარს, თვით ფულიც კი, და სწორედ ამიტომაც ვართ ჩვენ ჭეშმარიტების ამ დასვენებისა და გართობის პარკში, აქ არის კანონიერი ბავშვიც და ნაბიჭვარიც, რომელიც კანონიერად უნდა მივიღოთ და შევიცნოთ. ეს საერთოდ დიდი თემაა. ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ეს არ ვიცით, ნავში ვსხდებით და ტრაუმზეეთი ერთ ხეობაში შევდივართ, სადაც იშვიათი ქვები და უხსოვარ დროიდან დანალექი ძველი ქანებია, რომლებსაც აღფრთოვანებაში მოვყავართ.

ჩვენ ვცეკვავთ კოცონის ირგვლივ, ცეცხლში თევზებს ვწვავთ და, როცა ღამდება, დედიშობილა ვხტებით ტბაში, რომლის ტალღები ჩვენს სხეულებს ელამუნება. მერე სახლში შევდივართ, რომელიც ბერძნულ სვეტებს ებჯინება და ბლანტ, ძოწისფერ ღვინოს ვსვამთ. ძილის წინ სახლის გარშემო ვსეირნობთ, მერე კი სახლი უცებ სადღაც ქრება და ჩვენ ღია ცის ქვეშ გვიწევს ძილი. დილით თავიდან ვიწყებთ და პატარა ქოხს ვაშენებთ სამშენებლო ბლოკებით და ხის მრგვალი კოჭებით. ერთი კოჭი მეორეს იჭერს, სახლი შეკრულია და მყარი, დაღლილები იატაკზე ვწვებით, მყისვე გვეძინება და გვესიზმრება თანამედროვე ბინა ცენტრალური გათბობით და მობილურებით, ხოლო საჭმელს გორგოლაჭებიან მაგიდაზე დაწყობილს მოგვართმევენ. დილით ვიღვიძებთ და ქალაქში მივდივართ, ერთ სალექციო დარბაზში შევდივართ. ჯობდა ველოსიპედით მოვსულიყავიო, ამბობს მომხსენებელი და იატაკზე ჯდება; ჯინსი აცვია და შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს. იგი თვითმფრინავით ჩამოფრენილა და ტაქსით მოსულა, ახლა კი ცდილობს, ველოსიპედის უპირატესობა დაგვიმტკიცოს; მოხსენებას შიგადაშიგ მხიარული ამბებით ახალისებს, გვეუბნება: ველოსიპედის გამოგონების ზეიმის აღსანიშნავად ერთი ბოთლი საუკეთესო წითელი ღვინოც გავხსენით და მეგობრებთან ერთად დავლიეთო, მერე კი სალექციო დარბაზი დავტოვეთ.
შენც მიმატოვე ამ დილით, სამუშაოზე მიგეჩქარებოდა, ეს საკმაოდ საპატიო მიზეზია. ჩაის მიდუღებ და ყელზე მკოცნი, ყურის ბიბილოს უკან, ეს ჩემი ყველაზე მგრძნობიარე ადგილია. მეკითხები, ახლა ჩამოხვედიო, მე გეუბნები, გუშინ მატარებლით ჩამოვედი-მეთქი, ჩემო ყოფილო! ქალაქში გავიარეთ, მერე შენთან წამოვედით, გავიხადეთ და შენ ჩემზე და მერე ჩემში შემოსრიალდი. მე წყნარად ვიწექი და ველოდი, არ ვაქტიურობდი და არც არანაირად ვმონაწილეობდი და მერე კი გავათევე. გავათევე, ასე წერია და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასე თავისთავად დამემართა.
ამბობენ, სამყარო სცენააო, სადაც იმპოზანტური სახელები გაისმის, იმპოზანტურ ქალაქებში იმპოზანტური ნაწარმოებები იდგმება იმპოზანტური მსახიობების მონაწილეობით და კულისებში კი ფიცარნაგია, რომელიც არ უნდა ჩამოინგრეს, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, ჩვენ გვინდა ხსნა, თავისუფლება შემოგთავაზოთ და მერე კი მართლაც ყველაფერი ინგრევა, ძალიან გთხოვთ, სპექტაკლს ნუ მართავთ და ხელებს მაღლა ნუ სწევთ, თითქოს თავს იცავდეთ.
