სურათები. ადრე.
ვინც ღირსება არჩია თაყვანს,
სახლში დარჩა და შვილებს უთხრა:
ტყემლისაგან საუცხოო სასმელი დგება.
და შვილებს უთხრა:არყისთვის,
ტყის პანტა მსხალიც გამოგვადგება.
ის ადიოდა ხეზე ფრთხილად.
შვილები კი მოთმინებით იდგნენ ფესვებთან
პანტის, ხანაც ტყემლის სეტყვამდე.
მერე წებოვან, მჟავე სუნით
გაჟღენთილ ტომრებს
იყოფდნენ და ეჯიბრებოდნენ,
ხანაც ერთმანეთს უპირქვავებდნენ.
ვინ - პირველი,
ვინ - მალე უფრო,
ვინ უფრო მეტს მოაგროვებდა.
ერთი ხიდან მეორე ხისკენ.
სტვენა-სტვენით.
ეს მელოდია,
ტყეო, ნეტა თუ ისევ გახსოვს.
ტყეო, რით აღარ გამოგელია...
შებინდებისას, ყველა ხილი გვეზიზღებოდა.
ერთმანეთს ვჩრიდით ყელში ბურთებს.
მამა, არ მორჩა?
მამა ამ ხეებს დღეს რა გამოლევს?
რთული იყო თავის გატანა.
სექტემბერში ბიჭს ახალი ფეხსაცმელი, გოგოს - ჩანთა უნდა ახარო.
საღამო კი დგებოდა ქვევრთან.
დღემდე ვერავინ გადაგვარწმუნა,
ძირი თუ ჰქონდა თიხას ოდესმე.
არაყი პურზე იცვლებოდა.
არაყი ყველზე იცვლებოდა.
არაყი ფულზე იცვლებოდა.
რაც რჩებოდა - რჩებოდათ სტუმრებს.
როგორც ფუტკრები,
ჩვენს სკა-სახლს თავს რომ დასტრიალებდნენ.
ღამით, ქუჩაში, ჟრიამულში, წივილ-კივილში,
ეს ამბავი არ გაუგიათ.
ოდნავ, სულ ოდნავ ეწვოდა ბიჭს და ეწვოდა გოგოს ხელისგულები.
დღეს ეს კადრი მიცოცხლდება ყველა ტყეში - ამქვეყნად.
ის - კენწეროზე.
ჩვენ - მუხლებზე ვდგავართ ფესვებთან.
ხეზე ასვლა არ გვისწავლია.