ჯორჯანელი ნიკა
გაზიარება

თრილერი, გარდამავალი ელეგიაში 

შენ თვითმფრინავით გაფრინდი.
ღამის რეისს გაჰყევი.
მე კი, შინ მოსულს,
გარიჟრაჟზეღა ჩამთვლიმა.
ერთხანს ვთვლემდი.
სანამ გარედან შემოღწეულმა ხმაურმა არ გამომაფხიზლა.
ძილმღვიძარეს, თავდაპირველად ქარის შრიალი მეგონა.
მაგრამ მერე, სმენა რომ დავძაბე,
ვეებერთელა ფრთების ფათფათად მომეჩვენა.
მალე ფანჯრის მინის გაბზარვის ხმა გავიგე.
წამოვდექი, ფარდა გადავწიე
და გარეთ წარმოუდგენელი სიდიდის ფრინველი დავინახე,
რომელიც მოუხერხებლად იქნევდა ფრთებს,
რადგან სახლებს შორის სივრცე არ ჰყოფნიდა.
შემზარავი შესახედი იყო -
სხეული მთლიანად დაღაროდა,
მეჩხერ ბუმბულში კი ფოლადი აჩნდა შიგადაშიგ.
მხოლოდ როდესაც მზერა მომაპყრო,
შევამჩნიე - კეთილი თვალები ჰქონდა.
ფრინველმა გააღო ნისკარტი და დაიძახა:
«მე აღარა ვარ თვითმფრინავი.
შუა გზიდან მოვბრუნდი.
სიყვარული დაგიბრუნე».

2008

??????