სხილაძე გოჩა
გაზიარება

ნია 

ნია ნიავი თმებს გადაგყვება,
თუ გეშინია სულშიც იქროლებს.
ნია აქ ქარი ქარიშხალს ყვება,
ემშვიდობება აქ და იქ როლებს.
ავ დროებათა ანათებს ბროლი
სიზმრებში მქროლის განმარტოებას,
სადღაც სიმღერა კრთება თებროლის
და ხე ბრიალებს ყვითელრტოება.
მალე სიკვდილის ყვითელი ტორი
ქორის მზეს ქარში დაეტოლება,
დაბრკოლებაა სხივების თორი
შორით ანათონ თანატოლებმა.
ნია, თანატოსს ველი ყოველთვის
ძილში, რომელიც მისთვის ძმა არის,
მკვლელი ჯვარია იანვრის ბნელთვის,
შენთვის ნაღველით ისმება ძმარი.
გრილი წერტილიც აქ დაისმება
და ჩაწყვეტილი სიმღერის ეხო
სიზმარს ტირილით შეეხორცება,
მე ხომ არ მინდა რომ მკვდრებს შევეხო.
ქროდეს, ვერ მოგწვდეს ქარი, ავდარი,
არ მიგწუროდეს მზეი აროდეს,
გამტყდარი სანთლის კრთოდეს საყდარი
მისთვის, ვინც ბნელში მიიჩქაროდეს.

??????