სამნიაშვილი ლელა
გაზიარება

ცამეტნი ბერკლიდან 

"რა მოთმინება აქვთ ამათ" - ვთქვი და ართურმა გაიცინა. ართური საჭესთან ზის. უკან, ბერკლიში მივყავართ. "ვის?" - მარკო ვერასოდეს ხვდება ვის და რას ვგულისხმობ. "მათემატიკა, მათემატიკა" - ვეუბნები - "პირველად იყო სიტყვა და არა ციფრები." სწყინს. გზა გორაკსა და მინდორს შორის ახლა სწორია. მანქანა მენდოჩინოს სანაპიროდან რედვუდების მწკრივთან გამოცურდა და მარცხნივ მთაზე გაიწელნენ ჭუჭყიანი, თავმდაბალი თეთრი ღრუბლები, თავჩარგულნი, გონებაგანქარებულნი, მშვიდად მძოვარნი, ზემოთ ზანტად მიმართულები. ძოვენ და ძოვენ ამდენ მწვანეს. ყველა ცალ-ცალკე, თავ-თავისთვის. იქნებ ეს სიმწვანეა რაც სიმშვიდედ უნთიათ მატყლში და ძვალში, რომელსაც დღეებს მწყემსებივით მშვიდადვე აჭმევინებენ. ცხვრებზე ვთქვი და ართურმა გამიგო. "მართლა რა მოთმინება აქვთ".

მენდოჩინოში საგაზაფხულო არდადეგებზე სამი დღით წამოვედით. და აი, ჩვენია წყნარი ოკეანის ლურჯი და მწვანე - ერთმანეთზე გადაღვრილი, და ღია ცისფერი ყვავილები ბალახიდან ქარის ტერფებზე გადარგული, და თოლიები, თოლიები, თოლიები - წყლის ვერცხლზე დაგეშილები... გარშემო ყველაფერი ისეთია, თვალის დახუჭვა არ მოგინდება. ხმელეთს მიბმულ პატარა კლდეს კიდემდე ჩავყევი. ნიჟარებითა და წყლის ვარსკვლავებით ამოვსებულ ღრმულში ხელს ვაფათურებ. ეს დაკბილული თეთრი ნიჟარა ცარიელია და კაწის ვუწვდი. მერე ქვიშიან სანაპიროზე, წყალთან ახლოს თევზქალას ვხატავ - უზარმაზარს, თმაგაშლილს. "მოქცევა წაიყოლებს და იმედია, ოკეანე კეთილად მიიღებს" - ვამბობ და მარკო ისევ ეჭვით მიყურებს ნახე, როგორი თეატრალური ვარ, როგორი ამაო... გაიქეცი, გაიქეცი, გაიქეცი

კრიშტოფის ორი გირლფრენდი ერთმანეთის გარდა ვერავის ხედავს. თვალების კუთხეები ერთმანეთით ამოვსებიათ. ექს-გირლფრენდი მარტა უნგრელია კრიშტოფივით, პატარა, ქერა. ისეთი ღია ცისფერი თვალები აქვს, მექსიკელი კატას შავ სამკაულებს მგონია დაადნება. კატა ხვეულთმიანია, გრძელ ქვედაბოლოებსა და გულამოღებულ მაისურებს დაასრიალებს. მარტა და კატა და კრიშტოფი. "შენი საყვარელი ფიგურა რომელია?" - ვეკითხები გეომეტრ მარკოს. წინასწარ ვიცი, იტყვის - "სამკუთხედი." "აი, მე კი - წრე" - ვეუბნები, - "წრე მიყვარს"; და კრიშტოფს და მარტას და კატას გავყურებ. რას დაპატიჟა ის გოგო ბოსტონიდან. ეთქვა მაინც, ეს რომ ყავდა. ვიდრე ფერადი საბანაო კოსტიუმებით გოგოები კოტეჯის ეზოს ჯაკუზში ძვრებიან, ტატიანა ლივ ტაილერზე ვფიქრობ.

