ხუტურიძე თინიკო
გაზიარება

* * * ნინოს 

მერე რა,
რომ პითაგორას თეორემა
არ ვიცი,
ანდა ფრანგულად ზედმიწევნით
გრაფინიასავით ვერ ვლაპარაკობ,
ვერც დანას ვხმარობ
მდიდრულ სუფრებზე.
სამაგიეროდ -
სუსხიან ზამთარს
რომ გაუძლო, პატარა, ლამაზ წინდებს
მოგიქსოვ -
იისფერ თავშალსაც ფუმფულა
ბოლოებით.
მერე ბუხართან დავსხდეთ
სამფეხა სკამებზე და
მთელი ღამე
მდუმარედ გავათენოთ -
თხილის ხის ჯოხით
თბილ ნაცარზე
ერთმანეთს მივწეროთ
წერილები:
როგორ ვაბიჯებდით ნაიარევ
ადგილებზე,
ერთმანეთს როგორ ვაბრალებდით
დამსხვრეულ თეფშებს
ყვითელგულიანებს,
როგორ ვაძრობდით წამწამებს
სათითაოდ,
ფრჩხილებს ვაჭრიდით
სულ ძირამდე,
სანამ კანიდან სისხლი
ჟონვას
არ დაიწყებდა.
სანამ ნაცარი გაცივებულა
იმასაც მოგწერ,
როგორ გვიწყდებოდა
ატმის ხემდე გაბმული
თოკი
დიდი წვალებით
ზედ მობმული უხელო
თოჯინებით.
ჩქარა მომწერე შენი
პასუხი,
სანამ სულ ბოლო ნაღვერდალი
ცოტასღა ბჟუტავს და
ნაცარსაც
შერჩენია სუსტი
სითბო,
თხილის ჯოხიც
ვიდრე ბოლომდე
არ ჩამწვარა.
ჩქარა მომწერე.
მე მოვიცდი
თუნდაც ხვალ დილამდე,
შენი პასუხი მაინტერესებს.
აჰა, ეს ჯოხიც,
მერე რა, რომ
ნაცარი ცივია და
ფრანგულსაც ვერასოდეს
ვერ ვისწავლი.

??????