ხარანაული ბესიკ
გაზიარება

და, აი, მე გავყიდე სახლი... 

და, აი, მე გავყიდე სახლი და აღარავინაა ჩემს შორის ჩემიანი,
"რამეთუ" (მავანი არატუნებდა ამას წინათ საცოდავი ძველ-ქართულითა
და იმისაგან ვისახსოვრე მეც),
დაემათა მოხუც დედას ინსულტი ის იშემიური
და ექიმურ-კაკაფონური ენით მემცნო მეც, საცოდავსა,
რამეთუ მქონდა მე გაბმულა, ანუ ვსვამდი უკვე ორი თვე
და როგორღა შემეძლო მე, არ გამეყიდა სხვადასხვა რამენი ამ მიზეზითაც,
თუმცა კი რომ დედაჩემი იყო ისე მოკრძალებული,
რომ ერთი ყველის ნაჭერიც კი სიკვდილამდის ვერ დაამთავრა
და დაგვიტოვა ჩვენ სახსოვრად, როგორც კუნძული...
და მღვდელი კი არა და ექიმი კი ჩამოუთვლიდა მრავალგვარ წამლებს,
ერთი გრამი რომელთაც რომ ასი ლარი ღირდა სადღაცა
და დედაჩემი ამაზე რომ თვალს ჩამიკრავდა -
ნეტა მაგას, სულელები რომ ვგონივართო!..
მაინც კი რომ, მიუხედავად... ექიმების მიყვან-მოყვანა, ბენზინის ფულიც...
და გავყიდე მე მანქანა
და დავმარხე მე დედაჩემიც
და ცარიელ სახლში ახლებურად ვიწყეთ ცხოვრება
მე და ჩემმა ჩრდილმა - მამაჩემმა.
სულ ერთმანეთს რომ ვემალებოდით (სიგარეტის და სასმლის მიზეზითაც,
უნდა ითქვას, რომ)...
და, აი, გახდა ავად მამაჩემიც.
რამეთუ წერილ არს, კიბო მწეველებში უფრო ხშირიაო
და ნაწერი რომ დასრულდება და მაინც რომ უნდა მისდიო,
ვიდრე ცეცხლით არ შეიჭმება...
და გავყიდე მე სახლი იგი და დავმარხე მე მამაჩემი
და ლურსმანთაგანს ბოლონას რომ აკაკუნებდნენ,
ვთქვი, აჰა-მეთქი!.. მე ვიყავი თავისუფალი,
ჩემი იყო ოთხივ მხარე დედამიწისა,
და ვიგრძენი, ვით მდიდარი ვიყავი უკვე
და ჩემს ქონებას
ჰაერივით არ სჭირდებოდა,
არც ლურსმანი, არც კლიტე და გასაღებელი...
ღმერთო, შემეძლო მე ფრენაცა და სიარულიც,
ჩიტივით ვიყავ,
და თავისუფლების პირველი დღე რომ ღაღანებდა,
ადამიანის თანდაყოლილ ნაკლს გადავაწყდი:
რადგანაც, რომ, თავისუფლება
თუკი უხელს კაცს ფართოდ თვალებს,
იმავ თვალებს მუმლთსაჭერით არ აჯილდოებს.
და შემივარდა თვალში რაღაც,
ნაპერწკალი, ჩიტი, გვრიტი,
ცხოვრება თუ აჩონჩხილი შენობები ჟანგიანები,
თუ სხვა რამ ჯილდო...
და დამეფსო მე ერთი თვალი
და შევიქმენ თადარიგი თვალის ამარა,
რამეთუ წერილ არს -
მოიშრიტე თვალი ტკბობისა!
და ახლა კი, ხანდახან რომ ამეტირება,
ვრჩები უფრო იმისაგან გაკვირვებული,
იმ დაშრეტილ ტკბობის თვალსაც რომ სდის ცრემლები
და ვფიქრობ მე - ალბათ იგი სტირის ტკბობასა,
ხოლო მეორე - თავის თავს სტირის
და იმიტომ არიან ორნი.
რამეთუ წერილ არს:
კარგია, როცა ტირიან ორნი,
თორემ ერთმა ვით იტიროს, თუ მეორემ არ დაინახა.

??????