ცამეტნი ვართ. კიდევ კარგი, ჰანაც წამოვიდა. ჰიპები ყოფილან ამისი მშობლები. 60-იან წლებში კალიფორნიაში ჩამოსულან: ბიჭი - ინტელექტუალი ანარქისტი, ისთ ქოუსთზე კოლუმბიაც რომ მიატოვა და მამის სახლიც და მარტო მეზობლის გოგო წამოიყოლა. დედაჩემი მამაჩემს უფრო აყვა, ვიდრე მთელს იმ ამბავსო, - ჰანა მიამბობს. წარმოვიდგინე დედამისი - ფართოსახელოიან კაბებსა და მძივებში, გრძელი თმით და ხელში ყვავილებით. ახლაც ასეთია-მეთქი? - ვეკითხები. არა, რას ამბობო. სკოლაში ასწავლის და ნაცრისფერ პიჯაკს ატარებსო. მამამისიც საადვოკატო ბიუროში მუშაობს სადღაც. გინსბერგი გამახსენდა. ღმერთო, როგორ ყმუოდა და მერე თავისი პრემიებით კერუაკი დინ მორიარტივით გზაზე დატოვა. რაზე ლაპარაკობთო - ჩინურ თვალს ისრესს ნახევრადიტალიელი მარკო. ყვავილების ბავშვები დემოკრატებმა იშვილეს-მეთქი, - გავუღიმე. ხო გახსოვს ალექსის მეცხრე სიმფონია? ვისი მეცხრე სიმფონიაო? ალექსისო? ჰანაც ლიტერატურას სწავლობს და მიმიხვდა. მთლად ასეც არააო. რა თქმა უნდა-მეთქი. მომწონს ჰანა. ერთადერთი, რაც არ მომწონს, ისაა, რომ მარტო გვიანდელ ნაბოკოვს სწავლობს ყველა დანარჩენივით; არა ადრეულ ნაბოკოვს, რომელთანაც ტბებისა და ღრუბლების სამოთხეა, არამედ, გვიანდელს. მაგარია ნაბოკოვი. მონსტრებს ისე ლამაზად ალაპარაკებს, ისე დახვეწილად. იცის, რო უყვართ აქ ესთეტი მონსტრები. უფ, რა ვიცი

იან-ლეის ჩინური თმა თითქმის ლურჯია. GAP-ში X-Small-ია ჩემი ზომაო, მეუბნება. რაღაც, არ გავს ასე პატარას ჩემი Medium-ი, - ვეუბნები. უი, მართლაო? ნეტა ტამაში რაზე ელაპარაკება ამას? ბილიარდის მაგიდაც გვაქვს კოტეჯში. სწორ კუთხეს ვირჩევ და ჯოხი თითებშუა მისრიალებს. ასე შეიძლება ხავერდი გავხიო, - თვითონვე ვამბობ. მაგრამ ლურჯი ბურთი ღრმულში ჩავარდა. მარკოს ჩემზე მეტად უხარია.

ბაღი პაწია გვირილებითაა გადავსებული, "მარგარიტკებით". ჯერ კიდევ ყველას სძინავს და მე კი, ჩემს შინდისფერქუდიან ქურთუკში გახვეული, მეზობელი რანჩოს ლამებთან ვდგავარ. სასაცილოები არიან. განსაკუთრებით ეს ერთი - მოვიდა და ხის ღობის მოაჯირიდან თავი გვერდულად გადმოყო. მიყურებს. დრუნჩზე ვეფერები. აქლემის ბიძაშვილო, რომელია თქვენს შორის უფრო სიმპათიური? შენ გაკლია გვირგვინი, თუ აქლემია მართლა კუზიანი? მარკო ისევ თვალებს ისრესს. უი, რა ადრე ამდგარხარ. შენცო. ყველას სძინავსო. ჯერ იქით გეძებდიო - ხელს თეთრი ხეების მწკრივისკენ იშვერს. ნეტა რამდენი ჩიტის ხმაა აქ. ბევრისო. დავთვალოთ. არა, სჯობს გითხრაო. რა უნდა მითხრა? ჩემს ხელს იღებს. ვიტვრინები. შენ იცი, რომ შემიძლია მთელი ცხოვრება შენი ხელი მეჭიროს, მაგრამო... რა მაგრამ? მაგრამ მიწაზე არ დაიარებიო. მე კი, სხვაგან რომ გდიო, პოეზია არ ვარო. აზრი არ აქვსო. ზერელე ხარო, ზერელეო. ჰაი სქულის ბიჭივით ამდენ ხანს თავგზას მიბნევო. რელიგია და კულტურული განსხვავება შენს შემთხვევაში არაფერ შუაშიაო. ცივ გოგოს კი არ თამაშობ, ცივი ხარო. ხელს უკან ვართმევ.

