უგულავა ედუარდ
გაზიარება

ეს მირჩევნია ექსკლიუზივი

ქარი ჩადგება, ისევ გავა თვე,
ახლა სიცოცხლე სულ სხვა ფერია.
მე გათოშილი ბარტყი გავათბე
და თქვენს ცხოვრებას ეს მირჩევნია.
სევდით ნასეტყვი სათუთი სახე
როგორც ყოველთვის, აქეთ ბევრია.
მე პურის ნატეხს ჯვარი დავსახე
და თქვენს ღრეობას ეს მირჩევნია.
ქუჩაში გაველ, არ მახსოვს, რაზე
და ვხედავ ირგვლივ ყველგან რიგია.
თქვენ რომ სასახლის კარი დარაზეთ,
მე ჩემი ოდის გამომიღია.
დამმძიმებია თოფისგან ბეჭი,
იქ, სადაც ვიყავ, ყველგან მთებია
და თეთრი ცხენი ლაგამნაღეჭი
მთების თეძოზე მიჭენებია.
ხმა გამიგია დაშრეტილ დოქის:
იქ გზა კი არა, მწვანე ბორცვია.
მდინარის პირას მუხლზე დაჩოქილს,
კალმახის ცრემლი დამიკოცნია.
ქარი ჩადგება, ისევ გავა თვე.
ახლა სიცოცხლე სულ სხვა ფერია.
მე გათოშილი ბარტყი გავათბე
და თქვენს ცხოვრებას ეს მირჩევნია.

??????