* * * მე უთქვენობის გამოისობით
როგორც ოცნებას, ისე გიცნობდით.
მახსოვხართ ცივი და შავგვრემანი.
თმა: ხან - ჩანჩქერი, ხან - შადრევანი.
მოგონებები თრთიან ჩემ ირგვლივ.
მოგონებები მადგამენ გვირგვინს.
მაგრამ ერთ მათგანს მაინც ვაკვდები.
მას სახელი აქვს: თქვენი ნაკვთები.
...არ გაიხსნება არასდროს სხვისთვის
თქვენი სახელის, ტვინში რომ იწვის,
მატარებელი სიტყვა - ქარაგმა.
სახელმა სიტყვის სივრცე ალაგმა.
1996