ტატიანა ლივ ტაილერი, თავშალში შეფუთნილი, ონეგინების მოახლეს წიგნს ართმევს. ოლგა იან-ლეი GAP-ში Small-ს ყიდულობს და იარლიყს აჭრის. ხვარამზეს თვალი კოშკის სარკმელში უელავს. მთელი სიზმარი წიგნებით და იარლიყებით ამომევსო. და ხმით: ზერელე ხარ, ზერელე, ზერელე...

ლესბიანკა ჯულის სახე უბრწყინავს. "იცი რა ხდებაო? - სან-ფრანცისკოში ჩვენებს ქორწინების მოწმობებს აძლევენო." გილოცავ-მეთქი. გილოცავ ჯული. ამ ქვეყანაში თქვენ ყველაზე ძველმოდურებს გავხართ - აქ ახლა ხელს ვინღა აწერს

ამერიკა, ამერიკა, რომ იწოვ ამდენ სხეულს და იდეას - რისთვის? რას აშენებ? ფარაონებს სჭირდებოდათ ტყვეები, მაიას ბელადებს სჭირდებოდათ მოხატული კაცები - პირამიდების ასაგებად, ღმერთებთან სასაუბროდ, პასუხისათვის. და ჩვენ ვიღას ვესაუბრებით ამ ჩვენი სადოქტოროებით, ცათამბჯენებით, საბანკო ანგარიშებით, რეკლამებით, ცარიელი ტილოებით? მონოლოგია ეს - მარტოსულის, ტელეგრაფის ქუჩაზე გაწოლილი შეშლილის მონოლოგი... - ბერკლის ბედნიერი მათხოვრები დეპრესიულ სტუდენტებს მარიხუანას აწევინებენ და კვამლი "ჰიპსტერებისთავიან" ღმერთებთან ადის.

ოკეანე აქ ცივია. შარვალს მუხლამდე ვიკეცავ და ტერფები ცივ და სუფთა წყალს მიაქვს. ოკეანე, მე არ მეშინია შენი, რადგან არ ვფიქრობ შენს სიღრმეზე, შენს შავ ფსკერზე. მე სივრცეს ვხედავ - უზარმაზარს მაგრამ კრიალას. და მიყვარხარ ასეთი ლურჯი, ასეთი მწვანე, ასეთი ვერცხლისფერი. შენი კიბორჩხალები - იაპონელი მეთევზე ბიჭის ვედროს უშნო ვარსკვლავები ჩემს ცას არ აცვივა. არ ვფიქრობ მათ დაკრუნჩხულ სხეულებზე, რომლებსაც სუში ბარში ჩავაკნატუნებ.

სან-ფრანცისკო თეთრად ირწევა ლურჯ თეფშზე. შემწვარი ბანანი-ნაყინით - მიყვარს. ნიუ-იორკის თანაბრად ბინძური და კაშკაშა ცათამბჯენების სარდაფს ვერც შევადარებ - მარკოს ვეუბნები. თავს იქექავს, - "ანუ, ნორმალურ ენაზე - ნიუ-იორკი არ მოგეწონა".

თოლიას თუ ალბატროსის უზარმაზარ ჩონჩხს, მენდოჩინოს კლდიან ნაპირზე, ზუსტად მაშინ გადავაწყდით, როცა სამოთხე ვახსენე. ნისკარტს, ჯერ კიდევ ფრთების ბუმბულშერჩენილ ძვლებს ლამის ზედ გადავუარე. ვერ მოვასწარი თვალის დახუჭვა. ცა, ბალახი, ოკეანე - შემზარავი სილამაზით გაისრისა, გახევდა, განადგურდა. თვალი ვეღარ მოვწყვიტე. სახეზე ხელი ავიფარე. მარკო მკლავზე მომწვდა. ქვემოთ დავეშვით უსიტყვოდ. ილაიმ წვერზე კაშნე შემოიხვია. აცივდა და გაბორს და კაწის შორტებში ფეხები გაულურჯდათ.

