პაპაია, არ გიცნობ
სამხრეთის ფანჯარა ღიაა.
სუნთქვის გამოზოგვა - სხვისი წესია.
ჩემი უწესობა.
ჩრდილოეთით მეგობარი ცხოვრობს.
ის მეძუძური დედაა და ასეთ დროს უნდა ეძინოს.
ღამე მასთან რძე ბრუნდება.
ეს სიყვარულის დაუჯერებელი შედეგია -
როცა მის კაცს რძის სუნი აბრუებს.
მათი ყოფნა არის ჩემი წესრიგი დედამიწაზე.
ასეთ დროს ჩემი ფეხები შენს წელზეა შემოხვეული.
საშო სავსე.
ხელებით მიჭირავს შენი საფეთქლები და თავი,
როგორც ცეცხლოვანი დისკო,
როცა მხრებზე გადმოვინაცვლებ - ხორცი იწვის და კვამლისგან ვახველებ.
მერე გაბერილ ფილტვებს გაწვდი, როგორც იალქნებს,
ჩემში მინდა შეცურო. საჭე მარჯვნივ, საჭე პირდაპირ. საჭე წრიულად.
სანაპიროს ნისლით გიფარავ,
მიწა უცებ რომ გამოჩნდეს,
საინტერესო აღარ იქნება.
შენი ცურვა გამთენიამდეა.
მერე შენი ენა შტურმანია.
მკლავი სადავე.
ჩემი წელი უნაგირი.
მუხლები სახნისი
მიწა სველია და ბნელი.
ჩვენ კი ვთესავთ.
ნახევარი საათი სადილია.
ჩაუცმელად ვილხენთ.
ხელისგულზე მკოცნი - ამ დაუბანელი ხელით პურს ვაცხობ.
ასეთ დროს,
აღმოსავლეთით ცხოვრობს სხვა მეგობარი.
ვერ ვხედავ, მაგრამ რამდენიმე უბნის მოშორებით მესმის
მისი მშვიდი ცხოვრება.
დანაყრებული დილა.
მშვიდი საღამოები.
ნასწავლი სექსი.
გამოცდილი სიყვარული.
მათი ყოფნა არის ჩემი გამართლება დედამიწაზე.
ჩემთან კი სარკეში ქალი ჩანს.
სარკეში დასახლდა, რადგან მხარეები არ ეყო.
გიჟივით გიყურებს - შეტევა წააგავს კლდის ნგრევას.
როცა შენ ანიშნე მოქცევა, ცა თითქოს კივილით ჩატეხა.
შენი ყოფნა ნიშნავს მის დაბრუნებას დედამიწაზე.