* * * ჩემი ხელები განმარტოვდნენ
სამარშრუტო ტაქსის ბოლო მარცხენა კუთხეში
და წავიდნენ წვიმაში.
მე დავრჩი ვიღაც უცხო ბიჭის თვალებთან და უცებ
დაღამებულ დღესთან,
რომელსაც აწვიმდა
იქაც, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობარს
რატომღაც კრძალავდნენ
თუ უბრალოდ მალავდნენ
რამდენიმე მეტრით დაბლა,
ვიდრე ჩვენ ვთამაშობდით ხოლმე
უკვე მოძველებულ თამაშებს...
და ახლა
ექვსი საათის სავალი მანძილის
აქეთ მახსოვდა მისი ჭიშკარი
და ხე, საიდანაც
მდიდარ მეზობლებს ვუთვალთვალებდით...
ჩემი მარტოხელა ხელები
მხოლოდ მაშინ დამიბრუნდნენ,
როცა მძღოლმა ფულის გადახდა მოსთხოვა მათ და
უცებ დაავიწყა, რომ ამ ხელების
კიდევ უფრო მეგობარი ხელები,
ისინიც წვიმაში,
ოღონდ მიწის ქვემოთ
დარჩნენ მარტო...
მერე მივხვდი, რომ ჩემები _ ხელები _
ჩემი მეგობრის დაკრძალვაზე გამეპარნენ...