ოკეანის გადაღმა, ორივე მხარეს - ოკეანის გადაღმა - ომია. ომი - წერტილოვანი დაბომბვით, მინიმალური მსხვერპლით, - როგორც გვარწმუნებენ. ბომბებო, ბომბებო, უნდა დაგიჯეროთ? სახეზე იცნობთ ცუდ კაცს - სადამს? შეგიძლიათ მისი ულვაში პატარა გოგოს ნაწნავისგან გაარჩიოთ? ბრძანება პირზე შავი ქსოვილივით იხსნება და სიტყვები შავ ხოჭოებად სათითაოდ მიფრინავენ მძიმედ, ხრჩოლვით, ბომბებად. პირველად იყო სიტყვა და უკანასკნელიც სიტყვა იქნება; და მკვდარი ღმერთების სამყაროში უკანასკნელი სიტყვა იქნება კაცის, შავი და გონცარიელი, როგორც ხოჭო.

ტამაში უნგრულ გულიაშს გვიმზადებს. მე პინცეტით კრიშტოფს ფეხიდან სადგისივით მწერს ვაძრობ. "ხო არ მოვკვდები? ეს ის შხამიანია, ხო? ის შხამიანია ხო?" ჰანას პინცეტი ჯერ მარტას უჭირავს, მერე კატას. დასტრიალებენ. ნესტარი არ უნდა ჩარჩეს. არ უნდა ჩარჩეს. არ ვიცი, ნესტრის უფრო ეშინიათ თუ ერთმანეთის. მე ვცდი. რა სასაცილო ხარ, კრიშტოფ, აი, ნახე - და მწერი, ნესტრიან-ფრთიანად, ხელისგულზე მიგდია როგორც მზესუმზირას შავი კბილი.

"ჯერ დინოზავრები გადაშენდნენ, მერე მეზღაპრეები. ახლა პოეტების ჯერია ალბათ. არ ვიცი, ჩემს თეზისს საერთოდ დავწერ თუ არა" - ვეუბნები ართურს. მომბეზრდა ეს ლიტერატურის თეორია - თავისას რომ კარნახობს მწერლობას. ნამდვილ დედოფალს კი არ ემსახურება, შურიანი პაჟივით გადაპრანჭულა, ინტრიგებს ხლართავს. მივატოვებ ამ ყველაფერს და მარტო ვწერ. ვწერ... ნეტა წერის თუ მწამს მაინც? რწმენავ, მე ყოველთვის ისე გიტრიალებდი, როგორც ნათურას: ეს სინათლე ვოლფრამის ძაფიდან მოდის? თხუთმეტის რომ ვიყავი, ბიბლიის სტრიქონების ჩემეული ინტერპრეტაცია სამეცნიერო ლიტერატურის აბზაცებს გავდა. კოსმონავტი ანგელოზები უცხო პლანეტებიდან ცვიოდნენ მიწაზე, ადამიანის ქალიშვილები უყვარდებოდათ, რომლებიც მოგვიანებით შობდნენ ათასგვარ მონსტრებს - გოლიათებს და ნახევრადღმერთებს და ასე, ჩემს აღქმაში მთელი აღმოსავლურ-დასავლური მითოლოგია "მეცნიერულ" ახსნას ჰპოვებდა. ჩემს ბებიას ეს ყოველთვის ძალიან აშინებდა. თბილ ხელს შუბლზე მადნობდა.

კარტოფილს თითიც მივათალე. მარკო ხან ართურს შეყურებს, ხან მე. ლეიკო თეთრად მეხვევა ცერზე. ზერელე, ზერელე... ზზზზზზ - ამოივსო სიზმარი.

მენდოჩინოს ბოლო მზის ჩასვლას გაცივებამდე შევრჩი. უკვე სურდოს ვგრძნობ. მარკოც იჯდა კარგა ხანს. ხომ ჩავიდაო უკვე. ამოვალ-მეთქი.

დილით თავი მტკივა, მაგრამ ვიღიმი. ცამეტი ზურგჩანთა ტიკჭორად მიყურებს. ირლანდიელები მაინც იყვნენ - ტიკჭორასაც გაიგებდნენ და გუდასტვირსაც ნეტა ქართველმა ბავშვებმა თუ იციან რა არის ტიკჭორა და გუდასტვირი? შინ რომ ჩავალ, ჩემს პატარა ბიძაშვილებს უნდა ვკითხო. ილაი, მომაწოდე ერთი ის შთაბეჭდილებათა წიგნი. კოტეჯის პატრონს იისფერი პეპლებით მოხატული მუყაოსყდიანი რვეული მაგიდაზე გადაუშლია. მოდი, ჩავწეროთ რამე კარგი. რამე აი, ასეთი: "თქვენი სახლი მენდოჩინოსავით კრიალაა. გმადლობთ. ცამეტნი ბერკლიდან"

