ქევანიშვილი ეკა
გაზიარება

დაალაგე! 

დაალაგე, ეკა, სახლი!
რომ წაიქცე უცაბედად?
არ გრცხვენია?
დაგითვლიან აბლაბუდებს.
დაალაგე, გოგო, სახლი,
გამოცვალე ეგ გადასაფარებლები,
მტვერსასრუტს აადგმევინე ფეხი მაგ ჭრელ ხალიჩაზე.
ეს შარფები,
გარდერობის კარზე გამოფენილები,
დაკეცე და ჩაალაგე, ჩაალაგე
სადმე ღრმად,
ორიათასი მეტრით დაბლა ზღვის დონიდან
და დაფალი
სარკის წინ ჩამწკრივებული ფუნჯები და საღებავები,
შენი სახის შესანიღბი მატყუარა მაკიაჟი.
დაალაგე, ეკა, სახლი.
ებოდიშე ობობებს და ტარაკანებს, თუ შეხვდები,
მოუქნიე, მიდი, ფლოსტი, მიაკალი.
ჯერ გაწუწე ყველგან მტვერი,
გამოგავე ეგ ოთახი მაგის მერე
და შუაში დადგი ტახტი...
მიეტოლე,
რამდენიმე წუთით სუნთქვა შეიკარი,
ვითომ უკვე.
ვითომ მართლა.
სურათები ჩამოხსენი, გადამალე,
ერთის გარდა.
მანდ იცინი,
ეგ ჩამოაკონწიალე ტახტის თავზე.
დაალაგე, გეუბნები.
ცოცხალსაც და მკვდარსაც მაგას ჩაგითვლიან ქალობაში...
ააცოცდი მერე ფარდას
და დახედე, ძირს რა დაგრჩა.
მაგ ფარდიდან ცამდე ისე ახლოსაა,
ბარემ წადი.
მანამდე კი,
მიდი, მაინც დაალაგე, ეკა, სახლი.

??????