გაუგონარი მკრეხელობის გამო ამ ლექსს სათაური ვერ დავარქვი
კლოუნის შარვალი,
ყირაზე გადავალ გონჯი არლეკინი,
თქვენთვის შეინახეთ უბიწო მანდილი,
ვერაფერს შემასმენთ,
ისე ვარ გატლეკილი.
მე თითქმის მიყვარხარ, ნუშები აყვავდა,
ნუთუ შენ არა გცემს სურნელი თივის,
წავიდეთ ამაღამ სათნო მარიამთან,
ჩვენთვის ოთახი აქვს
და ღვინო ცივი.
რად გიკრთის, ძვირფასო, ბრჭყვიალა შარავანდი,
შეხედე, ნაპრალებს ხახა დაუღია, -
ის შენი ნაჩუქარი უზალთუნი
ყვავ-ყორანს,
ყვავ-ყორანს წაუღია.
ჩვენ მაინც დილამდე ვინებივროთ,
ტრაბახით ავიკლებ მერე ქალებს:
- წუხელი მეუფეს ვუყოფდი სარეცელს,
ვნებით მიკოცნიდა თვალებს.
ეს მე გეახელი,
მოვედი შორიდან,
გოლგოთა ვერ ვიწამე, წმინდაო მარიამ,
სახლის კარს ღიად ვტოვებ შობა ღამეს,
აღდგომას ჩემთან მოვა,
მოვწონვარ ძალიან!