გზა იხვევა და რედვუდის ხეები ფესვებს მთელის ძალით გაურბიან, საკუთარ სხეულებზე მაღლა მიდიან, საკუთარ მოლოდინზე, ფანტაზიაზე უფრო მაღლაც. თავებს მზემდე კარგავენ და მეც თავბრუ მეხვევა. აშკარად ცუდად ვარ. ვერ ვიტან დახვეულ გზას. მანქანას სამჯერ მაინც ვაჩერებინებ. მზის ზოლები გადაგვდის სახეზე ყველას.

ჩინური რესტორანი - ბრინჯი, ბრინჯი, ბრინჯი, ცხარე ბურღული, შემწვარი იხვი, დომფლინები - სუპში ჩაყრილი ხინკლები რა კეკლუცია ეს იან-ლეი შავ ვიწრო კაბაში. "ხომ კარგად იყო ყველაფერიო. ხომ ვარ კარგი ორგანიზატორიო." აბა რა! რაც მთავარია, მარკო ზის ჩემს პირისპირ და კვლავ ისე შემომყურებს, თითქოს მაგიდას მარტო მე ვუზივარ. "ჩოფსთიქებს" უკვე მშვენივრად ვხმარობ. სულ ამ ჩხირებით რომ ვჭამო, კი მართლა ვიქნები მალე X-Small. სიმსუბუქის თავად იდეაც კი მიყვარს. ვიღიმი.

ღმერთო, ეს საწებელა რა ცხარეა! ილაის ალბათ არ გაუსინჯავს - თავისი ნავიგაციის ამბებს ტკბილად ყვება. მიეცი ილაის რუკა, მოისვი გვერდით მანქანაში და ნებისმიერი გზა ნებისმიერ საჭირო ადგილამდე მიგიყვანს. იან-ლეის მობილური ჩინურად წრიპინებს. "Yes! რა ცამეტნი! არა, ქალბატონო, რვანი ვიყავით მართლა. რა წიგნი?" იან-ლეის ნაზი სახე ჩინგიზ-ხანისად იქცევა მალე. რთავს ტელეფონს. უი, - ვამბობ, ვიდრე ხმას ამოიღებს - მე ჩავწერე შთაბეჭდილებათა წიგნში: "ცამეტნი ბერკლიდან". და მოხდა რამე? "რა და მე ხო გითხარით რო რვა ვიყავითო ვითომ. რვა! რვა! ხო გითხარით წამოსვლამდეო! ხუთასი დოლარით მეტს გადაგვახდევინებს ეხლაო! და მეც მატყუარა გამოვედიო..." უი, მართლა გვითხრა. "აღარ მახსოვდა იან-ლეი, ვწუხვარ. ბოდიში. მე მივწერ მაგ ქალს, ან როგორმე მოვახერხებ გადახდას ჩემი სტიპენდიიდან." "რაც მთავარია, ახლა მატყუარა ვარ, მატყუარაო..." - ჩაბჟირდება მალე. "და ხომ მოტყუებული გქონდა-მეთქი მაინც, ვიდრე ეს ქალი გაიგებდა". იან-ლეი ხელსახოცს აგდებს სკამის ქვეშ და გარბის. ტამაშიც გარბის. მართლა არ მახსოვდა. არადა, რამ დამავიწყა. ხომ გვითხრა, თან - რამდენჯერმე. ესენიც აქოთქოთდნენ. ხდებაო. მერე ჩუმად ვართ. იან-ლეი და ტამაში ბრუნდებიან. ნამტირალევია. ისევ ჩუმად ვართ. რა ვუშველო ახლა ამას? თითებზე ვითვლი ჩემი სტიპენდიის შესაძლო დანაზოგს. თუ საჭირო გახდა, ბუდაპეშტზე უარს ვიტყვი. თერთმეტი წყვილი თვალი შემოგვყურებს თანაგრძნობით. არა, ათი წყვილი, რადგან მარკოს აშკარად თვალები უბრწყინავს - დარწმუნებით, ნიშნის მოგებით. ზერელე, ზე-რე-ლე...

05. 24. 04. ბერკლი

??????