ხუტურიძე თინიკო
გაზიარება

* * * ხომ არ დაგავიწყდა 

ხომ არ დაგავიწყდა,
ერთხელ ერთი წუთით რომ შემოიარე და
პურის გულივით რბილი ხელები
ჩამოაწყვე სკამის საზურგეზე.
თითების მტვრევით რომ შემომჩივლე -
დედის ნაჩუქარი
დაპლისული ბოლოკაბა უნდა გადავაგდო,
მუხლებს მიფარავს ოდნავ და
ფეხებში მედებაო.
არ ვიცოდი
დედა რომ არა გყავდა და
გადააგდეო გითხარი
ან პოლისჯოხზე წამოაცვიო წაღმა-უკუღმა.
სულ ერთი წუთით კედლისაკენ მიბრუნებულს
თვალის გუგაზე წამომედო
შენი მზერა და
გაუხსნელი აბივით გადაეშვა
მუცელში.
მე ტკივილისაგან ორად მოვირკალე.
გაოფლილი ხელისგულები საფეთქლისაკენ გამირბოდა თავისთავად,
შეშინებული ჩიტის გულივით
მიკანკალებდა მარჯვენა ხელი.
ახლა ვზივარ
დედაბერივით ღონეგამოცლილი და
მივშტერებივარ
შენი საფლავის ნაცრისფერ კედელს,
რომელსაც სხეულის ორივე მხარე
შენი ხელისგულებივით
სუფთა აქვს.

??????