მთაზე ავედი და ვიხილე, რღვთაA წყლისა, მერე აშენდა ნოეს კიდობანი და შევიდა შიგ ორი ადამიანი -ზანგი გოგონა და თეთრკანიანი ქალი (ან პირიქით). მულატი და თანაც ოქროსფერთმიანი საყვარელი გოგონა, რომელიც თვალებს ისე აბრიალებდა, რომ კაცს თეთრონები ეცემოდა თვალში, პლაკატების გასაკრავ მაღალ კედელთან დგას და მათხოვრობს. მამაკაცები არ ჩანან, მათ ვერ ვხედავთ, მხოლოდ ერთი აღმოვაჩინეთ, ფირფიტების, წიგნების და ვადაგასული წამლების გროვაში რომ იყო ჩაფლული. მე და იოჰანამ, რომელსაც ახლა ჯოანა ჰქვია, საკუთარი ხელებით ამოვთხარეთ. იოჰანა ჩემი მესამე სახელია, მონათლული ვარ, ქრისტიანი. მე მხოლოდ იმის მჯერა, რასაც ვხედავ, მომწონს კიჩი, ვარ უხამსი, მამაკაცებს ფეხებს შორის ვუყოფ ხელს, აი, ესეც შენი პენისი, შენი ბავშვი, შენი ქაქი, შენი ფული; როგორც ვთქვი, ქრისტიანი ვარ, ქვესკნელში სამუშაოდ გამწესებული, მიწისქვეშა არხების მწმენდავი, მე იქ ვარ, სადაც ნიანგები მრავლდებიან და ყვავიან, მე იქ ჩავვარდი, ეკლესიის გუნდში ვმღეროდი, ქორედზე, ხის კოჭი დამპალიყო, სხვები სად ჩავარდნენ, არ ვიცი, მე ვხედავ მხოლოდ ნიანგებს, ახლა მათ სძინავთ და, როცა გამოიღვიძებენ, კბილებამდე შეიარაღებული ვიქნები, ან შესაძლოა, აბეზარი ბუზი ვარ, ცხვირში რომ გიძვრება და გაცემინებს. მე არა ვარ ის ტანჯვა-წამება, რომელიც ყველას გშთანთქავთ, არც ფარშევანგი, მე ვარ ბუზი და ნაკადულის კალმახი, რომელიც ბუზს ყლაპავს, მე ის გოგო ვარ, კალმახს რომ იჭერს და კლავს. მე ის ქალი ვარ, მას რომ წვავს შენთვის, ჩემო საყვარელო მამაკაცო, ჩვენ თეთრ ღვინოს ვსვამთ და ერთმანეთი ყოველ ყლუპთან და ლუკმასთან ერთად უფრო და უფრო გვიყვარს.
იტალიაში რას აკეთებ? იტალიურს ვსწავლობ და თან ღვინის სმას. მე ავად ვარ, ნარკოტიკებს ვეტანები, არ ვიცავ დოზებს, არც ძილისას, არც სიფხიზლეში და სიმთვრალეში, მე არ მინდა, ვინმემ მიხსნას, გამათავისუფლოს ამისგან, მითუმეტეს, შენ. მე საძებნელად მივდივარ, ვხედავ ცისფერ ყვავილს, აღფრთოვანებული ვარ, ვტოვებ მას და ისევ ვაგრძელებ გზას, შენ ჩემს გვერდით ხარ, ახლა ვერცხლის ვარდს ვხედავ, აღტაცებული ვარ, მას ვდებ სცენაზე და ისე მივდივარ, შენ ისევ ჩემს გვერდით ხარ და „შენ" ეს პირის ნაცვალსახელია. მივდივარ ბიბლიოთეკაში და იქ ერთი კაცის შესახებ ვკითხულობ, რომელსაც თვისება არ გააჩნია და კიდევ ვკითხულობ ქალთა სიკვდილიანობის სახეობებზე. რასაკვირველია, გასაკვირი არ არის, რომ ქალები კვდებიან, უფრო გასაოცარი სიტყვების შერწყმა, სიტყვების შეერთებაა, როგორიცაა, მაგალითად, „მერე დაარტყა მტრედმა ველოსიპედს". მე მაცოცხლებს მისტიკური ლიტერატურის კითხვა და ვხედავ, რომ იგი სინამდვილედ იქცევა, გარდაიქმნება და მოდელში გაიყინება, გაქვავდება. ვიყინები, მივდივარ მათხოვრებთან და მათ ვაფარებ თავს, ჭინჭრის ჩაის ვსვამ, იცით, იჩხვლიტება.
დედა მიწაზე ზის. ბავშვიც. უცბად ბავშვი სიცილით გადაგორდება ქუჩისკენ და კინაღამ ბორბლებქვეშ შეუვარდება მანქანას. დედა ნასვამია, იგი ფეხზე დგება, მიწაზე ეცემა. და ისევ დგება, რათა ბავშვი გამოსტაცოს ქუჩას და ბორბლებს. თვითონ ისეთი მთვრალია, ფეხზე ძლივს დგას, ბავშვი კარგად დარბის, ვიღაცას მოჰყავს იგი უკან, ორივენი ტორტმანით მიდიან, მერე დედას ბავშვი ხელში აჰყავს და უცბად ორივენი ეცემიან: დედას მზის სათვალე ჩაუტყდა თვალში და სისხლი წამოუვიდა. ორივენი ტირიან. დედას ერთი კოლოფი სიგარეტი აქვს, ბავშვს ფეხსაცმელი არ ჰქონდა, დედას სწვდა სისხლიან თვალში, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ჩამოცურდა. ერთი მოხუცი კაცი დაიხარა, ტუჩებს ამოძრავებს, შობა ყოველდღეა, წითელი პარასკევიც, აღდგომაც, სამებაც - ერთი ქალისათვის, რომელიც მერხზე ზის და ხელში ძეხვიანი პური უჭირავს, იგი ჭამს და ფიქრობს, ახლა წავარწყევო, მაგრამ არ არწყევს, განაგრძობს ჭამას, განაგრძობს წერას, მოგზაურობს ერთი ქალაქიდან მეორეში, ერთი უნივერმაღიდან მეორეში, ერთი კაფედან მეორეში. ზოგჯერ სადგურში რჩება, მერხზე ზის და ხალხს დასაჯდომ ადგილს ართმევს, იმ ერთადერთს, რაც მათ აქვთ.

??????