ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

მას გახელილი დარჩა თვალები 

მზეო თიბათვის, ყოფნა უმზეო!
მზე მიიცვალა ღია თვალებით!
ის მიიცვალა რაღაც უმწეო
და საოცარი გარდაცვალებით!
მას გახელილი დარჩა თვალები,
ოჰ! გახელილი დარჩა თვალები!
ის უცხო მხარეს გარდაიცვალა
და გახელილი დარჩა თვალები!
და ეს თვალები საღამოთა ხმას
უსმენდნენ ტანჯვით და მოკრძალებით:
მას გახელილი დარჩა თვალები,
ოჰ, გახელილი დარჩა თვალები!
რა ხდება იქით! საიდან ისმის
მგლოვიარეთა ქნართა: "მშვიდობით"?
უეცრად წყვეტენ სიმები სიცილს
უამინდობით... უამინდობით!
საიდან ისმის ჩუმი გალობა
და უღონობა სუნთქვის შემწყდარის,
წამების წყნარი წარმავალობა
და მოგონება ძვირფასი მკვდარის?
მიდის ზაფხული... ბაღში, მდელოში
სისინებს სიო, შრიალებს ნეშო,
მე ისევ აქ ვარ... საქართველოში!
რისთვის, ძვირფასო! რისთვის, ნუგეშო?
და ეს თვალები სერაფიმთა ხმას
უსმენდნენ ტანჯვით და მოკრძალებით,
მას გახელილი დარჩა თვალები,
ოჰ! გახელილი დარჩა თვალები!
მივალ, მიმყვება მე შენი ცქერა
და ხავერდებზე ეცემა ჩრდილი,
ყველგან უჩინრად ტირის ცერერა,
თვალები ცივი და გახელილი.
ღირდა თუ არა სხვა სიცოცხლეზე
ოცნება ჩუმი და ფერმიხდილი?
მე გზა არ ვიცი უახლოესი:
ერთადერთი გზა არის სიკვდილი.
მას გახელილი დარჩა თვალები,
ოჰ, გახელილი დარჩა თვალები!
ის უცხო მხარეს გარდაიცვალა
და გახელილი დარჩა თვალები.

??????