ჭორია
მეზობელმა მოაყოლა მოსაკითხად გადმოტანილ
თონის ლობიანს
და დაგვიყარა ხმები ბუხართან.
მე სასწრაფოდ შევყარე ცეცხლში.
ჭორია,
აბა, ვინ დაგვინახა ღამის თორმეტზე
ან დილას, შვიდზე,
ვინ დაგვინახა,
როგორ მაწვდი ქრიზანთემებს
შუა ზამთარში?
ჭორია, იცი, თითქოს
მკოცნი ბოლო სურათზე,
თითქოს მიზრდი მუცელს ტყუპებად,
და თან დედობის უფლებას მართმევ.
ჭორია, თითქოს მიხეხდე ქუსლებს,
მბანდე ფეხებს,
რა ხანია, ის საპნიანი წყალი დამექცა.
ვერ ვიხსენებ,
თუ ოდესმე მიმიჭედე სახლში ლურსმანი,
ან ბაზრიდან დაბრუნებულს კიბეებზე შემომეშველე.
ყურით მოთრეული ამბავია,
ვითომ მატირე შუა ქუჩაში
და მოწყენილ გამყიდველებს უსახსოვრე სანახაობა.
ვერ ვიტანდი აქამდე ჭორებს -
შევიყვარებ,
ერთი მაინც თუ გამართლდება.