ჩიხლაძე დავით
გაზიარება

ბუნტის მითოლოგია ხშირად სევდის სინონიმია 

(ზურა რთველიაშვილის პოეტური კრებულის "ირექციის" შესახებ)


რით შეიძლება მიმზიდველი იყოს პოეტი, მწერალი მკითხველისათვის? სხვადასხვა ასპექტია აქ მნიშვნელოვანი, მაგრამ თუკი უბრალო ენით ვიტყვით, მაინც ალბათ არის ერთი ძირითადი მახასიათებელი, რაც პოეტს გადააქცევს რიტუალურ გამტარად საზოგადოებისათვის - ესაა მისი უნარი ირაციონალურად შექმნას საკუთარი პოეტიკა, რაც, გარკვეულწილად, ნასაზრდოები იქნება სევდით, ტკივილით: ტკივილით, რომელიც გამოწვეულია კაცობრიობის დამთრგუნავი ყოვლისმომცველი რაციონალიზმით და მსოფლიო გიჟური პრაგმატიზმით, მისგან გაქცევის უკიდურესი მცდელობით და, ამავე დროს, მაინც ამ მსოფლიოს არდაკარგვის სურვილით.
ამიტომ, ალბათ, იყო პოეტი, სულაც არ ნიშნავს იყო მხოლოდ დაოსტატებული ლექსების, სახეების, ენის თუ მითების შექმნაში. ხალხურ გამოთქმებში ხშირად გაიგონებთ, რომ პოეტობა არის ნიჭი, და ეს სულაც არ არის შორს სიმართლისაგან, და არც ავანგარდული პოეზიის საკითხის შემთხვევაში, როდესაც რატომღაც უფრო მყარად მკვიდრდება შეხედულება, რომ ეს პოეზია არის ორიგინალობა ან უცნაურობა და ამით შეჯიბრი ან ეპატაჟი საზოგადოების უმანკოებასთან.
ჩემი აზრით, პოეზია ნებისმიერ დროში და ნებისმიერ ესთეტიკაში ნასაზრდოებია ერთი არსით და სწორედ ამიტომ ყველა ამ სახესხვაობას აქვს ერთი საერთო სახელი - პოეზია.
პოეტ ზურა რთველიაშვილის ლექსების კრებულ "ირექციის" საფუძველზე საინტერესო ნიუანსების განხილვა შეგვიძლია თანამედროვე ქართული პოეზიის სინამდვილეში. თუკი საფუძვლად ავიღებთ ზემოთქმულს, მაშინ აღმოჩნდება, რომ ზურა რთველიაშვილის პოეზია სულაც არ არის თავისუფალი იმ ბანალური ბრალდებისგან, რასაც პოეზიის ესთეტი მტრები ჟონგლიორობას და სწრაფწარმავალ მოდურ ორიგინალობას უწოდებენ. აღმოაჩენთ, რომ ამ კრებულში ყველა ლექსი ცოტა მომაბეზრებლად ზედმეტად საბრძოლოდაა განწყობილი და რაღაცნაირი დონკიხოტური ტრიუმფალიზმის ელფერიც დაკრავს. შეიძლება იფიქრო, რომ ზურა რთველიაშვილს არ გააჩნია არანაირი კონფუზია ამ, დღევანდელ სამყაროში საკუთარ არსებობასთან დაკავშირებით, საერთოდ არსებობასთან დაკავშირებით; რომ იგი წერს ლექსებს და თან არ გააჩნია არანაირი სევდა... თვით მაიაკოვსკის სწორედ ეს სევდა აწერინებდა ლექსებს და არა საბჭოთა თუ რევოლუციური ოპტიმიზმი (რამდენიმე ლექსის გარდა), როგორც ეს დღეს ბევრს ჰგონია, და საერთოდაც მაშინ ხომ უბრალოდ მოვალეობას წარმოადგენდა ოპტიმისტურ-პატრიოტული ლექსების შექმნა.
მაგრამ ის საინტერესო ნიუანსები, რომლებიც ზემოთ ვახსენე და რომლითაც ზურა რთველიაშვილის პოეზია უდავოდ ყურადღებამისაქცევია, შეიძლება ქმნიდეს იმ თვისებათა ნუსხას, რაც არ უნდა დავუკარგოთ. პირველ რიგში შეგვიძლია აღვნიშნოთ ერთგვარი დაუოკებელი მიდრეკილება ანარქიზმისკენ, კლოუნადური ბუნტისკენ, რაღაცნაირი უხილავი, შინაგანად ნაგულისხმები სიმპათია (მხოლოდ სიმპათია) ანარქისტული მსოფლმხედველობის მიმართ. ამ ლექსებიდან ცხადად ჩანს, რომ ეს პოეტი იბრძვის არა კაცობრიობის საერთო ბედით შთაგონებული, არამედ მისი უკეთესი სოციალური მოწყობით ანთებული, სადაც მერე მას შეეძლება იცხოვროს ისე, როგორ უცნაურადაც მას სურს, შექმნას საკუთარი კანონები და, რა თქმა უნდა, იყოს ყურადღების ცენტრში.
