ქევანიშვილი ეკა
გაზიარება

მაცივარზე მიკრული წერილებიდან 

ჩაიში თითი ჩაგიტოვე
დალიე და
სამსახურში ისე დაბრუნდი.

შენი მონატრებით
საფერფლეს დავმართე ანთება
საშველად - ძმრიანი ტილო მივაფარე

ფრჩხილებთან ერთად
ბეჭედი - ბლითიც შემომეკვნიტა -
გელოდებოდი.

როცა შოკოლადი მოგენატრა,
კაკაოში ამოვიგანგლე,
როცა უეცრად ოქროს თევზი მოგესურვილა,
სამი დღე წყლიდან არ ამოვსულვარ - ლაყუჩებს ვზრდიდი,
ხოლო როდესაც განაცხადე, რომ ძლეირ დაგცხა,
მე გავიხადე.

რეპორტაჟი დამავალეს
უბრალო ხალხის ცხოვრებიდან - მე კი
იაფმა კოსმეტიკამ ტრანსპორტში
ადგილი შემაცვლევინა

ისე დათვერი, რომ დაკაწრული
ხელის მტევნები აკიდოებად
გადმოკიდე ჩემს აივანზე
და შემოდგომა შემოაგდე მერვე სართულზე.

შენი ოროსანი კურსელი -
უფროსის რანგში
ორჯერ გადაგიხდის სამაგიეროს
ხუთოსნობისთვის.

კვერცხები ჩავილაგე კალთაში
სრულყოფილი ფორმის დაჯერებას ვაპირებდი
პირველმა წიწილამ დედა რომ დამიძახა.

შენგან დასახსნალად
ჯერ ზურგსუკან სავარცხელს ვისვრი
მერე კი კომპასს გადმოგიგდებ
უღრანი ტყიდან გამოსაგნებად

შენ ჩემთვის ისეთივე დროებითი სამკაული ხარ,
როგორც ბავშვობაში
ყურებზე ჩამოკიდებული ბლის კუნწულები.

??????