სარიშვილი მაია
გაზიარება

* * * ალბათ ლიანდაგში, პირდაპირ რკინაში თუა ჩათესილი 

ალბათ ლიანდაგში, პირდაპირ რკინაში თუა ჩათესილი
ჩემთვის გამოგზავნილი წერილი...
სად ამოიზრდება?
ყოველ ათ მილიმეტრში თვალებს ვტოვებ,
ვეძებ და არსად არაა ნიშანი...
ვინ შემსუბუქდება ჩემი სიყვარულით?
მგზავრები არ მიცნობენ.
არ ყრიან ფანჯრებიდან ზედმეტ ნივთებს,
რომ ასე მძიმე ვაგონებით გასრესისგან
მაინც იხსნან
ჩემი წერილი დაკარგული...
პატარა ბიჭმა
წინა სადგურზე ბუშტიც კი იყიდა -
უცნობი დედაბრის ნაფილტვარი ჰაერითა და
გრძელი სამფა ძაფით.
მატარებელი კი უფრო მძიმდება.
ამიტომ უნდა წამოსულიყვნენ
ქალები უქუსლო ფეხსაცმელებით
და კაცები - უღილო კოსტუმებით.
სულ ვფიქრობ:
შეიძლება ამათი ბრალიცაა,
რომ დავდივარ და არაა ნიშანი!..

??????