გოგებაშვილი იაკობ
გაზიარება

*ბიოგრაფია (გ.ი) 

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამსინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროაქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“,„მერცხალი და მეცხვარე“„ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“„ბეღურა“„ლომი“,„მერცხალი“„აქლემი“„ორაგულის ცხოვრება“„ნამი“„ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“„იოთამ ზედგენიძე“„ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“„ცოტნე დადიანი“„თავდადებული მღვდელი თევდორე“„სხივი წარსულისა“„სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.


??????