გურიის მთებს
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა
ოკეანე...
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი,
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი.
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს,
წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგავარ მთაზე... და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში,
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,
და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით.
ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე...
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წაიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!