ასეთი ჩამოყალიბებული ანარქიზმის მოდელი ჯერ ქართულ პოეზიას, ვფიქრობ, რომ არ ახსოვს; პოეზია, რომელიც სათავეს იღებს დადაისტურ იდეებზე (რადგან ვიცით, რომ დიდი იყო და ალბათ არის კიდეც ზურა რთველიაშვილის მოხიბლვა დადაისტური ესთეტიკით; იგი ხომ თუნდაც დადა-მეფე-პრეზიდენტადაც იქნა არჩეული 1992 წელს თბილისის მუზეუმში გამართული პოეტური აქციის დროს, რასაც დღემდე კმაყოფილებით იხსენებს), მაგრამ წმინდა პოეტიკური დონიდან მისი ინტენცია ზეაღიმართება ზოგადი ანარქისტული მოწოდებების და მოდელების დონეზე. უდავოდ, ამ კრებულში, დაწყებული მისი სათაურიდან "ირექცია", მოცემულია არაერთი სახალისო დადაისტური თამაში, რომლებიც რაფინირებულია და სულაც არ ატარებს ასე საშიში პროვინციალიზმის სურნელს. საშიშის იმდენად, რამდენადაც ეს, დადაიზმი და სიურრეალიზმი, ჩვენი უხსოვარი წარსულია და უკვე მყარად შეკრული კლასიკა. დღესაც, რა თქმა უნდა, თანამედროვე ხელოვნების და პოეზიის საუკეთესო ნაწილი ამ ბაზისზე დგას, მაგრამ ვინ გაბედავს იყოს ხაზგასმით დადაისტური და თვალებში შეხედოს ამ საშიშროებას?
უკვე არ არის აუცილებელი დაიბადო ამერიკაში და იყო ამერიკელი ახალგაზრდა პოეტი, რომ გაბედო შეიქმნა ასეთი იმიჯი და ელოდო შენი დამსახურებების აღიარებას, როცა შენს პოეზიას ახლოს არ ეკარება არც სევდა, არც გულისრევა შენი სინამდვილის გამო (და არც, თუნდაც, ნაზი პოეტური ხილვები და ბუნების უმწიკვლო აღწერები), როცა შენს კრებულში არ ჩანს მიუღწეველი, საბედისწერო და თავბრუდამხვევი შეყვარებულის დაკარგული არსებობა და სხვა ბზარები კაცობრიობის ჩვეულ, ყოველდღიური ფრესკებზე... ზურა რთველიაშვილი ასეთ პრეცედენტს ქმნის ჩვენს დღევანდელ თბილისში, თანამედროვეობის ამ ერთ-ერთ დიდ პოლისში, რომელსაც არსებობის დიდი ხნის ისტორია გააჩნია. იგი მოძრაობს ქალაქის ცენტრალურ რაიონებში, გამოფენებზე, შეხვედრებზე, წარმოდგენებზე, ქალაქის გარეუბნებში და ყველაფრის საპასუხოდ დააქვს თავისი ბავშვური, გულუბრყვილო ირაციონალური რეაქციები, ზოგჯერ ვულგარული, ზოგჯერ საბავშვო წიგნის დასურათებასავით გულუბრყვილოდ სახალისო და ჯიუტად ანარქისტული...
მე ვფიქრობ, რომ ზურა რთველიაშვილის ეს კრებული საყურადღებო, ჩვენს ნუსხაში მეორე ადგილზე განლაგებულ ნიშანს იძლევა: რომ მისი გზა, როგორც პოეტის გზა, მალე დაიწყებს ახალი კუთხით შემობრუნებას; რომ ის უბრალოდ ვეღარ შეძლებს ასე გააგრძელოს, და რომ მალე ეს დადაისტური თამაში გადაიზრდება ან უკვე ზოგად პოეტურ თამაშში, ანდა, შესაძლოა, რამე ტრიუმფალურად მოულოდნელიც შემოგვთავაზოს, რაც, ვიმედოვნებთ, ჩვენ, პოეზიის მოყვარულებს დისკომფორტს არ შეგვიქმნის. ჩემი აზრით, აქ უკვე შეიძლება გაჩნდეს ძალზე ბუნებრივი ადამიანური სევდის ნიშნები, რაღაც იმის მსგავსი, რომ ყველაფერი ამაოა მზისქვეშეთში, ან რომ ეს სამყარო ისევე ნაზია, როგორც ხსოვნა ჩვენს სიზმრებში დაკარგული ოდინდელი შეყვარებულების.
და მაინც, უნდა ცხადი იყოს, რომ ზურა რთველიაშვილი რაღაც ჯადოსნური მექანიზმით ახერხებს დარჩეს ერთ-ერთ ტონის მიმცემ პოეტად დღევანდელ, 90-იანი წლების თბილისში. მისი ბუნტის მითოლოგია ალბათ ასევე სევდის სინონიმია და თანხლებულია პოეტური ესთეტიკის კარგად განვითარებული ინტუიციით და გრძნობით, რაც მას არასოდეს ღალატობდა. ზოგჯერ მისი პოეტური ბუნტი ჩვენს სოციალურ გარემოს ეხება, ჩვენს გამოფენებს, აქციებსა და კულტურის სიტუაციას, რაც მას ასევე მესამე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამსახურებას მიუთვლის ჩვენს ახირებულ და ზემოთ მრავალჯერხსენებულ ნუსხაში.

??????