დიასახლისის რჩევები
როგორც მიტოვებული კროსვორდი,
ძნელი, ძნელი გამოსაცნობად
არ გინდა ჩხვლეტა,
ჩემი გული ჯერ კიდევ გულია და
არა სანემსე ბალიში
შეწვი ხორცი ცრემლებში
თითი გაიჭერი პურზე
ღიმილი ჩააგდე ღვინოში - უფრო დაგათრობს.
თუ ამ საწოლზე სიყვარული აღარ გამოგდის
სცადე თაფლისგან გაფენილი ხალიჩები,
სირბილისათვის - ფქვილმოყრილი.
მოდების ჟურნალზე დაგდებული ნდომა
კიბეებზე დაადევნე -
დაბრუნება.
ორშაბათს მოითმინე - პარასკევამდე,
შაბათი ღმერთისაა,
კვირას დაშორდი, მაინც უქმეა.
ღალატს თუ დაგაბრალებენ,
თაროებიდან წიგნები გადმოყარე
და ყველა შენი საყვარელი გმირი გვერდით მოიწვინე,
ვერ მოგიკლავენ.